გარეგნული ნიშნები, რომლებიც ღვიძლის დაავადების ეჭვს ბადებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

გარეგნული ნიშნები, რომლებიც ღვიძლის დაავადების ეჭვს ბადებს

გარეგნული ნიშნები, რომლებიც ღვიძლის დაავადების ეჭვს ბადებს
რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ამა თუ იმ სიმპტომის მნიშვნელობას, ღვიძლის დაავადებასთან
მათ კავშირის არსებობა-არარსებობას ექიმი ადგენს პაციენტის გასინჯვისა და სათანადო გამოკვლევების საფუძველზე.

სიყვითლე ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია.

ის ყველაზე ადრე სკლერებსა და რბილ სასაზე ჩნდება, მერე და მერე კი მთელ სხეულს მოიცავს. ცალკეულ შემთხვევებში სიყვითლე შეიმჩნევა მხოლოდ ცხვირ-ტუჩის არეში, შუბლზე, ხელისგულებზე.


ზოგჯერ პაციენტი მოყვითალო-ფერმკრთალია, რადგან ღვიძლის დაავადებების დროს შესაძლოა ანემიაც აღმოცენდეს. კანი ბრინჯაოსფერ-მონაცრისფრო შეფერილობას იღებს რკინის დარღვევით გამოწვეული
დაავადების - ჰემოქრომატოზის დროს, რომელიც ღვიძლს აზიანებს. სახის მოწითალო შეფერილობა და ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლების გადიდება ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი.


თუ გულმკერდის ზედა ნაწილს დავათვალიერებთ, შეიძლება შევამჩნიოთYსისხლძარღვოვანი ვარსკვლავები.


ეს არის კაპილარების გაგანიერება, რომელიც მოწითალო ფერისაა. ცენტრში მოთავსებულია წერტილოვანი წარმონაქმნი, საიდანაც ვარსკვლავისებურად იტოტება კაპილარული ქსელი. სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, გარდა გულმკერდისა, შეიძლება შევამჩნიოთ კისერზე, სახეზე, მხრებზე, მტევნებზე.


მათი
ზომა 1 მილიმეტრიდან 1-2 სანტიმეტრამდე მერყეობს. თუ ასეთ `ვარსკვლავს~ თითს დავაჭერთ, ის გაფერმკრთალდება, მაგრამ ზეწოლის შეწყვეტისთანავე დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. ღვიძლისმიერი ხელისგულები ხელისგულების სიმეტრიული სიწითლეა. ზეწოლისას სიწითლე ქრება, მაგრამ ზეწოლის შეწყვეტის შემდეგ მალევე აღდგება. ზოგჯერ ასეთივე სიწითლე შეინიშნება ტერფებზეც. მტევნების დათვალიერებისას ზოგჯერ ყურადღებას იპყრობს თითების ცვლილება - კომბლისებრი თითები საათის მინისებრი ფრჩხილებით. ეს ნიშნები ბილიარულ ციროზს ახასიათებს.


საყურადღებოა დიუპიუიტრენის კონტრაქტურა. ეს არის უპირატესად მარჯვენა მტევნის IV-V თითების მყესთა ფიბროზული ცვლილება, რაც შეუძლებელს ხდის მათ გაშლას. დიუპიუიტრენის კონტრაქტურა ღვიძლის ალკოჰოლური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი. მამაკაცებში ხშირად შეინიშნება სარძევე ჯირკვლების გადიდება ანუ გინეკომასტია, ტანის თმიანი საფარველის გაიშვიათება და სათესლეების ატროფია. ეს ცვლილებები ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული ესტროგენების სიჭარბის შედეგია.


მდედრობითი სქესის პაციენტებში შეიძლება შევამჩნიოთ თმის ცვენა იღლიის არეებსა და ბოქვენის მიდამოში. ენა შესაძლოა ჟოლოსფერი – კაშკაშა წითელი, ლაქწასმულის მსგავსი იყოს, რაც ვიტამინების ცვლის დარღვევის შედეგია. ქსანთომები კანქვეშა წარმონაქმნებია, რომლებიც ქოლესტერინის ცვლის მოშლის შედეგად ვითარდება. ლოკალიზებულია მტევნებზე, იდაყვებზე, მუხლებზე, ტერფებზე, დუნდულებზე, იღლიის არეში.


ქუთუთოებზე ლოკალიზებულ ასეთ წარმონაქმნებს ქსანთელაზმებს უწოდებენ. კანზე ნაკაწრები ანუ ექსკორიაციები შეინიშნება ღვიძლის დაავადებებით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების გამო აღმოცენებული ქავილის დროს. ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებული სისხლის შედედების სისტემაში არსებული ცვლილებების შედეგია კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხშირად მათ წერტილოვანი ხასიათი აქვთ. ასციტის ანუ მუცლის ღრუში თავისუფალი სითხის დაგროვების შედეგად თვალში საცემია მუცლის გადიდება შედარებით განლეული, გამხდარი ზედა კიდურების ფონზე.


მუცელი დიდია, წინ წამოწეული, დაკიდებული. ხშირია ჭიპის თიაქარი, რომელიც ზოგჯერ ძეხვისებრი წარმონაქმნის სახეს იღებს. შესაძლოა შეინიშნებოდეს ქვედა კიდურების შეშუპებაც. მუცლის წინა კედლის დათვალიერებისას ვლინდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

გაგანიერებული ვენები ზოგჯერ სხივისებურად იშლება ჭიპის არიდან, ზოგჯერ კი უპირატესად მუცლის გვერდით კედელზეა გამოკვეთილი. ჭიპის ირგვლივ არსებული ვენები ხშირად დაკლაკნილია. ამას ხატოვნად `მედუზას თავს~ უწოდებენ.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ნებისმიერი ადამიანის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იშორებს ორგანიზმი ტოქსინებს.
ღვიძლის უკმარისობა არის ღვიძლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.
ლიმფომა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად