საახალწლო მსუნაგობა და თანმდევი პრობლემები
მათთან ამ პერიოდში ტრადიციულად გრძელი რიგები დგას, რაც დიდ სიამოვნებას ნამდვილად არ ანიჭებთ სპეციალისტებს. ისინი წინასაახალწლოდ ტელევიზიით, რადიოთი თუ ჟურნალ-გაზეთებით, მთელი მონდომებით ურჩევენ ადამიანებს, გაფრთხილდნენ და დაიცვან ზომიერება, თავიდან აიცილონ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული მოსალოდნელი პრობლემები და ამით ექიმებსაც მისცენ დასვენების საშუალება. თუმცა, ამ გონივრული რჩევების მოსმენა და დაჯერება რომ შეეძლოთ ადამიანებს, არა მხოლოდ გასტროენტეროლოგებს, სხვა სპეციალისტებსაც ნაკლები სამუშაო ექნებოდათ.
ნუ იფიქრებთ, რომ ამ კაბინეტებთან რიგში წყლულიანები, გასტრიტიანები ან ქოლეცისტიტიანები დგანან.
ისინი მოწესრიგებული ხალხია, მშვენივრად იციან, წესების დარღვევას რა შეიძლება მოჰყვეს და თავიანთი პირისთვის თუ არა, კუჭისთვის ლაგამის ამოდებასაც ჩინებულად ახერხებენ. პრობლემები უმეტესად მათ ექმნებათ, ვისთვისაც ნაღვლის ბუშტი და პანკრეასი მხოლოდ ანატომიური ტერმინებია. არც არის გასაკვირი: ორ-ორ წყება საშობაო-საახალწლო მოლხენას რომელი ჯანმრთელობა გაუძლებს?! ჩვენც ვცდილობთ, არ ვუღალატოთ ტრადიციებს, უამრავ სადღეგრძელოს ნაირ-ნაირ შემწვარ-მოხრაკულს ვაყოლებთ.
-
მაინც რას გვიქადის ახალი წელი და როგორ გავუძლოთ ამ მძიმე გამოცდას?
საახალწლო სუფრაზე არსებული ათასგვარი მადის აღმძვრელი კერძი, ალკოჰოლი, კუჭს აზარალებს! ის კი რეზინისა არ არის - სულ 1,5-2,5 ლიტრს იტევს.
კუჭის არეში სიმძიმის, ჭრის შეგრძნება მიუთითებს, რომ საწყალი გადატვირთული ორგანო სამუშაოს ვეღარ ერევა. ზედმეტი საკვები საყლაპავში თუ დაბრუნდა, ორგანიზმი ამას გულძმარვით განიშნებთ. თუმცა, პრობლემები აქ არ სრულდება - ორგანიზმში ხომ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ამიტომაც თუ კუჭი გადაიტვირთა, გაორმაგებული მუშაობა მოუწევს ღვიძლსაც, თორმეტგოჯა ნაწლავსაც და კუჭქვეშა ჯირკვალსაც.
ნაღვლის ბუშტის ყველაზე უწყინარ პრობლემას, რომელიც ამ დროს იჩენს თავს, სანაღვლე გზების მწვავე დისკინეზია ჰქვია და სადინართა კუნთების უეცარი შეკუმშვაა. მას იოლად იცნობთ შეტევითი ან ყრუ, შემაწუხებელი ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ტკივილს სპაზმოლიტიკი დაგიამებთ. არც ნაღველმდენი პრეპარატები ანდა სამკურნალო მცენარეთა ნაკრებები (სიმინდის მტვერი, ასკილი) იქნება ურიგო. თუ ტკივილი არ ყუჩდება, მარჯვენა ხელში, გულმკერდის მარჯვენა მხარეს ან კისერში გადაეცემა, პირში მწარე გემო იგრძენით და ყოველივე ამას გულისრევა და ღებინებაც დაერთო, დროა, სასწრაფო გამოიძახოთ - ალბათ, მწვავე ქოლეცისტიტმა შემოგიტიათ ან აქამდე ნაღვლის ბუშტში განაბული კენჭი სადღაც გაიჭედა და ქირურგის სკალპელს ელის.
ძლიერი ალკოჰოლური სასმელის, ცხიმიანი თუ ცხარე საკვების შეთავსება, მით უმეტეს - მთელი დღის ნაშიმშილევზე, შეიძლება კიდევ ერთი უსიამოვნების - მწვავე პანკრეატიტის (კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ანთების) მიზეზად იქცეს. ეს ორგანო საჭმლის მომნელებელი წვენის (საკმაოდ აგრესიული სითხის, რომელსაც ცილების დაშლაც შეუძლია, ცხიმებისაც და ნახშირწყლებისაც) გამომუშავებას განაგებს. თავად წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ეს მრისხანე ნარევი საკვების ნაცვლად ორგანიზმის ქსოვილებს დაერია. სწორედ ასეთი რამ ხდება ანთების დროს. მსხვერპლი ყველაზე ხშირად ან თვითონ ჯირკვალია, ან მუცლის ღრუ, თუმცა გამორიცხული არ არის, სითხე სისხლში მოხვდეს და იქიდან სხვა ორგანოებსაც დაერიოს. დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი ჭიპის ზემოთ, რომელიც უმეტესად სარტყლისებრია და ზოგჯერ ბეჭის არეშიც ვრცელდება. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობას შინ დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, საავადმყოფო დაგჭირდებათ.
მწვავე ანთება - თავისთავად, მაგრამ საახალწლო მსუნაგობამ შეიძლება მრავალი ისეთი ქრონიკული დაავადება გამოაღვიძოს, რომელთა არსებობაზე წარმოდგენაც არ გქონდათ.
-
როგორ მოვიქცეთ
რა თქმა უნდა, ყველაფერს ის აჯობებს, კეთილგონიერება და ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. დღესასწაული დღესასწაულად, მაგრამ, ჯანმრთელობა უფრო ძვირფასია. თუმცაღა ისიც გვესმის, რომ ძნელია, ათასგვარი საჭმლით დამშვენებულ სუფრასთან ცდუნებას გაუძლო. ამიტომაც რამდენიმე რჩევის გათვალისწინებაა საჭირო, რათა არც ლხინი ჩაიმწაროთ გადაჭარბებული შეზღუდვით და არც წრეგადასული ქეიფით განპირობებულმა უქეიფობამ გაგაწამოთ.
პირველ ყოვლისა, შეეცადეთ, ძველი წლის უკანასკნელ დღეს არ იშიმშილოთ. სადღესასწაულო გაწამაწიაში ხომ მადა ხშირად სადღაც ქრება და მხოლოდ ღამის თორმეტ საათზე გვახსენებს თავს მთელი სიმწვავით. დღისით როგორმე დრო გამონახეთ და წაიხემსეთ. უფრო წინდახედულებს შეგვიძლია ასეთი რეცეპტიც შევთავაზოთ: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ქატო, დაასხით მდუღარე და სუფრასთან დაჯდომამდე 1 საათით ადრე თბილი დალიეთ. ქატო გაფუვდება, კუჭს შეავსებს და თქვენც უფრო სწრაფად დანაყრდებით.
ცალკე რჩევა დიასახლისებს: თქვენ შეგიძლიათ სუსტი ნესბისყოფის მქონე ოჯახის წევრები თუ სტუმრები განსაცდელს გადაარჩინოთ. საკვები, ბუნებრივია, გემრიელი, მრავალფეროვანი და სასარგებლო უნდა იყოს, მაგრამ შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებკალორიული კერძები მოამზადოთ. ბატის, იხვის, ცხვრის, ღორის ხორცი ძნელი მოსანელებელია. სჯობს, უპირატესობა ხბოს, ქათამს, თევზს მიანიჭოთ. შემწვარ წიწილას და თევზს სუფრასთან მიტანამდე კანი გააცალეთ - სწორედ ის იწოვს ხარბად ცხიმს.
სუფრა ცარიელი რომ არ დარჩეს, შეავსეთ ბოსტნეულით, ხილით, მწვანილით. მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. ოლივიე, უმჯობესია, უმი ბოსტნეულისა და ხილის მსუბუქი სალათით შეცვალოთ, რომელსაც მაიონეზის ნაცვლად უცხიმო იოგურტით, ლიმონის ან ბროწეულის წვენით, ანდა ძალიან ცოტა მცენარეული ზეთით შეაზავებთ.
სასმელების სწორად შერჩევა ცალკე თემაა. აღარ გავიმეორებთ ათასჯერ ნათქვამს, რომ ხარისხიანი ქართული ღვინო მცირე რაოდენობით სასარგებლოც კია. შამპანური, უმჯობესია, ბრუტი შეიძინოთ - ის გაცილებით დაბალკალორიულია.
ერიდეთ სხვადასხვა სასმლის არევას. არც ლიმონათის დაყოლებას გირჩევთ - ის კუჭს მეტისმეტად აღიზიანებს და უფრო მალეც დაგათრობთ.
ქალების საყურადღებოდ: ნუ მოინდომებთ, კაცებს სუფრასთანაც აჯობოთ, ამას თვით ბუნება ეწინააღმდეგება. ჯერ ერთი, კუჭში ალკოჰოლის დამშლელი ცილა ქალებს ბევრად ნაკლები აქვთ, მათი ღვიძლი გაცილებით პატარაა და სპირტიან სასმელს უფრო ძნელად უმკლავდება.
გახსოვდეთ, დღესასწაული მთელი ღამე გრძელდება. ცდუნებას ნუ აჰყვებით და ყველა დელიკატესს ერთად ნუ გაუსინჯავთ გემოს. ჭამეთ მცირე ულუფებით, ასე ყველაფერს მოასწრებთ და არც ჯანმრთელობას დაიზიანებთ. ნურც ერთ ადგილზე გაჩერდებით უმოძრაოდ, ადექით, იცეკვეთ, ახალი წლის ჰაერი ჩაყლაპეთ.
ეკლესიურად მცხოვრებ მართლმადიდებლებს, ახალ წელს, როგორც იტყვიან, თავი ქუდში აქვთ, აი, საშობაო ტრაპეზზე კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დიეტოლოგები და გასტროენტეროლოგები გირჩევენ, დიდმარხვის დასრულების შემდეგ, ხსნილის პირველ დღეს, მხოლოდ რძის ნაწარმს გაუსინჯოთ გემო და რაციონი ნელ-ნელა გააფართოვოთ. თუმცა, ასეთი სიმკაცრეც ყოველთვის როდია საჭირო; თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის შესაძლებლობანი თქვენზე უკეთ არავინ იცის. მთავარია, ზომიერებამ არ გიღალატოთ.