შაქრიანი დიაბეტის გართულებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტის გართულებები

მნიშვნელოვანი თუ არა გლუკოზის შემცველობის კონტროლი?

სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი აუცილებელია დიაბეტის გართულებათა თავიდან ასაცილებლად და მათი პროგრესის შესაფერხებლად. დიაბეტის გართულებები პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: მსხვილი სისხლძარღვების ანუ მაკროვასკულურ და წვრილი სისხლძარღვების ანუ მიკროვასკულურ გართულებებად. მიკროვასკულური გართულებებია: დიაბეტური რეტინოპათია - თვალის სისხლძარღვების დაზიანება, რაც საბოლოოდ სიბრმავეს იწვევს, ნეფროპათია, რომელსაც თირკმლის უკმარისობამდე მივყავართ და ნეიროპათია, რომელიც ზრდის ამპუტაციის რისკს. მაკროვასკულური გართულებებია კორონარული არტერიების დაავადება, ინსულტი და პერიფერიული არტერიების დაავადება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

დიაბეტი საგრძნობლად ზრდის გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების, გულის შეტევის, ინსულტისა და ათეროსკლეროზის რისკს. ამერიკელები აღნიშნავენ, რომ დიაბეტით დაავადებული ყოველი სამი ადამიანიდან ორს აქვს მაღალი წნევა ან იღებს მედიკამენტს წნევის დასაქვეითებლად. მკურნალობა აუცილებელია - მაღალი წნევის დროს გულს დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა, რაც ზრდის სისხლძარღვოვანი გართულებების რისკს. დიაბეტთან დაკავშირებული ერთ-ერთი მძიმე გართულებაა ინსულტი. ინსულტის დროს წყდება თავის ტვინის გარკვეული უბნის სისხლმომარაგება, რაც თავის ტვინის დაზიანებას იწვევს. ინსულტის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი განპირობებულია თავის ტვინის ან კისრის არტერიების თრომბული დახშობით. კლინიკურად ის ვლინდება კიდურების მოძრაობის დარღვევით ან უმოძრაობით, ტკივილით, დაბუჟებით, მეტყველების დარღვევით, მეხსიერებისა და აზროვნების ცვლილებით. არცთუ იშვიათია ემოციური პრობლემებიც. დიაბეტის დროს ინსულტის რისკი 2-4-ჯერ უფო მაღალია.

როგორ შეიძლება შევამციროთ ინსულტის რისკი?

სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი, არტერიული წნევის მოწესრიგება, ქოლესტერინის ცვლის რეგულირება, რაც მიიღწევა ჯანსაღი კვებით, დოზირებული ფიზიკური დატვირთვით და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებით, საგრძნობლად ამცირებს ინსულტის რისკს. აუცილებელია თამბაქოსთვის თავის დანებებაც.

პერიფერიული არტერიების დაავადება

პერიფერიული არტერიების დაავადების მიზეზია ქვედა კიდურების სისხლძარღვთა სანათურის შევიწროება, ზოგჯერ კი დახშობა მათი კედლების ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. სისხლძარღვების შევიწროება საგრძნობლად ამცირებს ტერფისთვის სისხლის მიწოდებას. ათეროსკლეროზი გავრცობილი პროცესია, ამიტომ ქვედა კიდურების არტერიათა დაზიანება ხშირად ერთვის გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებებს. დადგენილია, რომ 50 წელს გადაცილებულ სამიდან ერთ დიაბეტიანს ქვედა კიდურების არტერიათა დაავადებაც აქვს. საგანგაშოა, რომ პაციენტები გარკვეულ დრომდე ვერც კი გრძნობენ ამას. შესაბამისად, არც მკურნალობენ.

როგორ ვლინდება პერიფერიული არტერიების დაავადება?

პერიფერიული არტერიების დაავადება კლინიკურად თითქმის შეუმჩნეველია. ზოგიერთი უჩივის ქვედა კიდურების უმნიშვნელო ტკივილს, სიარულის გაძნელებას, თუმცა ამას გადაღლას ან ასაკს მიაწერენ.  საყურადღებოა შემდეგი სიმპტომები:

  • ფეხების ტკივილი სიარულის ან ვარჯიშის დროს, რაც პაციენტს აიძულებს, შეჩერდეს, რამდენიმე წუთით შეისვენოს;
  • ტერფის დაბუჟება, წვა, გაცივება;
  • ქვედა კიდურზე, განსაკუთრებით - ტერფზე, არსებული ჭრილობის ან სხვა დაზიანების ნელი შეხორცება.

პერიფერიული არტერიების დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

პერიფერიული არტერიების მდგომარეობის შესწავლის მიზნით ტარდება ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, რომლის დროსაც განისაზღვრება მხარ-გოჯის ინდექსი. ამ დროს გოჯში არსებულ წნევას მხრის არტერიაში არსებულს ადარებენ. თუ ქვედა კიდურში წნევა დაქვეითებულია, ესე იგი პაციენტს პერიფერიული არტერიების დაავადება აქვს. აღნიშნული გამოკვლევა დიაბეტიანი პაციენტებისთვის რეკომენდებულია 50 წლიდან, ხოლო პერიფერიული არტერიების დაზიანების სხვა რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში - უფრო ადრეც. გარდა ამისა, დიაგნოსტიკის მიზნით შეიძლება ჩატარდეს ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა. მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია ანტიაგრეგანტებს, ზოგიერთ მედიკამენტს და ისეთ ჩარევებს, როგორებიცაა ანგიოპლასტიკა (სპეციალური ბალონით არტერიის გაფართოება) და შუნტირება - სპეციალური შუნტის შექმნა სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.


დიაბეტური ნეიროპათია

სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აზიანებს  წვრილი სისხლძარღვების, კაპილარების, კედელს. კაპილარული სისხლის მიმოქცევა უზრუნველყოფს ნერვების, განსაკუთრებით - ქვედა კიდურების ნერვთა, სისხლმომარაგებასა და კვებას. ამის კვალობაზე, კაპილარების დაზიანება საფუძველს ქმნის დიაბეტური ნეიროპათიისთვის - დიაბეტის შედეგად ნერვების დაზიანებისთვის. დადგენილია, რომ დიაბეტით დაავადებულთა ნახევარს აქვს ნერვის დაზიანების ესა თუ ის ფორმა. რასაკვირველია, უმეტესად - დიდი ხნის ავადობის შემთხვევაში. ნეიროპათიისთვის დამახასიათებელია დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება, წვა, თავდაპირველად - ფეხის თითების არეში, მერე და მერე - უფრო და უფრო ზემოთაც.  ჯანმრთელი ნერვი ტვინს აწვდის ინფორმაციას ტკივილის, ტემპერატურის, შეხების შესახებ და პირიქით, ინფორმაცია ტვინიდან პერიფერიული ქსოვილებისკენ მოაქვს. ის არეგულირებს კუნთების შეკუმშვას, აკონტროლებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და შარდის გამოყოფას. დაზიანებული ნერვი ამ ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. თუ დიაბეტური ნეიროპათიის დროს სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა, დაზიანებულ კიდურში შეგრძნება საერთოდ დაიკარგოს. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნერვების დაზიანება შესაძლოა გულისრევის, ღებინების, ფაღარათის ან ყაბზობის მიზეზად იქცეს. სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ პერიფერიული ნეიროპათიის განვითარება, ხოლო თუ უკვე ჩამოყალიბებულია - შევაფერხოთ მისი შემდგომი პროგრესირება.

დიაბეტური ნეფროპათია

თირკმლის უწვრილესი კაპილარები სისხლის ფილტრის ფუნქციას ასრულებს. მათი გავლით შარდში ხვდება ნივთიერებათა ცვლის ის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმიდან უნდა გამოიყოს. ჩვეულებრივ, ფილტრატში უვარგისთან ერთად ხვდება საჭირო ნივთიერებებიც და უკუშეიწოვება. შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება თირკმლის კაპილარული სისხლძარღვები და გორგლები. სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობისას თირკმელი, როგორც ფილტრი, უფრო და უფრო მეტად იტვირთება, დროთა განმავლობაში კი მისი ფუნქცია ქვეითდება. დიაბეტით ავადმყოფობის მრავალი წლის შემდეგ იწყება თირკმლით საჭირო ცილების კარგვა. თავდაპირველად შარდში ცილის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა. ამ მდგომარეობას მიკროალბუმინურიას უწოდებენ. მიკროალბუმინურიის დადგენა შარდის სპეციალური გამოკვლევით არის შესაძლებელი. ის უტარდება დიაბეტით დაავადებულ ყველა პაციენტს წელიწადში ერთხელ. თუ დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანება ადრეულ, მიკროალბუმინურიის ეტაპზე აღმოაჩინეს, შესაძლებელია მისი პროგრესირების თავიდან აცილება. შარდში ცილის უფრო დიდი რაოდენობის არსებობა, რასაც მაკროალბუმინურიას უწოდებენ, თირკმლის შორს წასული დაზიანების მაჩვენებელია. დიაბეტის გამო თირკმლის დაზიანებამ საბოლოოდ შესაძლოა თირკმელების ქრონიკულ უკმარისობამდე მიგვიყვანოს.

ვის ემუქრება

საბედნიეროდ, დიაბეტური ნეფროპათია ყველა პაციენტს არ ემართება. თირკმლის დაზიანების ხელშემწყობი ფაქტორებია გენეტიკა, სისხლში გლუკოზის მაღალი დონე, არტერიული წნევა. დიაბეტის სათანადო კონტროლი ამცირებს დიაბეტური ნეფროპათიის რისკს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სისხლში გლუკოზის სამიზნე ციფრების შენარჩუნებით თირკმლის დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია. გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფით 3-ჯერ მცირდება მიკროალბუმინურიის რისკი, ხოლო თუ მიკროალბუმინურია უკვე დადგენილია, მაკროალბიმუნურიის განვითარების შანსი შეიძლება განახევრდეს.

როგორ მკურნალობენ

როგორც აღვნიშნეთ, დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანების მკურნალობის ეფექტური მეთოდია არტერიული წნევისა და სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. თირკმლის მდგომარეობაზე ამ მაჩვენებლების უმნიშვნელო მატებაც კი აისახება. როცა უეფექტოა ცხოვრების წესის შეცვლა, დიეტა და რეჟიმი, ინიშნება მედიკამენტებიც. უნდა ითქვას, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები თირკმელს ნორმალური წნევის დროსაც იცავს. თუ განვითარდა თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, შესაძლოა საჭირო გახდეს დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა. აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში უკანასკნელ ხანს დიაბეტის ფონზე თირკმლის უკმარისობის შემთხვევათა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება, რაც დიაბეტის სათანადო მართვის დამსახურებაა.

დიაბეტური რეტინოპათია

დიაბეტი აზიანებს ბადურას სისხლძარღვებს - იწვევს დიაბეტურ რეტინოპათიას, რასაც ზოგჯერ სიბრმავემდეც კი მივყავართ. გარდა ამისა, დიაბეტის დროს იზრდება კატარაქტისა და გლაუკომის რისკიც. უნდა ითქვას ისიც, რომ მრავალ დიაბეტიანს თვალი მხოლოდ უმნიშვნელოდ აქვს დაზიანებული. გლუკოზის დონის მატებასთან დაკავშირებული მეტაბოლიზმის დარღვევა იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, კაპილარების დეგენერაციას, იშემიას, სისხლძარღვთა პროლიფერაციას, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას, მაკულის შეშუპებას. დადგენილია, რომ დიაბეტით დაავადებულებს 40%-ით მაღალი აქვთ გლაუკომის რისკი. რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი, მით უფრო დიდია გლაუკომის განვითარების ალბათობა. რისკს მაღლა სწევს თავად პაციენტის ასაკიც. კატარაქტა მრავალ სხვა მხრივ ჯანმრთელ ასაკოვან ადამიანს აქვს, თუმცა დიაბეტის დროს მისი განვითარების ალბათობა 60%-ით მეტია. დიაბეტის ფონზე ეს დაავადება უფრო ადრე ვითარდება და უფრო სწრაფადაც პროგრესირებს. ყველაზე მნიშვნელოვანი დაზიანება კი დიაბეტური რეტინოპათიაა. განასხვავებენ მის ორ ტიპს – პროლიფერაციულს და არაპროლიფერაციულს. არაპროლიფერაციული რეტინოპათია რეტინოპათიის უფრო გავრცელებული ტიპია. ის გაივლის სამ სტადიას, რომელთა დროსაც მეტი და მეტი სისხლძარღვი იხშობა. მაკულის შეშუპება - რეტინოპათია თავიდანვე მხედველობის კარგვას არ იწვევს, მაგრამ კაპილარის კედელი თანდათან კარგავს სისხლსა და ბადურას შორის ნივთიერებათა განაწილების რეგულაციის უნარს. სითხე მაკულისაკენ გაჟონავს და მის შეშუპებას იწვევს. შედეგად მხედველობა იბინდება, ზოგჯერ იკარგება კიდეც. არაპროლიფერაციული რეტინოპათიისგან განსხვავებით, რომელიც მკურნალობას არ მოითხოვს, მაკულის შეშუპების მკურნალობა შესაძლებელია. საბედნიეროდ, ის არათუ აფერხებს მხედველობის კარგვას, არამედ აღდგენს კიდეც მას. პროლიფერაციული რეტინოპათია. ზოგჯერ, წლების შემდეგ, რეტინოპათია პროგრესირებს და ყალიბდება მისი უფრო რთული ფორმა - პროლიფერაციული რეტინოპათია. ამ დროს ბადურაზე სისხლძარღვთა დაზიანების პასუხად წარმოიქმნება ახალი სისხლძარღვები. ეს სისხლძარღვები სუსტია, სისხლი მათგან იოლად ჟონავს, რის შედეგადაც მხედველობა უარესდება. ამ მდგომარეობას მინისებრ სხეულში სისხლჩაქცევა ეწოდება. ახალი სისხლძარღვები ბიძგს აძლევს ნაწიბუროვანი ქსოვილის აღმოცენებას. ნაწიბუროვანი ქსოვილის შეჭმუხნა კი ბადურას აშრევებას იწვევს.


როგორ მკურნალობენ

ბოლო ხანს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის კუთხით. მრავალი ადამიანი გადაარჩინა სიბრმავეს ფოტოკოაგულაციამ და ვიტრექტომიამ. რაც უფრო ადრე დაისმება რეტინოპათიის დიაგნოზი, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა. შედეგები უკეთესია, როცა პაციენტის მხედველობა, მხედველობის ველი უცვლელია.

ტერფის დაზიანება

ნეიროპათია და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ზრდის ტერფის დაზიანების რისკს. თუ დროული და ეფექტური მკურნალობა არ ჩატარდა, შესაძლოა საჭირო გახდეს ტერფის, ზოგჯერ კი მთელი კიდურის ამპუტაცია (მოკვეთა). შაქრიანი დიაბეტის დროს მოსალოდნელია სხვადასხვა პრობლემა ტერფის მხრივ. დაზიანება, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი უმნიშვნელოდ მიიჩნევს, დიაბეტით დაავადებულისთვის შესაძლოა სერიოზული გართულების მიზეზად იქცეს. ამგვარი გართულებები უმეტესად თავს იჩენს დიაბეტური ნეიროპათიის ფონზე. ნეიროპათიის დროს მგრძნობელობა დაქვეითებულია, ამიტომ პაციენტი დიდხანს ვერ გრძნობს ტერფის დაზიანებას. შესაძლოა, მთელი დღე ისე იაროს მოუხერხებელი ფეხსაცმლით ან ფეხსაცმელში ჩავარდნილი კენჭით, დისკომფორტიც კი ვერ იგრძნოს. ტრავმა მანამდე რჩება შეუმჩნეველი, სანამ ინფექცია კანის თვალსაჩინო ცვლილებებს არ გამოიწვევს. ტერფის დაზიანებას ხელს უწყობს ასევე სისხლის მიმოქცევის დაქვეითება, გაუარესება. ყურადღება უნდა მიექცეს კანის სიმშრალეს. მშრალი კანი ადვილად სკდება და ინფიცირდება. აუცილებელია დაბანის შემდეგ კარგად გამშრალება, დატენიანება და კვება, ოღონდ ზომიერად. ჭარბი ტენიანობა თვითონვე უწყებს ხელს ინფექციას. უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს კოჟრები. დიაბეტის დროს ისინი ადვილად აღმოცენდება და სწრაფად იზრდება. კოჟრების აღმოცენება მიუთითებს, რომ უკეთ მორგებული ან ორთოპედიული ფეხსაცმელია საჭირო. კოჟრების მოსაცილებლად პაციენტმა ექიმს უნდა მიმართოს.

წყლულები

დიაბეტის ფონზე უმნიშვნელო დაზიანების დროსაც კი უნდა მიმართოთ ექიმს. დაზიანების მასშტაბი მან უნდა შეაფასოს, მკურნალობაც მანვე უნდა დანიშნოს. გვახსოვდეს, გართულებების რისკი მაღალია.

კანის დაზიანება

დიაბეტით დაავადებულებს უფრო ხშირად ემართებათ კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები. ზოგჯერ სწორედ კანის ინფექცია ედება საფუძვლად დიაბეტის დიაგოსტიკას. ნუ გეგონებათ, რომ კანის სოკოვანი დაავადება მკურნალობას არ მოითხოვს - კანის ქავილი და მეორეული ინფექცია შეიძლება სერიოზული გართულებების მიზეზად იქცეს.

შესაძლებელია თუ არა გართულებების თავიდან აცილება?

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დიაბეტის გართულებათა დიდი ნაწილის თავიდან აცილება შესაძლებელია გლუკოზის დონის კონტროლით, არტერიული წნევის რეგულირებით და შემდეგი ღონისძიებებით:

  • დიეტური რეკომენდაციების შესრულებით;
  • ზომიერი ფიზიკური აქტიურობით;
  • თამბაქოზე უარის თქმით;
  • ქოლესტერინის კონტროლით;
  • მოხერხებული ფეხსაცმლის ტარებით;
  • კანის მოვლით;
  • კანის ინფექციური (მათ შორის - სოკოვანი) დაავადებების, კოჟრების დროული მკურნალობით.