რას მოგვითხრობს სისხლის წვეთი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მოგვითხრობს სისხლის წვეთი

ვიცოდეთ იმ ლაბორატორიის ნორმები, სადაც სისხლი ჩავაბარეთ.

სისხლის ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ გვესაუბრება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის კლინიკოდიაგნოსტიკური ლაბორატორიის წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ინა მესტიაშვილი.

-ქალბატონო ინა, რა არის სისხლი?

- სისხლი, სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, წარმოადგენს თხიერ და მოძრავ შემაერთებელ ქსოვილს, რომელიც ცირკულირებს ორგანიზმში და ყველა ორგანოსა თუ ქსოვილს მოივლის. სისხლი შედგება თხიერი ნაწილისგან, რომელსაც პლაზმა ეწოდება და მასში მოძრავი ფორმიანი ელემენტებისგან: ერითროციტებისგან (წითელი ბურთულები), ლეიკოციტებისგან (თეთრი უჯრედები) და თრომბოციტებისგან (სისხლის შედედებაში მონაწილე ფირფიტები).

- რას მოიცავს სისხლის სისტემა და რა კავშირია მის შემადგენელ ელემენტებს შორის?

- სისხლის სისტემა წარმოადგენს სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ერთობლიობას. სისხლმბადი ორგანოებია: ძვლის ტვინი (რომელიც ძირითადად ბრტყელ ძვლებშია განთავსებული), ელენთა, ღვიძლი, ლიმფური კვანძები, თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი).

სისხლის ფორმიანი ელემენტები პერიფერიულ სისხლში გადმოდიან ძვლის ტვინიდან, სადაც ისინი მომწიფებამდე გაივლიან რამდენიმე გარდამავალ სტადიას, დაწყებული დედა უჯრედიდან. ძვლის ტვინში არის სისხლწარმოქმნის 3 შტო: წითელი ანუ ერითროიდული, თეთრი ანუ ლეიკოციტური და თრომბოიდული.

პერიფერიული (სისხლძარღვებში მოძრავი) სისხლის მოთხოვნილებასა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციონირებას შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთკავშირი. სხვადასხვა დაავადების დროს სისხლმბადი ორგანოები ხელს უწყობენ პერიფერიულ სისხლს პათოლოგიის დამარცხებაში.

- რა ინფორმაციას შეიცავს ერთი წვეთი სისხლი?

- სისხლი ორგანიზმში არაერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციის განხორციელებაში მონაწილეობს. ესენი გახლავთ:

  • სუნთქვითი ფუნქცია;
  • კვებითი ფუნქცია;
  • ექსკრეტორული ანუ გამომყოფი ფუნქცია;
  • სარეგულაციო ფუნქცია;
  • დაცვითი ფუნქცია.

ამას ემატება სისხლის საინფორმაციო ფუნქციაც. სისხლი საუკეთესო ინფორმატორია. ის გვაწვდის ცნობებს არა მარტო თავისი პატრონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არამედ სარკესავით ირეკლავს გარემოში, თვით კოსმოსში მიმდინარე მოვლენებსაც კი.

როგორც უკვე მოგახსენეთ, სისხლი მოძრავი ქსოვილია და მთელ ორგანიზმს მოივლის. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ მისი გამოკვლევით შევძლებთ მივიღოთ ინფორმაცია მთელი ორგანიზმიდან, მისი ყოველი კუთხე-კუნჭულიდან. სწორედ ამით აიხსნება, რომ დიაგნოზის დასასმელად თითქმის ყველა პაციენტს პირველ რიგში სისხლის საერთო ანალიზი ენიშნება.

მოზრდილ ადამიანს დაახლოებით 5 ლიტრი სისხლი აქვს. თუმცა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტიკისთვის უნატიფესი გამოკვლევების ჩასატარებლად სულ რამდენიმე მილილიტრია საკმარისი. ერთი წვეთი სისხლის პატარა მართკუთხა მინაზე თხლად გასმისა და სპეციფიკური შეღებვის შემდეგ მიკროსკოპიული გამოკვლევით შესაძლებელია არა მარტო მძიმე დაავადებათა, არამედ უმცირეს გადახრათა ამოცნობაც კი, რაც წინასწარი ზომების მიღებისა და დაავადების გართულების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს. პერიფერიული სისხლის უმარტივესი გამოკვლევით ნეიტროფილების ბირთვზე სულ უმცირესი წანაზარდების, ე.წ. დოლის ჯოხების დათვლით შესაძლებელია განისაზღვროს ადამიანის სქესი, რასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს სასამართლო ექსპერტიზისთვის. იმავე მეთოდით ორსულობის მეშვიდე თვიდან შესაძლებელია განისაზღვროს მომავალი ბავშვის სქესი, თუმცა ეს მეთოდი სიზუსტით ბევრად ჩამოუვარდება ულტრაბგერით გამოკვლევას. გარდა ამისა, სისხლის უმარტივესი გამოკვლევით შესაძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ ადამიანის სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ყოველივე ეს წარმოდგენას გვიქმნის ორგანიზმის თვისებებზე, მიდრეკილებებზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მივცეთ პაციენტს სათანადო რეკომენდაციები სისხლის გადასხმის, კვების რაციონის თაობაზე და სხვა.

- თქვენ გარემო ფაქტორების გავლენა ახსენეთ. სახელდობრ, როგორ აისახება ეს სისხლზე?

- ცნობილია, რომ სისხლის სისტემა წარმოადგენს ელექტრომაგნიტურ სისტემას და განსაკუთრებით მგრძნობიარეა მზის კორპუსკულური გამოსხივების მიმართ. როდესაც მზის განსაკუთრებული აქტიურობის, აფეთქებების პერიოდში მისგან გამოტყორცნილი ელექტრონული მუხტის მატარებელი ენერგია დედამიწამდე აღწევს, სისხლი ამას გვამცნობს ელექტროლიტური დისბალანსის ამსახველი ერითროციტების - ე.წ. სტომატოციტების სიმრავლით, რომლებიც ნორმაში არ გვხვდება და დამახასიათებელია ჟანგბადის უკმარისობისა და ზოგიერთი სხვა პათოლოგიისთვის.

მზის აქტიურობისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თრომბოციტები. ამ დროს შეინიშნება მათი რიცხვის მატება, დიდი და გიგანტური ფორმების გაჩენა, თრომბოციტების ადჰეზიისა და აგრეგაციის, ანუ მათი ერთმანეთსა და სისხლძარღვის კედელთან შეწებების უნარის გაძლიერება, რითაც შეიძლება აიხსნას ამ დროს ინსულტების და ინფარქტების სიხშირე, რასაც სისხლის წებოვნების მომატებაც უწყობს ხელს.

ამავე პერიოდში შემჩნეულია მონონუკლეარებში ანუ ერთბირთვიან ლეიკოციტებში ბირთვის დასეგმენტება ან 2-3 ბირთვის გაჩენა და პოლიმორფულბირთვიან ანუ სეგმენტბირთვიან ლეიკოციტებში სეგმენტების რიცხვის უფრო ძლიერ მომატება, ზოგჯერ კი, პირიქით, ჰიპოსეგმენტაცია. აღნიშნული მიტოზის - უჯრედთა გამრავლების - ანომალიაზე მიუთითებს. ის კი არა, 90-იან წლებში, საქართველოს სამოქალაქო ომის პერიოდში, სისხლშიც შეიმჩნეოდა აუტოაგრესიის მოვლენა - მონოციტების მიერ საკუთარი თრომბოციტების ჩაყლაპვა, ფაგოციტოზი სრულიად სხვადასხვაგვარი ჩივილებით მოსულ პაციენტებში.


- რა მნიშვნელობა აქვს სისხლის საერთო ანალიზს?

- სისხლის ანალიზი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პათოლოგიური მდგომარეობის დროული დიაგნოსტიკისთვის, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგისთვის, მკურნალობის კონტროლისა და სკრინინგული თუ პროფილაქტიკური გამოკვლევისთვის.

ყველაზე მარტივი და ინფორმაციული გამოკვლევაა სისხლის საერთო ანალიზი:

ლეიკოციტურ ფორმულას, რომელიც ასახავს სხვადასხვა სახის ლეიკოციტების პროცენტულ ურთიერთშეფარდებას, დიდი მნიშვნელობა აქვს ჰემატოლოგიური, ინფექციური, ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

ედს-ი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ანთებითი და ინფექციური პროცესების გამოსავლენად.

რეტიკულოციტების დათვლა ერითროპოეზის აქტივობის ხარისხის შესაფასებლად არის მნიშვნელოვანი.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის გამოკვლევას სისხლის სისტემის მსუბუქი თუ მძიმე დაავადებების სადიაგნოზოდ და მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად. ზოგჯერ ეს დაავადებები მოულოდნელად სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდება. ამავე ანალიზით შესაძლებელია აგრეთვე სხვა, არასისხლისმიერი დაავადებების პირველადი გამოვლენა და სათანადო პროფილური დაწესებულებების რეკომენდება. პატრონის ორგანიზმში აღმოცენებული სხვადასხვა პათოლოგიის შესახებ სისხლი ჩურჩულით, ნორმიდან მცირე გადახრებით გვამცნობს და ჩვენ უნდა შევძლოთ ამ ინფორმაციის ამოკითხვა, დანახვა. თვით ორგანიზმსა თუ გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე სისხლი მიგვითითებს არა მარტო თავისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შეცვლით, არამედ მასში მოცირკულირე უჯრედების - ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების საშუალებით, მათი რაოდენობისა და ფორმის ცვლილებებითაც.

სისხლის წითელი ბურთულების, ერითროციტების, 7,5 მიკრონი დიამეტრის უბირთვო, ორმხრივად ჩაზნექილი დისკოს ფორმის უჯრედების ფორმის ცვლილება უმეტესად მემკვიდრეობით განპირობებულ ჰემოლიზურ ანემიაზე მეტყველებს. მაგალითად

  • მცირე ზომა და სფეროსებრი ფორმა მიკროსფეროციტოზისთვის არის დამახასიათებელი, ოვალური - ოვალოციტოზისთვის ანუ ელიფსოციტოზისთვის, სამიზნისმაგვარი - თალასემიისა და სხვა ჰემოგლობინოპათიებისთვის, თუმცა ფორმაშეცვლილი ერითროციტები შეძენილი პათოლოგიების დროსაც გვხვდება. მაგალითად, მიკროსფეროციტები - აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემიების დროს,
  • ოვალოციტები - ნაღვლის ბუშტის, საკვერცხეების, პროსტატის დაავადებების დროს;
  • სამიზნისმაგვარი ერითროციტები - საშვილოსნოს ფიბრომის, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიების დროს;
  • თუ ადამიანის სისხლში ზედმეტი რკინაა, ამას იგი მაძღარი, ცრემლისმაგვარი ერითროციტების გაჩენით გვამცნობს, ხოლო თუ ნაკლებია - მცირე ზომის, ბეჭდისებრი ფორმის, მკრთალი ერითროციტებისა და პატარა, ოვალური (კვერცხისმაგვარი), ზოგჯერ პატარა ფანქრისმაგვარი ფორმის ერითროციტების გაჩენით.
  • დიდი ზომის ერითროციტების - მაკროციტების და განსაკუთრებულად დიდი ზომის ერითროციტების - მეგალოციტების პერიფერიულ სისხლში გაჩენა გვაუწყებს ვიტამინ B12-ის, ფოლიუმის მჟავას ან ორივეს ერთდროული დეფიციტის არსებობას, მით უმეტეს, თუ ასეთ ერითროციტებში მოწითალო-მოიისფრო რგოლის, რვიანის, ვიოლინოს გასაღების მსგავს ჩანართებს ვამჩნევთ, რომელთაც კებოტის ბეჭდებს ვუწოდებთ.
  • აღსანიშნავია, რომ მიზანმიმართულად ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ჩამოთვლილი ცვლილებები კლინიკურ სიმპტომებთან ერთად თანდათან ქრება. ფოსფორის ან მაგნიუმის ნაკლებობას ორგანიზმში ერითროციტები გვამცნობენ მემბრანის გარშემო მოკლე, თანაბარი ზომის, თანაბრად განლაგებული წანაზარდების გაჩენით. ამ ერითროციტებს ზღვის ზღარბს, თუთის ნაყოფს, გირჩას ადარებენ და ექინოციტებს უწოდებენ. ისინი სხვა პათოლოგიების დროსაც გვხვდება, მაგალითად, თირკმლის უკმარისობის, კუჭის კიბოს შემთხვევაში.
  • თუ ადამიანი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მომხმარებელია ან ღვიძლის პათოლოგია აქვს, მის სისხლში დიდი ზომის ერითროციტები - მაკროციტები შეინიშნება. ხშირად - აკანთოციტებიც ანუ ისეთი ერითროციტები, რომელთაც უსწორმასწორო, სხვადასხვა სიგრძისა და ერთმანეთისგან არათანაბრად დაშორებული წანაზარდები აქვთ და მცენარე აკანთუსს მოგვაგონებენ.
  • თუ ადამიანს ელენთა აქვს ამოკვეთილი, ამას სისხლი გვამცნობს ერითროციტებში სულ პაწაწინა მოწითალო-მოიისფრო ბურთულების - ე.წ. პაუელ-ჟოლის სხეულაკების, ზოგჯერ კი სამიზნისმაგვარი ერითროციტების გაჩენით.
  • სისხლდენების ან ერითროციტების გაძლიერებული დაშლის, ასევე ანემიის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს ძვლის ტვინი პერიფერიულ სისხლში დიდი რაოდენობით ახალგაზრდა ერითროციტებს - რეტიკულოციტებს გადმოისვრის.


- რა ინფორმაციას გვაწვდის ლეიკოციტების რაოდენობა თუ პროცენტული თანაფარდობა?

- სისხლის თეთრი ბურთულები, ლეიკოციტები, ინფექციას თუ ანთებით პროცესებს უმეტესად რიცხვის მატებით პასუხობენ. ამავე დროს ხდება გადახრა ლეიკოციტურ ფორმულაში:

მწვავე პროცესების დროს იმატებს ახალგაზრდა ნეიტროფილების რიცხვი, ქრონიკულის დროს - ლიმფოციტებისა.

ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელია ლიმფოციტების გააქტიურება, ე.წ. ფართოციტოპლაზმიანი და პლაზმატიზებული ლიმფოციტების - იმუნოლიმფოციტების სიჭარბე, მათი ახალგაზრდა ფორმებისა და პლაზმოციტების გაჩენა, რომლებიც ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში პერიფერიულ სისხლში არ გვხვდება.

ზოგჯერ გადახრები ლეიკოციტურ ფორმულაში უმნიშვნელოა და ისინი უყურადღებოდ გვრჩება. მაგალითად, ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, როცა ვირუსის, სახელდობრ, ჰერპესზოსტერის ბობოქრობისას პაციენტის ორგანიზმში მხოლოდ ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები იყო უმნიშვნელოდ მომატებული, რასაც ზოგიერთი ლაბორატორია ნორმის ზედა ზღურბლად მიიჩნევს. ასეთი შემთხვევები მიგვანიშნებს, რომ სისხლის ჩურჩულსაც ყური უნდა მივუგდოთ.

სისხლის მებრძოლი უჯრედები ბაქტერიებსა და ვირუსებთან ჭიდილისას ხშირად ამარცხებენ მათ, თუმცა თავადაც ზიანდებიან, რაც მათი ციტოპლაზმის მრავლობითი ვაკუოლიზაციით გამოიხატება. უმეტესად ეს მოვლენა მონოციტებში შეიმჩნევა, შედარებით იშვიათად - ნეიტროფილებში, ლიმფოციტებსა და პლაზმოციტებში. ნეიტროფილებში ზოგჯერ ე.წ. ტოქსიკური მარცვლოვანება ჩნდება. ინფექციისა თუ ანთების დაძლევის შემდეგ ყოველივე თანდათან უწინდელ კალაპოტში დგება.

არსებობს ლეიკოციტების მემკვიდრეობითი ანომალიები, მათ შორის ხშირია ე.წ. პელგერ-ჰიუეტის მემკვიდრეობითი ანომალია, რაც კლინიკური სიმპტომების გარეშე, ნეიტროფილების ბირთვის მკვეთრი ჰიპოსეგმენტაციით გამოიხატება.

ფსევდოპელგერის ანომალია გვხვდება მწვავე ვირუსული, განსაკუთრებით - ენტეროვირუსული, ინფექციების დროს, აგრეთვე ლეიკემიების, სხვადასხვა პრეპარატის ზემოქმედების შემთხვევაში.

- შესაძლებელია თუ არა სისხლის საერთო ანალიზით ალერგიის ამოცნობა?

- ალერგიის შემთხვევაში, რასაც ხშირად პარაზიტებით ინვაზიაც განაპირობებს, შესაძლოა გამრავლდნენ ეოზინოფილები, ზოგჯერ - ბაზოფილებიც. თუმცა ალერგიის დროს ეოზინოფილები ზოგჯერ ქსოვილებისკენ მიეშურებიან და სისხლში არ ჩანან, რაც ალერგიის გამორიცხვის საფუძვლად არ უნდა იქცეს.

ზოგჯერ სისხლის პრეპარატში შეინიშნება ბაზოფილების ციტოპლაზმის დეგრანულაცია (ანუ ჩვეული მარცვლების გაქრობა). ეს განპირობებულია ჰეპარინისადმი მომატებული მოთხოვნილებით, რომელიც სწორედ ამ მარცვლებშია შემონახული და საჭიროების შემთხვევაში სისხლის პალზმაში გადადის.

ალერგენებზე სისხლის ანალიზი შედის იმუნოლოგიური გამოკვლევების ჯგუფში, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის მთლიანობაში ადამიანის იმუნური სისტემის შესახებ. ალერგიული დაავადებების დროს დიაგნოსტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ ალერგენისა თუ ალერგენების განსაზღვრა, რომელთა მიმართაც პაციენტს მომატებული მგრძნობელობა აქვს.

- თრომბოციტებზე რას გვეტყვით?

- სისხლის შედედების პროცესში აქტიურად მონაწილე თრომბოციტები, რომელთა დიამეტრიც 4 მიკრონს არ აღემატება, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დროს ისევე იბრძვიან, როგორც ლეიკოციტები. განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ ვირუსულ ინფექციებზე. მათ ციტოპლაზმაშიც ჩანს ბრძოლის შედეგი - ვაკუოლიზაცია, თუმცა, ლეიკოციტებისგან განსხვავებით, ვაკუოლი უმეტესად ერთია (იშვიათად - ორი). თრომბოციტების მარცვლების გაქრობა, დეგრანულაცია, მათ გააქტიურებას გვამცნობს, მაგალითად, სისხლძარღვთა დაზიანების, აუტოიმუნური პროცესების დროს.

გიგანტური თრომბოციტები სისხლდენების, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ჰემოლიზური კრიზის დროს, სპლენექტომიის (ელენთის ამოკვეთა) შემდეგ, სისხლის სიმსივნური დაავადების შემთხვევაში შეინიშნება.

ყველაზე საგანგაშო ცვლილებები სისხლში ამ სისტემის მწვავე სიმსივნური დაავადების დროს ჩნდება. ამ დროს უსასრულოდ და შეუზღუდავად მრავლდება ანუ პროლიფერაციას განიცდის სიმსივნურად ტრანსფორმირებული, უმწიფარი, მუტირებული უჯრედები-ბლასტები, რომლებიც თრგუნავს ნორმალური უჯრედების წარმოქმნის პროცესს. სისხლის სისტემის სიმსივნური დაავადების დროს სისხლი ყივის, ბობოქრობს, განგაშს ტეხს, სასწრაფოდ შველას ითხოვს და თუ მკურნალობამ შედეგი გამოიღო, სისხლი მშვიდდება, როგორც ზღვა ქარიშხლის შემდეგ. თუ მკურნალობის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, ამაზეც უშიშრად მიგვითითებს.

- ფერადობის მაჩვენებელი რას გვეუბნება?

- ფერადობის მაჩვენებელი - ეს ერითროციტებში ჰემოგლობინის შემცველობის მაჩვენებელია. მისი ნორმა 0,85-დან 0,95-მდეა. თუ ნაკლებია, ეს იმას ნიშნავს, რომ ერითროციტებს აკლია ჰემოგლობინი, რაც რკინის დეფიციტზე ან რკინადეფიციტურ ანემიაზე მიუთითებს. თუ მეტია, ესე იგი ერითროციტები სავსეა ჰემოგლობინით, რაც შესაძლოა ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით იყოს განპირობებული. თუ მაჩვენებელი 1-ზე მეტია, ესე იგი ერითროციტები ჭარბად არის გადავსებული ჰემოგლობინით.

საქართველოში და იმ ქვეყნებში, სადაც თალასემია ანუ მემკვიდრეობითი ჰემოლიზური ანემიაა გავრცელებული, მიუხედავად პლაზმაში რკინის ნორმული ან მაღალი დონისა, პაციენტებს ფერადობის მაჩვენებელი დაბალი აქვთ, რაც ხშირად იქცევა დიაგნოსტიკური და თერაპიული შეცდომის მიზეზად, რასაც განსაკუთრებით სავალალო შედეგი მოაქვს, თუ რკინა ორგანიზმში ინექციის ფორმით არის შეყვანილი.

- მეტად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ედს-ი, რასაც ხალხში რუსულის ანალოგიით როე-ს უწოდებენ. რაზე მიგვითითებს მისი მაჩვენებელი?

- ედს-ი ერითროციტების დალექვის სიჩქარეა. ეს ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც ქალებს მამაკაცებზე მეტი აქვთ. ნორმაში ქალისთვის 4-დან 16-მდე მმ/სთ-ია, ხოლო მამაკაცებისთვის - 2-დან 12-მდე მმ/სთ. ეს მაჩვენებელი იმატებს ანთებითი პროცესების, სიმსივნური დაავადებების, მათ შორის - სისხლის სისტემური დაავადების, ასევე - შორს წასული ანემიების შემთხვევაში, ანდა როდესაც ერითროციტებზე დიდი რაოდენობით არის იმუნოგლობულინები.

ედს-ის დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს ერითროციტების სიჭარბეზე, მაგალითად, ერითემიაზე ანუ ვაკეზის დაავადებაზე. ერითროციტების მოჭარბება შეინიშნება ვაჟებში სქესობრივი მომწიფების დროს, ხოლო ქალებში - კლიმაქტერიულ პერიოდში. ვაკეზის დაავადების დროს მკვეთრად არის გამოხატული კანის სიწითლე, ხოლო ჰორმონული ბალანსის დარღვევით განპირობებული ედს-ის დაქვეითებისას შესაძლოა სახის მსუბუქი შეწითლება შეინიშნებოდეს.


- გარდა საერთო ანალიზისა, სისხლის რომელ გამოკვლევას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა დაიგნოტიკისთვის?

- სისხლის ანალიზის ძირითადი სახეებიდან შეიძლება გამოვყოთ ბიოქიმიური ანალიზი, სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, ალერგენებზე, ონკომარკერებზე, ანალიზი ორგანიზმის იმუნური სტატუსის განსაზღვრისთვის, ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.

- რას გვიჩვენებს სისხლის ბიოქიმიური ანალიზი?

- სისხლის ბიოქიმიური ანალიზით შესაძლებელია განვსაზღვროთ გლუკოზის, ცილების, ამინომჟავების, აზოტის, პიგმენტების, ლიპიდური ცვლის, ფერმენტების, ცილების, არაორგანული ნივთიერებების, მათ შორის მიკროელემენტების დონე. სისხლის ეს ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირების დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, მოვახდინოთ ანემიის დიაგნოსტირება, ონკოლოგიური დაავადებების დიფერენციული დიაგნოსტიკა. იგი მოიცავს შაქრის ანალიზს, ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევას. მაგალითად, პირდაპირი ბილირუბინის მატება ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის პათოლოგიის მანიშნებელია, არაპირდაპირისა კი ჰემოლიზის ანუ ერითროციტების გაძლიერებული დაშლის მაჩვენებელი გახლავთ.

ღვიძლის ფუნქციების დარღვევა ჰეპატიტზე - ღვიძლის ანთებაზე მიუთითებს.

- დღეს ხშირად კეთდება სისხლის ანალიზი ჰორმონებზე. რა ფასდება ამ ანალიზით?

- დროულად ჩატარებულ სისხლის ჰორმონულ ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰორმონული ცვლილებების გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება იყოს ფარისებრი, კუჭქვეშა და სასქესო ჯირკვლების მუშაობის დარღვევის შედეგი. ეს ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ცხიმოვანი ცვლის დისფუნქცია, შევაფასოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა.

- მეტად მნიშვნელოვანია სისხლში ელექტროლიტების განსაზღვრა. რა შეიძლება გვითხრას ამ გამოკვლევამ?

- კალიუმი, ნატრიუმი, ქლორიდები უჯრედების მემბრანების ელექტრულ თვისებებს განაპირობებს. შესაძლებელია განვსაზღვროთ კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, არაორგანული ფოსფორის, ქლორიდების დონე.

მაგალითად, ჰიპერკალციემია ახასიათებს ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციის მომატებას, სარკოიდოზს, ხოლო დაქვეითება - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, D ვიტამინის დეფიციტს.

- გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა რას გვაძლევს?

- გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის კომპენსირების შესაფასებლად, მკურნალობის ეფექტიანობის ხანგრძლივი კონტროლისათვის. მისი მატება ხანგრძლივ გლიკემიაზე მიუთითებს. ასევე მნიშვნელოვანია A პეპტიდის განსაზღვრა, რომელიც გამოიყენება ინსულინის დონის შესაფასებლად, როდესაც სისხლში მისი პირდაპირი განსაზღვრა გაძნელებულია (ანტისხეულების არსებობის, ინსულინის გარედან შეყვანის გამო). მნიშვნელოვანია ლიპიდების განსაზღვრაც, რაც წარმოდგენას გვიქმნის სისხლძარღვების მდგომარეობის შესახებ - არის თუ არა მათზე ცხიმოვანი ნალექი. გარდა ამისა, სისხლის გამოკვლევით შეგვიძლია კარდიომარკერების განსაზღვრა:

  • მიოგლობინისა, რომელიც იმატებს მიოკარდიუმის ინფარქტის, ურემიის (თირკმლის უკმარისობა), კუნთოვანი გადაძაბვის, ტრავმის დროს.
  • კრეატინკინაზა IA-სი, რომლის მომატება ხდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, ჩონჩხის კუნთების მწვავე დაზიანების დროს.
  • ტროპონინისა, რომელიც ინფორმაციულია მიოკარდიუმის ინფარქტისა და გულის იშემიური დაავადების შემთხვევაში.

- რა უნდა გავითვალისწინოთ სისხლის აღების წინ?

- ყველა ანალიზი ჯობს გაკეთდეს დილით უზმოზე, ერთსა და იმავე დროს. თუ პაციენტი უძილოა, შესაძლოა ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია.

სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას დიდი მნიშვნელობა აქვს დიაბეტის დიაგნოზის დასასმელად, ამიტომ ეს გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ჭამამდე და ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

თუ პაციენტი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევას იტარებს, 24 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის პრეპარატი.

აუცილებლად უზმოზე უნდა მოხდეს სისხლის აღება ლიპიდური პროფილის პარამეტრების განსაზღვრისთვის და გლუკოზატოლერანტული ტესტის ჩასატარებლად.