ნაღვლის ბუშტი: მითები და რეალობა
პაციენტთა დიდმა ნაწილმა არ იცის, სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ დისკომფორტსა და რეალურ საფრთხეს შორის.
როგორ განვასხვავოთ მითები რეალობისგან, რა მეთოდებით ავირიდოთ თავიდან გართულებები და როდის დგება ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-გასტროენტეროლოგი და ნუტრიციოლოგი, ინგა გვარმიანი გვესაუბრება.
- ხშირად ადამიანები მუცლის ტკივილს, განსაკუთრებით მარჯვენა ფერდის ქვეშ, ნაღვლის ბუშტს მიაწერენ და პირიქით. როგორ განვასხვავოთ ისინი?
- მართლაც, ხშირად პაციენტები მარჯვენა მხარეს ნებისმიერ დისკომფორტს ნაღვლის ბუშტს აბრალებენ, თუმცა იქ სხვა ორგანოებიც მდებარეობს. შევეცდები, მკითხველს ავუხსნა ეს განსხვავება მარტივად:
ა) ტკივილის ხასიათი ნაღვლის ბუშტისთვის დამახასიათებელ ტკივილს (ე.წ. „ბილიარული კოლიკა“) აქვს თავისი სპეციფიკური "ხელწერა":
- ლოკალიზაცია: ტკივილი იწყება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, თუმცა მას აქვს თვისება, რომ გადაეცეს (ირადიაცია) მარჯვენა ბეჭში, მხარში ან ზურგში.
- ხასიათი: ეს არის შეტევითი, მწვავე, მჩხვლეტავი ან სიმძიმის შეგრძნება, რომელიც ხშირად ჭამიდან 30-60 წუთში იწყება.
- გამომწვევი: ძირითადად მწვავე, ცხიმიანი, შემწვარი საკვების ან დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება.
- თანმხლები სიმპტომები: ხშირად ახლავს პირში სიმწარის შეგრძნება (განსაკუთრებით დილით), გულისრევა და შებერილობა.
ბ) რაში შეიძლება აგვერიოს? არსებობს რამდენიმე "მოტყუებითი" მდგომარეობა:
- კუჭის პრობლემები (გასტრიტი/წყლული): ტკივილი უფრო მეტად მუცლის ზედა ნაწილში, შუაშია. ნაღვლის ბუშტისგან განსხვავებით, კუჭის ტკივილი ხშირად მშიერზე იწყება და ჭამის შემდეგ წყნარდება (თუმცა არა ყოველთვის).
- ნაწლავური პრობლემები (შებერილობა): თუ ტკივილი ხან მარჯვნივაა, ხან მარცხნივ და აირების გასვლის შემდეგ გვიმსუბუქდება, ეს უფრო ნაწლავების ბრალია.
- ხერხემლის პრობლემები: ზოგჯერ ნეკნთაშუა ნევრალგია ისე მწარედ ჩხვლეტს მარჯვენა მხარეს, რომ ადამიანს ნაღვლის შეტევა ჰგონია. განსხვავება ისაა, რომ ნევრალგიისას ტკივილი მწვავდება მოძრაობაზე, ღრმა ჩასუნთქვაზე ან სხეულის მობრუნებაზე.
- ღვიძლი: ადამიანს უშუალოდ ღვიძლი იშვიათად სტკივა (მას ტკივილის რეცეპტორები არ აქვს), ის უფრო სიმძიმის შეგრძნებას იწვევს, როცა ზომაში იმატებს და თავის გარსს ჭიმავს.
თუ ტკივილი ჭამასთან არის კავშირში, გადაეცემა ბეჭისკენ და თან ახლავს პირში სიმწარე – პირველ რიგში ნაღვლის ბუშტი და მისი სადინრები უნდა შევამოწმოთ. თუ ტკივილი მოძრაობაზე იცვლება – ხერხემალი. ხოლო თუ ლოკალიზაცია გაურკვეველია და აირებზეა დამოკიდებული – ნაწლავები. არ არის გამორიცხული არც გულის ან პანკრეასის მხრივ პრობლემები, თუმცა პანკრეასის ტკივილი ხშირად არის "სარტყლისებური" (მთელ წელზე გადადის), რაც მას ნაღვლის ბუშტის ტკივილისგან განასხვავებს. ერთი სიტყვით, ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ მუცლის ღრუს ექოსკოპიას შეუძლია.
- რა სიმპტომების დროს უნდა მივმართოთ ექიმს სასწრაფოდ?
- არის შემთხვევები, როცა ლოდინი და სახლში ყოფნა სახიფათოა. პირველი განგაშის ნიშანია ძალიან ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც რამდენიმე საათია არ წყდება და ტკივილგამაყუჩებელიც არ შველის.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანისა და თვალის სკლერების გაყვითლებას – ეს იმის ნიშანია, რომ ნაღველმა სწორად დენა შეწყვიტა და სისხლში გადავიდა. თუ ამ ყველაფერს თან ახლავს მაღალი სიცხე, შემცივნება, შარდის გამუქება ან განავლის გაუფერულება, ეს უკვე სერიოზული ანთების ნიშნებია.
ასეთ დროს ნუ ეცდებით ტკივილის გადაგორებას ან თვითმკურნალობას. გახსოვდეთ მარტივი წესი: თუ ტკივილს დაერთო სიყვითლე ან მაღალი სიცხე, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი სასწრაფო დახმარებას ითხოვს.
- მართალია, რომ თუ ადამიანი გაყვითლდა, პრობლემა აუცილებლად 10 დღეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ფატალური იქნება?
- ციფრი „10“ აქ პირობითია, თუმცა სიმართლის მარცვალი იმაშია, რომ სიყვითლე ნამდვილად გადაუდებელი მდგომარეობაა. როდესაც ნაღვლის სადინარი კენჭით იხშობა და ნაღველი ორგანიზმში გუბდება, ის იწყებს სისხლისა და ორგანოების „მოწამვლას“. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს პროცესი, მით მეტად ზიანდება ღვიძლი, თირკმელები და სისხლის მიმოქცევის სისტემა.
საშიშროება არა კონკრეტულად მეათე დღეს, არამედ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს. ამიტომ, „10 დღის ლოდინი“ კი არ არის საჭირო, არამედ სიყვითლის პირველივე ნიშნებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ქირურგს. რაც უფრო მალე აღდგება ნაღვლის დენა, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება ორგანიზმს.
- ხშირად, როდესაც მწვავე ტკივილი გვაწუხებს, პირველი რეაქცია ტკივილგამაყუჩებლის მიღებაა. შეიძლება თუ არა ნაღვლის ბუშტის შეტევის დროს მათი თვითნებურად გამოყენება?
- ეს საკმაოდ ფრთხილი თემაა. ნაღვლის ბუშტის შეტევისას ტკივილგამაყუჩებლების თვითნებურ მიღებას ერთი დიდი საფრთხე აქვს: მათ შეუძლიათ "შენიღბონ" რეალური სურათი. როდესაც ტკივილი ხელოვნურად ყუჩდება, პაციენტს ჰგონია, რომ საფრთხემ ჩაიარა, ამ დროს კი მუცლის ღრუში შეიძლება სერიოზული ანთებითი პროცესი ან გართულება პროგრესირებდეს.
თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ მედიკამენტის გარეშე გაძლება შეუძლებელია, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ სახლში მკურნალობის დრო დასრულდა. გახსოვდეთ, გაყუჩებული ტკივილი არ ნიშნავს განკურნებულ დაავადებას.
- ხალხში ძალიან პოპულარულია ისეთი წამლები, როგორიცაა ალოხოლი ან „ნო-შპა“, ასევე ნაღვლის ბუშტის ე.წ. გამორეცხვა (დიუბაჟი) სახლის პირობებში. რამდენად უსაფრთხოა მათი თვითნებური გამოყენება?
- აქ სიფრთხილეა საჭირო. „ნო-შპა“ სპაზმს ხსნის და ტკივილს აყუჩებს, თუმცა მისი ხშირი გამოყენება ექიმის გარეშე პრობლემას ვერ აგვარებს. რაც შეეხება ალოხოლს და სხვა ნაღვლმდენ საშუალებებს, მათი მიღება კატეგორიულად არ შეიძლება, თუ ადამიანმა არ იცის, აქვს თუ არა კენჭი. ნაღვლმდენი აიძულებს ბუშტს ძლიერად შეიკუმშოს და თუ შიგნით კენჭია, მან შეიძლება დაიძრას და სადინარი გაჭედოს.
იგივე და ბევრად მეტი საფრთხე ახლავს სახლის პირობებში გამორეცხვებს ანუ დიუბაჟს. როდესაც ადამიანი სხვადასხვა საშუალებით (ზეთით, მინერალური წყლით) ცდილობს ნაღვლის ბუშტის „გაწმენდას“, ეს ორგანიზმისთვის ნამდვილი შოკია. თუ ნაღვლის ბუშტში ქვიშა ან პატარა კენჭებია, ამ პროცედურამ შეიძლება ისინი პირდაპირ ვიწრო სადინარებში გადაისროლოს.
- კვებაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს. კვლავ აქტუალურია თუ არა მკაცრი დიეტა, როგორ მოქმედებს შიმშილი ნაღვლის ბუშტზე და მართალია თუ არა, რომ ყავა მისი მოკავშირეა?
- თანამედროვე მედიცინა ძველებურ, ზედმეტად მკაცრ დიეტებს ნელ-ნელა გვერდზე წევს. მთავარია ზომიერება – უნდა ვერიდოთ ძალიან ცხიმიან, შემწვარ და ტრანსცხიმებით მდიდარ საკვებს, თუმცა რაციონი მრავალფეროვანი უნდა დარჩეს.
ბევრს ჰგონია, რომ შიმშილი ნაღვლის ბუშტს ასვენებს, სინამდვილეში კი პირიქითაა. როცა დიდხანს არ ვჭამთ, ნაღვლის ბუშტი არ იკუმშება, მასში ნაღველი გუბდება, სქელდება და სწორედ ასე იწყება კენჭების წარმოქმნა. იგივე ხდება წონის სწრაფი კლების დროსაც. ამიტომ, ყველაზე კარგი გამოსავალი მცირე პორციებით, ხშირი კვებაა.
რაც შეეხება ყავას, ბევრი მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლე იქნება, რომ ის ნაღვლის ბუშტისთვის უფრო მეგობარია, ვიდრე მტერი. ნატურალური ყავა სტიმულირებას უკეთებს ნაღვლის დენას და ამცირებს კენჭების გაჩენის რისკს (საუბარია ნატურალურ ყავაზე და არა ხსნად, შაქრიან სასმელებზე).
- ხშირად ექოსკოპიაზე შემთხვევით პოულობენ ე.წ. "მუნჯ" ან "ჩუმ" კენჭებს, რომლებიც ადამიანს საერთოდ არ აწუხებს. აუცილებელია თუ არა ასეთ დროს ოპერაცია?
- სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. თუ კენჭი წყნარად არის და არაფერს აშავებს, ასეთ დროს ხშირად ვირჩევთ დაკვირვების ტაქტიკას – უბრალოდ ვიცით, რომ კენჭი არსებობს და პერიოდულად ექოსკოპიით ვამოწმებთ.
თუმცა, არის შემთხვევები, როცა „ჩუმი“ კენჭი შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. მაგალითად, ძალიან წვრილი კენჭები (ე.წ. ქვიშა) უფრო სახიფათოა, რადგან მათ ნაღვლის სადინარში გაჭედვა შეუძლიათ. ამიტომ, თუ კენჭი გაქვთ, მთავარია ზომიერი კვება და წელიწადში ერთხელ ექოსკოპიაზე მისვლა.
- შესაძლებელია თუ არა ნაღვლის ბუშტში კენჭების დაშლა წამლებით, ბალახებით ან ხალხური მეთოდებით, მაგალითად, ზეთით და ლიმონით?
- ეს ყველაზე დიდი და სახიფათო მითია. მედიცინაში მართლაც არსებობს გარკვეული პრეპარატები, რომლებსაც კენჭების დაშლა შეუძლიათ, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება – როცა კენჭები მხოლოდ ქოლესტერინისგან შედგება, პატარებია და ნაღვლის ბუშტიც იდეალურად მუშაობს.
რაც შეეხება ხალხურ მეთოდებს, მაგალითად ზეთისა და ლიმონის წვენის სმას – ეს პირდაპირი გზაა საოპერაციო მაგიდისკენ. მოკლედ რომ ვთქვათ: კენჭი "შაქარი" არ არის, რომ წყალში ჩაიდოს და დადნეს. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე.
- როდის ხდება ოპერაცია გარდაუვალი და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ნაღვლის ბუშტის გარეშე ცხოვრების?
- ოპერაცია გარდაუვალია მაშინ, როცა ნაღვლის ბუშტი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ორგანიზმისთვის „ნაღმად“ იქცევა. ეს ხდება ხშირი შეტევების, მწვავე ანთების, სადინარების დახშობის ან ნაღვლის ბუშტის კედლის სერიოზული დაზიანების დროს.
რაც შეეხება შიშს – ნაღვლის ბუშტის გარეშე ცხოვრება აბსოლუტურად სრულფასოვანია. ეს ორგანო მხოლოდ ნაღვლის „საწყობია“ და არა მისი მწარმოებელი. ოპერაციის შემდეგ ღვიძლი აგრძელებს ნაღვლის გამომუშავებას, რომელიც პირდაპირ ნაწლავში გადადის და მონაწილეობს მონელებაში. ორგანიზმი ამ ახალ რეჟიმს ძალიან სწრაფად, რამდენიმე კვირაში ეჩვევა.
- ზოგჯერ ხომ შეიძლება გაგრძელდეს ტკივილები ოპერაციის შემდეგაც, რატომ?
- ბევრს ჰგონია, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთისთანავე მუცლის ღრუში ყველა პრობლემა გაქრება, თუმცა ზოგჯერ ტკივილი მაინც რჩება. ამას სამედიცინო ენით „პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი“ ჰქვია, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს, რომ ორგანიზმს ახალ რეჟიმზე გადასასვლელად დრო სჭირდება. ამის მიზეზი ხშირად თავად ნაღვლის ბუშტი კი არა, მის მეზობლად მყოფი ორგანოებია (მაგალითად, გასტრიტი ან პანკრეასის პრობლემები).
უმეტეს შემთხვევაში ეს დროებითი დისკომფორტია. თუ პაციენტი ოპერაციის შემდეგ დაიცავს კვების რეჟიმს და ექიმის დანიშნულებას, ორგანიზმი მალევე ეჩვევა ნაღვლის პირდაპირ დენას და ტკივილებიც ქრება.
- არსებობს თუ არა ოქროს წესი ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
- თუ გვინდა, რომ ნაღვლის ბუშტმა დიდხანს და შეფერხებების გარეშე იმსახუროს, „ოქროს წესი“ სინამდვილეში ძალიან მარტივია და ის სამ მთავარ პრინციპზე დგას:
- არ დატოვოთ ნაღვლის ბუშტი „მშიერი“: გამოსავალია ხშირი და მცირე პორციებით კვება. ყოველი წახემსება არის სიგნალი ნაღვლის ბუშტისთვის, რომ ის შეიკუმშოს და დაიცალოს.
- დაიცავით ბალანსი ცხიმებში: ჯანსაღი მცენარეული ცხიმები (მაგალითად, ზეითუნის ზეთი) და თევზი ნაღვლის დენას ეხმარება. მძიმე, ცხოველური ცხიმები კი – კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს.
- წყალი და მოძრაობა: ნაღველი 90%-ზე მეტად წყლისგან შედგება. საკმარისი რაოდენობის წყლის სმა და ზომიერი ფიზიკური აქტივობა ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და ხელს უშლის სტაგნაციას.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობის ფორმულა ასეთია: ჭამეთ რეგულარულად, ერიდეთ უკიდურეს დიეტებს და სვით ბევრი წყალი.
- დიდი მადლობა ინტერვიუსთვის!