პროლაქტინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროლაქტინი

სისხლში პროლაქტინის შემცველობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირია. ყველაზე მაღალია ძილის დროს და გამოღვიძებიდან მოკლე ხნის განმავლობაში. პროლაქტინის შემცველობა მნიშვნელოვნად იმატებს ფიზიკური თუ ემოციური სტრესის დროს. მისი მომატების მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტიც. ჰიპოფიზის სიმსივნის დროს სისხლში პროლაქტინის შემცველობა საგრძნობლად იმატებს, ხოლო ამ ჯირკვლის სერიოზული დაზიანებისას იკლებს. ჰიპოფიზის სიმსივნეს, რომელიც პროლაქტინის პროდუქციას ახდენს, პროლაქტინომას უწოდებენ. პროლაქტინომა ჰიპოფიზის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმსივნეა, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანი ბუნებისა. ქალებში უფრო ხშირია, თუმცა გვხვდება მამაკაცებშიც. პროლაქტინომა ადამიანის ორგანიზმს ორი მიზეზით უქმნის პრობლემებს. ერთია ჰორმონ პროლაქტინის ჭარბი პროდუქცია, რაც არაორსულ ქალებსა და მამაკაცებშიც კი რძის გამოყოფას იწვევს; მეორე - სიმსივნის ზრდა და მისი ზეწოლა ირგვლივ მდებარე სტრუქტურებზე. როდესაც სიმსივნე საგრძნობლად იზრდება, მხედველობის ნერვზე მისი ზეწოლის გამო ვითარდება თავის ტკივილი, ირღვევა მხედველობა. გარდა ამისა, იმატებს ჰიპოფიზის მიერ პროდუცირებული სხვა ჰორმონების დონეც და ორგანიზმზე მათი ზემოქმედების შედეგიც იჩენს თავს. პროლაქტინომა, ჩვეულებრივ, მცირე ზომისაა. როდესაც არსებობს ეჭვი ამ სიმსივნის თაობაზე, ექიმი, გარდა სისხლში პროლაქტინის განსაზღვრისა, ნიშნავს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას წარმონაქმნის ზომისა და მდებარეობის ზუსტად დასადგენად. პროლაქტინის სიჭარბე ქალებში იწვევს უნაყოფობას, არარეგულარულ მენსტრუაციას, მამაკაცებს თანდათან უქვეითდებათ სქესობრივი ფუნქცია და ლტოლვა.

როდის ტარდება პროლაქტინის გამოკვლევა

სისხლში პროლაქტინის შემცველობის განსაზღვრის მიზანია:

  • გალაქტორეის ანუ რძის გამოყოფის მიზეზის დადგენა;
  • თავის ტკივილისა და მასთან ერთად მხედველობის მოშლის მიზეზის დადგენა;
  • მამაკაცებში უნაყოფობისა და ერექციული დისფუნქციის მიზეზის დადგენა;
  • ქალებში უნაყოფობის მიზეზის დადგენა;
  • პროლაქტინომის დიაგნოსტიკა;
  • ჰიპოფიზის ფუნქციის დადგენა;
  • მეთვალყურეობა პროლაქტინომის მკურნალობისას.

ამის კვალობაზე, სისხლში პროლაქტინის გამოკვლევა მაშინ ინიშნება, როდესაც პაციენტს აქვს პროლაქტინომის სიმპტომები - აუხსნელი თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა და/ან რძის გამოყოფა, რაც არ უკავშირდება ორსულობას ან ძუძუთი კვებას. მხოლოდ თავის ტკივილი არ არის საკმაო საფუძველი საიმისოდ, რომ პროლაქტინის დონის მატება ვივარაუდოთ და გამოკვლევა ჩავატაროთ. პროლაქტინის დონის განსაზღვრა რეკომენდებულია მაშინაც, როცა ქალს აქვს არარეგულარული მენსტრუაცია ან ვერ ორსულდება; მამაკაცს აღენიშნება დაქვეითებული სქესობრივი ლტოლვა, რძის გამოყოფა ან არ შესწევს ბავშვის ჩასახვის უნარი. წესისამებრ, ჩამოთვლილ შემთხვევებში პროლაქტინის გამოკვლევა ტარდება არა იზოლირებულად, არამედ სხვა ჰორმონულ ანალიზებთან ერთად.

რაზე მეტყველებს კვლევის შედეგები

მამაკაცს და ქალს, რომელიც არც ორსულადაა და არც ძუძუს აწოვებს, სისხლში პროლაქტინის შემცველობა მცირე აქვს. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, მაჩვენებელი დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. პიკს ის დილისათვის აღწევს. ამაზეა დამოკიდებული სისხლის აღების დრო. იდეალურ შემთხვევაში გამოკვლევა უნდა ჩატარდეს გაღვიძებიდან მცირე ხნის შემდეგ; სისხლის აღებას წინ უნდა უძღოდეს 30-წუთიანი მოსვენების პერიოდი. თუმცა არ არის გამორიცხული,Yგარკვეული მოსაზრებებით ექიმმა გამოკვლევა სხვა დროისთვისაც დანიშნოს. პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი ნორმაა ორსულისა და ახალნამშობიარები მეძუძური დედისთვის. გარდა ამისა, სისხლში მისი მაღალი შემცველობის  მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ანორექსია;
  • ზოგიერთი მედიკამენტით - ესტროგენებით, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით, ოპიატებით, ამფეტამინით, რეზერპინით, ვერაპამილით, მეთილდოფათი, ციმეტიდინით - მკურნალობა;
  • ჰიპოთალამუსის დაავადება;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
  • თირკმლის დაავადება;
  • ძუძუსთავების სტიმულაცია;
  • ჰიპოფიზის სიმსივნე და სხვა დაავადებები;
  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი;
  • პროლაქტინომა.

პროლაქტინის ზომიერი მატება შესაძლოა განპირობებული იყოს სტრესით, ტრავმით, ავადმყოფობით და სისხლის აღების წინ შიშითაც კი. პროლაქტინის დონის დაქვეითებას, ჩვეულებრივ, არ მკურნალობენ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ის ჰიპოფიზის ფუნქციის დაქვეითების ნიშანი იყოს. გარდა ამისა, პროლაქტინის დონის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტით - დოფამინით, ლევოდოფათი, ერგოტამინის პრეპარატებით - მკურნალობამ.


როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის

უმჯობესია, გამოკვლევა ჩატარდეს უზმოზე, გაღვიძებიდან არა უმეტეს 3-4 საათის შემდეგ, სისხლის აღების წინ სასურველია 30-წუთიანი მოსვენება. ვინაიდან ძუძუსთავების სტიმულაცია პროლაქტინის მატების ერთ-ერთი მიზეზია, გამოკვლევამდე 24 საათის განმავლობაში ქალმა არ უნდა აწოვოს ძუძუ. ამ პერიოდში არც სარძევე ჯირკვლიდან გამონადენის არსებობის შემოწმებაა რეკომენდებული.

პროლაქტინის ნორმალური მაჩვენებლები

სხვადასხვა მეთოდით კვლევის შემთხვევაში პროლაქტინის ნორმა სხვადასხვანაირია, რის გამოც კვლევის შედეგებთან ერთად ლაბორატორიამ უნდა მიუთითოს ნორმის საზღვრებიც. არაორსული ქალებისთვის პროლაქტინის ნორმაა 4-23 ნანოგრამი მილილიტრში (ნგ/მლ) ან 4-23 მიკროგრამი ლიტრში (მკგ/ლ). მამაკაცებისთვის - 3-15 ნგ/მლ ან 3-15 მკგ/ლ; ორსულებისთვის - 34-386 ნგ/მლ ან 34-386 მკგ/ლ.

რაზე მეტყველებს მაღალი მაჩვენებლები

თუ მაჩვენებელი ნორმას აჭარბებს, ნუ იჩქარებთ იმ დასკვნის გამოტანას, რომ პროლაქტინომა გაქვთ და უმალვე მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევასა და მისთვის საჭირო თანხების მოძიებაზე ფიქრს ნუ დაიწყებთ. თავდაპირველად ამ შედეგებით მიმართეთ ექიმს, რომელმაც გამოკვლევა დანიშნა. ექიმი განმეორებით შეაფასებს, ხომ არ შეიძლება ყოფილიყო მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ზოგიერთი ფაქტორი. გარდა ამისა, ექიმი მიღებულ შედეგებს აუცილებლად შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც აღემატება 200 ნგ/მლ-ს, შესაძლოა განხილულ იქნეს როგორც პროლაქტინომის სიმპტომი. ამ შედეგის მიღებისას ინიშნება მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. პროლაქტინის ნორმალური ან დაბალი მაჩვენებელი ყოველთვის არ გამორიცხავს პროლაქტინომის არსებობას, ამიტომ სხვა სიმპტომების არსებობისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა შეიძლება მაინც დაინიშნოს. მიუხედავად თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებისა, არის შემთხვევები, როცა პროლაქტინის მატების მიზეზი უცნობი რჩება. ამ შემთხვევაში საუბრობენ იდიოპათიური ჰიპერპროლაქტინემიის შესახებ. ანალოგიურ სიტუაციაში ხშირად პროლაქტინის მაჩვენებელი ყოველგვარი მკურნალობის გარეშე უბრუნდება ნორმას.

სტატისტიკის თანახმად

ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, ჰიპერპროლაქტინემია მოსახლეობის 1%-ს აღენიშნება და პაციენტთა 10-40%-ში ვლინდება მენსტრუაციის უქონლობით - ამენორეით (იგულისხმება მენსტრუაციის უქონლობა 3 თვის განმავლობაში, ანდა წელიწადში 9-ზე ნაკლები მენსტრუაცია). იმ პაციენტთა 75%-ს, რომლებიც გალაქტორეისა და ამენორეის გამო მიმართავენ ექიმს,  ჰიპერპროლაქტინემია აქვს. ამ პაციენტთა 30%-ს პროლაქტინის წარმომქმნელი სიმსივნე აღმოაჩნდება.

მკურნალობა

ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალო ორი ყველაზე ხშირად გამოყენებული მედიკამენტია ბრომოკრიპტინი და დოსტინექსი. ჩვეულებრივ,  პირველი არჩევანი ბრომოკრიპტინია. თუ პაციენტი მას ვერ იტანს ან ექიმი პრეპარატს შეუფერებლად მიიჩნევს, ინიშნება დოსტინექსი. ორივე მათგანი ხელს უწყობს დოფამინის წარმოქმნას, დოფამინი კი პროლაქტინის სეკრეციას აფერხებს. ექიმი პერიოდულად ლაბორატორიული კვლევით ამოწმებს პროლაქტინის შემცველობას სისხლში, რათა მკურნალობის ეფექტიანობა განსაზღვროს. ჰიპოფიზის დიდი ზომის მზარდი ადენომის შემთხვევაში შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს ქირურგიული მკურნალობა.