რა უნდა ვიცოდეთ შებერილობის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე საკვებზე ზოგს მუცელი ებერება, ზოგს კი — არა?

ბევრი ჩვეულ მივლენად მიიჩნევს შებერილობას, არადა ხშირად ეს სიმპტომი საჭმლის მომნელებელი სისტემის მკურნალობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამ პრობლემებზე ვესაუბრეთ ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმ-გასტროენტეროლოგს და ნუტრიციოლოგს ინგა გვარმიანს.

- რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე საკვებზე ზოგს მუცელი ებერება, ზოგს კიარა?

- ეს მართლაც ასეა. შებერილობა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რამდენად ინდივიდუალურია ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა. ერთი და იგივე საკვები ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს — რასაც ერთი ადამიანი ადვილად ინელებს, მეორეს შეიძლება პრობლემად და დისკომფორტად ექცეს.

შებერილობა უბრალო „გაზების დაგროვება“ არ არის — ის უფრო რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ხანდახან მიზეზი ფერმენტებშია, ხანდახან — ნაწლავის ბაქტერიებში, ზოგჯერ კი ნერვულ მგრძნობელობაში.

ა. ფერმენტული დეფიციტი

ფერმენტული დეფიციტის დროს ორგანიზმს საჭმლის ბოლომდე დაშლა უჭირს. ზოგ ადამიანს აკლია ან სუსტად უმუშავებს ფერმენტები, რომლებიც რთული ნახშირწყლების დაშლას უზრუნველყოფს — მაგალითად, ლაქტოზის ან პარკოსნების შემთხვევაში. შედეგად დაუშლელი საკვები გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ბაქტერიები იწყებენ მის დუღილს, წარმოიქმნება გაზები და მუცელი იბერება. ამის კლასიკური მაგალითია ლაქტაზის დეფიციტი — იგივე ლაქტოზის აუტანლობა.

ბ. ნაწლავის მიკრობიომის განსხვავებული შემადგენლობა

ჩვენ ყველას განსხვავებული ბაქტერიული ეკოსისტემა გვაქვს. ზოგის ნაწლავში ჭარბობს ისეთი ბაქტერიები, რომლებიც საკვების მონელების პროცესში მეტ გაზს წარმოქმნიან (მაგალითად, მეთანოგენები). ამიტომ ერთსა და იმავე საკვებს ერთი ადამიანი მშვიდად ინელებს, მეორესთვის კი დისკომფორტი მოაქვს — ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, როგორ ბაქტერიებთან თანავცხოვრობთ.

გ. ნერვული მგრძნობელობა და მოტორიკა

ამ დრის პრობლემა არა იმდენად გაზში, არამედ მისადმი ორგანიზმის რეაქციაშია. ზოგჯერ გაზი არც ისე ბევრია, მაგრამ ნაწლავის ნერვული დაბოლოებები ზედმეტად მგრძნობიარეა. ამ დროს ჩვეულებრივი პროცესიც კი ტკივილის, სიმძიმის ან შებერილობის ძლიერი შეგრძნებით მიმდინარეობს.

ასეთი მექანიზმი განსაკუთრებით ახასიათებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, როცა ნაწლავი თითქოს ზედმეტად მგრძნობიარეა ჩვეულებრივი სტიმულების მიმართ.

- თუ შებერილობის მიზეზები სხვადასხვაა — ფერმენტებიდან მიკრობიომამდე და ნერვულ მგრძნობელობამდე — მკურნალობაც ინდივიდუალური იქნება, ხომ ასეა?

- დიახ, ზუსტად ასეა. დიაგნოზი აქ გადამწყვეტია.

ხშირად პაციენტები ცდილობენ მხოლოდ სიმპტომის — შებერილობის — მკურნალობას, ხოლო ძირითადი მიზეზი უყურადღებოდ რჩება. ეს არის ყველაზე ხშირი და სერიოზული შეცდომა. მკურნალობა ყოველთვის უნდა იყოს მიზეზზე მორგებული და შეიძლება სამ ძირითად მიმართულებად დაიყოს:

ა. ფერმენტული დეფიციტის დროს მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას: დგინდება შებერილობის გამომწვევი საკვები, ის მცირდება რაციონში ან ინიშნება ხელოვნური ფერმენტები — მაგალითად, ლაქტაზა. მთავარია, რომ ჩვენ მხოლოდ სიმპტომს კი არ ვთრგუნავთ, არამედ ვავსებთ ორგანიზმში არსებულ დეფიციტს.

ბ. მიკრობიომის დარღვევის (SIBO) დროს მკურნალობა გულისხმობს ნაწლავის ბაქტერიული ბალანსის აღდგენას: პირველ ეტაპზე გამოიყენება მიზანმიმართული ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდეგ — სწორად შერჩეული პრობიოტიკების კურსი. ეს ერთგვარი „მიკრობიომის რესტარტია“, რომლითაც ნაწლავი უბრუნდება ბუნებრივ წონასწორობას.

გ. ნეირო-მგრძნობელობის დროს (ანუ როცა პრობლემა არა ფერმენტებში, არამედ ნერვულ სისტემაში) ფერმენტები უძლურია. მკურნალობა აქ გულისხმობს ნერვული რეგულაციის აღდგენას — გამოიყენება ნეირომოდულატორები, მსუბუქი ანტისპაზმური საშუალებები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრესის კონტროლი. ნაწლავი რეაგირებს ემოციებზე, ამიტომ ფსიქო-ფიზიოლოგიური ბალანსი ხშირად წამლის ტოლფასია.

თვითმკურნალობის ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ადამიანი, რომელსაც შებერილობის შეგრძნება აქვს ნერვული მგრძნობელობის გამო, იწყებს ფერმენტების ან გაზის გამწოვი პრეპარატების მიღებას. შედეგად სიმპტომი დროებით ქრება, მაგრამ პრობლემა ისევ რჩება — რადგან ნერვული მექანიზმი არ არის მოგვარებული.

- არც თუ ისე იშვიათად, კარგად დანაყრების შემდეგ ადამიანები მეზიმ ფორტეს ან ფესტალს სვამენ, რათა მუცლის შებერილობა თავიდან აიცილონ. განა ერთი და იგივე წამალი ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის ფერმენტული დეფიციტის დროს?

-არა, ერთი და იგივე წამალი ყველა ტიპის ფერმენტულ დეფიციტზე ერთნაირად ეფექტურად არ მოქმედებს. თითოეულ ფერმენტულ დეფიციტს თავისი, კონკრეტული მკურნალობა სჭირდება. მაგალითად, ლაქტოზის დეფიციტი საჭიროებს ლაქტაზას შემცველ პრეპარატს, ხოლო თუ პრობლემა სხვა ნახშირწყლების, ცილების ან ცხიმების დაშლაშია, ინიშნება ფართო სპექტრის პანკრეასის ფერმენტების შემცველი პრეპარატები ან ხდება სწორი საკვების შერჩევა.

ზოგადი ფერმენტული პრეპარატი ვერ უმკლავდება კონკრეტულ დეფიციტს — მაგალითად, ლაქტაზას დეფიციტის დროს ის ვერ იქნება ეფექტური, ისევე როგორც ლაქტაზა ვერ მოაგვარებს სხვა ფერმენტების ნაკლებობას. მენზინ ფორტე ან ფესტალი მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში ამცირებს სიმპტომებს და ვერ ხსნის ყველა მიზეზს, რომელიც შებერილობას იწვევს.

- როგორ ხდება კონკრეტული ფერმენტული დეფიციტის დადგენა?

- პირველი ეტაპი ყოველთვის ანამნეზია — პაციენტის კვების თავისებურებებისა და ჩივილების ზუსტი აღწერა. ძალიან მნიშვნელოვანია პასუხი კითხვებზე: როდის იწყება შებერილობა? რძის მიღების შემდეგ? პარკოსნების შემდეგ?

ლაქტოზის დეფიციტის დროს ყველაზე ხშირად დიაგნოზი სუნთქვის ტესტით (წყალბადის ამოსუნთქვის ტესტი) ან სისხლის ანალიზით დგინდება.

პანკრეასის ფერმენტების დეფიციტის დროს გამოიყენება ფეკალური ელასტაზას ტესტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად საკმარისად გამოიმუშავებს პანკრეასი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს.

მკურნალობა ყოველთვის მიზეზის მიხედვით ხდება. ვერ მიიღებთ „ყველა ფერმენტს“ ბრმად — მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი რგოლია მოშლილი, რათა მკურნალობა იყოს ეფექტური.

- ფერმენტების შემთხვევაში ზუსტი დიაგნოზის გარეშე წამლის შერჩევა არ შეიძლება. პრობიოტიკების დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს?

- ზუსტად ასეა. პრობიოტიკი არ არის ერთი კონკრეტული წამალი — ეს მიკროორგანიზმების მთელი ოჯახია, სადაც თითოეული შტამი განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს (შტამი კონკრეტული ბაქტერიაა თავისი უნიკალური ფუნქციით).

ზოგი შტამი, მაგალითად, Lactobacillus-ის გარკვეული სახეობები, დაგვეხმარება გაზების შემცირებაში, ხოლო თუ პრობიოტიკი არასწორად შეირჩევა, შეიძლება პირიქით გაამძაფროს დუღილი და შებერილობა გამოიწვიოს — განსაკუთრებით SIBO-ს, ანუ წვრილი ნაწლავის ბაქტერიული სიჭარბის დროს.

- ანუ შტამიც მნიშვნელოვანია?

-დიახ. კლინიკურად დადასტურებული შტამი უნდა შევარჩიოთ კონკრეტული პრობლემისთვის. მაგალითად, ერთი შტამი დადასტურებულად ამცირებს მეტეორიზმს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, მეორე — აღადგენს მიკროფლორას ანტიბიოტიკების კურსის შემდეგ.

ბრმად პრობიოტიკის მიღება, ისევე როგორც სხვა წამლის, რეკომენდებული არ არის. ყოველთვის საჭიროა დიაგნოზი და მიზნობრივი შერჩევა.

- როგორ ხდება დღეს ნაწლავის მიკროფლორის ზუსტად დადგენა? არის თუ არა ფეკალური ანალიზი დისბიოზზე საკმარისი?

- ტრადიციული ფეკალური ანალიზი დისბიოზზე (კულტურული დათესვა), რომელიც ხშირად გამოიყენება, აჩვენებს მხოლოდ მიკრობების იმ ნაწილს, რომელიც განავლით გამოიყოფა და ლაბორატორიულ პირობებში იზრდება. ეს არ იძლევა ნაწლავის ეკოსისტემის სრულ სურათს, განსაკუთრებით იმ ბაქტერიების, რომლებიც ჟანგბადის გარეშე — ანუ ანაერობულ გარემოში — ცხოვრობენ.

მიკროფლორის ყველაზე ზუსტი და სრულყოფილი დადგენა ხდება გენეტიკური მეთოდებით (მაგ., 16S rRNA სექვენირება), რომელიც იძლევა ნაწლავში არსებული ბაქტერიული შტამების თითქმის სრულ ჩამონათვალს. ეს ძვირადღირებული კვლევაა, რომელიც ხშირად საზღვარგარეთ იგზავნება.

შებერილობის დროს მიკრობიომის პრობლემის დასადგენად ყველაზე პრაქტიკული და ეფექტური მეთოდია სუნთქვის ტესტი. ეს არ გვაძლევს ყველა ბაქტერიის ჩამონათვალს, მაგრამ გვიჩვენებს, გვაქვს თუ არა წვრილ ნაწლავში ბაქტერიული სიჭარბე (SIBO) და რამდენად აქტიურად წარმოიქმნება გაზი. ეს პირდაპირ კავშირშია შებერილობასთან და მისი მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს.

- როგორ ამოიცნობს ექიმი, რომ შებერილობის პრობლემა არა გაზების რაოდენობას, არამედ ნაწლავის ნერვულ მგრძნობელობას უკავშირდება?

- ექიმი ამას, პირველ რიგში, ანამნეზით და სიმპტომებით ადგენს — პაციენტს შეიძლება ძლიერი შებერილობა ჰქონდეს მაშინაც, როცა გაზების რაოდენობა ნორმალურია. ასევე ხშირად ქრება ან მცირდება კვებასთან დაკავშირებული სიმპტომები, მაგრამ დისკომფორტი რჩება.

შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ხდება ექოსკოპიური ან ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც ფიზიკურ პრობლემას გამორიცხავს (მაგ., მექანიკური დაბრკოლება, ქრონიკული ინფექცია, ფერმენტული დეფიციტი). თუ არცერთი ორგანული მიზეზი არ დადასტურდა, დაგროვილი მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ პრობლემა ნაწლავის ნერვულ მგრძნობელობას უკავშირდება — ანუ ნაწლავი “გადაჭარბებულად რეაგირებს” ჩვეულებრივ სტიმულებზე.

- რა უნდა გაითვალისწინოთ შებერილობის დროს?

- გაითვალისწინეთ, რა საკვები იწვევს შებერილობას, რა დროს და რა სიმპტომებთან ერთად ვლინდება. ეს ექიმს ძალიან დაეხმარება.

მნიშვნელოვანია მცირე ულუფებით, დღეში 3–4 ჯერ ნელი ტემპით კვება. ამ შემთხვევაში საკვები ნელ-ნელა ინელება, ფერმენტების დახმარებით კარგად იხსნება, ნაწლავი მშვიდად მუშაობს და შებერილობა ნაკლებად აღინიშნება.

რამდენიმე რჩევას მიგცემთ:

  • ნუ იჩქარებთ ჭამისას — ყოველი ლუკმა მინიმუმ 15–20-ჯერ დაღეჭეთ. ნელა ჭამა ამცირებს ჰაერის ჩაყლაპვას და აუმჯობესებს ფერმენტულ მონელებას.
  • წყალი დალიეთ ჭამამდე და არა ჭამის შემდეგ. სითხე ჯობს მიიღოთ ჭამამდე 20–30 წუთით ადრე, რათა არ გაათხელოს კუჭის წვენი და არ დააბრკოლოს მონელება.
  • შეამცირეთ პარკოსნები, გაზიანი სასმელები და ტკბილი ალკოჰოლი. ეს პროდუქტები ყველაზე ხშირად იწვევენ გაზების დუღილს ნაწლავში.
  • მნიშვნელოვანია სტრესის შემცირება, მეტი მოძრაობა. მსუბუქი ფიზიკური აქტივობა საჭმლის მონელებას აჩქარებს, ხოლო სტრესი პირიქით — ამუხრუჭებს და აძლიერებს შებერილობას.
  • ნუ იმკურნალებთ თვითნებურად. შებერილობა შეიძლება მხოლოდ გაზების პრობლემა არ იყოს — ზოგჯერ ის ფერმენტული დეფიციტის, მიკრობიომის დარღვევის ან ნერვული მგრძნობელობის ნიშანია.

- რომელი საკვები იწვევს ყველაზე ხშირად შებერილობას?

შებერილობის მთავარი “მტერუ”' არის საკვები, რომელიც ორგანიზმისთვის რთული მოსანელებელია ან შეიცავს ჭარბ ნახშირწყლებს (როგორიცაა პარკოსნები, ზოგიერთი ბოსტნეული). ეს საკვები, სანამ საბოლოოდ დაიშლება, ნაწლავში დიდხანს ჩერდება, სადაც მიკრობიომი მას აქტიურად ადუღებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება გაზები.

მათ შორის ყველაზე ხშირად იწვევს შებერილობას:

  • პარკოსნები – ლობიო, ხახვი, ბარდა, ჭვავის ნაწარმი;
  • ლაქტოზის შემცველი პროდუქტები – რძე, ხაჭო, ნაღები;
  • გაზიანი სასმელები;
  • სწრაფი ან ნახევარფაბრიკატი საკვები - ბურგერები, ფრანგული კარტოფილი, მზა სუპები;
  • თხილი და ზოგიერთი ხილი – მაგალითად, თხილი, ხილი, როგორიცაა ვაშლი და მსხალი (კალკოზა და ფრუქტოზა შეიძლება გაზების წარმოქმნას უწყობდეს).

- როგორ მოვიქცეთ, როცა მუცელი უკვე შეგვებერა?

- შებერილობა ბევრს აწუხებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მარტივი ნაბიჯებით შეგვიძლია სიმძიმის შეგრძნების შემსუბუქება.

  • წოლა და ჯდომა არ ივარგევს — წამოდექით და იმოძრავეთ. მსუბუქი გასეირნება ან მარტივი მოძრაობა აუმჯობესებს ნაწლავის მოქმედებას და ხელს უწყობს გაზების ბუნებრივ გამოყოფას.
  • დალიეთ თბილი წყალი ან პიტნის ან გვირილას ჩაი. ეს ამშვიდებს ნაწლავს და ამცირებს სპაზმს.
  • თავი აარიდეთ გაზიან სასმელებს, ტკბილ სასმელებსა და ჩიფსებს. ისინი კიდევ უფრო ზრდის შებერილობას.
  • დამშვიდდით და ღრმად ისუნთქეთ. სტრესისას მუცლის კუნთები იძაბება — ღრმა სუნთქვა ამშვიდებს და ამცირებს დისკომფორტს.
  • შეგიძლიათ მიიღოთ სიმეთიკონის შემცველი საშუალება, მაგალითად ესპუმიზანი ან ფერმენტული პრეპარატი, მაგალითად პანკრეატინი, მეზიმ-ფორტე, თუმცა მხოლოდ დროებითი შვებისთვის.
  • იმ დღეს მოერიდეთ მძიმე საკვებს. აირჩიეთ მსუბუქი მენიუ — თბილი სუპი, იოგურტი, ბრინჯი, მოხარშული ბოსტნეული და მცირე ულუფები.

თუ შებერილობა რეგულარულად მეორდება ან თან ახლავს ტკივილი, გულისრევა, ან სხვა ნიშნები — ეს უკვე სიგნალია, რომ მიმართოთ ექიმს.

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

სპეციალურად საიტისთვის