არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი

დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 6% შაქრიანი დიაბეტით არის ავად. მათ უმეტესობას (80-90%-ს) მეორე ტიპის დიაბეტი აქვს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები შაქრიანი დიაბეტის განუყრელი თანამგზავრები არიან. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე დიაბეტიან ავადმყოფებს დიდი აქვთ ალბათობა, განუვითარდეთ კარდიოვასკულური გართულებები, ინსულტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, დიაბეტური ნეფროპათია.

  • ვაკონტროლოთ წნევა

წნევის ადეკვატური კონტროლი აუმჯობესებს კარდიოვასკულური გართულებების, განსაკუთრებით - ინსულტის პროგნოზს. დადგენილია, რომ სისტოლური წნევის ყოველი 10 მმ.ვწყ.სვ-ით დაწევა დიაბეტდამოკიდებული გართულებების რისკს 13%-ით ამცირებს, მიოკარდიუმის ინფარქტისას - 11%-ით, ხოლო თირკმელებისმხრივი, თვალებისმხრივი და სისხლძარღვოვანი გართულებების ალბათობას - 13%-ით.

თანამედროვე მონაცემების თანახმად, დიაბეტიან პაციენტებში არტერიული წნევა არ უნდა აღემატებოდეს 130/80 მმ.ვწყ.სვ-ს.

I ტიპის დიაბეტი

I ტიპის დიაბეტი ან, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ინსულინდამოკიდებული დიაბეტი ჩვეულებრივ, ბავშვობის ან მოზარდ ასაკში ვლინდება. ასეთი ავადმყოფების უმეტესობას 30 წლისთვის გულის იშემიური დაავადება უვითარდება, ხოლო 55 წლის ასაკისთვის მესამედზე მეტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით იღუპება.

II ტიპის დიაბეტი

II ტიპის დიაბეტის ფონზე, რომელიც ჩვეულებრივ, სიცოცხლის მეორე ნახევარში იჩენს თავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადობა და სიკვდილიანობა 3-ჯერ მაღალია, ვიდრე ამავე ასაკის არადიაბეტიან ავადმყოფებში.

  • პაციენტთა დაახლოებით 80% გულ-სისხლძარღვა სისტემის ამა თუ იმ პათოლოგიით იღუპება: 65% - გულის იშემიური დაავადებით, 15% - ინსულტით.

  • არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებს შორის მეორე ტიპის დიაბეტის გავრცელება 2-2,5-ჯერ მეტია, ვიდრე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პირებს შორის.

  • დიაბეტიან ავადმყოფებს არტერიული წნევა ხშირად უწევთ ღამით, ერღვევათ მისი დღეღამური რიტმი (ნორმაში ღამის არტერიული წნევა დღისაზე 10-20%-ით დაბალია). დღე-ღამის განმავლობაში არტერიული წნევის მკვეთრი ცვალებადობა, ასევე - ორთოსტატიკური ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილება გამოწვეულია არტერიული წნევის რეგულაციის დარღვევით და ნეიროპათიით.

  • მაღალი არტერიული წნევის მკურნალობას დიაბეტიან ავადმყოფებში რამდენიმე თავისებურება ახასიათებს.

  • არტერიული წნევის მკურნალობისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მედიკამენტების ზემოქმედება არა მარტო წნევაზე, არამედ გლიკემიურ და მეტაბოლურ ცვლაზეც. გასათვალისწინებელია ასევე პაციენტის ასაკი.

  • მეორე ტიპის დიაბეტიანებისთვის აუცილებელია ყურადღების გამახვილება კვებაზე, ენერგიის დანახარჯსა და მედიკამენტურ მკურნალობაზე.

  • დიდი ყურადღება ექცევა აგრეთვე დიეტთერაპიასა და ფიზიკურ ვარჯიშებს.

თერაპიის ეფექტი იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად არის ჩართული მკურნალობაში თვით პაციენტი.

  • როგორ ავიცილოთ თავიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

იმ ფაქტორთა რიცხვს, რომლებიც დიაბეტიანებში ხელს უწყობს გართულებების განვითარებას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ეკუთვნის სისხლში ნახშირწყლოვანი, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და არტერიული ჰიპერტენზია. მათი ადეკვატური მკურნალობა საგრძნობლად აუმჯობესებს პროგნოზს.

  • როგორ მოქმედებს წნევის დამწევი პრეპარატები გლუკოზის ცვლაზე

წნევის დამწევი პრეპარატები გლუკოზის ცვლასა და ქსოვილთა მიერ მის მოხმარებაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს.

დადგენილია, რომ როგორც I, ასევე II ტიპის დიაბეტის დროს ეფექტიანია შემდეგი ჯგუფის მედიკამენტები: თიაზიდური ტიპის შარდმდენები, ბეტა-ბლოკერები, კალციუმის ანტაგონისტები, აგფ-ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის ბლოკერები.

ასეთ პაციენტებში სასურველი წნევის მისაღწევად, როგორც წესი, საჭიროა ორი ან მეტი მედიკამენტის კომბინაცია.

  • ბ-ადრენობლოკატორები (ანაპრილინი, ატენოლოლი, მეტოპროლოლი, ბისოპროლოლი, ტალინოლოლი) არღვევენ გლუკოზისადმი ტოლერანტობას: ისინი ნიღბავენ შაქრის დონის დაწევის სიმპტომებს: კანკალს, გულისცემის გახშირებას, - მაგრამ არ მოქმედებენ ოფლიანობაზე. თუმცა, თანამედროვე მონაცემებით, ეს პრობლემები ადვილად კორეგირდება და ბეტა-ბლოკერების დანიშვნის აბსოლუტური უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბეტა-ბლოკერებიდან უპირატესობა ენიჭება კარდიოსელექციურ ბლოკერებს (ატენოლოლს, მეტო-პროლილს, ტალინოლოლს). ბ-ადრენობლოკატორები შედარებით ეფექტურია 55 წლამდე ასაკის პირებში გულის იშემიური დაავადების, ტაქიარითმიის, გულის უკმარისობის თანაობისას. ისეთი ბეტა-ბლოკერები, რომლებსაც აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება (კარვე-დილოლი, ნებივოლოლი), ინსულინისადმი მგრძნობელობაზე არ მოქმედებს, შესაძლოა, ინსულინრეზისტენტობა შეამციროს კიდეც.

  • შარდმდენებიდან დიაბეტიანებისთვის რეკომენდებულია მარყუჟის დიურეტიკების (ფუროსემიდის, ბეფენოქსის, ურეგიტის) გამოყენება. თიაზიდური დიურეტიკები (დიჰიდრო-ქლოთიაზიდი, ჰიპოთიაზიდი) და ალდოსტერონის ბლოკატორები (ვეროშპირონი) ნეგატიურად მოქმედებს გლუკოზისადმი ტოლერანტობაზე. ინდაპამიდი, სხვა თიაზიდური პრეპარატებისგან განსხვავებით, გავლენას არ ახდენს ნახშირწყლებისა და ლიპიდების ცვლაზე, ამიტომ შესაძლებელია გამოვიყენოთ შაქრიანი დიაბეტის დროს დაავადების დამძიმების რისკის გარეშე. უნდა გავითვალი-სწინოთ ისიც, რომ ინდაპამიდის შარდმდენი მოქმედება უმნიშვნელოა, არტერიული წნევის დაწევა უმთავრესად სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე მიიღწევა. დიურეტიკების გამოყენება დასაშვებია, როდესაც აღინიშნება სითხის შეკავების სიმპტომები, გულის ან თირკმელების უკმარისობა. ისინი ხანშიშესულებში უფრო ეფექტურია, ვიდრე ახალგაზრდებში. დიაბეტოგენური მოქმედების გათვალისწინებით, მათი დანიშვნა სასურველია მცირე დოზებით. მართალია, შარდმდენები ჰიპერგლიკემიას აუარესებს, მაგრამ დადგენილია, რომ ეს ეფექტი სუსტია და არც იმაზე მეტ კარდიოვასკულურ გართულებას იწვევს, ვიდრე სხვა კლასის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები.

  • კალციუმის ანტაგონისტები (ნიფედიპინი, დილთიაზემი) ფართოდ გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ დიაბეტის ფონზე, რადგან უმნიშვნელოდ მოქმედებს გლუკოზის ცვლაზე, გარდა ამისა, აქვს ნეფრო-პროტექტორული მოქმედება და უნარი შესწევს, შეამციროს შარდში ცილის ოდენობა. დიაბეტიანებში ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ფართოდ გამოიყენება გახანგრძლივებული მოქმედების კალციუმის ანტაგონისტები (ამლოდიპინი, ლაციდიპინი), მაგრამ ნეფროპათიის დროს ამ პრეპარატების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც ორგანიზმი არ კარგავს დიდი ოდენობის ცილას.

  • აგფ-ინჰიბიტორები (კაპტოპრილი, ენალაპრილი, ლიზინოპრილი, პერინდოპრილი, რამიპრილი და ა.შ.) ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ჯგუფია დიაბეტიან ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მათ უნარი შესწევთ, გავლენა არ მოახდინონ ანდა გააუმჯობესონ ქსოვილების მგრძნობელობა ინსულინისადმი. გარდა ამისა, აქვთ ნეფროპროტექტორული მოქმედება, ანელებენ დიაბეტური ნეფროპათიის განვითარებას, აუმჯობესებენ შაქრიანი დიაბეტის პროგნოზს როგორც I, ასევე II ტიპის შემთხვევაში, ამცირებენ გულის უკმარისობის განვითარების ალბათობას.

  • ანგიოტეზინის ბლოკატორები ამცირებენ ინსულინრეზისტენტობას, აუმჯობესებენ ქსოვილების მიერ გლუკოზის მოხმარებას და ლიპიდურ ცვლას. მათი გამოყენება სასურველია ბეტა-ადრენობლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინირებულად. განსაკუთრებით შედეგიანია პროსტატის ადენომისა და ჰიპერტენზიის დროს, ვინაიდან ამცირებს შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციას.

იმ დიაბეტიანებში, რომელთაც გართულების მაღალი რისკი აქვთ, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისას პრიორიტეტულია არტერიული წნევის დაქვეითება, ამასთანავე, გამოყენებულ უნდა იქნეს პირველი რიგის პრეპარატები, რომლებიც ეფექტიანია ამ ტიპის ავადმყოფებისთვის და არ იწვევს უკურეაქციებს.

შედარებით ნაკლები გართულების რისკის მქონე პაციენტებს ენიშნებათ მეტაბოლურად ნეიტრალური პრეპატები, როგორიც არის აგფ, ანგიოტენზინის ბლოკერები და კალციუმის ანტაგონისტები.

ინდივიდუალური რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

  1. სამიზნე ორგანოების დაზიანება;
  2. გულ-სისხლძა-რღვთა სისტემის თანმხლები დაავადებები (გულის იშემიური დაავადება;
  3. ცერებროვასკულური დაავა-დება;
  4. გულის უკმარისობა;
  5. პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი);
  6. ნეფროპათია;
  7. მძიმე რეტი-ნოპათია.

ავადმყოფები, რომლებსაც ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთი მაინც აღენიშნებათ, მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ჯგუფებს ეკუთვნიან. მათ შორის გართულებების ალბათობა უახლოესი 10 წლის განმავლობაში - 20%-ს, ხოლო სიკვდილიანობის რისკი 5%-ს აღემატება.

პაციენტებს, რომელთაც აქვთ ზომიერი არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტის საწყისი სტადია, ენიშნებათ პრეპარატები, რომლებიც არ ამძიმებს ნახშირწყლოვან ცვლას. თუ არ გაქვთ საგანგებო მითითება, სასურველია, თავი არიდოთ დიურეტიკების (გარდა ინდაპამიდისა და ტორასემიდისა) და ბეტა-ბლოკერების (ვაზოდილატატორების გარდა) მიღებას. წარმატებული მკურნალობის აუცილებელი პირობაა სისხლში გლუკოზის კონტროლი.

გახსოვდეთ: არტერიული წნევის თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია. რისკის ფაქტორების, დაავადების სტადიისა და სიმძიმის დადგენა და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა კვალიფიციური ექიმის პრეროგატივაა.