ღვიძლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლი

ნაღვლის სეკრეცია და გამოყოფა - ღვიძლი მონაწილეობს საჭმლის, კერძოდ, ცხიმების მონელებაში - გამოიმუშავებს ნაღვლის მჟავებს, რომლებიც ცხიმების ემულგირებას ახდენენ, რითაც აადვილებენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებით მათ დამუშავებას.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზი - ღვიძლი მონაწილეობს 500-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაში, გარდაქმნის საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, სასუნთქი სისტემიდან და კანიდან ორგანიზმში მოხვედრილ ნივთიერებებს, მათ შორის - ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ღვიძლში სისხლის ცილები (ფიბრინოგენი - 100%, ალბუმინები - 95%, გლობულინები - 85%) სინთეზირდება. მათ ტრანსპორტულ თვისებებს დიდწილად განსაზღვრავს ნაღვლის მჟავები.

ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების დაგროვება - ღვიძლის ქსოვილში ბევრი ვიტამინი, რკინა და გლიკოგენია აკუმულირებული (ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც დიდი ენერგეტიკული დანაკარგების დროს იოლად გარდაიქმნებიან ადვილად ასათვისებელ ენერგომატარებლად - გლუკოზად). სქელი სისხლძარღვოვანი ქსელი ღვიძლს საშუალებას აძლევს, სისხლის ერთგვარი რეზერვუარის როლიც შეასრულოს (მასში მუდმივად არის 0,5 ლ სისხლი) და ამ გზით მონაწილეობა მიიღოს სისხლის მოცულობის რეგულაციაში. დიდია ღვიძლის როლი ვიტამინების ცვლაშიც, განსაკუთრებით - ცხიმში ხსნადი A, D, E და K ვიტამინებისა, რომლებიც ნაწლავებში ნაღვლის მონაწილეობით შეიწოვება. გარდა ამისა, ზოგიერთი ვიტამინი თავადვე დეპონირდება ღვიძლში და შემდგომ, მათზე მოთხოვნილების ზრდის შესაბამისად, გამოთავისუფლდება. ასეთია A,D,K,C, PP ვიტამინები. ღვიძლში დეპონირდება მიკროელემენტები: რკინა, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი, მოლიბდენი და სხვა ელექტროლიტები. ეს ორგანო მონაწილეობს იმუნოლოგიურ (თავდაცვით) რეაქციებშიც.

დეტოქსიკაციური ფუნქცია - ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა. ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად განუწყვეტლივ წარმოიქმნება შხამები, რომლებსაც ღვიძლი შლის ან არატოქსიკურ ნაერთებად, ზოგჯერ სასარგებლო ნივთიერებებადაც კი გარდაქმნის. მისი უჯრედები აქტიურად შლიან და აძევებენ ორგანიზმიდან ბაქტერიებსა და უცხო სხეულებს. ღვიძლი მრავალი ჰორმონის (გლუკოკორტიკოიდები, ალდოსტერონი, ანდროგენები, ესტროგენები, ინსულინი, გლუკაგონი, გასტროინტესტინური ჰორმონები) და ბიოგენური ამინის (ჰისტამინი, სეროტონინი, კატექოლამინები) ინაქტივაციას ახდენს. ფუნქციათა სიმრავლის გამო ღვიძლის ხელოვნური ორგანოთი შეცვლა შეუძლებელია. მისი მოცილება 1-5 დღეში გარდაუვალ სიკვდილს იწვევს.

 

აგებულება

ღვიძლის აგებულება ზუსტად შეესაბამება მის ფუნქციებს. მისი წილები 100 ათასამდე წილაკისგან შედგება. თითოეული 1,5-2 მმ სიგრძისა და 1-1,2 მმ სიგანისაა. წილაკები, თავის მხრივ, შედგება ღვიძლის უჯრედებისგან - ჰეპატოციტებისგან, რომლებიც ცენტრალური ვენის ირგვლივ არიან განლაგებულნი. ჰეპატოციტებს შორის სანაღვლე გზები გადის, რომელთა გაერთიანებითაც იქმნება ღვიძლის სადინარი, ღვიძლისა და გამომტანი სადინარის გაერთიანებით კი - საერთო სადინარი, რომლითაც ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადაედინება. ღვიძლში სისხლის მიმოქცევა ღვიძლის არტერიითა და კარის ვენით განსაზღვრული თავისებურებებით ხორციელდება. ის სისხლით ორმაგად მარაგდება - საკვები ნივთიერებებით გამდიდრებული სისხლი კუჭის, ნაწლავებისა და ზოგიერთი სხვა ორგანოს კაპილარებიდან გროვდება კარის ვენაში, რომელიც მას, იმის ნაცვლად, რომ გულისკენ წაიღოს, კვლავ ღვიძლს უბრუნებს, ანუ კარის ვენის საშუალებით ჟანგბადით მდიდარი სისხლი ერთი ორგანოს კაპილარებიდან იმავე ორგანოს კაპილარულ ქსელში ხვდება. სისხლის მიმოქცევის მსგავსი სისტემა აქვთ თირკმელებსა და ჰიპოფიზს.

 

რა აზიანებს ღვიძლს

ღვიძლს ყველაზე მეტად აზიანებს:

  • ვირუსული ჰეპატიტები;
  • ჭარბი ალკოჰოლი (ის სერიოზული რისკფაქტორია,  როცა მისი ოდენობა აღემატება დასაშვებ დღიურ ნორმას - 40 გრამ სუფთა ეთანოლს მამაკაცებისთვის და 20 გრამს ქალებისთვის);
  • ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და შაქრიანი დიაბეტი, რომლებიც ღვიძლში ჭარბი ცხიმის დაგროვებას და მის გაცხიმოვნებას იწვევს;
  • ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივი მიღება;
  • საყოფაცხოვრებო და საწარმოო ტოქსინებთან მუდმივი კონტაქტი;
  • არცთუ იშვიათად - სხეულის მასის მკვეთრი (კვირაში 1,5-2 კგ-ით) შემცირებაც, ამიტომ დიეტა, რომელიც წონის მკვეთრ კლებას იწვევს, ხშირად აზიანებს ამ ორგანოს;
  • ღვიძლის დაზიანება პარაზიტებსაც შეუძლიათ, განსაკუთრებით - ლამბლიებს, ასკარიდებსა და ღვიძლის ორპირას. არანაკლებ აზიანებს მას სისხლის დაავადებები, ტუბერკულოზი, სარკოიდოზი, გულის უკმარისობა, ღვიძლის ვენების თრომბოზი და სხვა დარღვევები.

 

რეგენერაცია

ღვიძლს უდიდესი შინაგანი რეზერვი აქვს. მას დაზიანების შემდგომ აღდგენის უნიკალური და გასაოცარი უნარი შესწევს. თვითაღდგენის ასეთი ფენომენური უნარი ადამიანის არც ერთ სხვა ორგანოს არ გააჩნია. ღვიძლს შეუძლია აღიდგინოს ნორმალური ქსოვილის საწყისი წონა ჯანმრთელი ქსოვილის 25%-ის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამიტომ ადამიანი, რომელსაც ღვიძლის 70% დაზიანებული აქვს, ადვილი შესაძლებელია გადარჩეს. ღვიძლის თვითაღდგენა რეგენერაციით ხდება, ოღონდ ამგვარად მისი მხოლოდ მცირე ნაწილი აღდგება. საწყისი ზომის დაბრუნება დარჩენილი ჯანმრთელი უჯრედების მოცულობის მატების ხარჯზე ხდება. არახელსაყრელ ფაქტორთა ზემოქმედებით დროთა განმავლობაში ღვიძლის რეგენერაციული უნარიც სუსტდება და თავს იჩენს  დაავადებები, რომელთა შორისაც ყველაზე მეტად ჰეპატიტებია გავრცელებული.

 

ჰეპატიტი

ჰეპატიტი ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დიფუზური ანთებითი დაზიანებაა, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. ეს უმთავრესად ჰეპატოტროპული ფაქტორებია - ფაქტორები, რომლებსაც ღვიძლის ქსოვილის არჩევითად დაზიანების უნარი შესწევთ. ბევრი მედიკამენტი (ტრანკვილიზატორები, ზოგიერთი ანტიბიოტიკი) და ქიმიური ნაერთები (ალკოჰოლი) ხანგრძლივი მიღებისას ღვიძლს ისე აზიანებენ, რომ მის ანთებასაც კი იწვევენ - ეს ტოქსიკური ჰეპატიტია. ზოგჯერ ღვიძლის დაზიანების მიზეზი ინფექციური მონონუკლეოზი, სიფილისი, ტუბერკულოზი, ამებური დიზენტერია ან შემაერთებელი ქსოვილის სისტემური პათოლოგიაა, რომელსაც ჰეპატიტი გართულების სახით დაერთვის. ყველაზე ხშირად კი B და C ვირუსებით გამოწვეული ვირუსული ჰეპატიტები გვხვდება. B ანუ შრატისმიერ ჰეპატიტს დნმ-ის შემცველი ჰეპადნავირუსი იწვევს, ეს საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რადგან ღვიძლის მნიშვნელოვანი დაზიანებით მიმდინარეობს. B ჰეპატიტის გამომწვევი ორგანიზმში უშუალოდ სისხლით ხვდება. ინფიცირება შესაძლებელია სქესობრივი გზითაც. მას სიყვითლე თითქმის არ ახასიათებს და უყურადღებოდ დარჩენილს ხშირად ციროზამდე და ღვიძლის კიბომდეც კი მივყავართ. საბედნიეროდ, არსებობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინა, რომლითაც პატარებს სიცოცხლის პირველ წელს ცრიან. C  ანუ პოსტტრანსფუზული ჰეპატიტი მე-20 საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს. არც A და არც  B - ასე უწოდებდნენ მას 1989 წლამდე, ვიდრე მისი გამომწვევი რნმ-ს შემცველი ფლავივირუსის არსებობა გახდებოდა ცნობილი. ეს ვირუსული ჰეპატიტის ყველაზე მძიმე ფორმაა, ასიდან 80-85 შემთხვევაში მწვავე ინფექცია ქრონიკულ ფორმაში გადადის და წლობით გრძელდება. C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი წვრილი, სფეროსებრი მიკროორგანიზმია, რომელსაც საკმაოდ მკვრივი გარსი აქვს. ვირუსის თვისებები მის ერთადერთ გენშია კოდირებული. C ვირუსს ერთი მეტად საინტერესო თავისებურება ახასიათებს - იგი მუდმივად იცვლება. ადამიანი ინფიცირდება ვირუსის ერთი ვარიანტით, რომელიც ინფექციური პროცესის მიმდინარეობისას მუტაციას განიცდის და რამდენადმე იცვლის სახეს. შედეგად ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმში ვირუსის საწყისი ვარიანტის მიმართ გამომუშავდა, ვეღარ ახერხებს მუტანტი ვირუსის პათოგენური თვისებების განეიტრალებას და ისიც ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას მშვიდად განაგრძობს. დღეისთვის C ვირუსის 6 გენოტიპი და რამდენიმე ქვეტიპია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან სამი ძირითადი ნიშნით განსხვავდება:

1. გეოგრაფიული გავრცელებით;

2. ინტერფერონისადმი მგრძნობელობით;

3. ვირემიით (სისხლში ვირუსის კონცენტრაციით).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ C ვირუსის მუდმივი ცვალებადობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის მის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. მიუხედავად ამისა, მეცნიერებს სწამთ, რომ ამას მალე მოახერხებენ.

 

ღვიძლის დაზიანების მექანიზმი

ორგანიზმში შეჭრილი ჰეპატიტის ვირუსები სისხლის საშუალებით მთელ სხეულში ცირკულირებენ, ბოლოს კი ღვიძლში იდებენ ბინას. იქ ისინი პირდაპირ ჰეპატოციტებში იჭრებიან და ეს უკანასკნელნი ვეღარ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს, რადგან უჯრედის ძირითადი ორგანოები ვირუსისთვის იწყებენ მუშაობას - ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ნაცვლად ვირუსის ცილებისა და რნმ-ს სინთეზს აწარმოებენ. ნელ-ნელა ვირუსები დაზიანებული უჯრედებიდან გამოდიან და ჯანმრთელს უტევენ. ასე გრძელდება, ვიდრე ღვიძლში მობინადრე ვირუსი მთლიანად არ დააზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს და მას ავთვისებიან უჯრედებად არ გადააგვარებს.