რატომაა საშიში ჰემოგლობინის მაღალი და დაბალი მაჩვენებელი
თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალია, ქსოვილები ვეღარ იღებენ საკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, რაც მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობაზეც აისახება. თავდაპირველად აღინიშნება სისუსტე და შეუძლოდ ყოფნა, ქვეითდება შრომის უნარი და მეხსიერება, შემდეგ ვითარდება კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების აშრევება, ხშირი გულისწასვლის ეპიზოდები. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ რკინადეფიციტურ ანემიას.
ანემიის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგალითად, ჰემოგლობინის დაკარგვა სისხლდენის დროს (მშობიარობის შემდეგ ან მენსტრუაციათა შორის) ან საკვებით რკინის არასაკმარისი მიწოდება, როდესაც რაციონში ცოტაა რკინის შემცველი ცხოველური ცილები. მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა დაავადება, ნაწლავში რკინის შეწოვის დარღვევა (მაგალითად, დისბაქტერიოზი). არსებობს ასევე ჰემოგლობინის დეფიციტის მემკვიდრული ფორმები, როდესაც ჰემოგლობინის შემადგელობაში არსებული ცილის წარმოქმნაა დარღვეული.
ორგანიზმისთვის რკინის დღიური ნორმა მამაკაცებისთვის - 2 მგ-ს, ქალებისთვის კი 3-4 მგ-ს შეადგენს. რადგანაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვებით მიღებული რკინის მხოლოდ ნაწილი შეიწოვება, ამიტომ ზოგჯერ ვითარდება მისი დეფიციტი, განსაკუთრებით - რაციონალური კვების ურეჟიმობისას.
მნიშვნელოვანია, როგორი სახით მიეწოდება რკინა ორგანიზმს. მაგალითად, ვაშლსა და წიწიბურაში რკინა ბევრია, მაგრამ პრაქტიკულად არ შეიწოვება. სამაგიეროდ, კარგად აითვისება რკინა ხორციდან, რამდენადაც მასში რკინა შეწოვისთვის მზა სახით არის წარმოდგენილი.
ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი რკინა ბევრია ხორცის სუბპროდუქტებში (ღვიძლი, თირკმელები), კვერცხის გულში, ზღვის თევზსა და ხიზილალაში, ზღვის პროდუქტებში (კრევეტები, მიდიები, ხამანწკები, ზღვის კომბოსტო). სასურველია ენერგიის, ვიტამინებისა და მინერალების წყაროს - ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღება.
რკინადეფიციტური ანემიის მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია სისხლდენის პრევენციისა და შეწყვეტისაკენ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია კუჭისა და ნაწლავების ოპერაციული მკურნალობა გახდეს საჭირო.
არსებობს რკინის პრეპარატები, რომლებიც შეჰყავთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (ტაბლეტები, კაფსულები) ან ინტრავენურად. ტაბლეტირებული პრეპარატების მიღება უმჯობესია ასკორბინის მჟავასთან (C ვიტამინი), В ჯგუფის ვიტამინებსა და ფოლიუმის მჟავასთან ერთად.
ზოგჯერ შესაძლებელია ჰემოგლობინის დონე ნორმაზე მაღალი იყოს - სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად (მაგალითად, მოთხილამურეებში, ალპინისტებში), მაღალ სიმაღლეზე ფრენისას, მფრინავებში. მომატებული ჰემოგლობინი დამახასიათებელია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის და ხშირად აღენიშნებათ აქტიურ მწეველებსაც. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) ახდენს მომატებული რაოდენობით ჰემოგლობინის წარმოებაზე ორგანიზმის პროვოცირებას, რათა მან „მოიძიოს“ ჟანგბადის დანაკლისი და მიაწოდოს უჯრედებს.
ჰემოგლობინის დონის მომატება შეიძლება მეტყველებდეს სისხლის დაავადებაზე (ერითროციტოზი), შაქრიან დიაბეტზე, დამწვრობაზე, ონკოლოგიური პროცესების პოტენციურ შესაძლებლობაზე, გულ-ფილტვის უკმარისობაზე, გულის თანდაყოლილ მანკებზე, ნაწლავის გაუვალობაზე.
მომატებული ჰემოგლობინი სისხლის შედედების სიმპტომიცაა, რაც გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენს, რადგანაც სქელი, ბლანტი სისხლი უფრო ნელა მიედინება, ეს კი სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის წინაპირობაა. ეს პროცესი იწვევს სისხლძარღვოვან კრიზებს, ინფარქტსა და ინსულტს.
ჰემოგლობინის დონის დასაწევად რეკომენდებულია დიეტის დაცვა, ცხოველური ცილის შეზღუდვა (წითელი ხორცი და მისი სუბპროდუქტები - ღვიძლი, თირკმელი). რაციონში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ფრინველის თეთრ ხორცს, სოიას, პარკოსნებს. უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი საკვები (ნაღების კარაქი და სხვა), რომელიც ასევე ქოლესტერინის დონის მომატებას განაპირობებს. პროდუქტები უმჯობესია მოიხარშოს, რადგანაც ცხიმის ნახევარი გადადის წყალში. ძალიან სასარგებლოა ზღვის პროდუქტები. თევზში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-6 და ომეგა-3 ათხელებს სისხლს, ხოლო იოდი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
ნუ მიიღებთ ვიტამინების რომელიმე კომპლექსს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციისთვის ექიმები, ჩვეულებრივ, ნიშნავენ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს და ამცირებენ მისი შედედების უნარს. თუმცა მათი უკონტროლო მიღებაც არასასურველ და უსიამოვნო გვერდით ეფექტებს იწვევს.