რკინადეფიციტური ანემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რკინადეფიციტური ანემია

- რა არის რკინადეფიციტური ანემია?

- რკინადეფიციტური ანემია არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება სისხლში ჰემოგლობინის და/ან ერითროციტების შემცველობა. ჰემოგლობინის მეშვეობით ერითროციტებს ანუ სისხლის წითელ უჯრე-დებს (როგორც ხალხში ამბობენ, წითელ ბურთულებს) ჟანგბადი მთელ ორგანიზმში, მის ყველა ქსოვილსა და ორგანოში მიაქვთ. თუ დაავადების არსზე უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღება მის სახელწოდებაზე უნდა გავამახვილოთ. როგორც სახელიდან ჩანს, რკინადეფიციტური ანემიის მიზეზი ორგანიზმში რკინის დეფიციტია. რკინა კი აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის.

- რამდენად ხშირია რკინადეფიციტური ანემია?

- საკმაოდ ხშირია. შეიძლება ითქვას, ანემიის სახეებიდან ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ ქალებს. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებითაც კი რკინის დეფიციტი ყოველ მეხუთე ქალსა და ორსულთა ნახევარს აღენიშნება.

- რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?

- ამ სახის ანემიის ერთ-ერთი მიზეზი საკვებში რკინის დეფიციტია, თუმცა არის სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, სისხლის კარგვა, რკინის შეწოვის დარღვევა, ორსულობა. მოდით, თითოეულ მათგანზე უფრო ვრცლად შევჩერდეთ. როგორც აღვნიშნეთ, სისხლის წითელი უჯრედები, ერითროციტები, შეიცავს რკინას. როცა ორგანიზმი კარგავს სისხლს, ბუნებრივია, იკარგება რკინაც და სხეულში მისი მარაგი მცირდება, ამიტომ ქალებს, რომლებიც გინეკოლოგიური დაავადებების, მაგალითად, საშვილოსნოს ფიბრომის გამო დიდი ოდენობით სისხლს კარგავენ, რკინადეფიციტური ანემიის აღმოცენების დიდი რისკი აქვთ. გარდა ამისა, რკინადეფიციტური ანემია შეიძლება გამოიწვიოს მცირე ოდენობის სისხლის ქრონიკულმა კარგვამ. ასეთი რამ ხდება წყლულოვანი დაავადების, თირკმლის სიმსივნის, შარდის ბუშტის სიმსივნის, მსხვილი ნაწლავის სისხლმდენი პოლიპების,  სწორი ნაწლავის,  განსაკუთრებით - მისი მარჯვენა ნახევრის სიმსივნის დროს. უთუოდ უნდა ითქვას, რომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან სისხლდენა შეიძლება ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული პრეპარატების მიღებამაც გამოიწვიოს. აუცილებლად უნდა დავასახელოთ კიდევ ერთი მიზეზი - პარაზიტული ინვაზია ანუ, პოპულარული ენით თუ ვიტყვით, ჭიები.

- როდის ირღვევა რკინის შეწოვა?

- რკინა, რომელსაც ჩვენ მიერ მიღებული საკვები შეიცავს, წვრილ ნაწლავში შეიწოვება და სისხლში გადაინაცვლებს. ნაწლავთა დაავადების დროს, როცა ზიანდება წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსი და ირღვევა საკვები ნივთიერებების შეწოვა, შესაძლოა, განვითარდეს რკინის დეფიციტი, რასაც ანემია მოჰყვება. შეწოვის პროცესი ირღვევა მაშინაც, როცა ხდება წვრილი ნაწლავის მნიშვნელოვანი ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა ანუ რეზექცია.

საკვებში არსებული რკინა ორგანიზმმა სათანადოდ რომ შეიწოვოს, აუცილებელია მისი გარდაქმნა კუჭის მჟავე წვენის ზემოქმედებით. თუ კუჭის მჟავიანობა საგრძნობლად არის დათრგუნული გასტრიტის ან რომელიმე მედიკამენტის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, ასევე შესაძლებელია რკინის შეწოვის დარღვევა და რკინადეფიციტური ანემიის აღმოცენება.


 

- ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ორსულობა - ფიზიოლოგიური პროცესი და არა ავადმყოფობა - შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის მიზეზად იქცეს.

- მართალია, ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ დადგენილია, რომ რკინის მარაგის შევსების გარეშე ორსულთა დიდ ნაწილს რკინადეფიციტური ანემია უვითარდება. ამ ფაქტს აქვს ახსნა: ქალის ორგანიზმში არსებული რკინის მარაგი ხმარდება თავად ორსულისა და მზარდი ნაყოფის ცხოველქმედებას. სწორედ დედის ორგანიზმში არსებული რკინაა ნაყოფისათვის ჰემოგლობინის წყარო. გარდა ამისა, რკინა მას სისხლის წითელი უჯრედების, სისხლძარღვებისა და კუნთების ფორმირებისთვის სჭირდება. ამრიგად, ქალი საკვებიდან იმდენსავე რკინას იღებს, რამდენსაც დაორსულებამდე, მოხმარებით კი გაცილებით მეტს მოიხმარს.

- როგორ ვლინდება რკინადეფიციტური ანემია, რა ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ ადამიანი ავად არის?

- რკინადეფიციტური ანემია უმეტესად ვლინდება საერთო სისუსტით, სიფითრით, ადვილად დაღლით, ქოშინით, რომელიც უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის დროსაც კი იჩენს თავს, თავის ტკივილით, ხშირად - კიდურების გაცივებით. გარდა ამისა, რკინადეფიციტურ ანემიას ავლენს დამახასიათებელი, სპეციფიკური სიმპტომები: ენის ანთებითი ცვლილებები - ე. წ. გლოსიტი, ფრჩხილების მტვრევადობა და ჩაზნექილობა, მადის გაუკუღმართება - ცარცის, მიწის, უმი მაკარონის ჭამის სურვილი. ზოგს რკინადეფიციტური ანემიის დროს ქვედა კიდურებში უჩნდება ტკივილისა და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, რომლის შესამსუბუქებლადაც ცდილობს, კიდურები მუდმივად ამოძრაოს. ამ მდგომარეობას მოუსვენარი ფეხების სინდრომს უწოდებენ.

- აუცილებელია თუ არა ექიმთან მისვლა რკინადეფიციტური ანემიის დროს? ხომ არ შეიძლება, რკინის პრეპარატებით ამ მდგომარეობას თვითონვე ვუმკურნალოთ?

- ზოგ შემთხვევაში რკინის დეფიციტი იმდანად უმნიშვნელოა, რომ ადამიანი ვერაფერს გრძნობს, მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ჰემოგლობინის შემცველობის უმნიშვნელო დაქვეითებას. ასეთ დროს ავადმყოფმა შეიძლება იფიქროს, რომ მკურნალობა არ არის საჭირო, მაგრამ ეს შეცდომაა. დროთა განმავლობაში რკინის დეფიციტი აუცილებლად გაღრმავდება და კლინიკურად გამოვლინდება, ამიტომ თუ ანემია აღმოგვაჩნდა, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. ექიმთან ვიზიტი აუცილებელია მაშინაც, როცა პაციენტს ანემიისთვის დამახასიათებელი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები აქვს. ეს არ არის დაავადება, რომლის თვითდიაგნოსტიკა და, მით უფრო, თვითმკურნალობა დასაშვებია. რკინის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და იმ შემთხვევაში, როცა დადგენილია ამ მიკროელემენტის დეფიციტი, ვინაიდან რკინის ჭარბი მიღება სულაც არ არის უვნებელი. ჭარბი რკინა შესაძლოა ღვიძლში ან სხვა ორგანოებში დაგროვდეს და პათოლოგიური მდგომარეობა - ჰემოსიდეროზი გამოიწვიოს. ექიმის მეთვალყურეობა აუცილებელია, რათა გადაწყდეს მკურნალობის ხანგრძლივობა, მისი შეწყვეტისა თუ გაგრძელების საკითხი, დადგინდეს, კორექტირებულია თუ არა ანემია. ექიმთან ვიზიტი კი უპირველეს ყოვლისა რკინადეფიციტური ანემიის მიზეზის დასადგენად არის საჭირო.

- როგორ ხდება რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა?

- როდესაც ექიმი, პაციენტის ჩივილებიდან გამომდინარე, რკინადეფიციტურ ანემიას იეჭვებს, ის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროდ მიიჩნევს სისხლის საერთო ანალიზის ჩატარებას. ანალიზი აჩვენებს, რომ სისხლში დაქვეითებულია ჰემოგლობინის, ზოგჯერ ერითროციტების შემცველობა. ერითროცი-ტების ზომა შემცირებულია, ისინი უფრო ბაცად იღებებიან. გარდა ამისა, ხდება სისხლში რკინის შემცველობის განსაზღვრა. მისი დაქვეითება რკინადეფიციტური ანემიის ტიპური ნიშანია. ამ კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტს რკინადეფიციტური ანემია აქვს. რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა რთული არ არის, მაგრამ მისი მიზეზის დადგენა ხშირად საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.

ზოგ შემთხვევებში სისხლის კარგვა იმდენად თვალსაჩინოა, რომ იცვლება შარდის ფერი ან შეიმჩნევა განავალში სისხლის არსებობა, ზოგჯერ განავალი კუპრისმაგვარი ხდება. ასეთ დროს ექიმმა იცის, სავარაუდოდ რა მიმართულებით უნდა ჩატარდეს კვლევა. თუმცა სისხლის კარგვის მიზეზი ყოველთვის ასეთი თვალსაჩინო არ არის. ამ შემთხვევაში ტარდება განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე. სისხლდენის დადასტურება ნიშნავს, რომ ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან იკარგება. საბოლოო მიზეზის დასადგენად შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი კვლევები:


 

  • გასტროსკოპია - სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. მისი მეშვეობით ვლინდება სისხლმდინარი წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
  • კოლონოსკოპია - სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. ამგვარად ადგენენ მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზს.

- შესაძლოა თუ არა, რკინადეფიციტურმა ანემიამ რაიმე გართულება გამოიწვიოს?

- რკინის უმნიშვნელო დეფიციტი და მცირედ გამოხატული ანემია, ჩვეულებრივ, გართულებებს არ იწვევს, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს და ანემიაც ღრმავდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა აღმოცენდეს:

  • ჩივილები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ - გულისცემის აჩქარება ანუ ტაქიკარდია, არითმია. გულის მუშაობის ამგვარ ცვლილებას აქვს ახსნა: გული აჩქარებული მუშაობის ხარჯზე მეტ სისხლს გადატყორცნის, რათა ანემიის დროს ჟანგბადის დეფიციტის კომპენსირება მოახდინოს. ეს განსაკუთრებით არასასურველია მათთვის, ვისაც გულის დაავადებები აქვს.
  • ორსულობის გართულებები. მძიმე რკინადეფიციტური ანემია ნაადრევი მშობიარობისა და ნაყოფის მცირე წონის მიზეზია, თუმცა ამ მდგომარეობის მკურნალობა ორსულობის პერიოდში რკინის პრეპარატებით სავსებით შესაძლებელია.
  • ზრდის პრობლემები. ღრმა ანემია ბავშვებში ზრდის შეფერხებას იწვევს. აღინიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, ბავშვები გვიან იწყებენ სიარულსა და მეტყველებას, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ინფექციების მიმართ.

- როგორია რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობის თანამედროვე პრინციპი? რამდენად ეფექტურია რკინის დეფიციტის შევსების თვალსაზრისით რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება?

- რკინით მდიდარი საკვების მიღება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა, მაგრამ როცა უკვე ანემიაა განვითარებული, მხოლოდ რაციონის რკინით გამდიდრება საკმარისი არ არის. აუცილებელია, სათანადო დოზით დაინიშნოს რკინის პრეპარატები, რათა გამოსწორდეს სისხლის სურათი და შეივსოს რკინის მარაგი. ჩვეულებრივ, ინიშნება რკინის შემცველი ტაბლეტები. ინექციების სახით რკინა მხოლოდ მაშინ ინიშნება, როცა დარღვეულია მისი შეწოვა. ორსულობისას რკინის პრეპარატები რკინით დედასაც და ნაყოფსაც უზრუნველყოფს. მკურნალობა, გარდა რკინის დეფიციტის აღმოფხვრისა, მისი გამომწვევი დაავადებების თერაპიასაც გულისხმობს. აუცილებელია გინეკოლოგიური დაავადებების, წყლულის, მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობა, რაც ზოგჯერ, შესაძლოა, ქირურგიულ ჩარევასაც ითხოვდეს.

- რომელი საკვებია რკინით მდიდარი?

- უფრო მართებული იქნება, თუ პირველ რიგში დავასახელებთ იმ საკვებს, რომლიდანაც რკინა ადვილად შეიწოვება. ასეთია საქონლის ხორცი. გარდა ამისა, რკინით მდიდარია ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, კვერცხი. რკინის მნიშვნელოვანი წყაროა მცენარეული საკვებიც: ლობიო, ბარდა, ისპანახი, ქიშმიში, კაკალი, მარცვლეული, - თუმცა მცენარეულ საკვებში არსებული რკინის შეწოვა უფრო ძნელია. პროფილაქტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სპეციალური რკინით გამდიდრებული პროდუქტები, მაგალითად, რკინით გამდიდრებული პური. საკვებში არსებული რკინის შეწოვას ხელს უწყობს С ვიტამინი და ციტრუსის წვენი, პომიდორი, პომიდვრის წვენი, მწვანე და წითელი წიწაკა, თეთრი ღვინო, აქვეითებს წითელი ღვინო, ყავა, ჩაი.