თუ ნაღვლის ბუშტი ამოკვეთილი გაქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ნაღვლის ბუშტი ამოკვეთილი გაქვთ

თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ ქოლეცისტექტომიის შემდეგ ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში გარკვეული ძვრები ვითარდება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნაღვლის ბუშტის (რომელიც მანამდე რეზერვუარის ფუნქციას ასრულებდა) ამოკვეთის შემდეგ ირღვევა ნაღვლის ფიზიოლოგიური ცირკულაცია.

საზოგადოდ, ღვიძლის უჯრედებში ნაღველი განუწყვეტლივ წარმოიქმნება, მაგრამ თორმეტგოჯა ნაწლავში ის მხოლოდ საჭმლის მონელების პროცესში ჩადის ნაღვლის საერთო სადინარით. როდესაც საჭმლის მონელება მთავრდება, ნაღველი ნაღვლის ბუშტში გადადის. ნაღვლის გადასვლა თორმეტგოჯა ნაწლავში რეგულირდება ნაღვლის ბუშტის კუნთებითა და ნაღვლის საერთო სადინარის სფინქტერით (სფინქტერი დამხშველი რგოლისებრი კუნთია, რომელიც იკუმშება და ახშობს სადინარის გასასვლელს).

როდესაც საჭმლის მონელება არ წარმოებს, საერთო სადინარის სფინქტერი დახურულია და ნაღველი ჩადის ნაღვლის ბუშტში. საჭმლის მონელებისას კი ნაღვლის ბუშტი იკუმშება, ნაღვლის საერთო სადინარის სფინქტერი დუნდება და ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის. ნაღვლის ბუშტის კუნთებისა და სფინქტერის ასეთი შეთანხმებული მოქმედება შეპირობებულია რეფლექსური და ჰუმორული მექანიზმებით.

ბუნებრივია, ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ აღწერილი ფიზიოლოგიური პროცესები ირღვევა და საჭმლის მონელების მექანიზმიც ერთგვარ გადაწყობას განიცდის.

ექსპერიმენტული და კლინიკური დაკვირვებებით დადგენილია, რომ ნაღვლის ბუშტის ფუნქციური გამოვარდნა აისახება სანაღვლე გზების სფინქტერულ აპარატზე. ავტორთა ნაწილის აზრით, ქოლეცისტექტომიის შემდეგ თორმეტგოჯას დიდი დვრილის (ანუ იმ ადგილის, რომლის ცენტრშიც ნაღვლის საერთო სადინარი იხსნება) და შესაბამისად, სფინქტერის ტონუსი საგრძნობლად მატულობს (ანუ ის მეტად შეკუმშულია ხოლმე), რის გამოც ოპერაციის შემდეგ ნაღვლის საერთო სადინარი რამდენადმე ფართოვდება. სხვათა აზრით, აღნიშნული დვრილი, პირიქით, ვერ უძლებს ხანგრძლივად ღვიძლის სეკრეტორულ (გამომყოფ) ზეწოლას და ამის გამო ქოლეცისტექტომიის შემდეგ, როგორც წესი, მისი უკმარისობა ვითარდება.

ფაქტია, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ მის შეკუმშვასთან კოორდინირებულად შეთანხმებულ-შეწყობილი სფინქტერის ფუნქცია ირღვევა. სწორედ სფინქტერის ამ მოტორული დისფუნქციის გამო აღენიშნებათ პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში ქრონიკული აბდომინური (მუცლისმიერი) ტკივილები და დისპეფსიური (საკვების მონელებასთან დაკავშირებული) ჩივილები.

ამ და სხვა გართულებათა თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვების დიეტური რეჟიმის დაცვა. ეს არც ისე რთულია. მთავარია მონდომება და იმის გაცნობიერება, რომ ფუნქციაგადაწყობილ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ხელშეწყობა სჭირდება.

გახსოვდეთ, მხოლოდ სწორი კვებითა და სათანადო რეჟიმით არის შესაძლებელი საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვეული ფუნქციის აღდგენა პოსტოპერაციულ პერიოდში და შემდგომშიც ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება.

მთავარია, იკვებოთ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით (დღეში 5-6-ჯერ). თუ ამას დღის განმავლობაში მკაცრად ერთსა და იმავე საათებში შეძლებთ, ხელს შეუწყობთ ნაღვლის საუკეთესოდ დენას და აირიდებთ მის შეკავებას გამომტანი სადინარის ამა თუ იმ მონაკვეთზე. საკვების დიდი რაოდენობით მიღებითა და რაც მთავარია, არარეგულარულად კვებით ნაღვლის არასრულფასოვნად დენისა და საჭმლის მონელების დარღვევის მსხვერპლი გახდებით, შესაბამისად, ვერ გაექცევით ტკივილსა და სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებას. სადღეღამისო კვების რაციონის მთლიანი მასა 3,5 კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, დიეტის კალორიულობა კი - 3000 კკალ-ს.

იმასაც შეგახსენებთ, რომ დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ. საკვების მიღების შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოწვეთ. სასურველია რამდენიმე წუთი ფეხზე დგომა ან ნელი ნაბიჯით გავლა-გამოვლა, თუ, რა თქმა უნდა, სუფთა ჰაერზე გასეირნება ვერ ხერხდება.

რეკომენდებულია - გამომშრალი (მეორე დღის) ხორბლის პური, განსაკუთრებით კი - ჭვავის. ორცხობილა, ხილის კომპოტები, ბოსტნეულის წვნიანები, მოხარშული უცხიმო ხორცი, როგორც ფრინველის (ქათამი, ინდაური), ასევე საქონლის, თევზეული, უცხიმო ძეხვი და შაშხი, სხვადასხვა მარცვლეულის ფაფები, ძირითადად წყალზე მომზადებული, კვერცხი, არა უმეტეს ერთისა დღეში, თუ კარგად ინელებთ - ორიც, უმჯობესია თოხლოდ მოხარშული, ახალი არამჟავე ხაჭო, უცხიმო არაჟანი და ყველი, ასკილის ნახარში, ღია ფერის ჩაი, თაფლი, მურაბა, ჯემები, მარმელადი, ზოგადად შაქარი, თუ კარგად იტანთ. ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ მიირთვათ უმი და ორთქლზე მოხარშული. ცხიმი (მცენარეული თუ ცხოველური), უმჯობესია, მზა კერძს დაემატოს. მცენარეული ზეთი საერთო ცხიმების 30%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს.

იკრძალება - ახალგამომცხვარი პური, ფენოვანი და საფუარზე მოზელილი ცომეული, ღვეზლები, ტორტები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შებოლილი ცხიმიანი ძეხვეული, ღვიძლი, ტვინი, კონსერვები, შემწვარ-მოხრაკული კერძები, მარილიანი ცხიმიანი ყველი, ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი, ერბოკვერცხი, ღორისა და ცხვრის ხორცი, მარგარინი, მწნილები, ბოლოკი, თევზის, სოკოსა და ხორცის ნახარშები, მდოგვი, პირშუშხა, მწარე კერძები, შოკოლადი, ყავა, მით უფრო - შავი, ასევე შავი ჩაი, კაკაო, ცივი, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელები.

* * *

ყოველდღიური რაციონის შედგენისას გაითვალისწინეთ ამა თუ იმ საკვები პროდუქტისადმი პირადი, ინდივიდუალური აუტანლობაც. არსებული სიმპტომებისა და გამოხატული ჩივილების შესაბამისად, დიეტის დაცვის პარალელურად მიიღება სპაზმოლიზური საშუალებებიც, ფერმენტული პრეპარატები, პრობიოტიკები და სხვა. თითოეულის თვითნებურად შერჩევა და დალევა არარეკომენდებულია. საკონსულტაციოდ მიაკითხეთ ექიმს, რომელიც თქვენი ორგანიზმის მდგომარეობის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში თავად დაგინიშნავთ შესაბამის მედიკამენტს.