ფილტვგარეთა ტუბერკულოზი
ძვლებს, თვალებს, კანს, შარდსასქესო სისტემას, ნაწლავებს და სხვა.
ფილტვგარეთა ფორმას ერთი თავისებურება ახასიათებს - გვიანი გამოვლინება (დაავადების დაწყებიდან 3 თვიდან 10 წლამდე პერიოდში), რაც განაპირობებს გართულებათა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს - 80%-ს.
ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ შემდეგ ფორმებს:
- ძვალსახსროვანს - ფილტვგარეთა ტუბერკულოზით მოავადეთა საერთო რაოდენობის 47%-ს შეადგენს. უპირატესად ხერხემლის ძვლების დაზიანებით მიმდინარეობს.
- შარდსასქესოს - 37% - ზიანდება თირკმელები, შარდგამომტანი გზები და სასქესო ორგანოები.
- თვალისას - 5,5%.
- ცენტრალური ნერვული სისტემისა და ტვინის გარსებისას - 4%. დამახასიათებელია თავისა და ზურგის ტვინის, თავის ტვინის მაგარი გარსის დაზიანება (ტუბერკულოზური მენინგიტი).
- ლიმფური კვანძებისას - 2,5%.
- საჭმლის მომნელებელი სისტემისას - 1,5%. ყველაზე ხშირად ზიანდება წვრილი ნაწლავის დისტალური ნაწილი და ბრმა ნაწლავი.
- კანისას - 1,5%.
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა ტუბერკულოზით დაზიანდეს პერიკარდიუმი, თირკმელზედა ჯირკვლები და სხვა. ფილტვგარეთა ფორმით ყველაზე ხშირად ავადობენ მოზრდილები - 79%, იშვიათად - ბავშვები (16%) და მოზარდები (5%).
დაავადების სტადიები
ფილტვგარეთა ტუბერკულოზის ყველა ფორმა 3 ეტაპად მიმდინარეობს.
I ეტაპზე ჩნდება ტუბერკულოზური ანთების პირველადი კერა უმცირესი ანატომიური ერთეულების სახით, რომლებიც თანდათან ვრცელდება.
II ეტაპზე პათოლოგიურ პროცესში ერთვება ირგვლივ მდებარე ქსოვილები და ორგანოები, რომლებიც ფუნქციურად დაკავშირებულნი არიან დაზიანებულ კერასთან.
III ეტაპზე ხდება ტუბერკულოზის მიერ ორგანოსა და სისტემის სრული დაზიანება გართულებათა განვითარებით.
ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი
ძვალ-სახსართა ტუბერკულოზი ნებისმიერ ასაკში ვითარდება და ჩონჩხის სხვადასხვა განყოფილებას აზიანებს: ზიანდება ხერხემალი, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრები. სახსართა დაზიანების სიხშირე შემდეგი თანმიმდევრობით ხდება: მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ტერფის, მტევნის, მხრის. ჩვეულებრივ, ახასიათებს რამდენიმე წვრილი სახსრისა და ერთეული მსხვილი სახსრების დაზიანება. დაავადება მას შემდეგ იწყება, რაც სისხლისა და ლიმფური ძარღვების მეშვეობით მიკობაქტერია ძვლოვან ქსოვილში მოხვდება და მის დაშლას დაიწყებს.
ამ პროცესის ხელშემწყობი ფაქტორებია ტრავმები და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ხშირი გადატვირთვა, გადაცივება, განმეორებითი ინფექცია, ცხოვრებისა და შრომის არახელსაყრელი პირობები.
დაავადება 3 ფაზად მიმდინარეობს:
- პირველი ფაზა პრესპონდილური, პრეართრიტულია. ამ დროს ძვლებსა და მალებზე ჩნდება პირველადი ტუბერკულოზური წანაზარდები - ოსტიტები.
- მეორე ფაზა სპონდილური, ართრიტულია. შეესაბამება პროგრესირებად სპონდილიტსა და ართრიტს. ამ ფაზაში პათოლოგიური პროცესი პროგრესირებს, აზიანებს სასახსრე ხრტილს. ტუბერკულოზური ოსტიტები იხსნებიან სახსარში და იწვევენ დაჩირქებული კერის - აბსცესის წარმოქმნას. მოგვიანებით ოსტიტები კანზე იხსნებიან ჩირქოვანი შიგთავსით, რომელიც ტუბერკულოზის მიკობაქტერიას შეიცავს.
- მესამე ფაზას პოსტსპონდილურს, პოსტართრიტულს უწოდებენ. ხრტილისა და სახსრის ზედაპირების დაზიანების შედეგად სახსარი დეფორმირდება და უმოძრაო ხდება. ხერხემლის მალების დაზიანება პროგრესირებს და პროცესი მეზობელ მალებზეც ვრცელდება, რაც იწვევს ხერხემლის სხვადასხა ტიპის დეფორმაციასა და გამრუდებას.
მალების პროგრესირებადი დაზიანებისას გარკვეულ ზეწოლას განიცდის ზურგის ტვინი და ვითარდება მისი კომპრესია, რომელიც შემდგომ უკვე ზურგის ტვინის დაზიანებისთვის დამახასიათებელი ნევროლოგიური სიმპტომებით ვლინდება. პაციენტებს ამ დროს აღენიშნებათ ტუბერკულოზური ინტოქსიკაციის სიმპტომები: ადვილად დაღლა, მოთენთილობა, გაძლიერებული ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონის კლება, პერიოდულად საღამოობით სხეულის ტემპერატურის მატება.
ძვალ-სახსროვანი ტუბერკულოზის ადრეული ნიშანი სახსარში მოძრაობის შეზღუდვა და ტკივილია. არცთუ იშვიათად ვითარდება დაზიანების ზონის ირგვლივ მდებარე კუნთების ატროფია და დაჭიმულობა. შედარებით გვიანი სიმპტომებია წანაზარდების განვითარება, რომლებიდანაც ხაჭოსმაგვარი ჩირქოვანი შიგთავსი გამოედინება.
დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, საკმაოდ დაგვიანებულია, რადგან პაციენტები ექიმს მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როცა სახსარში მოძრაობა საგრძნობლად შეეზღუდებათ. დიაგნოზი დასტურდება რენტგენოლოგიური კვლევითა და ტომოგრაფიით. ტარდება ჩირქოვანი შიგთავსის ბაქტერიოლოგიური კვლევა მასში მიკობაქტერიის აღმოსაჩენად. მკურნალობა კომპლექსურია.
მის ძირითად მეთოდად მიიჩნევა ოპერაციული მკურნალობა სპეციფიკურ ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, რომელიც ტარდება ოპერაციამდეც და მის შემდეგაც. ოპერაციული ჩარევის მოცულობა დამოკიდებულია ჩონჩხის დაზიანებული ნაწილის დესტრუქციაზე.
ადრეულ სტადიაში ხდება პირველადი ტუბერკულოზური ოსტიტების რადიკალური ამოკვეთა, რაც განკურნების საშუალებას იძლევა. მოგვიანებით ტარდება რთული ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს ძვლების სასახსრე ბოლოებიდან და მალის სხეულებიდან მასიური დეფექტების ლიკვიდაციას, ძვლების დაგრძელებას, ზურგის ტვინის დეკომპრესიას.
მკურნალობა შედარებით რთულდება იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი რაოდენობით მალაა დაზიანებული, ძვლის სასახსრე ბოლოები მთლიანად დაშლილია, ხერხემალი მნიშვნელოვანად არის დეფორმირებული, ზურგის ტვინი დაზიანებულია. მკურნალობის შედეგი მთლიანად დაავადების დროულ დიაგნოსტიკაზეა დამოკიდებული - ასეთ შემთხვევაში გამოჯანმრთელების ალბათობა საკმაოდ მაღალია - 90%-ს აღწევს.
შარდ-სასქესო სისტემის ტუბერკულოზი
ამ ტიპის ტუბერკულოზსაც ჰემატოგენური ბუნება აქვს, ანუ შარდ-გამომტან გზებსა და სასქესო ორგანოებში კოხის ჩხირები ტუბერკულოზით დაავადებული ფილტვებიდან ან სხვა ორგანოებიდან სისხლის ნაკადის მეშვეობით ხვდებიან.
დაავადების სიმპტომები მკვეთრად გამოხატული არ არის, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ისინი შარდ-სასქესო სისტემის სხვა დაავადებებთან გაიგივდეს. პაციენტებს დიდი ხნის განმავლობაში იკვლევენ უროლოგები, გინეკოლოგები და ნეფროლოგები, ვიდრე საბოლოოდ ეჭვს ტუბერკულოზზე არ მიიტანენ.
თირკმელების ტუბერკულოზი ვლინდება პიურიით (შარდში ჩირქი) და მიკროჰემატურიით (შარდში სისხლი). დასაწყისში ხშირად ბაქტერიოსკოპიით დაავადების გამომწვევის პოვნა ვერც კი ხერხდება. სწორედ ამის გამო ის თანდათან პროგრესირებს და ნელ-ნელა აზიანებს შარდის ბუშტს, საკვერცხეების დანამატებს, წინამდებარე ჯირკვალს. საბოლოოდ კი ვითარდება პიონეფროზი - თირკმლის ჩირქოვანი ანთება მისი ფუნქციური ნაწილის - პარენქიმის დაშლით.
პაციენტები უჩივიან სისუსტეს, თავისა და წელის ტკივილს. თავის ტკივილი მუდმივი არ არის. ის ზოგჯერ ინტენსიურია, თან ახლავს თავბრუხვევა და გულისრევის შეგრძნება. იმატებს ტემპერატურა. შესაძლოა განვითარდეს მაკროჰემატურიაც (შარდი ხორცის ნახარშის იერს იღებს მასში სისხლის არსებობის გამო), რაც ხშირად დაავადების პირველი ნიშანია. მოსალოდნელია შარდში ცილების არსებობაც.
ტიპურია სიფერმკრთალე, ქვედა კიდურების, წელისა და იშვიათად ზედა კიდურების შეშუპება. შესაძლოა წარმოიქმნას სითხე მუცლისა და პლევრის ღრუში. ისეც ხდება, რომ თირკმელების ტუბერკულოზის დროს ზიანდება გულის კუნთიც და გულის უკმარისობის გამო პროცესში ღვიძლიც ერთვება. თავდაპირველად გამოხატული შეშუპების ფონზე შარდის რაოდენობა მცირდება, მოგვიანებით კი იმატებს და ნორმასაც აჭარბებს.
თირკმლის ტუბერკულოზის გართულებაა მწვავე გლომელურონეფრიტი. მისი შეტევები იწყება უეცრად, პაციენტები სწრაფადვე კარგავენ გონებას და მთელი სხეულის მსხვილი კუნთების კრუნჩხვა ეწყებათ, რაც ზოგჯერ რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება.
დიაგნოზი ემყარება პირველადი ტუბერკულოზური კერის არსებობას და შარდში მიკობაქტერიის აღმოჩენას. დროულად დაწყებული მკურნალობა შედეგიანია, დაგვიანების შემთხვევაში ყველაზე ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
უწინ ტუბერკულოზური დაზიანებისას გაცილებით ხშირად ხდებოდა თირკმლის ამოკვეთა, დღეს ადეკვატური მკურნალობის პირობებში ამის აუცილებლობა სულ უფრო იკლებს.
მამაკაცის სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი - ვითარდება, როგორც თირკმელებისა და შარდგამომტანი გზების ტუბერკულოზის გართულება. პროცესი იწყება ტუბერკულოზური ეპიდიდიმიტით (სათესლეს დანამატის ანთება), მოგვიანებით კი გადადის სათესლე ჯირკვალზე, წინამდებარე ჯირკვალსა და თესლგამომტან სადინარზე. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც მწვავედ, ისე უსიმპტომოდ.
პაციენტებს აღენიშნებათ ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია დაზიანების ადგილას - სათესლის არეში ან მუცლის ქვედა ნაწილში, შესაძლოა ტკივილებს თან ახლდეს გაძნელებული და მტკივნეული შარდვა. თავს იჩენს ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომები: მოთენთილობა, ოფლიანობა, სუბფებრილური ტემპერატურა. დაავადება საბოლოოდ სასქესო ფუნქციის მოშლას იწვევს. უმეტესად რადიკალური ჩარევა, ქირურგიული მკურნალობა ხდება საჭირო.
ქალის სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი - ყველაზე ხშირად ვლინდება საშვილოსნოს მილების ტუბერკულოზით, პროგრესირების შემთხვევაში მოიცავს საშვილოსნოს დანამატებს, საშვილოსნოსა და გარეთა სასქესო ორგანოებს. ის ინიღბება ქალის სასქესო ორგანოთა სხვადასხვა ანთებით დაავადებად. პაციენტებს ერღვევათ მენსტრუალური ციკლი, ვითარდება უნაყოფობა. დამახასიათებელია ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილსა და წელის არეში, რომლებიც მენსტრუაციის დროს ძლიერდება. სასქესო ორგანოთა ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად იმ ქალბატონებს აღენიშნებათ, რომლებსაც სასქესო სფეროს ისეთი ანთებითი დაავადებები აქვთ, რომლებიც არ ექვემდებარება არასპეციფიკურ თერაპიას. ტარდება როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული მკურნალობა.
თვალის ტუბერკულოზი
ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. მიკობაქტერიას შეუძლია, დააზიანოს თვალის ნებისმიერი ნაწილი: რქოვანა, კონიუნქტივა, სისხლძარღვოვანი გარსი, თვალის ფსკერი, მხედველობის ნერვი და მინისებური სხეული. განირჩევა თვალის ალერგიულ-ტუბერკულოზური დაზიანება და თვალის მეტასტაზირებული ტუბერკულოზი, როდესაც დაზიანების კერა ლოკალიზებულია თვალის კაკლის სისხლძაღვოვან ქსელსა და თვალის ბადურაში.
თვალის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია, ხშირად დიაგნოზს გამორიცხვის მეთოდით ადგენენ. ნიშნები თითქმის არ განსხვავდება სარკოიდოზისგან ან სისტემური მიკოზისგან, მაგრამ რქოვანას ფლიქტენური ანთება მხოლოდ თვალის ტუბერკულოზისას ვითარდება. ამ დროს რქოვანას ზედა შრეებში ან თვალის კაკლის კონიუნქტივაში ტუბერკულოტოქსინისადმი ჰიპერმგრძნობელობის საპასუხოდ გროვდება ინფილტრატი - ფლიქტენა, რომელიც ძირითადად ლიმფოიდური უჯრედებისგან შედგება.
ტუბერკულოზი ამ შემთხვევაშიც მშვენივრად ინიღბება თვალის სხვა დაავადებებად. აღმოცენდება თვალის ტკივილი, რომელიც ვრცელდება თავის ნახევარზე, შუპდება წარბები და წითლდება კონიუნქტივა. რქოვანას და მინისებური სხულის დაზიანებისას შესაძლოა სისხლჩაქცევები და მხედველობის გაუარესება.
თვალის ტუბერკულოზი კარგად ემორჩილება ტუბსაწინააღმდეგო თერაპიას.
დაავადების დროული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ფთიზიოოკულისტთან ვიზიტი იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ხშირად უმეორდებათ მორეციდივე უვეიტი, კერატიტი (რქოვანას ანთება), ქორიორეტინიტი, აწუხებთ თავის ტკივილი, დადებითი აქვთ მანტუს სინჯი და უჩივიან მხედველობის გაუარესებას.
ცენტრალური ნერვული სისტემისა და ტვინის გარსების ტუბერკულოზი
ამ ტიპის ტუბერკულოზით ადამიანი მაშინ ავადდება, როდესაც მიკობაქტერია ტვინის სისხლძარღვებში ხვდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ქალასშიდა წნევის მომატება, ტვინის შეშუპეპა და ინფარქტი. ტვინის ტუბერკულოზისას ადამიანები გაღიზიანებულები, აპათიურები არიან, ადვილად იღლებიან და თავის ტკივილები ტანჯავთ.
ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი
ცნობილია მისი შემოსაზღვრული და გენერალიზებული ფორმები. ყველაზე მეტად ზიანდება ყბისქვეშა და კისრის ლიმფური კვანძები, შედარებით იშვიათად - იღლიისა და მუცლისა. ტუბერკულოზურად დაზიანებული ლიმფური კვანძები გამკვრივებული და უმტკივნეულოა, პროგრესირების კვალდაკვალ კიდევ უფრო მეტად მკვრივდება.
დიაგნოზი ისმება ლიმფური კვანძების ბიოფსიის შედეგად. აღებული მასალის შესწავლა ხდება როგორც ბაქტერიოლოგიურად, ისე ჰისტოლოგიურად. ამ ფორმის ტუბერკულოზი ტალღისებურად მიმდინარეობს. საჭიროებს საფუძვლიან მკურნალობას, ზოგჯერ - დაზიანებული კვანძის ამოკვეთას.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ტუბერკულოზი
კუჭი ტუბერკულოზური ინფექციისთვის ერთგვარი ბარიერია. ჩვეულებრივ, ვირულენტური გამომწვევების დიდი რაოდენობით ჩაყლაპვა არ იწვევს დაავადებას, მაგრამ ფილტვების დესტრუქციული ტუბერკულოზის დროს, ორგანიზმის გამოფიტვის პირობებში, ჩაყლაპული მიკობაქტერიები არღვევენ კუჭის ბარიერს და აღწევენ ბრმა ნაწლავამდე, სადაც ვითარდება ტუბერკულოზური ილეიტი დამახასიათებელი ქრონიკული დიარეითა და ტიპური წანაზარდების არსებობით, რომლებიც ნაწლავის ლორწოვან გარსზე ჩნება, თანდათანობით ერთიანდება და იზრდება, ახშობს ნაწლავის სანათურს და მის ქვედა შრეებში ჩაზრდას იწყებს. თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, შემდეგ კი იწყება დიარეა და მუცლის ტკივილი, გულძმარვა, ქვეითდება მადა, მუცლის შებერვა, წონის კლება, ბრმა ნაწლავი ისე მკვრივდება, რომ ხელითაც ისინჯება.
ასეთი პაციენტები, ჩვეულებრივ, გასტროენტეროლოგებთან ხვდებიან. დაგვიანებული მკურნალობის დროს ვითარდება ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობა, წყლულის პერფორაცია და პერიტონიტი. ტუბერკულოზი აზიანებს ღვიძლსაც.
კანის ტუბერკულოზი
კანის ტუბერკულოზი ყველაზე ხშირად ვითარდება ადამიანის მიკობაქტერიებთან პირველივე შეხვედრისას. დაავადება დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს კანზე ჩირქოვანი ჭრილობებითა და ლიმფური კვანძების მტკივნეული გადიდებით. ეს ტუბერკულოზის იშვიათი ფორმაა, რომელიც მოგვიანებით საკმაოდ მრავალფეროვნად ვლინდება: ეროზიებით, პუსტულებით, ზედაპირული წყლულებით, ნაწიბურებით, ტუბერკულიდებით - კანისა და ლორწოვანი გარსების პაპულოზური დაზიანებებით, რომლებიც ტუბერკულოზის გამომწვევისადმი ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს.
დიაგნოზი ისმება კანის ბიოფსიის საფუძველზე. დამახასიათებელია ტუბერკულინისადმი ჰიპერმგრძნობელობა. ზოგჯერ ვითარდება კვანძოვანი ერითემა - კანის ღრმა ანთებითი დაზიანება, რომელიც ან მწვავედ, ან ქრონიკულად მიმდინარეობს.