დიაბეტი - იდუმალი და ამოუცნობი დაავადება
შაქრის ფხვნილს, რომელსაც ასე აქტიურად იყენებს ადამიანი, შაქრის ლერწმისგან ან შაქრის ჭარხლისგან იღებენ. შაქარი მომხმარებლისთვის და სპეციალისტისთვის სხვადასხვა რამაა. მეცნიერები განასხვავებენ რთულსა და მარტივ შაქრებს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება უჯრედისი და სახამებელი, მეორეს - გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და სხვა. გლუკოზა ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის უნივერსალური წყაროა, თუმცა ეს მისი ერთადერთი ფუნქცია არ არის. იგი ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კომპონენტია და მრავალ ქიმიურ გარდაქმნაში მონაწილეობს. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი სისხლში მუდმივად მისი საჭირო დონის შენარჩუნება. განსაზღვრულ ფაქტორთა გავლენით გლუკოზის დონე ზოგჯერ ნორმის ზღვარს სცდება. შედეგად თავს იჩენს ყველასთვის კარგად ნაცნობი დაავადება - შაქრიანი დიაბეტი.
ისტორიული ფაქტები
300 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შაქრიანი დიაბეტის სახელწოდებით ცნობილი დაავადება პირველად შეისწავლეს. ბერძნულ ენაზე “დიაბეტი” გადინებას ნიშნავს. ეს ტერმინი გულისხმობს დაავადების ძირითად ნიშანს - ამ დროს ორგანიზმიდან შაქარი გაედინება, იკარგება შარდთან ერთად. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცნობილი ექიმი არეთაიუსი დიაბეტს “ამოუცნობ და იდუმალ დაავადებას” უწოდებდა. ეს შეფასება დღემდე აქტუალურია, რადგან მედიცინას დღესაც ვერ ამოუხსნია ბოლომდე დიაბეტის გვიანი სტადიისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი გართულების განვითარების მექანიზმი და მიმდინარეობის თავისებურებები. XVII საუკუნეში გაარკვიეს, რომ დიაბეტის დროს ადამიანის შარდს ტკბილი გემო დაჰკრავდა. სწორედ მას შემდეგ გამოიყენება ეს ფაქტი დაავადების სადიაგნოზოდ. 1889 წელს კუჭქვეშა ჯირკვალში აღმოაჩინეს განსაკუთრებული უნარის მქონე უჯრედული გროვები, რომლებსაც, აღმომჩენი მეცნიერის პატივსაცემად, ლანგერ-ჰანსის კუნძულები უწოდეს, თუმცა მათი დანიშნულება მკვლევრისთვის გაურკვეველი დარჩა. 1921 წელს მეცნიერებმა ბენტინგმა და ბესტმა მოახერხეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილიდან ინსულინის გამოყოფა და უკვე ერთი წლის შემდეგ ინსულინით მკურნალობა აქტიურად დაიწყო. 1960 წელს გაიშიფრა ადამიანის ინსულინის ქიმიური სტრუქტურა. 1976 წელს მოხერხდა ღორის ინსულინისგან ადამიანის ინსულინის მიღება სინთეზური გზით. 1979 წელს გენური ინჟინერიის მეთოდით შესაძლებელი გახდა ადამიანის ინსულინის სრული სინთეზი. აქედან მოყოლებული, ხელოვნური გზით შექმნილი ინსულინი მილიონობით დაავადებულის სამკურნალოდ გამოიყენება.
მითები შაქრიანი დიაბეტის შესახებ
მითი პირველი: შაქრიანი დიაბეტით მოავადენი სწრაფად იმატებენ წონას. პირიქით - სწორედ ჭარბი წონა წარმოადგენს დაავადების ერთ-ერთ რისკფაქტორს, რადგან ცხიმის გავლენით ძლიერდება იმ ჰორმონთა სინთეზი, რომლებიც დიაბეტი ტიპი I-ის განვითარებას იწვევს. მითი მეორე: შაქრიანი დიაბეტი ტკბილეულის მოყვარულებს ემართებათ. შაქრით მდიდარი პროდუქტების ჭარბი მიღებისას ადამიანი წონას იმატებს და სწორედ ეს განაპირობებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას, წონის მატება კი მოსალოდნელია როგორც ნახშირწყლებით, ისე ცხიმებით მდიდარი საკვების ჭარბი მიღებისას. თავისთავად კი ნახშირწყლები დიაბეტის პროვოცირებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. მითი მესამე: დიაბეტით მოავადე უნარშეზღუდულია. ასე იყო რამდენიმე ათეული წლის წინ. დღეს დიაბეტი აღარ მიიჩნევა მომაკვდინებელ დაავადებად, თუ ადამიანი მიეჩვევა მასთან ერთად გონივრულ ცხოვრებას. საშიშია არა თავად დიაბეტი, არამედ მისი გართულებები. ამასთან დაკავშირებით კი გვინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არსებობს ბევრი ეფექტური მედიკამენტი, რომლებიც დაავადებულს გართულებებისგან იცავს. მსოფლიოში დიაბეტის მრავალი სკოლაა, სადაც პაციენტები სწავლობენ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას, ამიტომ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ შაქრიანი დიაბეტით მოავადე საზოგადოების სრულფასოვანი წევრია! მითი მეოთხე: დიაბეტის დროს იკრძალება ტკბილეული, ბურღულეული და მრავალი სახეობის ხილი. ეს შეხედულებაც კარგა ხანია მოძველდა. ნახშირწყლები სჭირდება ყველას, მათ შორის - დიაბეტით დაავადებულსაც. ოღონდ აუცილებელია რაციონის ისე შედგენა, რომ იგი საჭირო რაოდენობით შეიცავდეს ცხიმებსაც, ცილებსაც და ნახშირწყლებსაც. მთავარია, დაცული იყოს თანაფარდობა, რათა სისხლში შაქრის დონე მკვეთრად არ შეიცვალოს - არ მოიმატოს ან არ დაიკლოს. თუ რაციონში რამის შემცირებაზეა საუბარი, ყველაფერს სჯობია, ცხიმები შემცირდეს. ნახშირწყლები კი ადამიანმა დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოს. ჯანმრთელი ორგანიზმი თავად გარდაქმნის ნახშირწყლებს უნივერსალურ ენერგიად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს კი ამაში მედიკამენტები ეხმარება. ამასთან, სასურველია, მიიღოთ არა მარტივი, არამედ რთული შაქრების შემცველი პროდუქტები. მითი მეხუთე: შაქრიანი დიაბეტის დროს გაძლიერებულად უნდა ჭამოთ წიწიბურა. წიწიბურა ნამდვილად სასარგებლოა, თუმცა ნებადართულია სხვა ბურღულის ფაფებიც. დრო, როდესაც დიაბეტით მოავადეებს წიწიბურას ტალონებით ურიგებდნენ, კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. არ გაამართლა იმედები მწვანე ვაშლმაც, რადგან გაირკვა, რომ ვაშლის ფერი არაფერს ნიშნავს, მთავარი ხილში შაქრის შემცველობაა. მითი მეექვსე: შაქრიანი დიაბეტის დროს აუცილებელია შაქრის შემცვლელების გამოყენება. ეს ყოველთვის არ არის საჭირო, მათი მიღების აუცილებლობას ადგენს მკურნალი ენდოკრინოლოგი, რომლის რეკომენდაციათა გარეშე შაქრის შემცვლელების მიღება შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. მითი მეშვიდე: თუ ინსულინდამოკიდებული ხარ, ესე იგი შენი საქმე ცუდად არის! ამასაც ვითარებაში არასათანადოდ გარკვეული ადამიანები ამბობენ. ინსულინი მაშველი რგოლია მაშინ, როდესაც აბები შაქრის დონის რეგულირებას ვერ ახერხებენ. ინსულინთერაპიის დაწყების შემდეგ პაციენტი თითქოს ხელახლა იბადება და თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, ვიდრე მანამდე. ბევრი ცნობილი ადამიანია ინსულინდამოკიდებული, მაგრამ ეს მათ წარმატებაში ხელს არ უშლით. მთავარია დაავადებისადმი გონივრული დამოკიდებულება და მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. მართეთ საკუთარი ჯანმრთელობა!