არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი
დაავადების მიზეზები
მიუხედავად იმისა, რომ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი კარგა ხანია მეცნიერთა ყურადღების საგანია, მისი მიზეზები ბოლომდე არ აუხსნიათ, თუმცა დადგენილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის აღმოცენებას.
მემკვიდრეობა
მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ დაავადების შემთხვევები ხშირია ერთსა და იმავე ოჯახებში, ასევე _ განსაზღვრული ეთნიკური წარმომავლობის პირებში. გარდა ამისა, გამოვლინდა გენეტიკური მარკერები, რომლებიც ხშირად არის ასოცირებული არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტთან.
გარემო ფაქტორები
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის აღმოცენებაში გარემო ფაქტორების როლის შესახებ მრავალი მეცნიერული ჰიპოთეზა არსებობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს კვების თავისებურებები. ერთ-ერთი თეორია ასეთია: ვინაიდან მსხვილი ნაწლავი მრავალი საკვები ნივთიერების ზემოქმედებას განიცდის, ადვილი შესაძლებელია, მათ ანთების პროვოცირება მოახდინონ, _ თუმცა აღნიშნული მოსაზრება მეცნიერულად ვერ დადასტურდა. ზოგიერთი მკვლევარი მიუთითებს ძუძუთი კვების დამცავ ეფექტზე. არსებობს მონაცემები ინფექციის როლზე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის განვითარებაში.
იმუნური სისტემა
არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს აუტოიმუნურ პათოლოგიათა რიცხვს მიაკუთვნებენ. მსგავსი დაავადებების დროს ირღვევა იმუნური სისტემის ფუნქცია, რის შედეგადაც ის თავისივე ორგანიზმის გარკვეულ ნაწილთან იწყებს ბრძოლას. ამ მოსაზრებას ადასტურებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს არა მარტო მსხვილი ნაწლავის, არამედ ორგანიზმის სხვა სისტემებისა და ორგანოების დაზიანებაც.
კლინიკური ნიშნები
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გავრცობილია მსხვილი ნაწლავის დაზიანება. ჩვეულებრივ, აღინიშნება ფაღარათი, რომლის დროსაც სისხლსა და ლორწოსთან შერეული თხიერი განავალი გამოიყოფა. სისხლმდინარე კერა ვლინდება რექტალური (სწორი ნაწლავიდან) გამოკვლევის დროსაც. დაავადებას, ჩვეულებრივ, თან სდევს მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობაც ზომიერი დისკომფორტიდან ძალიან ძლიერამდე მერყეობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მოიცავს მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა ნაწილს _ სწორი ნაწლავიდან განივ კოლინჯამდე. პროცესი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ სწორ ნაწლავზე (პროქტიტი). ამ შემთხვევაში შესაძლოა დაავადების ერთადერთი გამოვლინება სწორი ნაწლავიდან სისხლდენა იყოს. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სწორი ნაწლავის ტკივილი, დეფეკაციის ცრუ სურვილი. ზოგჯერ პროცესი მოიცავს სწორ ნაწლავსა და სიგმურ კოლინჯს (პროქტოსიგმოიდიტი), კოლინჯის მთელ მარცხენა ნახევარსა და მთელ მსხვილ ნაწლავს (პანკოლიტი). ბუნებრივია, რაც უფრო დიდ ფართობს მოიცავს პათოლოგიური ცვლილებები, მით უფრო მნიშვნე-ლოვანია კლინიკური სიმპტომატიკა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა დაავადების გავრცელებისა, მნიშვნელოვანია მისი მიმდინარეობის სიმძიმეც. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მსუბუქი ფორმისას კუჭის მოქმედება დღე-ღამეში ოთხჯერადზე ნაკლებია, განავალში სისხლის მინარევი შესაძლოა არც იყოს, ზოგადი ინტოქსიკაცია გამოხატული არ არის, ტემპერატურა ნორმა-ლურია, სისხლში ანთებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები არ ვლინდება (ედს ნორმალურია). გამოხატულია ზომიერი მუცლის ტკივილი ან კუნთების სპაზმი. აღინიშნება კუჭის მოქმედების ცრუ სურვილი (ცრუ ჭინთვები, ტენეზმები), რომლის შედეგადაც განავალი არ გამოიყოფა ან გამოიყოფა ძალიან მცირე ოდენობით. დაავადების ზომიერი სიმძიმისას კუჭის მოქმედების ანუ დეფეკაციის სიხშირე დღე-ღამეში 4-ს აღემატება, თუმცა ინტოქსიკაციის ნიშნები მინიმალურია, ცხელება 38-39°ჩ –ს აღწევს, ტკივილი ზომიერია, ვლინდება ანემია, თუმცა არცთუ ისე მკვეთრი. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მძიმე ფორმას ახასიათებს ხშირი (დღე-ღამეში 6-ზე მეტი) დეფეკაცია, ინტოქსიკაციის სიმპტომები _ ცხელება, ტაქიკარდია (გულის აჩქარება), ანემია და ედს-ის მატება. განსაკუთრებით მძიმედ მიმდი-ნარეობს დაავადების ელვისებური ფორმა, რომლის დროსაც კუჭის მოქმედებათა რიცხვი დღე-ღამეში 6-ს აღემატება. განავალი მუდმივად სისხლიანია. ვლინდება მკვეთრი ინტოქსიკაცია. მუცელი მტკივნეულია. ანემია მკვეთრია. ანთებითი პროცესი სცდება მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს და ვრცელდება ქვემდებარე შრეებზე, რაც არღვევს მსხვილი ნაწლავის კედლის ელასტიკურობას. მოსალოდნელია მისი მკვეთრი გაფართოებაც, რასაც მედიცინაში ნაწლავის ტოქსიკურ დილატაციას უწოდებენ. ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია შესაძლოა მისი პერფორაციის (კედლის გახვრეტის) მიზეზად იქცეს. სათანადო მკურნალობის გარეშე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ელვისებური ფორმა სიკვდილით სრულდება.
ზოგადი გამოვლინებები
სამწუხაროდ, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი მხოლოდ ნაწლავის დაავადება არ არის. ის სისტემური პათოლოგიაა, რომელმაც შესაძლოა ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილის დაზიანება გამოიწვიოს. ზოგჯერ ზოგადი გამოვლინება, მაგალითად, სახსრების ტკივილი, დაავადების პირველი ნიშანიც კია და უსწრებს ნაწლავებისმხრივ ჩივილებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში დაავადების დიაგნოსტიკა რთულდება. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ზოგად გამოვლინებათა შორის უნდა აღვნიშნოთ:
- აფთოზური წყლულები პირის ღრუში;
გამოვლინებები თვალების მხრივ:
- ირიტი ან უვეიტი (ფერადი გარსის ანთება);
- ეპისკლერიტი;
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება:
- სახსრების ანთება ანუ ართრიტი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ერთი დიდი ან რამდენიმე წვრილი (მტევნის ან ტერფის) სახსარი;
- ხერხემლის სვეტის ართრიტი ანუ მაანკილოზებელი სპონდილიტი;
- ხერხემლის სვეტის ქვედა ნაწილის და გავა-თეძოს ართრიტი;
გამოვლინებები კანის მხრივ:
- ერითემა (კანქვეშა ქსოვილის ანთება) ქვემო კიდურებზე;
- განგრენული პიოდერმია (კანის ჩირქოვანი მტკივნეული დაწყლულება);
არცთუ იშვიათია
- ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
- აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია;
- თითების დეფორმაცია;
- სანაღვლე გზების ანთება, მასკლეროზებელი ქოლანგიტი.
რას ეფუძნება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკა
როდესაც ექიმი არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის არსებობას ეჭვობს, ის პაციენტს განსაზღვრულ გამოკვლევებს უნიშნავს. უპირველეს ყოვლისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რათა დადგინდეს ანემიისა და ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობა. დაავადების დიაგნოსტიკისთვის უმნიშვნელოვანესია ენდოსკოპიური კვლევა, კერძოდ, კოლონოსკოპია, რომლის დროსაც სპეციალური ხელსაწყოს – კოლონოსკოპის მეშვეობით მთელი მსხვილი ნაწლავის ლორწოვანს ათვალიერებენ. ამ პროცედურის დროს შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ქსოვილის აღება მიკროსკოპიული გამო-კვლევისთვის ანუ ბიოფსიის ჩატარება. მიკროსკოპიული კვლევით მიღებული მონაცემები გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში. სადიაგნოზოდ გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კონტრასტული (ბარიუმის ფაფით) რენტგენოლოგიური გამოკვლევაც, თუმცა ის ისეთი ინფორმაციული არ არის, როგორიც კოლონოსკოპია.
იზრდება თუ არა მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს?
ამჟამად მიიჩნევა, რომ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი მაღალია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ამ პათოლოგიით მოავადე პაციენტთა 90%-ს მსხვილი ნაწლავის კიბო არ უვითარდება. რისკი იმატებს, როცა დაავადების ხანგრძლივობა 10 წელზე მეტია და დაზიანებულია მთელი მსხვილი ნაწლავი. ამ შემთხვევაში პაციენტმა ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს კოლონოსკოპია, რათა დროულად გამოვლინდეს სიმსივნის სიმპტომები.
მედიკამენტური მკურნალობა
მედიკამენტური მკურნალობის მიზანია ანთების ლიკვიდაცია, ვინაიდან დაავადების კლინიკური ნიშნების აღმოცენებას სწორედ ის განაპირობებს. წარმატებული მკურნალობით შესაძლებელია არა მარტო სიმპტომების ლიკვიდაცია, არამედ ხანგრძლივი რემისიის ანუ იმ მდგომარეობის მიღწევა, როდესაც დაავადების ნიშნები აღარ ვლინდება. ანთების ლიკვიდაციის მიზნით სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატებია რეკომენდებული. მათი ეფექტიანობა სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში განსხვავებულია. შესაბამისად, ექიმს განსაზღვრული დრო სჭირდება იმ საშუალების შესარჩევად, რომელიც კონკრეტული პაცი-ენტისთვის იქნება ეფექტური. გარდა ამისა, ექიმი ყოველთვის იღებს მხედველობაში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მკურნალობისათვის რეკომენდებული ზოგიერთი პრეპარატის გვერდით ეფექტს. მათი დანიშვნისას სარგებლობა, რომელიც მკურნალობას მოაქვს, უნდა აღემატებოდეს მკურნალობასთან დაკავშირებულ შესაძლო დისკომფორტს. ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მოიცავს სულფასა-ლაზინის პრეპარატებსა და კორტიკოსტეროიდებს. გარდა ამისა, გამოიყენება იმუნოსუპრესიული (იმუნური სისტემის დამთრგუნველი) საშუალებები, რომლებიც ასევე თრგუნავს ანთებით პროცესს. ზოგ შემთხვევაში საჭირო ხდება იმ პრეპარატების გამოყენებაც, რომლებიც უშუალოდ ანთებით პროცესზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ დაავადების ნიშნების ლიკვიდაციაში გვეხმარება. მათ სიმპტომურ საშუალებებს უწოდებენ. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს საფაღარათო ან შემკვრელი საშუალებები, ტკი-ვილგამაყუჩებლები, რკინის პრეპარატები. ამ ღონისძიებების უეფექტობისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა _ დაზიანებული ნაწლავის ამოკვეთა.
არატრადიციული საშუალებები
ზოგ შემთხვევაში ტრადიციული სამკურნალო საშუალებების უეფექტობის ან გვერდითი ეფექტების გამო არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით დაავადებულები ცდილობენ, შვება სხვა საშუალებების დახმარებით პოვონ. არსებობს მონაცემები ამ კუთხით სხვადასხვა ბიოაქტიური დანამატის (ბად), პრობიოტიკებისა (ბაქტერიული პრეპარატების) და თევზის ქონის ეფექტიანობის შესახებ, თუმცა ეს საშუალებები ოფიციალურად აღიარებული არ არის.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ჩვეულებრივ შემთხვევებში არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ზოგჯერ ის შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს. ამიტომ აუცილებელია, დროულად მივმართოთ ექიმს, თუ:
- კუჭის მოქმედება უჩვეულოდ გახშირდა;
- მას დაერთო მუცლის ტკივილი;
- განავალში სისხლის მინარევია;
- მიუხედავად დიეტისა, ფაღარათი არ წყდება;
- ამ ნიშნებს ერთვის ცხელება.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს
- ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის შეცვლა დაავადების სიმპტომების შემსუბუქებასა და გამწვავებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მართალია, ჯერ არ დაუმტკიცებიათ, რომ ამა თუ იმ საკვებს არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვა სიმპტომების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ:
- შეზღუდოთ რძისა და მისი პროდუქტების მიღება. ისინი ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას, ვინაიდან ამ დროს ხშირია რძის გადამამუშავებელი ფერმენტის _ ლაქტაზის დეფიციტი.
- შეარჩიოთ თქვენთვის უვნებელი ხილი და ბოსტნეული – მართალია, ისინი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტისას ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა დიარეა და მეტეორიზმი გააძლიეროს. მიიღეთ მხოლოდ ის ხილ-ბოსტნეული, რომელსაც კარგად იტანთ.
- გამორიცხეთ საკვები, რომლის მიღებაც დისკომფორტს გიქმნით. ეს შეიძლება იყოს ლობიო, ციტრუსები, ყავა, კოლა, ალკოჰოლი.
- საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. უმჯობესია, ეს იყოს წყალი. მინერალური წყალი მხოლოდ უგაზო შეგიძლიათ დალიოთ.
- რაკი იძულებული ხართ, შეზღუდოთ გარკვეული პროდუქტები, რეკომენდებულია, მიიღოთ პოლივიტამინებისა და მინერალების კომპლექსი.
არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის მიმდინარეობა გაცილებით მსუბუქი იქნება და დაავადება ნაკლებ პრობლემას შეგიქმნით, თუ თავს აარიდებთ სტრესს და რეგულარულად შეასრულებთ მსუბუქ ვარჯიშს. თუ არასპეციფიკური წლულოვანი კოლიტის დიაგნოზი დაგისვეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასოწარკვეთას უნდა მიეცეთ. თქვენ მარტო არ ხართ – მსოფლიოში უამრავ ადამიანს აქვს ეს პათოლოგია, მაგრამ მკურნალობისა და ექიმთა რეკომენდაციების შესრულების წყალობით მათი სიცოცხლე სრულფასოვანია.