ფილტვის ტუბერკულოზი და მისი მკურნალობა

ხოლო დაგვიანებული და არასწორი მკურნალობისას მოსალოდნელია შრომის უნარის დაქვეითება, დაინვალიდება და სიკვდილიც კი. ფილტვის ტუბერკულოზის შესახებ გვესაუბრება ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ სალაყაია.
- ბატონო არჩილ, ადვილად ვრცელდება თუ არა ფილტვის ტუბერკულოზი?
- ტუბერკულოზი უმეტესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ტუბერკულოზით დაავადებული ყველა ადამიანი გადამდები არ არის. ინფექციის წყაროა მხოლოდ ბაცილაგამომყოფი პაციენტი, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერთან ერთად თვალით უხილავი, უმცირესი წვეთების სახით გამოყოფს ტუბერკულოზის მიკობაქტერიას. თუ ის ჯანმრთელმა ადამიანმა ჩაისუნთქა, შესაძლოა, დაინფიცირდეს. მიკობაქტერიით ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. საზოგადოდ, ტუბერკულოზი არ არის ისეთი მწვავე ინფექცია, როგორიც, მაგალითად, გრიპი, რომლით ინფიცირებისთვის ზოგჯერ ერთი კონტაქტიც კი საკმარისია. ინფიცირების რისკი მაღალია, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებულთან გვაქვს ხანგრძლივი კონტაქტი დახშულ, ცუდად ვენტილირებულ გარემოში და როდესაც არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები: არასასურველი ყოფითი პირობები, არასრულფასოვანი კვება, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების გამოყენება, თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ფილტვების ქრონიკული სნეულებები).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რითია საშიში ტუბერკულოზი?
- დაავადება ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, ზოგჯერ კი მის სიმპტომებს, უბრალოდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. საბოლოოდ პაციენტები დაგვიანებით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში კი მკურნალობა მოითხოვს მეტ დროს, ძალისხმევას და, რაც მთავარია, შესაძლოა, უშედეგოც კი აღმოჩნდეს. ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულმა ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა 10-15 ჯანმრთელი ადამიანი დააინფიციროს. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ავად-მყოფის ოჯახის წევრებსა და მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებს.
- რომელია ის ძირითადი სიმპტომი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ადამიანმა ტუბერკულოზი უნდა იეჭვოს და ფთიზიატრს მიმართოს?
- ფილტვის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- ხველა ნახველით;
- სხეულის ტემპერატურის მომატება, ოფლიანობა;
- წონის კლება;
- სისხლიანი ნახველი;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- უმადობა;
- საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა;
- ქოშინი.
- როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების მხრივ?
- XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ტუბერკულოზი მთელ მსოფლიოში გახშირდა. სხვადასხვა ქვეყანაში საამისოდ სხვადასხვა მიზეზი არსებობდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ეს უმთავრესად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ბრალი გახლდათ. ადეკვატური კონტროლის წყალობით ბოლო 5-6 წელია, ჩვენს ქვეყანაში ტუბერკულოზით ავადობა დასტაბილურდა, ხოლო უკანასკნელი 2 წლის მანძილზე კლების ტენდენციაც კი გახდა შესამჩნევი.
- სადიაგნოზოდ კვლევის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?
- ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის უმთავრესია კვლევის ლაბორატორიული მეთოდები, კერძოდ, ნახველის ბაქტერიოსკოპია და კულტურალური გამოკვლევა. დიაგნოზის დასასმელად ვიყენებთ გულმკერდის რენტგენოგრაფიასაც. ალბათ, გეცოდინებათ, მაგრამ მაინც გავუსვამ ხაზს: საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო სტანდარტით უფასოა.
- როგორია ამ დაავადების მკურნალობის პრინციპები?
- დავიწყებ იმით, რომ ტუბერკულოზის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. პაციენტმა ექიმის ყველა დანიშნულება და რჩევა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს. ხშირად მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩივილები ქრება, პაციენტი თავს ჯანმრთელად გრძნობს და დროზე ადრე წყვეტს მკურნალობას. ეს დიდი შეცდომაა: დაუსრულებელი მკურნალობის შემთხვევაში დიდია ალბათობა, ჩამოყალიბდეს ტუბერკულოზის რეზისტენტული (წამლებისადმი გამძლე) ფორმა და, რაც კიდევ უფრო საშიშია, ასეთმა ავადმყოფმა ირგვლივ მყოფებიც რეზისტენტული შტამით დაასნებოვნოს, ტუბერკულოზის ამ ფორმის მკურნალობა კი რთული, ძვირად ღირებული და ნაკლებად ეფექტურია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ფილტვის სნეულებებთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა ტუბერკულოზის სამკურნალოდ შეიმუშავეს DOTS-სტრატეგია - Directly Observed Treatment Short course ანუ მკურნალობის მოკლე კურსი უშუალო მეთვალყურეობით. ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს.
- პირველ ანუ ინტენსიურ ფაზაში მკურნალობა ინტენსიურად მიმდინარეობს. იგი გრძელდება 2-3 თვეს და შესაძლოა ჩატარდეს როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად.
- მეორე ანუ მკურნალობის გაგრძელების ფაზაში ავადმყოფი მაშინ გადაჰყავთ, როდესაც იგი წყვეტს ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოყოფას და ირგვლივ მყოფთათვის საშიში აღარ არის. ამ ფაზაში მკურნალობა მიმდინარეობს ამბულატორიულად, ექიმის მიერ შემსუბუქებული რეჟიმით და, სულ მცირე, 4 თვეს გრძელდება.
გაგრძელების ფაზაში სამკურნალო რეჟიმის განუხრელი დაცვა განკურნების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. სრული განკურნებისთვის აუცილებელია შესრულდეს ექიმის ყველა მითითება.
- რომელი წამლებით მკურნალობენ ტუბერკულოზს?
- პირველი რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებია იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ეტამბუტოლი და პირაზინამიდი. ზოგიერთი მათგანი გაიცემა კომბინირებული ფორმით (რამდენიმე მედიკამენტი ერთ ტაბლეტში). ზოგჯერ მკურნალობის სქემას ემატება სტრეპტომიცინიც. მკურნალობა აუცილებლად ფთიზიატრის მიერ უნდა დაინიშნოს. პაციენტის მდგომარეობისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ის წამლების ოპტიმალურ კომბინაციასა და დოზებს შეარჩევს. მედიკამენტებს პაციენტი სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობით იღებს.