ფერმკრთალი სახე
დღეს კი ცნობილია, რომ ამის მიზეზი უმეტესად დაბალი ჰემოგლობინია. ჰემოგლობინი, მართლაც, დაბალი მაქვს. შესაძლებელია თუ არა მისი დონის აწევა საკვების მეშვეობით?
ჰემოგლობინი რკინის შემცველი და ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო ცილაა, რომელიც ერითროციტების შემადგენლობაში შედის. ერითროციტები ის ელემენტებია, რომლებიც სისხლს მკვეთრ წითელ ფერს აძლევს. მაგრამ არ გეგონოთ, მათი ერთადერთი ფუნქცია სისხლის შეღებვა იყოს; ისინი ადამიანის ორგანიზმში მთელ სატრანსპორტო სისტემას ქმნიან.
სწორედ ჰემოგლობინი (უფრო ზუსტად, რკინა, რომელსაც ეს ცილა შეიცავს) მოძრაობს არტერიებში და ფილტვებში გავლისას "აგროვებს" ჟანგბადს, რომელიც შემდეგ ყველა ორგანოსა და ქსოვილში, ორგანიზმის თითოეულ უჯრედში მიაქვს, სანაცვლოდ კი იქიდან იღებს ზედმეტ და მავნე ნახშირმჟავა აირს, რომელიც ჯერ ფილტვებში ხვდება და შემდეგ გარეთ გამოიდევნება.
რკინის დეფიციტი
ჰემოგლობინის გარეშე ორგანოებსა და სისტემებში ნივთიერებათა ცვლის პროცესების განხორციელება შეუძლებელი გახდება. უჯრედებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის გარეშე სული შეეხუთებათ. ყველაზე მეტად ეს მრავალფუნქციურ ქსოვილებზე, მაგალითად, თავის ტვინზე აისახება. ჯანგბადის ნაკლებობისას ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, თავბრუ ეხვევა, ადვილად იღლება და ხშირად ცივდება.
რატომ გვემართება?
ხშირად ჩაიხედეთ სარკეში. თუ შეამჩნიეთ, რომ ფერი დაკარგეთ, ტუჩები გამოგიშრათ და დაგისკდათ, თმა და ფრჩხილები სუსტი და მტვრევადი გაგიხდათ, განგაში უნდა ატეხოთ - სახეზეა რკინადეფიციტური ანემიის ყველა სიმპტომი. ბუნებამ ისე განაწესა, რომ ჰემოგლობინის ნაკლებობით უმთავრესად ქალები იტანჯებიან. დედობის - ამ უდიდესი ბედნიერების - საზღაური სისხლის ყოველთვიური დანაკარგია, ეს კი ჰემოგლობინის დაკარგვასაც ნიშნავს. ვინაიდან ეს რეგულარულად ხდება, საჭიროა, ჯანმრთელობაზეც მუდმივად ვიზრუნოთ და არა შემთხვევიდან შემთხვევამდე, უწინარესად კი სწორ და სრულფასოვან კვებაზე უნდა ვიფიქროთ.
რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღებამ, როგორიც არის ხორცი, შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინების, რკინისა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების უკმარისობამდე მიგვიყვანოს. გარდა ამისა, აუცილებელ ნივთიერებათა სათანადო ულუფის გარეშე ორგანიზმი უბრალოდ ვერ შეძლებს ნორმალური მდგომარეობის აღდგენას მენსტრუაციის შემდეგ.
ჰემოგლობინის დაცემას ქრონიკული დაავადებებიც იწვევს. მაგალითად, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა წესრიგში არ გაქვთ, რკინის შეწოვის პროცესი შესაძლოა დაირღვეს.
ხორცი, კვერცხი, თევზი
როდესაც ჰემოგლობინის დონე პათოლოგიურად დაბალია, ექიმთან მისვლა და მედიკამენტური ჩარევაა საჭირო - რკინით მდიდარი საკვები ამ დროს საკმარისი არ არის. ექიმი დაგინიშნავთ რკინის შემცველ აბებს ან ხსნარებს, რომლებიც კუნთში ან ვენაში კეთდება. ჰემოგლობინის დონის დაცემის თავიდან აცილება კი შესაძლებელია. ამისთვის რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ ცხოველური საკვები - ხორცი, ქათამი, თევზი, კვერცხი, ხიზილალა.
თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, უმჯობესია ტკბილეულსა და ცომეულზე თქვათ უარი, ვიდრე ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებზე. ორგანიზმი რკინას ყველაზე უკეთ ითვისებს ხბოს ხორციდან (22%-ს), თევზიდან და ზღვის პროდუქტებიდან (11%-ს).
რაც შეეხება ხილსა და ბოსტნეულს, რკინით მდიდარიც რომ იყოს, ორგანიზმი მას პრაქტიკულად ვერ შეითვისებს. გარდა ამისა, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, შეასრულოთ სუნთქვითი ვარჯიშები, ხელი მოჰკიდოთ ტანვარჯიშს ან იოგას, რათა ორგანიზმმა ჟანგბადის აუცილებელი ულუფა მიიღოს.
რამდენიმე რჩევა
- ხორციან კერძს ფორთოხლის წვენი დააყოლეთ. C ვიტამინი კუჭს ორჯერ მეტი რკინის შეწოვაში ეხმარება. გამოდგება ასკორბინის მჟავაც.
- კალციუმი კი პირიქით მოქმედებს - მკვეთრად აქვეითებს რკინის შეწოვას. ამდენად, უმჯობესი იქნება, თუ კალციუმითა და რკინით მდიდარ პროდუქტებს ერთად არ მიირთმევთ.