ღვიძლის დაზიანების ნიშნები და გამომწვევი მიზეზები
ღვიძლის დაზიანების მიზეზებზე, სიმპტომებსა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკა „დიაკორის“ ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი თამარ რუხაძე.
– ქალბატონო თამარ, რა არის ღვიძლი და რა ფუნქციას ასრულებს?
– ღვიძლი ადამიანის შინაგან ორგანოებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელსაც აქვს მეტად მრავალფეროვანი სასიცოცხლო ფუნქციები. შეიძლება ითქვას, რომ ის ორგანიზმისთვის ერთგვარი ფილტრია. უნიკალური ანატომიური აგებულების დამსახურებით ღვიძლი ადამიანის სხეულში 500-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ღვიძლში ხდება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გარდაქმნა, შხამიანი ნივთიერებების გაუვნებელყოფა, ადამიანის იმუნიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილების, ფერმენტებისა და ვიტამინების სინთეზი. ღვიძლში წარმოიქმნება ნაღველი. ის მონაწილეობს დეზინტოქსიკაციურ და მეტაბოლურ პროცესებში. ღვიძლი ჩვენს სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს. მასში წუთში მილიონობით ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირების ესოდენ მრავალფეროვანი სპექტრის გამო ღვიძლის მწყობრიდან გამოსვლა იწვევს ორგანიზმში სერიოზული ცვლილებების განვითარებას.
– რა შეიძლება გახდეს ღვიძლის დაზიანების მიზეზი?
– ღვიძლის დაზიანების მიზეზებში ორი ძირითადი პათოგენეზური ფაქტორი მოიაზრება. ესენია – ანთება და ცხიმოვანი დისტროფია.
ანთების მიზეზები შესაძლოა იყოს: ინფექციები (მაგ., B,ჩ,D ჰეპატიტები), ტოქსინები (ალკოჰოლი, წამლები, ქიმიკატები), იმუნური მექანიზმები. ხოლო რაც შეეხება ცხიმოვან დისტროფიას – აქ მოიაზრება მეტაბოლური დარღვევები (ეს არის ცხოვრების წესი, დიაბეტი, ჭარბი წონა, ლიპიდური ცვლის მოშლა, ალკოჰოლის მოხმარება და ა. შ.).
– ღვიძლის რომელი დაავადებებია გავრცელებული საქართველოში ყველაზე მეტად?
– საქართველოში, საზოგადოდ, ღვიძლის დაავადებების ფართო სპექტრია წარმოდგენილი. 2015 წლამდე ყველაზე მეტად ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები ჭარბობდა. თუმცა ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დამსახურებაა სადღეისოდ ვირუსული ჩ ჰეპატიტის ხვედრითი წილის შემცირება და ღვიძლის არაინფექციური მიზეზებით გამოწვეული დაავადებების მატება.
– რამდენად ხშირია საქართველოში ალკოჰოლით ღვიძლის დაზიანება?
– თანამედროვე სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ალკოჰოლით ღვიძლის დაზიანება საკმაოდ ხშირია. ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება მოიცავს 3 სტადიას, რომლებიც ერთსა და იმავე პაციენტს შესაძლოა ერთდროულად ჰქონდეს ან თანმიმდევრულად განვითარდეს. ესენია: ღვიძლის ალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფია – სტეატოზი, ალკოჰოლური ჰეპატიტი და ალკოჰოლური ციროზი.
ალკოჰოლური ცხიმოვანი დისტროფიის დროს პაციენტებს კლინიკური სიმპტომები შესაძლოა არ აღენიშნებოდეთ, ჰქონდეთ მხოლოდ მცირედი დისკომფორტი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ასეთ დროს ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა განაპირობებს სტეატოზის შექცევადობას.
ალკოჰოლური ჰეპატიტი – ეს უკვე ღვიძლის მწვავე ანთებაა, რომელსაც თან ახლავს ჰეპატოციტების ნეკროზი და ცხიმოვანი გადაგვარება. იგი ხშირად შუალედური პროცესია სტეატოზსა და ციროზს შორის, თუმცა ალკოჰოლის მიღების შეწყვეტისას დაავადება ამ ეტაპზეც შექცევადია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროგრესირებს ციროზში. ალკოჰოლური ციროზი კი ღვიძლის ალკოჰოლური დაავადების ბოლო სტადიაა. ამ შემთხვევაში პროცესი შეუქცევადია. ციროზის განვითარებისას დაახლოებით 10-15%-ში მოსალოდნელია ჰეპატოცელულარული კიბოს ჩამოყალიბება.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ ღვიძლის არაალკოჰოლურ ცხიმოვან დაავადებაზე?
– ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება აერთიანებს სამ პათოლოგიას. ესენია: ღვიძლის სტეატოზი, არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი და ციროზი.
ცხიმოვანი ღვიძლი, ანუ ღვიძლის სტეატოზი, ეს არის ღვიძლის კეთილთვისებიანი პათოლოგია, რომელიც ხასიათდება ცხიმების (უპირატესად ტრიგლიცერიდების) ჩალაგებით ღვიძლის უჯრედებში. აღნიშნული მდგომარეობა არ იწვევს ღვიძლის ტერმინალურ დაავადებებს. ის კლინიკურად არ ვლინდება.
არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი – ეს არის დაავადება, როდესაც ცხიმების ჩალაგებასთან ერთად ღვიძლში ანთებითი პროცესი ვითარდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ტერმინალური დაავადება. ეს ეტაპი ხასიათდება მცირედი კლინიკური გამოვლინებებით. მისი გამომწვევი მიზეზებია: კვებითი დარღვევები, მეტაბოლური დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, დაბოლოს, ვითარდება ღვიძლის ციროზი – ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ბოლო სტადია, რომელიც ხასიათდება შემაერთებელქსოვილოვანი გადაგვარებით და რეგენერაციული კვანძების განვითარებით, რაც არღვევს ღვიძლის ნორმალურ არქიტექტონიკას და იწვევს ღვიძლის ფუნქციების მკვეთრ გაუარესებას.
– რა სიმპტომებით ვლინდება ღვიძლის დაზიანება?
– ღვიძლის დაზიანების ადრეული სტადიისათვის დამახასიათებელია:
- ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
- ღვიძლის გადიდება (ჰეპატომეგალია);
- საერთო სისუსტე;
- გულისრევა;
- ღებინება;
- დიარეა;
- ცხელება.
მოგვიანებით ვითარდება ღვიძლის ციროზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია:
- სხეულზე სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, ე.წ. ტელეანგიექტაზიები;
- ტრემორ-ასტერიქსისი;
- პალმარული ერითემა;
- კანის ქავილი;
- წონის კლება;
- ქოლესტაზი;
- სიყვითლე;
- განავლის გაუფერულება;
- შარდის გამუქება.
ბოლოს ვითარდება პორტული ჰიპერტენზია – კარის ვენის სისტემაში წნევის მომატება, ამ დროს ხდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევა და საყლაპავის, კუჭისა და ჰემოროიდული ვენების ვარიკოზის ჩამოყალიბება, რაც შეიძლება გართულდეს გასტროინტესტინური სისხლდენით. პორტული ჰიპერტენზიის გამოვლინებებია ასევე ასციტი და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.
– როგორია ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა?
– ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობა მოითხოვს, უპირველესად, ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას, რის შემდგომაც ადეკვატური მკურნალობით სიცოცხლის ხარისხი და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება. ქრონიკული დაავადებების მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას.