თრომბი და მისი განვითარების თავისებურებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თრომბი და მისი განვითარების თავისებურებები

თრომბის განვითარების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

1) სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც თავის მხრივ შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური დეფექტებით ან აუტოიმუნური დაავადებებით, მაგალითად, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით. სისხლის შედედების დარღვევას განაპირობებს აგრეთვე ოპერაციები მსხვილ ვენებზე;

2) ენდოთელიუმის – სისხლძარღვთა კედლის შიგნითა შრის ამომფენი უჯრედების დაზიანება, რომელიც ზოგჯერ ოპერაციული ჩარევების დროსაც ხდება. ენდოთელიუმის დაზიანებას განაპირობებს აგრეთვე ტრავმები და ინფექცია;

3) სისხლის ნაკადის მიმოქცევის მოშლა. ძირითადი მიზეზი სისხლის შეგუბებაა, რომელიც ტრავმებისა და მჯდომარე ცხოვრების შედეგად ვითარდება. სისხლის შეგუბება შესაძლოა გამოიწვიოს წინაგულების ფიბრილაციამ და გულის უკმარისობამ. სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია სიმსივნური დაავადებები: სიმსივნური წარმონაქმნის გაზრდა იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას, ზოგჯერ მეტასტაზები განიცდის ჩაზრდას სისხლძარღვებში. ამასთან ერთად, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია ზრდის ჰიპერკოაგულაციის რისკს.

თრომბი, განვითარების შემდეგ, თანდათანობით იზრდება ახალი თრომბული მასების დალექვის შედეგად. 2015 წელს უცხოელ ბიოფიზიკოსთა გუნდმა რამდენიმე სხვა სპეციალისტთან ერთად შეიმუშავა არტერიული თრომბის ფორმირების მათემატიკური მოდელი. მათ აღწერეს თრობოციტების აგრეგაციის პროცესი როგორც „ტეტრისში ბლოკების დალაგების“ მსგავსი მოვლენა. შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში PLOS ONE.

თრომბოციტები, ისევე როგორც ბლოკები თამაშში, ან ეცემა ქვევით, სწორ ზედაპირზე, ან კიდევ ეწებება მზარდი თრომბის გვერდით შემაღლებებს. განსხვავება არის ის, რომ მთლიანად შევსებული შრე არ ქრება, ამის გამო, დროთა განმავლობაში თრომბმა შეიძლება გადაფაროს მისთვის მისაწვდომი სივრცე.

თრომბი შედგება ცილებისაგან, ძირითადად, ფიბრინისაგან, შეიძლება იყოს კედლისმიერი ან მაობტურირებელი ანუ ობტურაციის გამომწვევი – სისხლძარღვის სანათურის მთლიანად დამხშობი. მთლიანად დამხშობი (დამცობი) თრომბები უხშირესად წვრილ სისხლძარღვებში აღმოცენდება, მაშინ როცა კედლისმიერი თრომბები ძირითადად ქვედა კიდურების მსხვილ ვენებსა და გულის ღრუებში გვხვდება.

თრომბის წარმოქმნა-განვითარება, ფაქტობრივად, სისხლის შედედებისაკენ მიმართული ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ყველასათვის ცნობილია, რომ მცირე ჭრილობებისას (მაგალითად, თითის გაჭრა-დასერა) სისხლდენა საკმაოდ სწრაფად ჩერდება წვრილი სისხლძარღვების – კაპილარების თრომბებით დაცობის გამო. თრომბების წარმოქმნის პროცესის დარღვევამ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, მაგალითად, ჰემოფილიის დროს. იმ ადამიანებისათვის, რომელთა ორგანიზმშიც დარღვეულია თრომბების წარმოქმნის პროცესი, უმნიშვნელო ჭრილობაც კი შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს სისხლის დაკარგვის გამო. საშიშია საპირისპირო მდგომარეობაც, როდესაც ორგანიზმში იზრდება თრომბების წარმოქმნის პროცესი.

თრომბოემბოლია

თრომბის განვითარება-ჩამოყალიბების ლოგიკურ გაგრძელებად გვევლინება ხოლმე მისი მოწყვეტა სისხლძარღვის კედლიდან, რაც იწვევს თრომბოემბოლიას – სისხლძარღვის თრომბით დაცობას. თრომბის გადაადგილება გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სისხლის ნაკადით ხდება. ამისათვის ორი პირობაა აუცილებელი:

1) თრომბი არ უნდა იყოს მაობტურირებელი, ანუ თავისუფლად უნდა იყოს მოთავსებული სისხლძარღვის სანათურში. ჩვეულებრივ, ასეთი თრომბები წარმოიქმნება ქვედა კიდურების ვენებსა და გულის ღრუებში;

2) სისხლის ნაკადი საკმარისად აჩქარებული უნდა იყოს თრომბის მოსაწყვეტად.

მიგრირებადი თრომბების საშიშროება ისაა, რომ ისინი მნიშვნელოვან მანძილზე გადაადგილდებიან, ფრაგმენტირებას განიცდიან და ახშობენ სისხლძარღვებს.

თრომბის მოწყვეტის ყველაზე გავრცელებული მაგალითია ფილტვის არტერიის თორმბოემბოლია ქვედა კიდურების ვენებიდან. თითქოსდა არც ისე საშიში დაავადება – ვარიკოზული გაგანიერება და თრომბოფლებიტი – ზოგჯერ უეცარი სიკვდილის მიზეზი ხდება.

აუხსნელია ფაქტი, რატომ წყდება თრომბი სისხლძარღვის კედელს მაინცდამაინც იმ მომენტში, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელიან. ხშირად პაციენტი ოპერაციის შემდეგ უკეთესად გრძნობს თავს, სადაცაა უნდა გაეწეროს კიდეც კლინიკიდან, დგება, იწყებს ბარგის ჩალაგებას და უეცრად სულხუთვას გრძნობს, ცნობიერებას კარგავს. ასე ვითარდება, ჩვეულებრივ, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.

თრომებოემბოლიის შედეგად სისხლძარღვში სისხლის ნაკადი (მიმოქცევა) წყდება, რაც ხშირად იშემიურ ინფარქტს განაპირობებს.

თავის ტვინის სისხლძარღვთა თრომბოემბოლია იწვევს იშემიურ ინსულტს, ზურგის ტვინის სისხლძარღვთა დაცობა – მგრძნობელობის დარღვევას და პარეზს, ელენთისა და თირკმელების სისხლძარღვთა თრომბოემბოლია – ამ ორგანოების ინფარქტს, გულის მკვებავი არტერიების დაცობა – მიოკარდიუმის ინფარქტს, პერიფერიული არტერიების თრომბოემბოლია – შესაბამის ქსოვილთა იშემიას კიდურების განგრენის საფრთხით და ა. შ.

თრომბოემბოლია საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას!

გადაუდებელი დახმარების სახით პაციენტის ორგანიზმში შეჰყავთ ანტიკოაგულანტი.

პროფილაქტიკური საშუალებების სახით ანტიკოაგულანტები არასასურველია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამცირებენ ფილტვის ემბოლიისა და ღრმა ვენების თრომბოზის რისკს, მათი გამოყენებისას სისხლდენის რისკი იმატებს. თრომბების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტებს უნიშნავენ სტატინებს, ნიკოტინის მჟავას, აძლევენ დაბალქოლესტერინული დიეტის რეკომენდაციას.

თრომბების წარმოქმნის რისკის შესამცირებლად სპეციალისტები გვირჩევენ არ უგულებელვყოთ ფიზიკური აქტივობა – დღეში 30-წუთიანი კარდიოწვრთნა აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, ამაგრებს გულის კუნთს და ამცირებს სისხლის შედედებას. აუცილებელია ასევე ნაჯერი ცხიმების შეზღუდვა, ორსულობის, მშობიარობისა და ოპერაციების დროს რეკომენდებულია ანტიემბოლიური წინდებისა თუ წელწინდების გამოყენება.

თრომბების განვითარების პროფილაქტიკა გულისხმობს: ჯანსაღ კვებას, მოძრავ, ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას და სისხლის ნორმალური წებოვნების შენარჩუნებას.

ჯანსაღი კვება, თავის მხრივ, მიმართულია სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგებისკენ. ამისათვის აუცილებელია ცხოველური წარმოშობის ცხიმების შეზღუდვა და საკვებ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით ჩართვა, ასევე თევზისა და მწვანილის რეგულარულად ჭამა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს სისხლძარღვთა ელასტიკურობის შენარჩუნებას და ხელს უშლის თრომბების განვითარებას. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ამცირებს სისხლის წებოვნებას, ესენია ალუბალი, მწვანე ჩაი, ჭარხალი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა.