სისხლის ანალიზი შაქარზე: კვლევის სახეები და შედეგების გაშიფვრა
მსოფლიოში დიაბეტი დღეისათვის 400 მილიონამდე ადამიანს აღენიშნება. დაავადება საკმაოდ ვერაგია, რადგან დიდხანს უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კრიტიკული სიტუაციის არიდება ყველას ხელეწიფება. საჭიროა შაქრის დონის კონტროლი და მაჩვენებლების შეფასება, რომლის დროსაც სპეციალისტის ჩარევის საკითხი დგება.
რას გვიჩვენებს შაქარზე სისხლის ანალიზი?
ყოფით პირობებში შაქარს უწოდებენ გლუკოზას, რომელიც სისხლშია გახსნილი და ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემაში ცირკულირებს. ადამიანისთვის გლუკოზა ენერგიის ძირითადი წყაროა. მასზე მოდის ენერგიის ნახევარზე მეტი, რომელსაც ორგანიზმი ღებულობს საკვებიდან ნახშირწყლების გადამუშავებით. გლუკოზა უზრუნველყოფს ერითროციტების, კუნთოვანი და თავის ტვინის უჯრედების კვებასა და მუშაობას. მისი ათვისებისათვის საჭიროა განსაკუთრებული ჰორმონი – ინსულინი, რომელიც გამომუშავდება კუჭუკანა ჯირკვალში. სწორედ გლუკოზის სისხლში კონცენტრაციას უწოდებენ შაქრის დონეს. საკვების მიღებამდე სისხლში შაქრის მინიმალური დონეა, ჭამის შემდეგ ის იზრდება.
ნორმისას ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად არეგულირებს შაქრის დონეს. ზოგჯერ ორგანიზმში გლუკოზის ცვლა ირღვევა. მისი შემცველობა სისხლში მკვეთრად იზრდება ან მცირდება. ამ მდგომარეობას ეწოდება ჰიპერგლიკემია ან ჰიპოგლიკემია.
ცვლითი პროცესების ამა თუ იმ ფორმით დარღვევის გამოვლენა შესალებელია შაქარზე სისხლის ანალიზით. ნორმად ითვლება უზმოზე გლუკოზის მაჩვენებელი 3,4-5,6 მმოლ/ლან 65-100 მგ/დლ, ჭამიდან 2 საათში – 3,4-7,8 მმოლ/ლან 65-140 მგ/დლ.
სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრის ანალიზი – პირველადი და შედარებით ხშირად დანიშნული კვლევაა.
ფრუქტოზამინის კონცენტრაციის განსაზღვრა – ფრუქტოზამინი გლუკოზის ცილასთან (ძირითადად ალბუმინთან) ნაერთია. ანალიზი ინიშნება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკისა და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის დასადგენად. ეს გლუკოზის დონის განსაზღვრის ერთადერთი მეთოდია ერითროციტული მასის ძლიერი დაკარგვის დროს, სისხლდენების და ჰემოლიზური ანემიების შემთხვევაში.
მაქსიმალური დასაშვები კონცენტრაცია 320 მკმოლ/ლ-ია. ჯანმრთელ პირებთან მაჩვენებელი ჩვეულებრივ არ აღემატება 286 მკმოლ/ლ-ს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან კომპენსირებულ სტადიაში მნიშვნელობა მერყეობს 286-320 მკმოლ/ლ ინტერვალში. დეკომპენსირებულ სტადიაში – 370 მკმოლ/ლ-ია. დონის მომატება შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის უკმარისობაზე, ჰიპოთირეოზზე. დაქვეითება – დიაბეტურ ნეფროპათიაზე, გამოხატულ ჰიპოპროტეინემიაზე. ცრუ შედეგებს იძლევა ასკორბინის მჟავას მიღება.
გლიკირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა. გლიკირებული ჰემოგლობინი ჰემოგლობინის ნაწილია, რომელიც გლუკოზასთანაა დაკავშირებული. მაჩვენებელი იზომება პროცენტებით. რაც მეტია სისხლში შაქარი, ჰემოგლობინის მით მეტი პროცენტი აღმოჩნდება გლიკირებული. ეს კვლევა აუცილებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ხანგრძლივი მონიტორინგისათვის, დაავადების კომპენსაციის ხარისხის განსასაზღვრად. მსოფლიო პრაქტიკაში გლიკირებული ჰემოგლობინის დონის ანალიზი ითვლება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკის შედარებით ზუსტ და სანდო მეთოდად. მაჩვენებელი არაა დამოკიდებული დღე-ღამის პერიოდზე, საკვების მიღებაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და ემოციურ მდგომარეობაზე.
გლუკოზოტოლერანტობის ტესტი – გლუკოზის უზმოზე და 75 გ გლუკოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ განსაზღვრა. ტესტი საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზმის რეაქცია გლუკოზის მიღებაზე. ანალიზის მსვლელობისას შაქრის დონე განისაზღვრება უზმოზე და გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ. ტესტი გამოიყენება დიაგნოზის დასაზუსტებლად, თუკი პირველადმა ანალიზმა შაქრის მომატებული დონე აჩვენა.
გლუკოზოტოლერანტობის ტესტი ჩ-პეპტიდის განსაღვრით. ჩ-პეპტიდი პროინსულინის მოლეკულის ფრაგმენტია, კვლევა ბეტა-უჯრედების ფუნქციის რაოდენობრივი შეფასების საშუალებას იძლევა. ამას გარდა, ანალიზი ტარდება თერაპიის კორექციისთვის ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის დროს.
შედეგები გვიჩვენებს С-პეპტიდის კონცენტრაციას. ნორმული მაჩვენებელი მოზრდილთათვის 1,1-5,0 ნგ/მლ-ია. მომატებული მაჩვენებელი მეტყველებს ინსულინდამოუკიდებელ, ტიპი 2 დიაბეტზე, შესაძლო თირკმლის უკმარისობაზე, პოლიკისტოზზე, ინსულინომაზე. დაქვეითება – ინსულინდამოკიდებულ ტიპი 1 დიაბეტზე.
სისხლში ლაქტატის კონცენტრაციის განსაზღვრა. ლაქტატის ანუ რძის მჟავას დონე აჩვენებს, რამდენადაა ქსოვილები ჟანგბადით გაჯერებული. ანალიზი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მოხდეს ჰიპოქსიისა და აციდოზის დიაგნოსტირება გულის უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს. ლაქტატის სიჭარბე აპროვოცირებს ლაქტაციდოზის განვითარებას.
ნორმული მაჩვენებელია 0,5-2,2 მმოლ/ლ. მომატება მიუთითებს გულის უკმარისობაზე, ციროზზე, პიელონეფრიტზე, ლეიკოზზე, ანემიასა და რიგ სხვა დაავადებებზე, დაქვეითება აღინიშნება ანემიებისას.
სისხლში გლუკოზის დონე პირდაპირ კავშირშია არა მარტო პაციენტის ჯანმრთელობასთან, არამედ მის ქცევასთან, ემოციურ მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობასთან. ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია პროცედურისთვის სწორი მომზადება და ბიომასალის ჩაბარების აუცილებელი პირობების დაცვა.
მთავარი წესი, რომელიც ყველა ტესტზე ვრცელდება, გარდა გლიკირებული ჰემოგლობინისა – სისხლი უნდა ჩაბარდეს უზმოზე. საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს 8-12 საათით ადრე, მაგრამ არა უმეტეს 14 საათისა. წყლის დალევა შესაძლებელია. სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ ზოგიერთ სხვა ფაქტორსაც, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო:
- ალკოჰოლი – მცირე დოზამაც კი შეიძლება შეცვალოს შედეგები;
- კვების ჩვევები – დიაგნოსტიკის წინ არ შეიძლება ტკბილისა და ნახშირწყლების გადაჭარბებული მიღება.
- ფიზიკური დატვირთვა – ანალიზის დღეს აქტიურმა სპორტულმა ვარჯიშმა შეიძლება შაქრის დონის მაჩვენებელი ასწიოს.
- სტრესული სიტუაცია – დიაგნოსტიკაზე უნდა მივიდეთ მშვიდ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.
- ინფექციური დაავადებები – გაციების, გრიპის, ანგინისა და სხვა მსგავსი დაავადებების შემთხვევაში აღდგენისათვის 2 კვირაა აუცილებელი.
ანალიზამდე 3 დღით ადრე უნდა შეწყდეს დიეტა, გამოირიცხოს გაუწყლოების გამომწვევი ფაქტორები, შეწყდეს სამკურნალო პრეპარატები (ორალური კონტრაცეპტივები, გლუკოკორტიკოიდები, С ვიტამინი).
თითოეულ ანალიზს თავისი ნორმული მაჩვენებელი აქვს, რომლისგან გადახრაც მიუთითებს დაავადების ან თანმხლები პათოლოგიების განვითარებაზე.
დიაბეტის წარმატებით მკურნალობა და გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია. სისხლის ანალიზი კი დაავადების დროული გამოვლენისა და მკურნალობის დაწყების საშუალებაა.