ღვიძლისა და ელენთის გადიდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

ღვიძლისა და ელენთის გადიდება

ღვიძლისა და ელენთის გადიდება

 


- რომელი ინფექციური დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ღვიძლისა და ელენთის გადიდება და როდის შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მდგომარეობა ინფექციური პათოლოგიითაა განპირობებული?
- ღვიძლისა და ელენთის გადიდება შეიძლება აღინიშნებოდეს ინფექციური და პარაზიტული დაავადებების დროს. მათგან აღსანიშნავია ინფექციური მონონუკლეოზი, მალარია, ლეიშმანიოზი, სიფილისი, ბრუცელოზი, მუცლის ღრუს ორგანოების ტუბერკულოზი, ნებისმიერი მიზეზით განვითარებული სეფსისი და ა. შ. ყოველ დასახელებულ დაავადებას თუ მდგომარეობას მისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება აქვს, მაგრამ არის საერთო სიმპტომებიც. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჰეპატოსპლენომეგალია, რომელიც ცხელების ფონზე ვლინდება. ტემპერატურის ციფრები განსხვავებული შეიძლება იყოს - სუბფებრილურიდან (37-370C) ფებრილურამდე (390C-მდე). ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები, ხშირია ანემია, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. როგორც წესი, ჰეპატოსპლენომეგალიასთან ერთად აღინიშნება ძირითადი დაავადების ნიშნები, რისი გათვალისწინებითაც სადიაგნოზო კვლევები სწორედ ჩამოთვლილი დაავადებების დადგენის თუ გამორიცხვისკენაა მიმართული.


- სისხლის რომელი დაავადების დროს შეიძლება გადიდდეს ღვიძლი და ელენთა და რა თავისებურება ახასიათებს ღვიძლისა და ელენთის გადიდებას სისხლის დაავადებების დროს?
- ღვიძლისა და ელენთის გადიდება დამახასიათებელია ჰემოლიზური ანემიისა და სისხლის სისტემის თითქმის ყველა სიმსივნისათვის. აღსანიშნავია, რომ ჰემატოლოგიური დაავადებებისას ელენთის გადიდება უფრო მნიშვნელოვნადაა გამოხატული, ვიდრე ღვიძლისა. ჰემოლიზური ანემიების რიგ შემთხვევებში სპლენომეგალია შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს. ელენთის მკვეთრი გადიდება დამახასიათებელია ქრონიკული ლიმფოლეიკემიისათვის. სისხლის დაავადებების დროს ხშირად ღვიძლისა და ელენთის გადიდებას თან ახლავს სისუსტე, კანისა და ლორწოვანების სიფერმკრთალე, სისხლდენებისაკენ მიდრეკილება, ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება. ზოგადად, როდესაც ღვიძლისა და ელენთის გადიდებას ერთვის ანემია, პერიოდულად აღინიშნება ერითროციტების შემცველობის დაქვეითება, რასაც მოსდევს სიყვითლე, ან სისხლის საერთო ანალიზით ვლინდება არსებითი ცვლილებები, ყოველთვის დგება საკითხი, რომ ჰეპატოსპლენომეგალია ჰემატოლოგიურ (სისხლის) დაავადებასთანაა დაკავშირებული. დიაგნოზს ადასტურებს სპეციალური ჰემატოლოგიური კვლევები ანემიის და სისხლის სისტემის სიმსივნის დასადგენად.


- რომელი ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ღვიძლისა და ელენთის გადიდება გულის უკმარისობით არის გამოწვეული?
- გულის უკმარისობისას დაავადების წამყვანი სიმპტომებია ქოშინი, ტაქიკარდია, გულის რიტმის დარღვევა, პერიფერიული შეშუპებები,  სითხის დაგროვება პლევრის, ზოგჯერ პერიკარდიუმის ღრუში. ყურადღებას იპყრობს გულის კონფიგურაციის ცვლილებები, რაც ძირითად დაავადებასთან არის დაკავშირებული, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოსკოპიული მონაცემები. ხშირ შემთხვევაში გულის უკმარისობის წარმატებული მკურნალობისას შეიძლება ღვიძლისა და ელენთის ზომა ნორმასაც დაუახლოვდეს, თუმცა შესაძლებელია შეუქცევადი ცვლილებების განვითარებაც.


- აქვს თუ არა პროგნოზული მნიშვნელობა ღვიძლისა და ელენთის გადიდების ხარისხს, შეიძლება ვივარაუდოთ თუ არა, რომ რაც უფრო მეტადაა გადიდებული აღნიშნული ორგანოები, მით უფრო სერიოზულია პაციენტის მდგომარეობა?
- როგორც მიმოვიხილეთ, ღვიძლისა და ელენთის გადიდება სრულიად განსხვავებულ მდგომარეობებთან თუ დაავადებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, პროგნოზს განსაზღვრავს ჰეპატოლიენური სინდრომის გამომწვევი პათოლოგია და არა ჰეპატოსპლენომეგალიის ხარისხი. ის ყოველთვის არ არის პირდაპირი მაჩვენებელი ძირითადი დაავადების სტადიის თუ სიმძიმისა. უმეტესად არც თავად ღვიძლისა და ელენთის გადიდება ნიშნავს, რომ დაავადების განსაკუთრებულად რთულ ან მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი რიგი დაავადებების წარმატებული მკურნალობის შემთხვევაში ღვიძლისა და ელენთის ზომები შეიძლება კვლავ შემცირდეს და ნორმას მიუახლოვდეს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ელენთის გადიდება გარკვეულ პრობლემას ქმნის. მას ზოგჯერ თან სდევს ჰიპერსპლენიზმი - ელენთის ფუნქციის გაუკუღმართება და გაძლიერება სისხლის მიმოქცევიდან თრომბოციტების, გრანულოციტებისა და ერითროციტების მოცილების თვალსაზრისით. შედეგად პერიფერიულ სისხლში ქვეითდება ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების შემცველობა. ზოგჯერ აღნიშნული უჯრედების შემცველობის პროგრესული დაქვეითების გამო საჭირო ხდება ელენთის ამოკვეთა - სპლენექტომიის ჩატარება.


- დაბოლოს, შეკითხვა, რომელსაც ხშირად სვამენ ჩვენი მკითხველები: რომელი კვლევები უნდა ჩატარდეს ღვიძლისა და ელენთის გადიდებისას დიაგნოსტიკის მიზნით?
- ზოგადად ღვიძლისა და ელენთის გადიდების მიზეზის დასადგენად რეკომენდებულია:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა;
  • იმუნოლოგიური კვლევები;
  • ღვიძლისა და ელენთის ექოსკოპია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • ზოგჯერ ძვლის ტვინის, ლიმფური კვანძების, ღვიძლის პუნქტატის გამოკვლევა.

ამას ემატება სპეციფიკური კვლევები, რომელთა შესახებაც კონკრეტული დაავადების განხილვისას ვისაუბრეთ. ბუნებრივია, ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევის ამ მრავალფეროვან ჩამონათვალში მხოლოდ ექიმი შეიძლება ერკვეოდეს. გაითვალისწინეთ, ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო პროცესია. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელი თუ რეკომენდებული კვლევების სწორად შერჩევა და დაგეგმვა მხოლოდ სპეციალისტის კომპეტენციაა.

 

 



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 22-12-2018
Giorgi
Elentra da gvidli maq gadidebuli 6santimetrit analizebi westigshi maq yvelaperi gvidlis punqciac Ar ari dargveuli aranairi hepatitebi Ar maq . Maq sheberiloba marjvena neared da simdimis shegrdneba xandaxan tkivilic gvidlis mixares sheberilobac, guldnarvac cximianze an alkogokze . Rogor vimkurnalo an ra dieta davicva ro daubrundes adrindel somas
თარიღი : 04-07-2015
ლალი
ღვიძლი მაქვს გადიდებული ანალიზები ნორმაში მაქვს არ ვიცი რა გავაკეთო .? იქნებ მირჩიოთ რამე.
თარიღი : 09-03-2015
ირმა
8 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია ნაღვლის ბუშტის .მქონდა საკმაოდ დიდი ქვა და ამომიღეს ქვაც და ნაღვლის ბუშტიც. ამ ორი დღის წინ მქონდა ძალიან ძლიერი შეტევა კუჭზე სუნთქვა შემეკრა ტკივილისგან .საავადმყოფოში რა თქმა უნდა გამიკეთეს ანალიზები და მითხრეს რომ ღვიძლი მაქვს გადიდებული . შესაძლებელია ეს მომხდარიყო საკვებისგან ? მაგალითად ის რომ მე არ ვჭამ ხორცს საერთოდ და მიყვარს ტკბილეული ,რძის ნაწარმი და ა.შ. ამ ბოლოს ორჯერ მომცა შეტევა კუჭმა როცა ვჭამე მაწონი და ხალვა ერთად :) დავლიე სოდიანი წყალი ,კუჭიც ამოვირეცხე და მერე მივედი ექიმთან .ხოდა მინდა გკითხოთ შესაძლებელია თუ არა ღვიძლის გაღიზიანება კუჭის ამორეცხვით ? ერთხელ კი არა რამდენჯერმე ვაღებინე იმ დღეს :) რაც არ შევჭამე საღამოთი ყველაფერზე გული მერეოდა . საშიშია რაიმე თქვენი აზრით ?
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
რა არის ჟილბერის სინდრომი ჟილბერის სინდრომი გენეტიკურად განპირობებული დაავადებაა,
ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით
ორგანიზმს დიდი დატვირთვა ადგება საკვების მონელების პროცესში, განსაკუთრებით - თუ ადამიანი არაჯანსაღი საკვებით
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად