ჰეპატიტები ორსულებში

ართულებს თუ არა ეს დაავადება ორსულობას? მოქმედებს თუ არა ბავშვის ჯანმრთელობაზე? როგორ დავიცვათ ნაყოფი ინფიცირებისგან? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძეს მივმართეთ.
- ბატონო ალეკო, რა საფრთხეს უქადის ვირუსული ჰეპატიტი ნაყოფს? შესაძლებელია თუ არა ორსულობის ბოლომდე მიყვანა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა?
- თქვენი ნებართვით, ოდნავ შორიდან დავიწყებ: ორსულობის დროს ძლიერდება ღვიძლის მიერ ცილის სინთეზი და მისი დეტოქსიკაციური აქტივობა. ამასთანავე, ესტროგენების დონის მნიშვნელოვანი მატება აძლიერებს ღვიძლზე სტრესული ფაქტორების ზემოქმედებას. პლასტიკური ნივთიერებების წარმოქმნის გაძლიერება უჯრედის მემბრანებზე ლიპიდების დაგროვებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, აქვეითებს მემბრანების გამტარობას და ამცირებს უჯრედში ჩაჭერის, ტრანსპორტირებისა და ექსკრეციის პროცესების ინტენსივობას. ჯანმრთელი ქალის ღვიძლი ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ამ დატვირთვას ავად თუ კარგად უმკლავდება, თუმცა ორსულობის მეორე ნახევარში შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო გადახრამ, ჰორმონულმა დისბალანსმა, კაპილართა გამტარობის დარღვევამ. ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციისა და ცილის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა ორსულთა ტოქსიკოზი გამოიწვიოს. დადგენილია, რომ ვირუსული ჰეპატიტი არ ახდენს გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე და არ ზრდის თვითნებითი აბორტისა თუ მკვდრადშობადობის რისკს. არც თანდაყოლილი სიმახინჯეების ალბათობა იზრდება, თუკი არ აღინიშნება ღვიძლის ციროზი, დაავადების აქტიური ფორმა ან ქოლესტაზი. ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმების დროს კი მოსალოდნელია პრეეკლამფსია (ორსულობის მეორე ნახევრის ტოქსიკოზი) და ნაადრევი მშობიარობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს. მთავარი პრობლემაა ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმა, რომლის დროსაც იმატებს ბავშვის დასნებოვნების ალბათობა მუცლადყოფნის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების დროს.
- როგორ მოვიქცეთ, თუ მწვავე ჰეპატიტმა ორსულობისას იჩინა თავი?
- ამ შემთხვევაში აუცილებელია, ორსული ინფექციურ სტაციონარში გადავიყვანოთ. ორსულობის მეორე ნახევარში მწვავე ვირუსული ჰეპატიტი შესაძლოა გართულდეს ღვიძლის მწვავე უკმარისობით, ენცეფალოპათიითა და კომით, ხოლო მესამე ტრიმესტრში სიყვითლისა და ინტოქსიკაციის მატებასთან ერთად არცთუ იშვიათია ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის დაღუპვა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ღვიძლის მასიური ნეკროზი და თვით დედის სიკვდილიც კი. ორსულობის შეწყვეტა, განურჩევლად იმისა, როგორ მოხდება ეს - აბორტით, თვითნებითი გამოძევებით, ნაადრევი თუ დროული მშობიარობით, ამძიმებს მწვავე ჰეპატიტის მიმდინარეობას. თუ მწვავე ჰეპატიტი ლაქტაციის პერიოდში განვითარდა, კიდევ უფრო მძიმედ - ძლიერი ინტოქსიკაციით, ხანგრძლივი ჰიპერფერმენტემიითა და ჰეპატომეგალიით წარიმართება. HBS ანტიგენის მატარებლებს შორის ხშირია პლაცენტის პათოლოგიები და პლაცენტური უკმარისობის ნიშნები, რაც ჰეპატიტის გადატანის შემდეგ მიკროცირკულაციის დარღვევის ბრალია.
- როდის არის აუცილებელი ჩ ჰეპატიტზე ორსულის გამოკვლევა? ახდენს თუ არა ორსულობაზე გავლენას მისი ვირუსი?
- გამოკვლევის შედეგები ამ სფეროში ურთიერთგამომრიცხავია, მაგრამ მათი უმეტესობა იმაზე მეტყველებს, რომ C ვირუსი ხელს არ უშლის არც ორსულობას და არც ბავშვის დაბადებას. C ჰეპატიტზე გამოკვლევა აუცილებელია:
- აივ-პოზიტიური ორსულებისთვის;
- ორსულებისთვის, რომლებიც იყვნენ ან არიან ნარკოტიკების მომხმარებლები;
- რომელთა მეუღლეები (სქესობრივი პარტნიორები) იყენებდნენ ან იყენებენ ნარკოტიკის ინტრავენურ ფორმას;
- რომელთა პარტნიორები ინფიცირებულნი არიან B და C ჰეპატიტის ვირუსებით;
- რომელთაც 1992 წლამდე მოუხდათ სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმა;
- რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ ჰემოდიალიზს;
- რომლებსაც გაკეთებული აქვთ პირსინგი ან ტატუირება;
- რომელთაც სისხლში შრატისმიერი ტრანსამინაზების მატება აღენიშნებათ.
- რამდენად მოსალოდნელია ამ დროს ნაყოფის ინფიცირება?
- არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებდეს, რომ C ვირუსული ჰეპატიტის დროს იმატებს სამეანო გართულებების, მათ შორის - აბორტის, მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობის ან თანდაყოლილი მანკის ალბათობა, ხოლო შეძლებს თუ არა ქალი ორსულობის ბოლომდე მიყვანას, ინფექციის ფორმაზეა დამოკიდებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაავადების ვერტიკალური გადაცემისას დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ვირუსულ დატვირთვას. სახელდობრ:
- თუ დედას აქვს მხოლოდ C ვირუსის ანტისხეულები, ორსულობა უკუნაჩვენები არ არის. ამ დროს ბავშვის დასნებოვნების რისკი დაახლოებით 1,7%-ია;
- C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის დროს შესაძლოა შეფერხდეს ნაყოფის ზრდა ან დაიბადოს დღენაკლული ახალშობილი;
- თუ დედის სისხლში ცირკულირებს ვირუსის რნმ, ბავშვის ინფიცირების რისკი 5,6-6%-ს უტოლდება (მაჩვენებელი გეოგრაფიული ზონის კვალობაზე ვარირებს).
ჩასახვის უკუჩვენებაა ტრანსამინაზების მაღალი აქტივობა სხვა ლაბორატორიულ და კლინიკურ მაჩევნებლებთან ერთად, რომლებიც ღვიძლში მიმდინარე აქტიურ პათოლოგიურ პროცესებს ცხადყოფს. ამ ფონზე დაორსულებისას როგორც დედის, ასევე ბავშვის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. ალბათობა უფრო მეტია, როდესაც დედის სისხლში ვირუსის რნმ-ს კონცენტრაცია 106-107 ასლი/მლ-ს აღემატება. თუ ორსული იმავდროულად აივინფიცირებულიც არის, C ჰეპატიტის გადაცემის ალბათობა იმატებს (15,5%-მდე). აქედან გამომდინარე, ყველა ორსული უნდა იქნეს გამოკვლეულ ანტი-HCV ანტისხეულებზე, თანაც ორჯერ - პირველ და მესამე ტრიმესტრებში, ორსულობის მე-8-10 და 30-32-ე კვირას. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ზუსტად შევაფასოთ ახალშობილისთვის ინფექციის გადაცემის რისკი. ინფიცირების საშიშროების გამო შეძლებისამებრ უნდა ვერიდოთ პერინატალური სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებას. მათი ჩატარება უნდა დასაბუთდეს.
- უმთავრესად როდის ინფიცირდებიან ბავშვები?
- ბავშვების ინფიცირება უმთავრესად დაბადებისას ხდება. შედარებით იშვიათია ინფიცირება მუცლადყოფნის დროს (ასეთი რამ ხდება, როდესაც დედას სისხლში HBeAg აქვს). მშობიარობისას ინფექციის გადაცემის ძირითად მექანიზმად ითვლება დედის სისხლის მოხვედრა ზედაპირულ ნაჭდევებსა და კონიუნქტივაზე, ასევე - ნაყოფის მიერ სანაყოფე სითხის ჩაყლაპვა. B ჰეპატიტის ვირუსის ტრანსპლაცენტური გადაცემა განსაკუთრებით ხშირია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ნაყოფის დასნებოვნების ალბათობა ვირუსული მარკერების სპექტრზეა დამოკიდებული. HBsAg-ისა და HBeAg-ის არსებობისას სპეციფიკური პროფილაქტიკის (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრის) გარეშე ინფიცირების რისკი 80-90%-ია, ხოლო ქრონიკული ინფექციის განვითარებისა - დაახლოებით 90%. ასეთ ბავშვებს მაღალი აქვთ მომავალში ღვიძლის ციროზისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკი. მხოლოდ HBsAg-ის არსებობისას ბავშვის დასნებოვნების ალბათობა 5-15%-ს უტოლდება. ინფიცირებულ ბავშვებს ქრონიკული ინფექცია იშვიათად ემართებათ, მაგრამ შესაძლოა, მძიმე ფორმის მწვავე ჰეპატიტი განუვითარდეთ.
- როგორ უნდა იმშობიაროს ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულმა ქალმა?
- იტალიელ მეცნიერთა მონაცემებით, საკეისრო კვეთის დროს ინფექციის გადაცემის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას. იმ ქალებისთვის, რომლებსაც C ჰეპატიტის დროს ვირუსული დატვირთვა 106-107 ასლი/მლ-ზე მეტი აქვთ, სწორედ საკეისრო კვეთაა რეკომენდებული. ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთათვის მშობიარობის ოპტიმალური მეთოდი სადღეისოდ დაუდგენელია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთა ამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს, სხვები კი უარყოფენ ამას და ამტკიცებენ, რომ მშობიარობის ეს მეთოდი ინფექციის გადაცემის რისკს არ ამცირებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ საკეისრო კვეთა არამცთუ არ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც ინფიცირების რისკს, რადგან ამ დროს ბავშვს უშუალო კონტაქტი აქვს დედის სისხლთან. ამასთანავე, ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაქვეითების გამო შემდედებელი ფაქტორების სინთეზის დათრგუნვა შესაძლოა ძლიერი სისხლდენის მიზეზად იქცეს.