გულძმარვა და რეფლუქსი: როდის იმართება მედიკამენტებით და როდის სჭირდება ოპერაცია
როგორიცაა, მაგალითად, რეფლუქსური დაავადება, დიაფრაგმის თიაქარი, წყლულოვანი დაავადება და სხვა, რომლებიც ზოგჯერ ქირურგიულ ჩარევასაც კი საჭიროებენ. თვითმკურნალობამ, განსაკუთრებით სოდით ან ომეპრაზოლის ხანგრძლივად მიღებამ, შესაძლოა მეტი ზიანი მოუტანოს პაციენტს, ვიდრე სარგებელი. ყველაზე უსაფრთხო გზა მაინც დროული დიაგნოსტიკა და ექიმის რეკომენდაციების დაცვაა.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება მედიცინის აკადემიური დოქტორი, ზოგადი და ბარიატრიული ქირურგიის სპეციალისტი, პროფესორი დავით აბულაძე.
- ბატონო დავით, გულძმარვა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. ადამიანები ხშირად ცდილობენ მას თვითნებურად, სახლის პირობებში გაუმკლავდნენ — სოდით, რძით ან შემთხვევითი პრეპარატებით. რამდენად უსაფრთხოა ასეთი მიდგომა?
- ეს მართლაც ხშირი პრაქტიკაა, თუმცა სამწუხაროდ, არცთუ უსაფრთხო. განსაკუთრებით საშიშია სოდის მიღება, რასაც ბევრი სწრაფად მოქმედ საშუალებად მიიჩნევს. სოდა (ნატრიუმის ბიკარბონატი) მართლაც დროებით ამცირებს მჟავიანობას, მაგრამ ამის შემდეგ კუჭი იწყებს მჟავის უკუ- გამოტყორცვნას — ანუ უფრო მეტი მჟავის გამომუშავებას. შედეგად, გულძმარვა მალევე ბრუნდება და ხშირად, უფრო მძაფრი ფორმით.
გარდა ამისა, სოდის ხშირი მიღება არღვევს მჟავა-ტუტოვან ბალანსს, იწვევს შეშუპებას, წნევის მატებას, გულისრევას და მეტაბოლურ ალკალოზს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა გულისა და თირკმლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სოდა მხოლოდ დროებით „ფარავს“ სიმპტომს, მაგრამ ვერ ამარცხებს მიზეზს.
ხშირი გულძმარვა აუცილებლად მოითხოვს ექიმის კონსულტაციას, რადგან ხშირად დაკავშირებულია რეფლუქსურ დაავადებასთან — მდგომარეობასთან, როცა კუჭის შიგთავსი საყლაპავში ბრუნდება და აზიანებს მის ლორწოვანს.
ერთჯერადი გულძმარვა შეიძლება იყოს მხოლოდ კვებითი ან სტრესით გამოწვეული, მაგრამ როცა სიმპტომი მეორდება — კვირაში რამდენჯერმე ან ყოველდღიურად, საჭიროა მკურნალობის დაწყება. ხშირი გულძმარვა უკავშირდება არა მხოლოდ რეფლუქსს, არამედ გასტრიტსაც და კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულსაც.
- რა იწვევს რეფლუქსს? მხოლოდ კვების რეჟიმი თუ სხვა ფაქტორებიც მონაწილეობს?
- მიზეზები მრავალფეროვანია. ძირითადად ეს არის საყლაპავის ქვედა სფინქტერის სისუსტე ან დიაფრაგმის თიაქარი, რომელიც საშუალებას აძლევს მჟავას ამოვიდეს ზემოთ. ამას ხელს უწყობს ჭარბი წონა, ხშირი გადაძღომა, ცხიმიანი ან მჟავე საკვები, ალკოჰოლი, კოფეინი, მოწევა და ზოგიერთ შემთხვევაში ორსულობაც.
რეფლუქსს ხელს უწყობს სტრესიც — იგი ცვლის ნერვულ რეგულაციას და ამცირებს სფინქტერის ტონუსს.
- მკურნალობა ყოველთვის მედიკამენტებიით ტარდება, თუ ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი?
- მკურნალობა ყოველთვის იწყება თერაპიული გზით — კვების და ჩვევების კორექციით, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით (ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი, ესომეპრაზოლი და სხვ.).
თუ პაციენტი ამ თერაპიაზე არ რეაგირებს, ან დადასტურდა დიაფრაგმის თიაქარი, რომელიც მექანიკურად უწყობს ხელს მჟავის საყლაპავში ამოსვლას, მაშინ განიხილება ქირურგიული ჩარევა — მაგალითად, ლაპაროსკოპიული ფუნდოპლიკაცია, რომელიც აღადგენს სფინქტერის ფუნქციას და მნიშვნელოვნად ამცირებს რეფლუქსს.
- მოსახლეობაში ომეპრაზოლი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული პრეპარატია. რა არის მისი ჩვენება და რა უნდა ვიცოდეთ შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ?
- ომეპრაზოლი მართლაც ეფექტური პრეპარატია, რომელიც ამცირებს კუჭის მჟავიანობას და იცავს ლორწოვანს. მისი ჩვენებაა რეფლუქსური დაავადება, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, გასტრიტი და სხვა მჟავასთან დაკავშირებული მდგომარეობები.
თუმცა პრეპარატი პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და განსაზღვრული ხნით, რადგან ხანგრძლივმა თვითნებურმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი:
- მაგნიუმის ნაკლებობა- იწვევს კუნთების სპაზმებს, ტკივილს, გულის არითმიას და ზოგად სისუსტეს;
- B12 ვიტამინის დეფიციტი — მეხსიერების დაქვეითებას, თავბრუსხვევას, ნერვულ გაღიზიანებას;
- კალციუმის დეფიციტი — ძვლების სისუსტეს, ოსტეოპოროზს, კბილების მტვრევას;
- რკინის დეფიციტი — ანემიას, სიფერმკრთალეს, ენერგიის დაქვეითებას.
ომეპრაზოლის მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადებაზე: ზოგჯერ 10 დღიანი მკურნალობის კურსია საკმარისი, ზოგჯრბ კი 2-3 თვით ინიშნება, მაგრამ მკაცრი სამედიცინო კონტროლით.
- როდის უნდა იფიქროს პაციენტმა, რომ გულძმარვა მხოლოდ სიმპტომი აღარ არის და შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს?
- თუ გულძმარვა ხდება მუდმივი, აღარ ემორჩილება პრეპარატებს ან პაციენტს აღენიშნება ყლაპვის გაძნელება, ტკივილი მკერდის არეში, სისხლიანი ღებინება, მუქი განავალი ან წონის კლება — ეს სერიოზული სიგნალებია. ასეთ დროს აუცილებელია ენდოსკოპიური გამოკვლევა და ქირურგის შეფასება.
თუ აღმოჩნდება დიაფრაგმის თიაქარი ან საყლაპავის ლორწოვანის დაზიანება, ოპერაცია ხშირად საუკეთესო გამოსავლად იქცევა. ყველაზე ხშირად იყენებენ ლაპაროსკოპიულ ფუნდოპლიკაციას — მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს, რომელსაც აქვს მცირე ჭრილობები, სისხლდენა მინიმალურია და პაციენტი მეორე დღესვე დგება ფეხზე.
- რეაბილიტაცია ხანგრძლივია?
- პაციენტი ჩვეულ ცხოვრების რიტმს, როგორც წესი, უბრუნდება 2–4 კვირაში, მაგრამ ზოგიერთი ფიზიკური აქტივობა (მძიმე ვარჯიში, მძიმე ტვირთის აწევა) მხოლოდ 6–8 კვირის შემდეგ შეიძლება.
მნიშვნელოვანია, რომ კვების რეჟიმი ოპერაციის შემდეგ ეტაპობრივად იცვლებოდეს: თავიდან — რბილი, მცირე ულუფები; შემდეგ — ნორმალური კვების მიღება ეტაპობრივად.
ოპერაციული ჩარევის შედეგად სიმპტომები (გულძმარვა, რეფლუქსი) უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება.
- ოპერაციული მკურნალობის შემდეგ კვლავ შეიძლება განვითარდეს რეფლუქსი?
- დიახ, ოპერაციის მიუხედავად, რეფლუქსი კვლავ შეიძლება განვითარდეს — თუმცა ბევრად უფრო მსუბუქი ფორმით, ვიდრე ოპერაციამდე. მიზეზი არის ის, რომ ოპერაცია აღადგენს სფინქტერის ფუნქციას, მაგრამ ზოგჯერ:
- სფინქტერის ძალა ბოლომდე ვერ აღდგება;
- კუჭის მოქმედებამ ან დიაფრაგმის პოზიციამ შეიძლება ისევ განიცადოს ცვლილება;
- პაციენტის ცხოვრების სტილს (ცხიმიანი, მჟავე საკვები, მოწევა, ჭარბი წონა) კვლავ შეუძლია რეფლუქსის განმეორება.
თუმცა მძიმე სიმპტომები ან გართულებები ძალიან იშვიათია. მაგრამ ოპერაციის შემდეგაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა და აუცილებლობის შემთხვევაში ექიმთან კონსულტაცია.
- თუ რეფლუქსით გამოწვეულ გულძმარვას კონსერვატიული მკურნალობა ვერ შველის და ექიმის შეფასებით საჭიროა ოპერაცია, რა გართულებები შეიძლება განვითარდეს, თუ პაციენტი მაინც არ გაითვალისწინებს ქირურგიულ ჩარევას?“
- თუ რეფლუქსით გამოწვეულ გულძმარვას კონსერვატიული მკურნალობა ვერ შველის და დგება ქირურგიული ჩარევის საჭიროება, მაგრამ პაციენტი მაინც არ თანხმდება ოპერაციაზე, შესაძლებელია შემდეგი გართულებები:
- ეზოფაგიტი – საყლაპავის ლორწოვანი გრძელვადიანად ექპოზიციაში რჩება მჟავასთან, რაც იწვევს ანთებას, ეროზიას და წყლულს.
- საყლაპავის სტრიქტურა – ლორწოვანის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავის შევიწროება, რაც ართულებს საკვების გატარებას.
- ბარეტის საყლაპავი – ლორწოვანი უჯრედების მეტაპლაზია, რომელიც ითვლება პრეცანკეროზულ მდგომარეობად; ამ მდგომარეობის არსებობა ზრდის საყლაპავის კიბოს (ადენოკარცინომის) განვითარებას.
- სისხლიანი ღებინება ან ანემია – ხანგრძლივი ლორწოვანი დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენითა და რკინის დეფიციტით.
- მუდმივი სიმპტომები – ხშირი გულძმარვა, ტკივილი, ძილის დარღვევა, ცხოვრების ხარისხის შემცირება.
მოკლედ, ოპერაციის გარეშე დარჩენა სიმპტომებს მხოლოდ დროებით ამსუბუქებს, ხოლო გართულებების, მათ შორის კიბოს განვითარების რისკი, მნიშვნელოვნად მაღალი რჩება. ამიტომ აუცილებელია პერიოდული ენდოსკოპიური კონტროლი და სტაბილური კონსერვატიული მკურნალობის განხორციელება.
- და ბოლოს — როგორ შეიძლება ადამიანმა თვითონ შეამციროს გულძმარვის სიხშირე მედიკამენტების გარეშე?
- ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა.
ჭამის შემდეგ არ უნდა დაწვეს მინიმუმ ორი საათის განმავლობაში, ჯობს მცირე ულუფებით იკვებოს, მოერიდოს გადაძღომას, მოწევას და ალკოჰოლს. სასურველია საწოლის თავის ოდნავ აწევა.
ყავა, შოკოლადი, ცხიმიანი, მჟავე და გაზიანი საკვები, ციტრუსები — უნდა შეზღუდოს ან საერთოდ მოარიდოს თავი.
ასევე აუცილებელია წონის კონტროლი — ჭარბი კილოგრამები პირდაპირ ზრდის მუცლის წნევას და ამით ამძაფრებს რეფლუქსს.
ამ მარტივი ჩვევების დაცვა ხშირად საკმარისია, რომ გულძმარვა მნიშვნელოვნად შემცირდეს და ზოგჯერ საერთოდაც გაქრეს მედიკამენტების გარეშე.
- ბატონო დავით, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.