სქესობრივი მომწიფება და მისი დარღვევები ვაჟებთან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

სქესობრივი მომწიფება და მისი დარღვევები ვაჟებთან

სქესობრივი მომწიფება და მისი დარღვევები ვაჟებთან
ექიმები, ფსიქოლოგები, პედაგოგები ერთხმად აღიარებენ, რომ 12-დან 18 წლამდე ასაკი ყველაზე რთული და იმავდროულად საპასუხისმგებლოა ადამიანის ცხოვრებაში. ამ პერიოდში ადამიანი ინტენსიურად ვითარდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფიზიოლოგიურად. ამ პერიოდს უკავშირდება პიროვნების თვითშეფასების, თვითდამკვიდრებისა და საზოგადოდ, ჩამოყალიბება-ფორმირების ურთულესი პროცესიც. აღნიშნული პერიოდი სქესობრივი მომწიფების პერიოდად განიხილება. რა ხდება ამ პერიოდში ვაჟების ორგანიზმში? რა ენდოკრინოლოგიური და ფიზიოლოგიური ძვრები მიმდინარეობს? როგორ ფასდება მათი სქესობრივი მომწიფება? რა შემთხვევაში იკვეთება სქესობრივი მომწიფების დარღვევები? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის
მიმართულების ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პედიატრ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მარინე გორდელაძე:
- ქალბატონო მარინე, როგორ ფასდება სქესობრივი მომწიფება ვაჟებთან?

- საზოგადოდ, სქესობრივი განვითარების შეფასება ითვალისწინებს მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების ვადების, თანმიმდევრობისა და ხარისხის შეფასებას. კონკრეტული საკითხების განხილვამდე მინდა მოგახსენოთ, რომ მოზარდების სქესობრივი განვითარების შეფასება ფიზიკალური გასინჯვის აუცილებელი
ნაწილია. სქესობრივი მომწიფების დარღვევები რთული პათოგენეზური ხასიათისაა და მოითხოვს ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, გინეკოლოგის, გენეტიკოსისა და სხვა სპეციალობის ექიმთა ერთობლივ ძალისხმევას, მაგრამ პედიატრს, ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, რადგან სქესობრივი განვითარების გადახრების ადრეული აღმოჩენა ენდოკრინოლოგიური დარღვევების დროული დიაგნოსტიკის საწინდარია. ბავშვობიდან სქესობრივი მომწიფებისკენ გარდამავალ ასაკს პუბერტატი ეწოდება. პუბერტატული ცვლილებები გენეტიკურად დეტერმინირებულია და მათი რეალიზება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იწყება. პუბერტატის უშუალო დასაწყისი, მისი ტემპი განპირობებულია გენეტიკური და გარემო ფაქტორებით.

უშუალოდ ვაჟების სქესობრივი განვითარება ბოქვენის გათმიანებითა და გარეთა სასქესო ორგანოების ზომებით ფასდება. მეორეული სასქესო ნიშნების დინამიკის შესაფასებლად გამოიყენება ტანერის სკალა, რომლის მიხედვით მოზარდის სქესობრივი განვითარება გამოიხატება სქესობრივი სიმწიფის ხარისხით (Tanner-ის მიხედვით). სქესობრივი მომწიფების პირველი სტადია შეესაბამება ბავშვის პრეპუბერტატულ განვითარებას და ხასიათდება მეორეული სასქესო ნიშნების არარსებობით, ხოლო მე-5 შეესაბამება სქესობრივად ჩამოყალიბებულის სტატუსს. ფიზიოლოგიურად სქესობრივი მომწიფება ვაჟებთან იწყება 9-14 წლის ასაკში, საშუალოდ 11,5-12 წლის ასაკში, როცა ისინი ჯერ კიდევ ბავშვობის ფაზაში იმყოფებიან. ვაჟებთან პუბერტატის დაწყების პირველი ნიშანი სათესლე ჯირკვლის ზომების ზრდაა. მიჩნეულია, რომ ბიჭის სქესობრივი მომწიფება იწყება, როცა სათესლე ჯირკვლის მოცულობა > 4 მლ-ზე (Prader-ის ორქიდომეტრის მიხედვით) ან მისი სიგრძივი ზომა > 2,5 სმ-ზე. სათესლეების ზრდას ვაჟებთან თან ახლავს სათესლე პარკის ცვლილებები: სათესლე პარკიდან ქრება კანქვეშა ცხიმი, იწყება მისი ზრდა, დანაოჭება და პიგმენტაცია. სათესლე ჯირკვალი თავსდება სათესლე პარკის ფსკერზე. გათმიანება ჩნდება თავდაპირველად ბოქვენზე. ზოგიერთ შემთხვევაში ბოქვენის გათმიანება იწყება მხოლოდ მაშინ, როცა სათესლე ჯირკვლის მოცულობა მიაღწევს 6-8 მლ-ს. ეს ნორმის ერთ-ერთი ვარიანტია. თუმცა ვაჟების 1-2%-ს სათესლეების ზრდის დასაწყისშივე შეიძლება უკვე ჰქონდეს გათმიანება ბოქვენზე, რაც მიუთითებს თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენების გაძლიერებულ სეკრეციაზე (ე.წ. “არასწორი” პუბერტატი ან აჩქარებული ადრენარქე). შემდგომში სათესლეების მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება სასქესო ასოც, რომელიც თავდაპირველად იმატებს სიგრძეში, შემდეგ კი – სიგანეში. მატულობს გარეგანი გენიტალიების პიგმენტაცია. გათმიანება მატულობს ბოქვენზე, 1-1,5 წლის შემდეგ ჩნდება იღლიაშიც, ყველაზე გვიან კი - სახეზე.

ანდროგენების მომატებული სეკრეციის ზეგავლენით ყალიბდება სხეულის არქიტექტონიკა, იზრდება კუ­ნ­თოვანი და ძვ­ლ­­ოვანი მასა. ანდროგე­ნ­ულ აქტივაციაზე მიგ­ვითითებს აგრეთ­ვე ცვლილებები კა­ნის მხრივ: ე.წ. “ზეთოვანი” კანი, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოში, აკნე, აპოკრინული ჯირკვლების გაძლიერებული სეკრეცია, სპეციფიკური, ე. წ. “პუბერტატული” სუნი. ეს ნიშნები გვხვდება ორივე სქესის მოზარდებთან. ამავე პერიოდში იწყება ხმის ცვლილება. იგი ბოხი და მჟღერი ხდება. იზრდება ხორხის ფარისებრი ხრტილი ე.წ. “ადამის ვაშლი”. შეიძლება განვითარდეს სარძევე ჯირკვლების ზომიერი გადიდება (გინეკომასტია), მისი მტკივნეულობა, რომელიც, თუ არ არის ძალიან გამოხატული, მთლიანად ეტევა სქესობრივი მომწიფების ფიზიოლოგიურ ჩარჩოებში. 13-14 წლისათვის გარეგანი გენიტალიები, სათესლეების მოცულობის ჩათვლით, შეიძლება სრულიად შეესაბამებოდეს სქესობრივად მომწიფებული მამაკაცის გენიტალიებს, თუმცა ტიპური მამაკაცური გათმიანება მოგვიანებით ყალიბდება. ვაჟებთან სიმაღლის პუბერტატული ნახტომი იწყება, როცა სათესლის მოცულობა > 10 მლ-ზე, პიკს კი აღწევს მოგვიანებით, დაახლოებით 14 წლის ასაკში, როცა სათესლის მოცულობა, უმრავლეს შემთხვევაში, უკვე >15 მლ-ზე. სწორედ ამ ეტაპზე განიცდის ზრდის ჰორმონი მაქსიმალურ სტიმულირებას ესტროგენების ზეგავლენით. სიმაღლეში ზრდა გრძელდება პუბერტატის ბოლომდე, ეპიფიზები იხურება, თუმცა ნელა.

- რა მიანიშნებს სქესობრივი მომწიფების დარღვევებს?

- ვაჟებთან, ისევე როგორც გოგონებთან, მეორეული სასქესო ნიშნების თანმიმდევრობისა და ვადების დარღვევა მიუთითებს ჰორმონულ პათოლოგიაზე და აუცილებლად საჭიროებს შემდგომ კვლევას, თუმცა გასათვალისწინებელია ეთნიკური, გენეტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სომატური ჯანმრთელობის ფაქტორები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი ორივე სქესის ბავშვებთან უაღრესად ინდივიდუალურია, ხოლო სქესობრივი განვითარების ნორმისა და პათოლოგიის გამიჯვნა კონკრეტულ ინდივიდში საკმაოდ რთული სამედიცინო პრობლემაა. ამიტომ სქესობრივი განვითარების სწორი ჩარჩოების ცოდნა აუცილებელია ნებისმიერი პედიატრისათვის. ბავშვთა და მოზარდთა 3-4%-ში აღინიშნება სქესობრივი განვითარების ესა თუ ის დარღვევა, რომელთა წარმოშობაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, სომატური პათოლოგიები, რადიაცია, ვირუსული ინფექციები, ზოგიერთი მედიკამენტი და სხვა. სქესობრივი განვითარების დარღვევად მიიჩნევა ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და სქესობრივი განვითარების შეფერხება. ორივე პათოლოგია ფასდება და იმართება ბავშვთა ენდოკრინოლოგის მიერ.

- რა მიანიშნებს ვაჟებთან ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას?

- მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება ვაჟებთან 9 წლის ასაკამდე განიხილება როგორც ნაადრევი სქესობრივი მომწიფება (ნსმ). არსებობს ნსმ-ის ჭეშმარიტი და ცრუ ფორმები. ჭეშმარიტი ანუ ცენტრალური ნაადრევი სქესობრივი მომწიფება გამოწვეულია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური ღერძის ადრეული აქტივაციით ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ორგანული და ფუნქციური დაზიანებე­ბის გამო. რადგან გონადების სტიმულაცია ამ შემთხვევაში განპირობებულია გონადოტროპული სტიმულაციით, ნაადრევი სქესობრივი მომწიფების ამ ფორმას უწოდებენ გონადოტროპინდამოკიდებულს. გონადოტროპინდამოუკიდებელ ფორმებს მიეკუთვნება გონადების ავტონომიური აქტივაციის ფონზე (გონადოტროპინებზე დამოუკიდებლად) მიმდინარე ნაადრევი სქესობრივი მომწიფების იშვიათი ვარიანტები: ვაჟებთან – ტესტოტოქსიკოზი. არსებობს ცრუ ნაადრევი სქესობრივი მომწიფებაც (ცნსმ), რომელიც გამოწვეულია გონადებისა და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების მიერ სასქესო ჰორმონთა ჭარბი, ავტონომიური პროდუქციით. გარდა ამისა, გამოყოფენ ნსმ–ის პარციალურ (არასრულ) ფორმებს, რომელიც ხასიათდება მეორეული სასქესო ნიშნების იზოლირებული არსებობით: ბოქვენის იზოლირებული გათმიანება (ნაადრევი pubarche) და სარძევე ჯირკვლების იზოლირებული ნაადრევი გაჩენა (ნაადრევი thelarche). მეტად იშვიათია იღლიის ნაადრევი გათმიანება (ნაადრევი adrenarche). არსებობს აგრეთვე ნსმ–ის ვარიანტები, რომლებიც არ თავსდება ზემოთ აღნიშნულ ფორმებში. მაგალითად, ცნსმ განვითარებული დეკომპენსირებული პირველადი ჰიპოთირეოზის ფონზე. პედიატრს უნდა ახსოვდეს, რომ ნაადრევი სქესობრივი მომწიფება შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:

  • ცნს-ის სიმსივნეები (ჰამარტომა, გლიომა);
  • ცნს-ის დაზიანება არასპეციფიკური ხასიათის (ჰიდროცეფალია, სამშობიარო ტრავმა, ენცეფალიტი, მენინგიტი, ტოქსოპლაზმოზი, მე-3 პარკუჭის არაქნოიდული ცისტა);
  • ნეიროფიბრომატოზი;
  • ტუბეროზული სკლეროზი;
  • სხვადასხვა სინდრომი (რასელ-სილვერის, ვან-ვიკ-გრომბახის და სხვა);
  • სათესლისა და საკვერცხის სიმსივნეები;
  • ლოკალური ფოლიკულური ცისტები;
  • თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნეები;
  • თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი დისფუნქცია.

- რას გვეტყვით სქესობრივი მომწიფების შეფერხებაზე ვაჟებთან? რა იწვევს მას და რა ნიშნებით ხასიათდება?

- სათესლე ჯირკვლების გადიდების არარსებობა (ტე­სტის 4 მლ ან 2,5 სმ) ვაჟებში 14 წლამდე განიხილება რო­გორც სქესობრივი მომწიფების შეფერხება (სმშ). სქესობრივი მომწიფების შეფერხებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე მდგომარეობა, როცა მეორეული სასქესო ნიშნები განვითარებას იწყებს 15 წლის ასაკიდან. სმშ დიდ ფსიქოსოციალურ პრობლემებს უქმნის მოზარდს. ისინი მწვავედ აღიქვამენ თავიანთ განსხვავებულობას თანატოლებისგან, რის გამოც: აქვთ დაბალი თვითშეფასება, აკლიათ თვითდაჯერებულობა; უჭირთ შეგუება გარემოსთან, არიან სოციალურად ნაკლებაქტიურები; ახასიათებთ ასაკისათვის შეუსაბამო ქცევა ან ანტისოციალური, აგრესიული ქმედებები; გამოირჩევიან სკოლაში ცუდი მოსწრებით, ხშირად აცდენენ; ახასიათებთ ემოციური შფოთვა, დეპრესია. მეტად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგი, მშობელი, პედიატრი ამ ცვლილებების მიზეზსა და ხასიათს ხედავდეს ბავშვის სქესობრივი განვითარების დარღვევაში. სქესობრივი მომწიფების შეფერხების მიზეზთა დიდი უმრავლესობა ფუნქციური ხასიათისაა, მხოლოდ შემთხვევათა 0,1 %-ში აღინიშნება ორგანული პათოლოგია, გამოწვეული ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ან გონადების თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიით. სმშ-ის ფუნქციურ ფორმებს შორის გამოყოფენ:

  • ზრდისა და სქესობრივი მომწიფების კონსტიტუციურ შეფერხებას;
  • ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხებას, განვითარებულს სომატური პათოლოგიის ფონზე;
  • ზრდისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხებას მალნუტრიციისა და არაადეკვატური ენერგეტიკული დანახარჯების ფონზე.

სქესობრივი მომწიფების შეფერხების ორგანული ვარიანტები ძირითადად გენეტიკური და ქრომოსომული მიზეზებითაა გამოწვეული, მაგალითად, ტერნერის, ნუნანის, კლაინფელტერის და სხვა სინდრომები. სმშ-ის სხვადასხვა ფორმებს შორის, ისევე როგორც ნსმ-ის შემთხვევაში, დაზიანების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ ჰიპოგონადოტროპულ (როდესაც დაზიანება ვითარდება ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზურ დონეზე) და ჰიპერგონადოტროპულ (როდესაც დაზიანებულია გონადები) ვარიანტებს.

პედიატრს უნდა ახსოვდეს, რომ მეტად იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგიების გარდა, სქესობრივი მომწიფების შეფერხება შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებშიც:

  • ინფექციები (პაროტიტი, წითურა);
  • ტრავმები (სათესლის, საკვერცხის გადაგრეხა);
  • დასხივება (სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა);
  • აუტოიმუნური პრ­ო­­ცესები;
  • ცნს-ის სიმსივნეები (კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა);
  • ცნს-ის ინფექციური დაზიანება (მენინგიტი, ენცეფალიტი).
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
გლუკოზის მეტაბოლიზმის ხელშეწყისთვის-60 აბი
ფასი: 25.2
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
კატეგორიის სხვა სტატიები
ოქსიტოცინი ცნობილია, როგორც „სიყვარულის ჰორმონი“. ის მნიშვნელოვანია სოციალური და დედობრივი ქცევის ფორმირებისთვის.
ქართველების უმრავლესობას იოდის ნაკლებობა აქვს. ის არ სინთეზირდება ორგანიზმში და ადამიანმა უნდა მიიღოს საკვებთან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შაქრის მოხმარების დღიური ნორმა 25 გრამს (6 ჩაის კოვზი) შეადგენს.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ საშიში დაავადებები ზოგჯერ დიდი ხნის განმავლობაში ფარულად (უსიმპტომოდ) მიმდინარეობს,
ექსპერტთა განცხადებით, ინსულინის გადაჭარბებული რაოდენობა ორგანიზმში ზრდის ცხიმოვან ჩანართებს, კორტიზოლის
ტესტოსტერონი მამაკაცის სტეროიდული ბუნების სასქესო ჰორმონების ანდროგენების კლასს მიეკუთვნება. მათ ზოგჯერ სტეროიდებს
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად