ადიპონექტინი და მისი ფუნქციები (კავშირი სიმსუქნესა და გენეტიკასთან)
სერიოზული ქრონიკული მეტაბოლური დაავადებების, კერძოდ, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში მისი როლის გამო.
ადიპონექტინის როლი ორგანიზმში
ადიპონექტინი და სხვა ჰორმონები სისხლის მიმოქცევის გზით გადაადგილდებიან სხეულის სხვადასხვა ნაწილში, სადაც სპეციფიკურ ფუნქციებს ასრულებენ. ადიპონექტინი მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების დაშლასა და სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებაში. ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში (მეტაბოლიზმში), მაგალითად, აფერხებს არტერიების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნის პროცესს და ამცირებს სისხლის შედედების რისკს.
ცნობილია, რომ ცხიმის (ქონის) უმეტეს ნაწილს ორგანიზმში თეთრი ცხიმოვანი ქსოვილი შეადგენს. ეს ქსოვილი ორგანიზმის ენერგეტიკულ რეზერვს წარმოადგენს ხანგრძლივი შიმშილის პერიოდში. თეთრი ცხიმოვანი ქსოვილი ასევე გამოიმუშავებს ჰორმონებს, მათ შორის ადიპონექტინს. ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბისას, ისევე როგორც სიმსუქნის დროს, ადიპონექტინის წარმოება ნელდება, რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და გულის დაავადებათა რისკს.
ადიპონექტინს გავლენა აქვს ორგანიზმში არსებულ მრავალ მნიშვნელოვან პროცესზე. ის ახდენს იმუნური სისტემის მოდულირებას, ზღუდავს (აფერხებს) პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის ინტერლეიკინ-8-ის ჭარბ წარმოებას და ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას. ადიპონექტინი ასევე ცნობილია როგორც GBP-28, apM1, AdipoQ და Acrp30.
ადიპონექტინის დაბალი დონე
ადიპონექტინის დაბალი დონე გვხვდება 4 გავრცელებული მეტაბოლური პრობლემის მქონე ადამიანებთან:
1) დიაბეტი ტიპი-2
ამ დაავადების დროს ვლინდება ინსულინრეზისტენტობა, მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ინსულინს, მაგრამ არ რეაგირებს მის ეფექტებზე. ადიპონექტინი ორგანიზმს ინსულინის მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.
2) ღვიძლის დაავადებები
ადიპონექტინი იცავს ჰეპატოზის, ფიბროზისა და ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნისგან.
3) სიმსუქნე
სიმსუქნე მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში ძალიან ბევრი ცხიმის დაგროვების შემთხვევაში ვითარდება. ჭარბი ცხიმი, განსაკუთრებით მუცლის არეში, ორგანიზმში ნეგატიური ცვლილებების კასკადს იწვევს. წარმოიქმნება სუნთქვის პრობლემები და იზრდება ზეწოლა დიაფრაგმაზე. ამავდროულად, ცხიმი გროვდება ღვიძლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ მნიშვნელოვანი ორგანოს დაზიანება. ჭარბწონიან და სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებს ადიპონექტინის საშუალოზე დაბალი დონე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვთ, მათი ცხიმოვანი უჯრედები ნაკლებ ადიპონექტინს გამოიმუშავებენ. ორგანიზმის რეაქცია სიმსუქნეზე – ქრონიკული ანთებაა, რომელიც გამოწვეულია ცხიმოვანი ქსოვილით. ქრონიკული ანთება დიდ სტრესს აყენებს ორგანიზმს, რაც იწვევს ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანებას. ადიპონექტინი არის ანთების საწინააღმდეგო მოლეკულა, მაგრამ როდესაც ჰორმონის დონე მცირდება, მას არ შეუძლია სიმსუქნით გამოწვეულ ქრონიკულ ანთებასთან შებრძოლება.
3) გულის დაავადებები
გულის დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არტერიების ლორწოვან გარსზე ათერომული ფოლაქების დაგროვებაა (ათეროსკლეროზი). ათეროსკლეროზი გამოწვეულია არასწორი კვებითა და გენეტიკური ფაქტორებით. ის ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რისკს და ხშირია სიმსუქნის დროს. ჯანმრთელ ადამიანებთან ადიპონექტინი აფერხებს ამ პროცესებს, მაგრამ ადიპონექტინის დაბალი დონის მქონე სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებთან ეს დაცვა მცირდება.
ადიპონექტინი და ლეპტინი
ლეპტინი არის დანაყრების ჰორმონი, რომელიც კომუნიკაციას ამყარებს ტვინთან იმ ნიშნის (სიგნალის) მისაცემად, რომ ადამიანი დანაყრდა და მეტი საკვები არ სჭირდება. ლეპტინიც და ადიპონექტინიც პეპტიდური ჰორმონებია, რომლებიც გამოიყოფა თეთრი ცხიმოვანი ქსოვილის მიერ. ჭარბწონიანი ადამიანების ტვინი ნაკლებად მგრძნობიარეა ლეპტინის სიგნალების მიმართ, ამიტომაც ორგანიზმი სულ უფრო და უფრო მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, რათა ადამიანმა საბოლოოდ შეწყვიტოს ჭამა.
ლეპტინის რეცეპტორის გენის (LEPR) მუტაციები ზრდის სიმსუქნისა და ინსულინრეზისტენტობის რისკს. ლეპტინი არის პროანთებითი მოლეკულა, რომელიც ხელს უწყობს სიმსუქნის დროს ქრონიკულ ანთებას. როდესაც ანთების საწინააღმდეგო ადიპონექტინის დონე დაბალია, ხოლო ლეპტინისა – მაღალი, ეს მხოლოდ აღრმავებს ქრონიკულ ანთებას, რომელიც სიმსუქნის განმასხვავებელი ნიშანია.
შეუძლია თუ არა ადიპონექტინის გარკვეულ დონეს წონის დაკლებაში დახმარება?
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ წონის დაკლებას შეუძლია ადიპონექტინის დონის გაზრდა. წონის დაკლების რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ სხეულის წონისა და წელის გარშემოწერილობის შემცირება აუმჯობესებს ადიპონექტინის დონეს. გარდა ამისა, მას სხვა სარგებელიც აქვს, როგორებიცაა:
- ინსულინის დონის შემცირება;
- სისხლში შაქრის დონის შემცირება;
- ქოლესტერინის („ცუდის“) და C-რეაქტიული ცილის (ანთების მარკერის) შემცირება.
მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ადიპონექტინსა და სხეულის წონას შორის კავშირი აღმოაჩინეს, დაიწყეს იმის კვლევა, შეუძლია თუ არა ადიპონექტინს დაეხმაროს ადამიანებს წონის დაკლებაში.
ჰორმონის მაღალი დონე
ადიპონექტინის დაბალი დონე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მაჩვენებელი. თუმცა, ჰორმონის მაღალი დონეც არ არის კარგი.
ადიპონექტინის მომატებული დონე დაკავშირებულია რამდენიმე დაავადებასთან, ესენია:
- ნაწლავის ანთებითი დაავადება;
- რევმატოიდული ართრიტი;
- გულის უკმარისობა;
- თირკმლის უკმარისობა;
- ფილტვის დაავადებები.
კვლევები აჩვენებს, რომ ადიპონექტინის მომატებული დონე დაკავშირებულია ანთებასთან, რაც ორგანიზმში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. მეტიც, რაც უფრო მაღალია ადიპონექტინის დონე სისხლში, მით უფრო დაბალია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკი.
როგორ განისაზღვრება ადიპონექტინის დონე ორგანიზმში
ორგანიზმში ჰორმონის დონის დადგენა შესაძლებელია სისხლის (ვენური) ანალიზით. ექიმი, როგორც წესი, ამ ანალიზს ნიშნავს, მეტაბოლურ სინდრომზე ან შაქრიან დიაბეტზე ეჭვისას. ადიპონექტინის დონე განსხვავდება, და ინდივიდუალურია ყოველ ადამიანთან, დამოკიდებულია სქესსა და სხეულის წონაზე.
რა ახდენს გავლენას ადიპონექტინის დონეზე?
ჰორმონის დონე დიდწილად დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე, თუმცა მასზე გავლენას ახდენს ჯანმრთელობის გარკვეული მდგომარეობა და კვებაც. ორგანიზმში საკვებით მოხვედრილი გარკვეული სახის ცხიმები, გარდაიქმნება ჰორმონებად, მათ შორის ადიპონექტინად. სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებთან, ჰორმონის დონე სისხლში მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მას ცხიმოვანი უჯრედები გამოიმუშავებენ. რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებთან ამ ჰორმონის დონე იმატებს.
ადიპონექტინი და გენეტიკა
ჰორმონის დონესთან და ფუნქციასთან ათობით გენის ვარიანტი ასოცირდება. კვლევები აჩვენებს, რომ გენეტიკურ მუტაციას შეუძლია ახსნას ადამიანის ორგანიზმში ადიპონექტინის დონის ცვალებადობის 30-დან 70%-მდე. ADIPOQ გენის ოთხი ვარიანტი ასოცირდება ჰორმონის კონცენტრაციასთან. ამ ვარიაციებიდან არც ერთი არ არის დაკავშირებული შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან. ARL15 გენში აღმოაჩინეს დნმ-ის სხვა უბანი, რომელიც ასოცირდება როგორც დაავადების განვითარებასთან, ასევე ადიპონექტინის დონესთან.
ეს გენი აკოდირებს ცილას, რომლის ზუსტი ფუნქცია უცნობია. სტრუქტურულად, ის მიეკუთვნება ცილების ოჯახს, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებების უჯრედშიდა ტრანსპორტირებას. ამ გენის მუტაციები ასოცირდება ადიპონექტინის დონის შემცირებასთან და მეტაბოლური დარღვევების გაზრდილ რისკთან.
სასურველია თუ არა ადიპონექტინის დანამატების მიღება?
ადიპონექტინის დამცავი თვისებების აღმოჩენის შემდეგ, ფარმაცევტული კომპანიები და დანამატების მწარმოებლები ცდილობენ მის გამოყენებას რეკლამირებისთვის. მაგრამ უნდა მოვტყუვდეთ თუ არა არაკეთილსინდისიერი მარკეტოლოგების გამო? აქვთ თუ არა ჭარბი ცხიმის მწველ დანამატებს გვერდითი მოვლენები?
საყურდღებოა, რომ დაბალი ხარისხის და ზოგჯერ სახიფათო დანამატების გასაღების რისკი კვლავ მაღალია. თუ გსურთ ზედმეტი კილოგრამების დაკლება, უმჯობესია ეს ნელა გააკეთოთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ წონის დაკლებისთვის საჭირო დრო პროპორციულია მისი აღდგენისთვის განკუთვნილი დროისა. რაც უფრო სწრაფად იკლებს ადამიანი წონას, მით უფრო მაღალია მისი სწრაფად აღდგენის რისკი.
როგორ გავზარდოთ ადიპონექტინის დონე ორგანიზმში?
- წონის დაკლება
სხეულის წონისა და წელის გარშემოწერილობის შემცირება აუმჯობესებს ადიპონექტინის დონეს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შეიძლება ეფექტური იყოს დაბალკალორიული და მაღალცხიმიანობით გამორჩეული დიეტები. ისინი არა მხოლოდ ზრდიან ადიპონექტინის დონეს, არამედ ამცირებენ წელის გარშემოწერილობას. გარდა ამისა, მას სხვა სარგებელიც აქვს, როგორიცაა ინსულინის, შაქრის, „ცუდი“ ქოლესტერინისა და ჩ-რეაქტიული ცილის (ანთების მარკერი) დონის, შემცირება სისხლში.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰორმონის დონის ასამაღლებლად აუცილებელია წონის, სულ მცირე, 10%-ით დაკლება. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი იწონის 95 კგ-ს, ჰორმონის სეკრეციის გასაუმჯობესებლად 9,5 კგ უნდა დაიკლოს.
- კვების რაციონის ცვლილება
ადიპონექტინი საკვებში არ გვხვდება, მაგრამ გარკვეულ პროდუქტებს შეუძლიათ ორგანიზმში ადიპონექტინის წარმოების გაზრდის ხელშეწყობა.
ცნობილია სამი სანელებელი, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს ადიპონექტინის ბუნებრივად გამომუშავებაში:
- კურკუმა;
- წიწაკა ჩილი;
- ჯანჯაფილი.
გარდა ამისა, ომეგა-3 უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ცილებითა და მცენარეული ბოჭკოებით მდიდარი საკვები დადებითად მოქმედებს ადიპონექტინის სინთეზზე. ამისთვის იდეალურია ხმელთაშუა ზღვის დიეტა.
- რეგულარული ვარჯიში
კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა იწვევს ადიპონექტინის დონის გაუმჯობესებას.