ღვიძლის ჰემანგიომა
გავრცელების მიხედვით ჰემანგიომები კეთილთვისებიანი სიმსივნეების 25%-ს, ხოლო რბილი ქსოვილების სიმსივნეთა 45%-ს შეადგენს. ლოკალიზაციის მიხედვით ჰემანგიომები სამ ჯგუფად იყოფა:
1) მფარავი ქსოვილების (კანი, კანქვეშა ქსოვილი, ლორწოვანი გარსები) ჰემანგიომები;
2) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (კუნთები, მყესები, ძვლები) ჰემანგიომები;
3) პარენქიმული ორგანოების ჰემანგიომები.
ღვიძლის ჰემანგიომა
კონკრეტულად ღვიძლის ჰემანგიომები ჯანმრთელი ადამიანების 7%-ს აღენიშნება, ამასთან, ქალებთან 4-6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან. საქმე ის გახლავთ, რომ ქალის სასქესო ჰორმონები პროვოცირებას უწევს ჰემანგიომების წარმოქმნასა და ზრდას.
ღვიძლის ჰემანგიომების უმრავლესობა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევისას. ისინი უხშირესად მცირე ზომისაა (თუმცა ზოგჯერ დიამეტრით რამდენიმე დიუმსაც უტოლდება), არანაირ სიმპტომებს არ იწვევს და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. დიდი ზომის ჰემანგიომამ შესაძლოა სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა სხვა ორგანოს მახლობლად არის განთავსებული, ან კიდევ სანაღვლე გზებს აწვება. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის გადიდება ვლინდება. ჰემანგიომები იშვიათად სკდება, მაგალითად, ტრავმისას, თრომბოზისას; ასეთ დროს ძლიერი ტკივილი და მუცლის ღრუში სისხლდენა ვითარდება, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ჰემანგიომაზე ეჭვის მიტანისას, ჩვეულებრივ, აუცილებელი ხდება მისი დიფერენცირება ღვიძლის სხვა სიმსივნეების, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან. ამაში სპეციალისტებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, სცინტიგრაფია ეხმარებათ. ჰემანგიომაზე ეჭვის მიტანისას, როგორც წესი, ბიოფსიას არ მიმართავენ, რადგანაც მანიპულაციამ შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს.
ღვიძლის ჰემანგიომების უმრავლესობა მკურნალობას არ საჭიროებს. თუმცა, როდესაც ჰემანგიომა დიდ ზომებს აღწევს და სხვადასხვა შემაწუხებელი სიმპტომის გამოვლენის მიზეზი ხდება, დღის წესრიგში დგება მისი ოპერაციული მკურნალობა.
ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის პარალელურად რეკომენდებულია:
- შვრიის ნახარში: აიღეთ ერთი ჭიქა შვრია, კარგად გარეცხეთ და დაასხით 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის გამოხდილი (დისტილირებული) წყალი. გააჩერეთ 10 საათი. ამის შემდეგ შემოდგით ნელ ცეცხლზე და 30 წუთი ადუღეთ. გაზქურიდან გადმოდგმისთანავე შეფუთეთ და ამ მდგომარეობაში 12 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და საწყის მოცულობამდე (ანუ 1 ლიტრამდე) შეავსეთ გამოხდილი წყლით. მიიღეთ 100 მლ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. მკურნალობის ერთი კურსი 1-1,5 თვეს მოიცავს. აღნიშნული კურსი წლის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ ერთთვიანი შესვენებებით.
- სამკურნალო ნაყენი: დაგჭირდებათ კრაზანა 40 გ, ველური ვარდკაჭაჭა 30 გ, ჩვეულებრივი მატიტელა 20 გ, გვირილის ყვავილი 10 გ და ხეჭრელის ფესვი 30 გ. საღამოს აიღეთ აღნიშნული ნაკრების 20 გრამი, დაასხით 400 მლ ონკანის წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით 5-7 წუთის განმავლობაში ადუღეთ და შემდეგ 20 წუთი გააჩერეთ. მიღებული ულუფა დღეში რამდენიმე მიღებაზე გადაანაწილეთ. მკურნალობის კურსი 1,5 თვეს გრძელდება. ამის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ 1,5-თვიანი კურსი.
- ხახვი, შემდეგი წესით მომზადებული: 2 კგ ხახვი წვრილად დაჭერით და შეურიეთ 4 ჭიქა შაქრის ფხვნილი. ნარევი შედგით ღუმელში ყვითელი ფერის სითხის წარმოქმნამდე. ღუმლიდან გამოღებული მასა მაქსიმალურად გაწურეთ დოლბანდში და დღეში სამჯერ 1 სადილის კოვზის მოცულობით მიირთვით. მკურნალობის კურსი 4 თვეს გრძელდება.