ნაწლავური ინფექციები - რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება
ზაფხულის სეზონზე უხშირესი ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციებია, თუმცა ვირუსული ინფექციებიც გვხვდება.
ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციების ძირითადი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, შიგელა, ასევე კამპილობაქტერია, ეშერიხია კოლი, რომლებიც იწვევენ ნაწლავთა აშლილობას და მიმდინარეობენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომებით, მაგალითად, დიარეული სინდრომით, ასევე თან შეიძლება ახლდეთ მძიმე გაუწყლოება, სისხლიანი განავალი და მაღალი ცხელება.
ძირითადად, ინფექციების გავრცელება ბავშვთა ასაკში და მოზრდილებში დაკავშირებულია კონტაქტების ზრდასთან, მაგალითად დასასვენებლად წასვლისას მეტად მჭიდრო კონტაქტები აქვთ. გარდა ამისა, დაინფიცირების გზები შეიძლება იყოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ძირითადად, რძის ნაწარმი, ცხოველური პროდუქტები, კვერცხი, ქათმის ხორცი, ძროხის ხორი. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური ნორმების დაცვას, მით უმეტეს, კურორტებზე ხანგრძლივი ყოფნისას.
ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გავრცელების გზა შეიძლება იყოს ჰაერწვეთოვანი, ორალურ-ფეკალური, საკვებისმიერი. ინფექციების განვითარებისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი არსებობს.
ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციის და ვირუსული ინფექციის გამოვლინება 24 საათის განმავლობაში შეიძლება ერთნაირი სიმპტომებით მოხდეს, თუმცა განსხვავება მაინც არსებობს. ნაწლავთა ვირუსული ინფექციებისას დიარეა იწყება გულისრევით, ღებინებით, მაღალი ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით. ბაქტერიული ინფექცია შეიძლება დაიწყოს მუცლის ტკივილით და მოგვიანებით ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს დიარეა.
ნაწლავთა ინფექციური დაავადებების ყველაზე ხშირი სიმპტომი ეს არის დეჰიდრატაცია, ანუ გაუწყლოება. როდესაც საერთოდ არ ხდება წყლის ან საკვების მიღება, ამ კონკრეტულ სიტუაციაში საყურადღებოა ზოგადი მდგომარეობა და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სტაციონარს. იქნება ეს ბავშვი, თუ მოზრდილის შემთხვევაში.
ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია, ვირუსული ინფექციებისგან განსხვავებით, უფრო მეტი ინტოქსიკაციით და ტოქსიკოზით ვლინდება და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება გახლავთ გაუწყლოება, ანუ დეჰიდრატაცია, რამაც შეიძლება ჰიპოვოლემიურ შოკამდე მიგვიყვანოს.
ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება განავალში სისხლის არსებობას და დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სტაციონარს. თუ არ ხართ სამედიცინო პუნქტთან ახლოს, როცა ძლიერად არის გამოხატული დიარეული სინდრომი, არის ზოგადი ინტოქსიკაცია, ცხელება, ბინის პირობებში პირველადად უნდა უზრუნველვყოთ ადეკვატური სითხის მიღება, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებისა და პათოლოგიური დანაკარგის შესაბამისად. ასევე უნდა მოხდეს ცხელების მართვა ანტიპირეტული საშუალებებით. შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
კვება უნდა იყოს ჯანსაღი. თუმცა, როდესაც ნაწლავთა აშლილობაა, ამ შემთხვევაში, შეიძლება, რომ რძის შემცველი პროდუქტები შეიზღუდოს, ვინაიდან, როდესაც ნაწლავის ანთებაა, არის ენტერიტი, შეიძლება იყოს ლაქტოზის აუტანლობა და ამან შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი. ეს შეზღუდვა დროებითია, როდესაც ნაწლავის ანთებითი პროცესი ლაგდება, პაციენტი ჩვეულებრივ წესს უბრუნდება.