ენდოკრინული სისტემა და ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენდოკრინული სისტემა და ჰორმონები

- ქალბატონო ნინო, ჩვენი მკითხველისთვის, უწინარეს ყოვლისა, საინტერესო იქნება თავად ის ფუნქციები, რომლებსაც ორგანიზმში ენდოკრინული სისტემა ასრულებს.

- ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სისტემას ევალება, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და სისტემის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფაა. გარდა ამისა, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები მონაწილეობენ ჩვენს სხეულში მიმდინარე მრავალ ბიოქიმიურ რეაქციაში, პასუხს აგებენ სასიცოცხლო პროცესების სტაბილურობაზე მაშინ, როდესაც საგრძნობლად იცვლება გარემო პირობები, იმუნურ და ნერვულ სისტემებთან ერთად არეგულირებენ ადამიანის ზრდასა და ორგანიზმის განვითარებას, მონაწილეობენ რეპროდუქციული სისტემის ფუნქციობაში და ადამიანის სქესობრივ დიფერენციაციაში. ჰორმონები ორგანიზმის ენერგიის ერთგვარ გენერატორებსაც წარმოადგენენ, აქტიურად ერთვებიან ადამიანის ემოციურ რეაქციებსა და მისი ფსიქიკური ქცევის ჩამოყალიბებაში.

- ამ მეტად მნიშვნელოვან ფუნქციებს სახელდობრ რომელი ორგანოები ახორციელებენ?

- უპირველეს ყოვლისა, ფარისებრი ჯირკვალი - ყველაზე დიდი ჯირკვალი, რომელიც აპროდუცირებს თიროქსინს (თ4), ტრიიოდთირონინს (თ3) და კალციტონინს. ეს ჰორმონები მონაწილეობენ ზრდის, განვითარების პროცესებში, ქსოვილთა დიფერენცირებაში, ზრდიან ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობას, ქსოვილებისა და უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარების დონეს. ფარისებრახლო ჯირკვლები - გამოიმუშავებენ პარათჰორმონს, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის კონცენტრაციაზე, რაც აუცილებელია ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ნორმალური მუშაობისთვის. თიმუსი - ასინთეზებს იმუნური სისტემის თ-უჯრედებს, გამოყოფს თიმოპოეტინებს - ჰორმონებს, რომლებიც პასუხს აგებენ იმუნური სისტემის მწიფე უჯრედების ფუნქციურ აქტივობაზე. შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად თიმუსი მონაწილეობს ისეთ აქტიურ პროცესში, როგორიცაა იმუნიტეტის გამომუშავება და რეგულირება. კუჭქვეშა ჯირკვალი - პანკრეასი. ის შერეული ჯირკვალია: ერთი მხრივ, ენდოკრინული სისტემის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს, მეორე მხრივ კი საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოს. როგორც ენდოკრინული სუბიექტი, იგი აპროდუცირებს ორ ერთმანეთის ანტაგონისტ ჰორმონს:  ინსულინსა და გლუკაგონს, ინსულინი აქვეითებს სისხლში გლუკოზის დონეს, გლუკაგონი კი, პირიქით, მაღლა სწევს. თირკმელზედა ჯირკვლები ორი უმძლავრესი ჰორმონის - ადრენალინისა და ნორადრენალინის წყაროს წარმოადგენს. გონადები ქალისა და მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია. ისინი სასქესო ჰორმონებს ასინთეზებენ. საკვერცხეები - ქალის სასქესო სისტემის ელემენტია, რომლის ენდოკრინულ ფუნქციას ძირითადი სასქესო ჰორმონ-ანტაგონისტების - ესტროგენისა და პროგესტერონის - სინთეზი წარმოადგენს, ისინი ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას განსაზღვრავენ. სათესლეები - მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის განმსაზღვრელი ძირითადი წყვილი ორგანოა, რომლებიც სისხლში ყველაზე მძლავრ მამაკაცურ ჰორმონს - ტესტოსტერონს გამოყოფს. ჰიპოფიზი - ენდოკრინული სისტემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჯირკვალია, ფაქტობრივად - მისი ცენტალური ორგანო. იგი ჰიპოთალამუსთან ურთიერთქმედებს და ქმნის ჰიპოფიზ-ჰიპოთალამურ სისტემას. გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ასტიმულებენ და აკონტროლებენ ენდოკრინული სისტემის პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ორგანოს მუშაობას. ჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს 6 მეტად მნიშვნელოვან, ე.წ. მოდომინირე ჰორმონს - თირეოტროპინს, ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს, 4 გონადოტროპულ ჰორმონს, რომლებიც არეგულირებენ სასქესო ჯირკვლების ფუნქციებს - და კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან ჰორმონს სომატოტროპინს, რომელსაც ზრდის ჰორმონსაც უწოდებენ. ის მძლავრი, მთავარი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ძვლოვანი სისტემის, ხრტილებისა და კუნთების ზრდაზე. მისი სიჭარბისას ზრდასრულ ადამიანს უვითარდება აკრომეგალია - დაავადება, რომელსაც ძვლების, კიდურებისა და სახის არაბუნებრივი გადიდება ახასიათებს. ჰიპოფიზის უკანა წილი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც ეპიფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონების მუშაობას არეგულირებს. ეპიფიზი ანტიდიურეზული ჰორმონის წყაროა. იგი არეგულირებს წყალმარილოვან ბალანსს. ეპიფიზის პროდუქტია ოქსიტოცინიც, რომელიც პასუხს აგებს გლუვი კუნთების შეკუმშვაზე, მათ შორის - საშვილოსნოს კუმშვებზეც მშობიარობის დროს. ეპიფიზი აგრეთვე გამოყოფს ჰორმონული ბუნების ნივთიერებებს: მელატონინსა და ნორადრენალინს. მელატონინი ძილის ფაზების თანამიმდევრობაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ნორადრენალინი სისხლის მიმოქცევასა და ნერვული სისტემის ოპტიმალურ მუშაობას უწყობს ხელს.

- რომელი დაავადებების დროს ფერხდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა მუშაობა?

- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მოშლა დამახასიათებელია ისეთი დაავადებებისთვის, როგორიცაა ჰიპოთირეოზი, მიქსედემა, თირეოტოქსიკოზი, კრეტინიზმი (გონებასუსტობა), დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი და ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ფარისებრახლო ჯირკვლების მუშაობის შეფერხებისას ვითარდება ჰიპერპარათირეოზი, ჰიპერკალციემია, პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია. ფარისებრახლო ჯირკვლების დაზიანებისას, უპირველეს ყოვლისა, იმუნური სისტემის მუშაობა, იმუნური რეაქციების ინტენსივობა იკლებს და ირღვევა. პანკრეასის მიერ გამომუშავებული ორივე ჰორმონი მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლაში, ამიტომ მისი მუშაობის შეფერხება ყოველთვის იწვევს ჭარბ წონასთან დაკავშირებულ პრობლემებს და შაქრიან დიაბეტს. თირკმელზედა ჯირკვლების დისფუნქცია იწვევს ყველაზე ფართო სპექტრის დაავადებებს, მათ შორის - მძიმედ მიმდინარეებსაც, ისეთებს, რომლებსაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო ენდოკრინულ სისტემასთან. ასეთებია სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, გულის დაავადება, ჰიპერტონია, მიოკარდიუმის ინფარქტი. საკვერცხეთა დისფუნქციისას ვითარდება საშვილოსნოს მიომა, მასტოპათია, საკვერცხეთა პოლიკისტოზი, უნაყოფობა და კიბო. სათესლეთა დისფუნქცია იწვევს მამაკაცური ტიპის დარღვევებს, მათ შორის - უნაყოფობასაც. ჰიპოფიზის ჰორმონთა დონის დაქვეითებისას იწყება გაცხიმოვნება, ზრდის შეფერხება, ორგანიზმის გამოფიტვა, სასქესო ორგანოების განლევა, მისი უკანა წილის ფუნქციათა შესუსტებას კი უშაქრო დიაბეტამდე მივყავართ, რომელსაც შარდის ძლიერი გამოყოფა და წყურვილის გაძლიერება ახასიათებს.


- ბოლო ხანს საკმაოდ გახშირდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული ისეთი ტიპის დაავადებები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ოსტატურად ინიღბებიან და მათი გამოვლენა და დიაგნოსტიკა გვიანდება. რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, რომ ამა თუ იმ დაავადებაზე მიიტანოს ეჭვი?

-  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებისას ჯირკვალი დიდდება, გულისცემა ძლიერდება, წონა იკლებს, რაც გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებით, ხშირია დიარეა, ოფლიანობა, იმატებს ნერვულ-ფსიქიკური აღგზნებადობა, ფუნქციის მკვეთრად გამოხატული მომატებისას ვითარდება ეგზოფთალმი - თვალის კაკლების გამობურცვა. ფუნქციის დაქვეითებას კი თან ახლავს ჯირკვლის დაპატარავება, გულის შეკუმშვათა გაიშვიათება, თავს იჩენს სიმსუქნისადმი მიდრეკილება, ყაბზობა, კანის სიმშრალე, ქვეითდება აღგზნებადობის ხარისხი, იცვლება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის ფორმა, ვითარდება შეშუპება. ამ მდგომარეობას მიქსედემას ვუწოდებთ. ფარისებრახლო ჯირკვლების ფუნქციათა მომატება პრაქტიკულად ძალიან იშვიათია. გაცილებით ხშირია დაქვეითება. ამ დროს მცირდება სისხლში კალციუმის დონე, რაც იწვევს ნერვული სისტემის მოტორული აპარატის აღგზნებას და ტეტანური კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას, რაც უფრო მეტად ზედა კიდურებისთვისაა დამახასიათებელი. კრუნჩხვითი შეტევები რამდენიმე წუთიდან 1-2 საათამდე გრძელდება. ეს სიმპტომოკომპლექსი სპაზმოფილიის ან ტეტანიის სახელს ატარებს. თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციათა მომატებას თან სდევს ნაადრევი სქესობრივი მომწიფება; მათი ქერქოვანი შრის ფუნქციათა დაქვეითება გამოიხატება ადისონის დაავადებით, რომლის დროსაც კანი ბრინჯაოსფერი ხდება, ქვეითდება არტერიული წნევა, სისხლში გლუკოზის შემცველობა და ოფლის გამოყოფა; ტვინოვანი შრის ფუნქციათა მომატებისას კი ვითარდება არტერიული ჰიპერტენზიის შეტევები. სასქესო ჯირკვლების ფუნქციის მომატება იშვიათია და უმთავრესად ბავშვობის ასაკში ხდება. ამ შემთხვევაში სასქესო ჯირკვლები დროზე ადრე აღწევენ სრულ სიმწიფეს. მათი ფუნქციის შესუსტება კი ევნუქოიდიზმს იწვევს - ზედა და ქვედა კიდურების არაპროპორციულ ზრდასა და დაგრძელებას, სიმსუქნისადმი მიდრეკილებას, მამაკაცებში ცხიმოვანი შრის ქალური ტიპის გავცელებას და სასქესო ორგანოების განუვითარებლობას, მეორეული სასქესო ნიშნებისა და თმოვანი საფარველის უქონლობას. პანკრეასის ფუნქციის მომატების შედეგი სათანადოდ არ არის შესწავლილი; ცალკეულ გამოვლინებათა სახით შესაძლოა ახასიათებდეს სისხლში შაქრის შემცველობის საგრძნობი დაქვეითება, სიმსუქნისადმი მიდრეკილება. ფუნქციის მომატება კი იწვევს სისხლსა და შარდში გლუკოზის დონის აწევას, შარდვის გაძლიერებას, მადის გაძლიერებას ან, პირიქით, უმადობას. ყოველივე ეს დამახასიათებელია დღეს მსოფლიო პრობლემად ქცეული ისეთი პათოლოგიისთვის, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი.

- რამ შეიძლება დააზიანოს ენდოკრინული ორგანოები და მათ დისფუნქციას შე-უწყოს ხელი?

- არსებობს ენდოკრინული ჯირკვლების დაზიანების პირველადი მიზეზები, როცა სხვადასხვა ტიპის პათოლოგიური პროცესები საკუთრივ ჯირკვალში ვითარდება და იწვევს შესაბამისი ჰორმონების ნორმალური სეკრეციის მოშლას. ამ მიზეზთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე:

  • ინფექციები, ტუბერკულოზი, სიფილისი, მენიგოკოკური სეფსისი, ვირუსული პაროტიტი და სხვა.
  • ხშირია ჯირკვლის სიმსივნური ახალწარმონაქმნით დაზიანებაც. ამ შემთხვევაში ენდოკრინული მოშლილობის ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული სიმსივნის ბუნებაზე - თუ იგი სეკრეტორული უჯრედებიდან იზრდება, ჩვეულებრივ, ჰორმონები ჭარბად პროდუცირდება და ვითარდება ჯირკვლის ჰიპერსეკრეციისთვის (ჰორმონის გაძლიერებული სინთეზისთვის) დამახასიათებელი სურათი; თუ სიმსივნური ქსოვილი აწვება ჯირკვალს, იწვევს მის ატროფიას და ვითარდება ჰიპოსეკრეციისთვის (ჰორმონთა სინთეზის შემცირებისთვის) დამახასიათებელი სურათი.
  • ზოგჯერ სიმსივნეს მეტასტაზური ბუნება აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მსგავსი ქსოვილოვანი წარმონაქმნები ისეთი ჰორმონების პროდუქციას იწყებენ, რომელიც ნორმაში არ არის დამახასიათებელი მოცემული ჯირკვლისთვის.
  • ენდოკრინული ჯირკვლების დისფუნქცია შესაძლოა უკავშირდებოდეს თანდაყოლილ დეფექტებს - ჯირკვლის არანორმალურ განვითარებას ან განლევას.
  • აუტოიმუნურ პროცესებსაც ძალუძთ ჰორმონთა ჰიპერპროდუქციის გამოწვევა.
  • ჰორმონთა არანორმალური სინთეზი შესაძლოა უკავშირდებოდეს იმ ფერმენტების მემკვიდრეობით დეფექტებს, რომლებიც მათი სინთეზისთვის ან აქტივაციისთვისაა აუცილებელი.
  • ჰორმონთა არანორმალური ბიოსინთეზის მიზეზად შესაძლოა იქცეს იმ სპეციფიკური სუბსტრატების დეფიციტიც, რომელიც მათ შემადგენლობაში შედის. ასეთია, მაგალითად, იოდი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ნორმალური სინთეზისთვის.
  • ენდოკრინული მოშლილობების ერთ-ერთი მიზეზია ჰორმონთა ბიოსინთეზის განლევა, რაც ჯირკვლის ხანგრძლივი სტიმულაციისა და მისი ჰიპერფუნქციის შედეგს წარმოადგენს.

არსებობს ენდოკრინული მოშლილობების არაჯირკვლოვანი მიზეზებიც, როდესაც ორგანოს ნორმალური ფუნქციობის პირობებშიც კი ყველაფერი არ არის რიგზე, ამის მიზეზია სამიზნე უჯრედებამდე ჰორმონისა და ცილების გადატანის დარღვევა, ჰორმონის ინაქტივაცია ან მისი ცირკულაციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ჰორმონის ჩართვის დარღვევა. ხდება ისეც, რომ ზოგჯერ საკუთარ ჰორმონებს ორგანიზმი უცხოდ აღიქვამს და იწყებს მის საწინააღმდეგოდ ანტისხეულების გამომუშავებას, რაც ასევე ბლოკავს ჰორმონის ფუნქციებს.

- რა წესების დაცვაა საჭირო ჰორმონებზე ანალიზის ჩაბარებისას?

-  ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების, თავისუფალი თ3-ის (ტრიიოდთირონინის), თ4-ისა და თირეოტროპული ჰორმონის კონცენტრაციის დასადგენად სისხლის აღება ხდება უზმოზე. მანამდე, აუცილებელია, პაციენტმა 30 წუთი მაინც გაატაროს სრულ სიმშვიდეში. ფოლიკულმასტიმულებელ ჰორმონზე ანალიზისთვის ქალმა სისხლი უნდა აიღოს მენსტრუალური ციკლის მე-3-8 ან მე-19-21-ე დღეს, მამაკაცს კი ნებისმიერ დღეს შეუძლია აღება, ოღონდ აუცილებლად უზმოზე. იმავე დროს, ასევე უზმოზე, უნდა ჩაბარდეს სისხლი მალუთეინიზებელი ჰორმონის გამოსაკვლევად. პროლაქტინის განსაზღვრისთვის აუცილებელია ანალიზი ჩაბარდეს მენსტრუალური ციკლის პირველ ან მეორე ფაზაში, უზმოზე და აუცილებლად დილით, სისხლის აღებამდე 30 წუთი პაციენტმა სრულ სიმშვიდეში უნდა გაატაროს. ესტრადიოლის დონის დასადგენად შესაძლებელია ანალიზის ჩაბარება მენსტრუალური ციკლის მთელ პერიოდში. პროგესტერონი - მისი დონე უმჯობესია შემოწმდეს მენსტრუალური ციკლის მე-19-21-ე დღეს. ტესტოსტერონზე სისხლის ჩაბარება როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის ნებადართულია ნებისმიერ დღეს. ინსულინზე გამოსაკვლევად სისხლი ბარდება აუცილებლად უზმოზე, საჭიროების შემთხვევაში - ჭამიდან 2 საათის შემდეგ.