ენდოკრინოლოგი სალომე ფანჩვიძე ფარისებრი ჯირკვლის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასუქებს თუ არა ჰორმონალური მკურნალობა? - ენდოკრინოლოგი სალომე ფანჩვიძე ფარისებრი ჯირკვლის შესახებ გავრცელებული მითების შესახებ

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძრავაა, რომლის გამართულ მუშაობაზეც პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი ენერგია, წონა, გუნება-განწყობილება და ზოგადი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობა. მიუხედავად ამისა, მის გარშემო საზოგადოებაში უამრავი მითი თუ არასწორი წარმოდგენა არსებობს.

რა სიმპტომებით ვლინდება ენდოკრინული დარღვევები, როგორ მოქმედებს ისინი ქალებსა თუ მამაკაცებზე, რა როლს თამაშობს კვება და რეალურად რას უნდა ველოდოთ მკურნალობისგან? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ენდოკრინოლოგი სალომე ფანჩვიძე დეტალურად გვესაუბრება

– სალომე, რატომ ითვლება საქართველო იოდ დეფიციტის ენდემურ კერად? რა გეოგრაფიული და გარემო ფაქტორები განაპირობებს ამას და შეიცვალა თუ არა რამე ბოლო წლებში?

– წლების წინ ნამდვილად იყო საქართველო იოდ დეფიციტური ქვეყანა. თუმცა, ბოლო წლების მონაცემებით, იოდ დეფიციტურ რეგიონად აღარ ვითვლებით, რაც განაპირობა მოსახლეობის მიერ იოდიზირებული მარილის მოხმარებამ. ჩვენს ქვეყანაში კანონმდებლობით რეგულირდება ეს საკითხი.

– როგორ მიხვდეს ადამიანი, რომ ჩემი გაღიზიანება და „ცუდი ხასიათი“ უბრალოდ გადაღლილობა კი არა, ფარისებრი ჯირკვლის ბრალია?

– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დროს ჩივილები იმდენად თვალში საცემია, რომ პაციენტები გრძნობენ მკვეთრ ცვლილებას ადრინდელ მდგომარეობასა და ბოლო პერიოდის თვითგრძნობას შორის. ასევე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გაღიზიანებადობა ან უგუნებობა არაა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ჩივილები, დამატებით ისეთი ჩივილები იჩენს თავს, რაც აქამდე არ ჰქონია ადამიანს.

– რატომ იკლებენ ზოგიერთი ადამიანები წონაში ფარისებრი პრობლემების დროს და ზოგიც, პირიქით, იმატებს?

- ეს განპირობებულია იმით, თუ ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებაა კლინიკურად მანიფესტირებული. ჰიპოთირეოზს, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შენელებას, ახასიათებს უმიზეზო წონის მატება, ხოლო ჰიპერთირეოზს, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერებას, ახასიათებს, პირიქით, წონის უმიზეზო კლება. ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის მეტაბოლიზმზე მოქმედი ჰორმონია, სწორედ მეტაბოლიზმის აჩქარება ან შენელება განაპირობებს წონის ცვლილებას. აქ, რა თქმა უნდა, 20 და 30 კგ-ს მატებაზე არაა საუბარი.

– თუ დიეტაზეა ადამიანი, ვარჯიშობს და მაინც არ იკლებს წონაში, შეიძლება მიზეზი ფარისებრში იყოს?

– დიეტა საკმაოდ მკაცრად ჟღერს, მე ყოველთვის დაბალანსებული რაციონის მომხრე ვარ, სადაც აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შედის. რაც შეეხება სწორ კვებას + სწორ ვარჯიშს და კლების არარსებობას, პირდაპირ კავშირში შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან.

eqoskopia-1779736996.jpg

– მკურნალობის დაწყებას ბევრი პაციენტი ერიდება, რადგან ეშინიათ, რომ ჰორმონალური პრეპარატები წონაში გაასუქებთ. რამდენად რეალურია ეს შიში?

– ეს ნამდვილად მითია და ძალიან მინდა დაიმსხვრეს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შენელებას, ანუ ჰიპოთირეოზს, ახლავს უმეტესად წონის არაბუნებრივი მატება. როდესაც ინიშნება შესაბამისი ჩანაცვლებითი მედიკამენტი, ამ დროს პაციენტები იკლებენ სწორედ ჰიპოფუნქციის დროს მომატებულ კილოგრამებს. ეს ნიშნავს, რომ სწორად მიმდინარე მკურნალობის დროს, მაშინ როცა ყველასთვის ნაცნობი ჰორმონი TSH ნორმის ფარგლებს უბრუნდება, წონაში არ იმატებს ადამიანი.

– რატომ ჰგონიათ მამაკაცებს, რომ ჩიყვი მარტო ქალების „პრივილეგიაა“? რა სიმპტომებით ვლინდება ეს კაცებში?

– მამაკაცებს რატომ ჰგონიათ ასე, ნამდვილად გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუმცა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ორივე სქესისთვისაა დამახასიათებელი და სიმპტომურადაც იდენტური გამოვლინება აქვს. ზოგადად მინდა აღვნიშნო: ის ჩივილები, რაც წიგნებში ან ინტერნეტშია აღწერილი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო ან ჰიპერფუნქციისთვის, ყოველთვის, ყველა სიმპტომი არ იჩენს თავს და სწორედ ამისთვისაა აუცილებელი, პერიოდულად მივმართოთ ენდოკრინოლოგს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გადამოწმებისთვის.

mamakaci-1779736206.jpg

– მამაკაცებში ჰორმონალური დისბალანსი ხომ არ აისახება მათ ენერგიასა და ლიბიდოზე?

– რა თქმა უნდა, აისახება და ეს ლოგიკურიცაა, იმიტომ რომ ენერგია, გამძლეობა და ლიბიდო პირდაპირ კავშირშია ბალანსირებულ ჰორმონალურ სპექტრთან, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებშიც.

– რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა ფსიქოლოგთან მისული პაციენტის რეალური პრობლემა ენდოკრინულია?

– ვფიქრობ, თანაბრად ხშირია. როგორც ენდოკრინოლოგთან მისული პაციენტები, მაგალითად, ემოციური/გართობითი კვებით, ხვდებიან ენდოკრინოლოგთან ჭარბი წონის მიზეზით. ზოგადად ვფიქრობ, ჭარბი წონის და სიმსუქნის მართვაში ფსიქოლოგის როლი შეუცვლელია.

– რატომ არის სახიფათო, როცა ადამიანები სტრესს „დამამშვიდებლებით“ ებრძვიან, რეალურად კი ენდოკრინული პრობლემა აქვთ?

– სახიფათოზე მეტად, ალბათ, დაკარგული დროა. თუკი არ გვარდება ენდოკრინული კუთხით დარღვევები, ანტიდეპრესანტის მიღება მხოლოდ ფონის შექმნა და რეალური სურათის გადაფარვაა.

– აუცილებელია თუ არა მაშინვე ანალიზების მთელი სპექტრი გავაკეთო, თუ საკმარისია მარტო ერთი ჰორმონის შემოწმება?

– ერთი ჰორმონის შემოწმება, სამწუხაროდ, სრულ სურათს არ გვიქმნის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ რაც კი ენდოკრინული ანალიზები არსებობს, ყველაფერი გამოვუკვლიოთ პაციენტს. აუცილებელია დეტალურად ჩივილების მოსმენა, ანამნეზის შესწავლა და ამის მიხედვით მიზნობრივი კვლევების დანიშვნა.

– რა უნდა ვჭამოთ ისეთი, რომ ცოტათი მაინც დავეხმაროთ ჯირკვალს, თუ მთაში არ ვცხოვრობთ და ზღვის პროდუქტებსაც იშვიათად მივირთმევთ?

– თუკი იოდით მდიდარ საკვებ პროდუქტებთან ნაკლებია წვდომა, იოდიზირებული მარილის ყოველდღიურ რაციონში ზომიერი გამოყენება არის გამოსავალი.

  1. პირველი და ყველაზე ხელმისაწვდომი, როგორც უკვე აღვნიშნე, ესაა იოდიზირებული მარილის ზომიერი გამოყენება.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია სელენის როლი ფარისებრი ჯირკვლის გამართულ ფუნქციონირებაში. მოდით, ჩამოვთვალოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ იოდს და სელენს:

  • იოდის შემცველი საკვები (ყველაზე მდიდარი წყარო): ზღვის თევზი (ვირთევზა, ორაგული, სკუმბრია, თინუსი), კრევეტები, მიდიები, ზღვის კომბოსტო, კვერცხი, რძე და იოგურტი, ხაჭო და ყველი.
  • სელენის შემცველი საკვები (ყველაზე მდიდარი წყარო): ბრაზილიური კაკალი (დღეში 1–2 ცალიც ხშირად საკმარისია), თუმცა ჯერ დარწმუნდით, რომ არ გაქვთ მასზე ალერგია და მხოლოდ ამის შემდგომ ჩართეთ რაციონში.

სხვა კარგი წყაროებია: თინუსი, სარდინი, კვერცხი, ინდაურის და ქათმის ხორცი, მზესუმზირას თესლი, სოკო, მთლიანი მარცვლეული: შვრია, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, ქერი, ფეტვი, კინოა, მთლიანი ხორბალი, ბულგური, ჭვავი.

kveba-1779735945.jpg

– სეზონურობა რამდენად მოქმედებს? მაგალითად, გაზაფხულზე რატომ ვგრძნობთ ყველა უფრო მეტად ჰორმონალურ ცვლილებებს?

– გაზაფხული ახალი სიცოცხლის და განახლების სიმბოლოა როგორც ლიტერატურაში, ასევე ადამიანის ფიზიოლოგიაში. ცირკადული რითმის არევა ხშირია გაზაფხულის პერიოდში, ასევე ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, რომელიც ზამთარს ახლავს. განსაკუთრებით დე ვიტამინის, რომელიც ადამიანების გუნება-განწყობასა და ზოგად ფიზიკურ შესაძლებლობაზე ახდენს გავლენას.

– ადამიანების დიდი ნაწილი დილას ყავით იწყებს, რათა „გამოფხიზლდეს“. ფარისებრის პრობლემების დროს ხომ არ ჯობია ყავა რამე სხვა სასმელით ჩავანაცვლოთ, ან საერთოდ როგორ დავიწყოთ დილა, რომ ორგანიზმი „ავამუშაოთ“?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყავასთან ნაკლებ კავშირშია. როგორც ენდოკრინული, ისე არა ენდოკრინული დარღვევების დროს, ყოველთვის სჯობს: პირველი – მივიღოთ ხარისხიანი ყავა (მარცვლები უმჯობესია) და მეორე – ესაა ზომიერება, არაა სასურველი დღეში 2-3 ჭიქაზე მეტის მიღება. განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტებმა.

დილის დაწყებას გირჩევთ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყლით. ადამიანის ორგანიზმს წყალი სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი. ჩვენი უჯრედებისთვის წყალი აუცილებელია, რათა იფუნქციონირონ მწყობრში და გამართულად. ჭიქა წყლის შემდგომ კი გირჩევდით დილა დაიწყოთ ბალანსირებული საუზმით, სადაც აუცილებლად იქნებოდა ჩართული კვერცხი, მთლიანი მარცვლისგან დამზადებული პური, რძის პროდუქტი.

– არსებობს ძველი თქმულება, რომ ქარვის მძივი ჩიყვს არჩენს. მართლა აქვს ქარვას რაიმე სამკურნალო ძალა, თუ ეს მხოლოდ ლამაზი აქსესუარია?

– მეც გამიგია ამის შესახებ არაერთი ისტორია. თუმცა, მეცნიერულად დამტკიცებული, ქარვის სამკურნალო თვისებების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ მედიცინაში. თუკი ვინმეს სურს ატაროს ქარვის ყელსაბამი, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა, თუმცა ტრადიციული მეთოდებით მკურნალობას ვერ ანაცვლებს ვერანაირი სხვა მეთოდი.