ტუბერკულოზის ჩხირი შარდსასქესო სისტემაში, ნაწლავებსა და თავის ტვინში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტუბერკულოზის ჩხირი შარდსასქესო სისტემაში, ნაწლავებსა და თავის ტვინში

შარდსასქესო გზების ტუბერკულოზი

თირკმლის ტუბერკულოზი თირკმლის პარენქიმის ინფექციური დაზიანებაა, რომელიც სპეციფიკური მიკროორგანიზმით, ტუბერკულოზის მიკობაქტერიით, არის გამოწვეული. თირკმელების დაზიანებას ტუბერკულოზის არაფილტვისმიერ ორგანულ ფორმებს შორის პირველი ადგილი უკავია და ტუბერკულოზით ფილტვების დაზიანების დროსაც შეინიშნება შემთხვევათა 30-40%-ში. ინფექციის ძირითადი წყარო ავადმყოფია, რომელიც გარემოში ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს გამოყოფს. მიკობაქტერიის თირკმელში მოხვედრის ძირითადი გზა ჰემატოგენურია (სისხლით). წესისამებრ, თირკმლის ინფიცირება ფილტვის კერის ჩამოყალიბების ეტაპზე ხდება, როდესაც გამომწვევს სათანადოდ ვერ უმკლავდება ადამიანის იმუნიტეტი, თუმცა ორგანიზმში მიკობაქტერიის ჰემატოგენური გავრცელება მოსალოდნელია აეროგენული ან ალიმენტური დასნებოვნების პირველსავე საათებშიც. თირკმელში ტუბერკულოზის გამომწვევის მოხვედრა მჭიდროდაა დაკავშირებული თირკმელში სისხლის მიმოქცევის თავისებურებებთან და შედეგად თირკმელში, კერძოდ, მის ქერქოვან შრეში წარმოიქმნება თირკმლის ტუბერკულოზის მრავალი პირველადი კერა. მამაკაცებთან საშარდე სისტემის ტუბერკულოზი ათიდან 5 შემთხვევაში სასქესო ორგანოებს: პროსტატას, სათესლეებს და მათ დანამატებსაც აზიანებს. ქალებთან სასქესო ორგანოების დაზიანება შედარებით იშვიათია - დაახლოებით 5-10%. მიკობაქტერიის ჰემატოგენურ გავრცელებას ორივე თირკმლის ინფიცირება მოსდევს, თუმცა შემდგომ პათოლოგიური პროცესის განვითარება მხოლოდ რომელიმე ერთ მხარეს ხდება. მარჯვენა და მარცხენა თირკმელების დაზიანების სტატისტიკა პრაქტიკულად ერთნაირია. თირკმელში პათოლოგიური პროცესის განვითარების რისკი უფრო მაღალია, როცა თირკმელი სხვა დაავადებით (ქრონიკული პიელონეფრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება და სხვა) არის დაზიანებული.

სიმპტომები

თირკმლის ტუბერკულოზის დროს სპეციფიკური სიმპტომები თითქმის არ შეინიშნება. პათოლოგიური პროცესის განვითარების საწყის სტადიაზე პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს სუბფებრილურ ტემპერატურას და მცირედ სისუსტეს, შემთხვევათა 30-40% კი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მდგომარეობის პროგრესირებისდაკვალად შესაძლოა თავი იჩინოს ტკივილმა წელის მიდამოში (დაზიანების მხარეს), მაკროჰემატურიამ (სისხლმა შარდში), დიზურიამ (შარდის გამოყოფის დარღვევამ) და სხვა. საწყის სტადიებზე წელის არეში ტკივილს პაციენტთა 7% უჩივის, გვიან სტადიებზე - 95%. ამ დროს ტკივილი ყრუა, თუმცა დესტრუქციული პროცესების ფონზე ის შესაძლოა თირკმლისმიერ ჭვალს დაემსგავსოს. დაავადების საწყის სტადიაზე არტერიული ჰიპერტენზია იშვიათად გვხვდება, ხოლო მიშვებული პროცესის დროს - დაახლოებით 20%-ში. შარდის ბუშტის დაზიანების შემთხვევაში ვითარდება დიზურიული მოვლენები (გახშირებული, მტკივნეული შარდვა). თირკმლის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა სხვადასხვა ლაბორატორიული მეთოდის მეშვეობით, გამოკვლევათა შედეგების შეჯერებით ხდება. გამოკვლევათა კომპლექსი საკმაოდ ვრცელია, დაწყებული შარდის საერთო ანალიზით და დამთავრებული კომპიუტერული დიაგნოსტიკით ან თირკმელების რადიონუკლიდური კვლევით. თირკმლის ტუბერკულოზის მკურნალობა ინდივიდუალური და კომპლექსურია და სპეციფიკურ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებათა ვრცელ არსენალს მოიცავს. დექსტრუქციული პროცესის დროს საქმეში შესაძლოა ქირურგიული მკურნალობაც ჩაერთოს. თირკმლის ამოკვეთის შემდეგ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა მაინც უნდა ჩატარდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეორე თირკმლის დაზიანება. პროგნოზი საიმედოა მხოლოდ მაშინ, თუ დაავადება დროულად გამოავლინეს და კონსერვატიული თერაპია წარმატებით მიმდინარეობს.


დისპანსერიზაცია

ტუბერკულოზის ნებისმიერი ფორმის მკურნალობა სპეციალიზებულ ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში ტარდება. ყველა პაციენტი, რომელსაც ტუბერკულოზის ფილტვისმიერი ფორმა აქვს გადატანილი, კლინიკური გამოჯანმრთელების მიუხედავად, დისპანსერულ აღრიცხვაზე უნდა იყოს და პერიოდულად იტარებდეს გამოკვლევებს.

ნაწლავთა ტუბერკულოზი

ნაწლავთა ტუბერკულოზი მეორეული პროცესია, რომელიც ფილტვების ტუბერკულოზის პროგრესირებისდაკვალად წარმოიშობა. იშვიათად დაზიანება შესაძლოა პირველადი, ალიმენტური დასნებოვნების შედეგი იყოს. კუჭს ტუბერკულოზისადმი მაღალი რეზისტენტობა ახასიათებს, ამიტომ ფილტვების ტუბერკულოზის დროს დიდი რაოდენობით ტუბერკულოზის გამომწვევების ყლაპვას იშვიათად მოსდევს კუჭისა და ნაწლავების მეორეული დაზიანება. ნაწლავის ტუბერკულოზის დროს უპირველესად ზიანდება ბადექონის ლიმფური კვანძები - ვითარდება ტუბერკულოზური მეზადენიტი. ნაწლავის დაზიანებულ მიდამოებში წარმოიშობა წყლულოვან-ინფილტრირებადი სიმსივნური წარმონაქმნები ან მრავალი წვრილი მოწითალო ფერის კვანძი (გრანულომა). ტუბერკულოზური გრანულომა შესაძლოა დაჩირქდეს და სისხლმდინარე წყლულად იქცეს. ნაწლავის პერფორაციის (გახვრეტის) შემთხვევაში ვითარდება შემოფარგლული ან გავრცობილი პერიტონიტი. პათოლოგიური პროცესი, წესისამებრ, ვითარდება წვრილი ნაწლავის ბოლოს, იქ, სადაც წვრილი ნაწლავი ბრმა ნაწლავში გადადის. იშვიათად წყლულოვან-დესტრუქციული დაზიანებები აღმავალ და განივ კოლინჯშიც გვხვდება. ძალიან იშვიათია სწორი ნაწლავისა და ანორექტალური მიდამოს ტუბერკულოზი. ნაწლავის ტუბერკულოზის დიაგნოზს სვამენ კომპლექსური კვლევის შედეგად, რომელიც მოიცავს გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოთა რენტგენოგრაფიას, ირიგოსკოპიას, სწორი ნაწლავის რენტგენოსკოპიას, კოლონოსკოპიას და ლაპაროსკოპიას ბიოფსიით, ტუბერკულინის სინჯს. ზოგ შემთხვევაში ტარდება სინჯი განავალში ფარულ სისხლდენაზეც.

პროგნოზი

ნაწლავის ტუბერკულოზის დროს პროგნოზი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაავადების დროულ დიაგნოსტირებასა და დროულად დაწყებულ მკურნალობაზე. მიშვებული შემთხვევების დროს პროგნოზი არაკეთილსაიმედოა შეწოვის დარღვევების მძიმე სინდრომისა და ნაწლავთა გაუვალობის ხშირი რეციდივის გამო. მსხვილი ნაწლავის დაზიანებისას პროგნოზი ნაკლებად პესიმისტურია, რადგან ამ დროს შესაძლებელია, დაზიანებული ნაწლავი ორგანიზმისთვის დიდი ზიანის მიუყენებლად ფართოდ ამოიკვეთოს.

ტუბერკულოზური მენინგიტი

ეს პათოლოგია უფრო ხშირად ბავშვებსა და მოზარდებთან გვხვდება. ისიც, წესისამებრ, მეორეულია და სხვა ორგანოს (ფილტვების, ბრონქული და მეზენტერიული ლიმფური კვანძების) ტუბერკულოზის გართულებას წარმოადგენს. ამ დროს სისხლის გზით გავრცელებული ინფექცია თავის ტვინის გარსებს აზიანებს. დაავადების დასაწყისი ქვემწვავეა. შეინიშნება სწრაფი დაღლა, სისუსტე, თავის ტკივილი, ანორექსია, ძილის დარღვევა, ხასიათის შეცვლა, განსაკუთრებით - ბავშვებში: ძილიანობა, გადაჭარბებული ჭირვეულობა, ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება და სხვა. სხეულის ტემპერატურა ოდნავ აღემატება 37 გრადუსს. თავის ტკივილის ფონზე არცთუ იშვიათია ღებინება. ეს მდგომარეობა 2-3 დღე გრძელდება, მერე კი თანდათანობით ვლინდება თავის ტვინის ფუნქციათა დარღვევის ნიშნები - კეფის კუნთების რიგიდულობა, კერნიგის სიმპტომი და სხვა. ზოგჯერ ავადმყოფი მხედველობის დაქვეითებასაც უჩივის. თუ დაავადება დროულად არ იქნა გამოვლენილი ან დიაგნოსტირებული, მოგვიანებით თავს იჩენს კიდევ უფრო მძიმე დარღვევები: აფაზია, კიდურების პარეზი და თავის ტვინის კეროვანი დაზიანების სხვა ნიშნები. საწყისიდან უფრო მწვავე ნიშნების გამოვლენამდე დაახლოებით 4-6 კვირა გაივლის; პათოლოგიის მწვავე დასაწყისი შედარებით იშვიათია (ჩვეულებრივ, ის შეინიშნება ადრეული ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან). დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა გვხვდება იმ პაციენტებთან, რომლებიც ადრე სპეციფიკური პრეპარატებით მკურნალობდნენ სხვა ორგანოთა ტუბერკულოზს. ტუბერკულოზური მენინგიტის დიაგნოზს ეპიდემიოლოგიური ანამნეზისა (ტუბერკულოზით დაავადებულთან კონტაქტი) და ნევროლოგიური სიმპტომების მიხედვით სვამენ. მანტუს რეაქცია ნაკლებინფორმაციულია. დიაგნოზის დასმისას გადამწყვეტია ლიქვორის გამოკვლევა. ტუბერკულოზური მენინგიტის მკურნალობისას სხვა პრეპარატებთან ერთად გამოიყენება ტუბსაწინააღდეგო საშუალებათა კომბინაციები. სტაციონარში მკურნალობა დაახლოებით 6 თვე გრძელდება. სპეციფიკურ პრეპარატებთან ერთად ინიშნება ზოგადმომამაგრებელი საშუალებები, გაძლიერებული სპეციფიკური კვება და შემდგომ - სპეციალიზებული სანატორიული მკურნალობა. მკურნალობის საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 12-18 თვეა. ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების არარსებობის დროს ტუბერკულოზური მენინგიტი სიკვდილით მთავრდებოდა დაავადებიდან მე-20-25-ე დღეს. სადღეისოდ დროული და ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე შესაძლებელია დაავადებულთა 90-95%-ის გაჯანსაღება. დაგვიანებული დიაგნოსტიკის შემთხვევაში (დაავადების დაწყებიდან 18-20 დღის შემდეგ) პროგნოზი ცუდია. ზოგჯერ ვითარდება რეციდივი და გართულებები ეპილეფსიური შეტევების, ჰიდროცეფალიისა და ნეიროენდოკრინული დარღვევების სახით.