როდის და რატომ ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია და ანგიოპათია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის და რატომ ვითარდება დიაბეტური ნეიროპათია და ანგიოპათია

დიაბეტური ნეიროპათიის პირველ ეტაპზე ზიანდება ნერვული ბოჭკოს (აქსონის) ირგვლივ შემოხვეული მიელინის გარსი, რომლის ძირითადი ფუნქციაა, დაიცვას ნერვული აქსონი დაზიანებისგან, ინფექციისგან, მიაწოდოს მას საკვები ნივთიერებები, გამოიტანოს იქიდან ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები და ხელი შეუწყოს აქსონის მთავარი ფუნქციის სათანადო განხორციელებას - იმპულსის გადაცემას. როდესაც მიელინის გარსი ზიანდება, ირღვევა აქსონის კვება, წიდის გამოტანა, იმპულსის სწრაფი და ადეკვატური გადაცემა, ხოლო დასასრულ აქსონი წყდება. იმპულსები მასში ვეღარ გაივლის, შესაბამისად, ქრება შეგრძნებები - სითბოსი, სიცივისა, ტკივილისა, ზეწოლისა და სხვა, ვეღარ ხორციელდება მოძრაობა, კოორდინაცია. გაწყვეტილი აქსონის ცენტრალური ნაწილი ხის ფესვებივით იტოტება, რათა შეუერთდეს პერიფერიულ ნაწილს, მაგრამ ეს პროცესიც მოითხოვს მიელინის გარსის სრულყოფილ ფუნქციობას, ვინაიდან პირველი სწორედ ის იტოტება და მერეღა ხდება მასში აქსონის ჩაზრდა. თუ აღდგენის პროცესშიც დარღვეულია სისხლში გლუკოზის ცვლა (მაღალია გლიკემია), ეს პროცესი იბლოკება და დაზიანებული ნაწილი ვეღარ აღდგება.

- როგორ შეიძლება მიხვდეს პაციენტი, რომ დიაბეტური ნეიროპათია აქვს?

- დაავადების პირველ სტადიაზე დიაბეტური ნეიროპათიის დამოუკიდებლად გამოვლენა თითქმის შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად ზიანდება მგრძნობიარე ნერვები, რომლებიც იმპულსს ქვემოდან ზემოთ ატარებს. ხშირად ამას მგრძნობელობის სრულ მოსპობამდეც კი მივყავართ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტს ფეხი დაუწვავს და ეს მხოლოდ მეორე დღეს აღმოუჩენია. მომდევნო ეტაპზე ქვედა კიდურებში წარმოიშობა ისეთი შეგრძნებები, როგორებიცაა დაბუჟება, სიმხურვალე ღამღამობით, კუნთების პერიოდული დაჭიმვა (კრამპი). ხშირად პაციენტი ამ სიმპტომებსაც უგულებელყოფს. შემდგომ საფეხურზე ვითარდება ტკივილის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ტკივილის გაძლიერება მოსვენებისას ანუ უპირატესად ღამით. ტკივილი თავდაპირველად ყრუა, მერე და მერე კი ძლიერი და მწველი ხდება, არღვევს ძილს და არ ემორჩილება ტრადიციულ (არასტეროიდულ) გამაყუჩებლებს. მომდევნო სტადიაზე ტკივილი ნელ-ნელა სუსტდება, ვინაიდან ბოლომდე ზიანდება მგრძნობელობითი სისტემა, მაგრამ ამას უკვე თან ახლავს ვეგეტატიური და მოტორული ფუნქციების მოშლაც, რაც იმით გამოვლინდება, რომ ვეგეტატიური ინერვაციის გაწყვეტის შემდეგ ირღვევა კუნთთა ტონუსი და კვება, კანის კვება. არტერიული სისხლი გვერდს უვლის კაპილარულ ქსელს და პირდაპირ ვენურ სისტემაში გადადის. ამის კვალობაზე, იწყება კანქვეშა ქსოვილის ატროფია - კანი თითქოს უფრო გამჭვირვალე და თხელი ხდება. კანქვეშ ჩანს სისხლძარღვები, კანზე ჩნდება პიგმენტური ლაქები. კუნთები წვრილდება, ატროფირდება, ირღვევა ტერფის თაღის ანატომია და ფეხისგული ქვემოთ ჩაიზნიქება (დიაბეტური ტერფი). მცირდება ძვლის სიმკვრივე და ხშირდება ტერფის ძვლის მოტეხილობები. ნერვული ბოჭკოების ასეთ დაზიანებას, რა თქმა უნდა, თან ახლავს სისხლძარღვების დაზიანებაც, რასაც შეუხორცებელი ტროფიკული წყლულების გაჩენა და კიდურების განგრენა მოსდევს. ამრიგად, დიაბეტური ნეიროპათია დიაბეტური ანგიოპათიის წინაპირობაა.

- დიაბეტური ანგიოპათია ახსენეთ. ამ დროს რაღა ხდება ორგანიზმში?

- დიაბეტური ანგიოპათია წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებაა. შაქრიანი დიაბეტის დროს ხდება სისხლძარღვის შიგნითა კედლის, ინტიმის, პროლიფერაცია, ჰიალინიზაცია, რაც სისხლძარღვის სანათურის შევიწროებას იწვევს. ამას, თავის მხრივ, პერიფერიული ქსოვილების იშემიამდე მივყავართ, რაც ხელს უშლის კოლატერალების (დამატებითი სისხლძარღვების) განვითარებას. დიაბეტური ანგიოპათიის დროს არტერიის ინტიმაზე ჩნდება წვრილი და მსხვილი ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებსაც კალციფიცირებისა და თრომბების წარმოქმნის უნარი შესწევს. მუცლის ღრუს ორგანოებში ვეგეტატიური ბოჭკოების დაზიანება იწვევს კუჭის ატონიას (კუჭის შეკუმშვის ძალა მცირდება, საკვები მეტხანს ჩერდება კუჭში), ნაღვლის ბუშტის ატონიას (რასაც ნაღველკენჭოვან დაავადებამდე მივყავართ), შარდის ბუშტის ატონიას (შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლა ვერ ხერხდება და ხშირია აღმავალი ინფექციები), ნაწლავთა ატონიას, რაც ყაბზობით (შეკრულობით) ან დიარეით (გახშირებული კუჭის მოქმედებით) გამოიხატება. მამაკაცებს ერღვევათ სექსუალური ფუნქცია. გულის რიტმი დატვირთვის მიხედვით ადეკვატურად ვეღარ იცვლება, ქვეითდება გულის იშემიური დაზიანების შეგრძნება და ხშირდება უსიმპტომო ინფარქტები, არაადეკვატურია ოფლის გამოყოფა და სუნთქვის სიხშირე და ა.შ. ამრიგად, როდესაც პაციენტი ამჩნევს დაავადების კლინიკურ ნიშნებს, პროცესი უკვე საკმაოდ შორსაა წასული და ხშირად შეუქცევადია.

- როგორ უნდა მოხდეს დიაბეტური ნეიორპათიისა და ანგიოპათიის დროული დიაგნოსტირება?

- საწყის სტადიაზე დიაბეტური ნეიროპათიისა და ანგიოპათიის გამოვლენა შეუძლიათ ენდოკრინოლოგს, ანგიოლოგს, ნევროპათოლოგს, ამიტომ დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის ყველაზე ეფექტური გზაა ყოველწლიური პროფილაქტიკური გასინჯვები ამ სპეციალისტებთან, რომლებიც გამოავლენენ დარღვევებს და ჩაატარებენ პროფილაქტიკურ მკურნალობას, რითაც თავიდან აგვაცილებენ შაქრიანი დიაბეტის ზემოთ ჩამოთვლილ გართულებებს.

- როგორ შეიძლება ამ გართულებათა მკურნალობა?

- მკურნალობაში წამყვანი ადგილი უკავია რეჟიმს, რომელიც დიეტასა და საჭირო მედიკამენტების მიღებას ითვალისწინებს. პაციენტთა უმრავლესობა ინსულინთერაპიის წინააღმდეგია, ამიტომ ხშირად რამდენიმე წლითაც კი გვიანდება ადეკვატური სამკურნალო ჩარევა, რაც მეტისმეტად ართულებს რეაბილიტაციას. გართულებათა უკეთესი პრევენცია და ეფექტური მკურნალობა დიაბეტით დაავადებული პაციენტის ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.