ნაღველკენჭოვანი დაავადების ნიშნები - შეტევითი ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ბეჭს, მხარს, კისერს და თან ახლავს შემცივნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაღველკენჭოვანი დაავადების ნიშნები - შეტევითი ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც გადაეცემა მარჯვენა ბეჭს, მხარს, კისერს და თან ახლავს შემცივნება

- როგორ მჟღავნდება დაავადება?

- ნაღველკენჭოვანი დაავადების ტიპური სიმპტომია ღვიძლის კოლიკა - ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების მწვავე გაწელვით გამოწვეული მუცლის აუტანელი ტკივილი. ის ერთბაშად იწყება, აქვს შეტევითი ხასიათი, ლოკალიზებულია მარჯვენა ფერდქვეშ, გადაეცემა მარჯვენა ბეჭს, მხარს, კისერს, თან ახლავს შემცივნება, სხეულის ტემპერატურის 38-39 0ჩ-მდე მომატება, გრძელდება რამდენიმე წუთს ან საათს, იშვიათად - 1-2 დღესაც კი. მისი ინტენსივობა პერიოდულად იმატებს. თავს იჩენს უმეტესად საღამოობით, ვახშმიდან 3-4 საათის შემდეგ. მის აღმოცენებას ხელს უწყობს ცხიმიანი, ცხარე საკვები, სპირტიანი სასმელი, მძიმე ფიზიკური შრომა, ვიბრაცია, ძლიერი ემოცია. შეტევას ზოგჯერ წინ უძღვის გულისრევა, სიმძიმის შეგრძნება გულის კოვზთან, მარჯვენა ფერდქვეშ. თან ახლავს საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, წყურვილი, მწარე გემო პირში, გულძმარვა, ბოყინი, პირღებინება უპირატესად ნაღვლით, შეკრულობა, მეტეორიზმი, რაც საერთო მდგომარეობას ამძიმებს.

ზოგჯერ ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთვის ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა მხრივ - ბრადიკარდია, ექსტრასისტოლია. ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობის შემთხვევაში ვითარდება სიყვითლე, რომელიც თავს იჩენს სადინარის დახშობიდან 2-3 დღის შემდეგ. შეტევის მომენტში მარჯვენა ფერდქვეშ მუცლის პრესი მკვეთრად დაჭიმულია. განსაკუთრებით მტკივნეულია ნაღვლის ბუშტის მტკივნეული წერტილი. ტკივილის შესამსუბუქებლად ავადმყოფი ეძებს მოხერხებულ პოზას. ტკივილი ისევე ერთბაშად წყდება, როგორც დაიწყო. სისხლში შეინიშნება ბილირუბინისა და ქოლესტერინის მომატება.

განავალი აქოლიურია (თიხისფერი), შარდი - მუქი ლუდისფერი. სიყვითლის გაქრობა კენჭის თორმეტგოჯა ნაწლავში (ფატერის დვრილის გავლით) ან ნაღვლის სადინარის შედარებით გაფართოებულ ნაწილში გადასვლაზე მიუთითებს. ზოგჯერ ნაღველკენჭოვანი დაავადება ძალზე მცირერიცხოვანი სიმპტომით მიმდინარეობს, რომელთაგან მთავარი როლი ენიჭება დისპეფსიურ დარღვევებს: ზოგიერთი საკვების აუტანლობას, პირში მწარე გემოს (უმთავრესად - ჭამის შემდეგ ან უზმოზე), ამოქარვებას, გულძმარვას, გულის კოვზთან სიმძიმის შეგრძნებას, გულისრევას ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ, პირღებინებას, მეტეორიზმს. ზოგჯერ თავს იჩენს ნაწლავისმიერი სიმპტომებიც: უმიზეზო ფაღარათი ან მყარი შეკრულობა.

ხშირია წლობით არსებული უმიზეზო სუბფებრილიტეტი. ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობას ნაღვლის შეგუბება და ნაღვლის ბუშტის გადიდება მოჰყვება, თუმცა, ჩვეულებრივ, ხანგრძლივად მიმდინარე ნაღველკენჭოვანი დაავადება იწვევს ნაღვლის ბუშტის შეჭმუხვნას და დეფორმირებას (შეხორცებებისა და ნაწიბურების ხარჯზე), რაც ჭვლის შეტევისას ბუშტის გაწელვისა და, ამის კვალობაზე, გასინჯვის საშუალებას არ იძლევა.