ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონები

ემოციები და ძილის ხარისხი, ნივთიერებათა ცვლა და მადა, სხეულის ზრდა-განვითარება, ორსულობა და მშობიარობა და კიდევ ბევრი რამ.

მათ სპეციალური - ენდოკრინული, იგივე შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები გამოიმუშავებენ. საჭიროების შემთხვევაში ისინი გადადიან სისხლში და უშუალოდ იმ ორგანოსკენ მიემართებიან, რომლის მუშაობასაც არეგულირებენ. ზოგჯერ ჰორმონები უშუალოდ ქსოვილებში გამომუშავდება, მაგალითად, ნაწლავის ლორწოვან გარსში.

ორგანოთა და ქსოვილების რთული სისტემა, რომელიც მონაწილეობს ჰორმონთა სინთეზში, მათ გამოთავისუფლებაში, გადაადგილებასა და ამოცნობაში - ენდოკრინული სისტემის სახელითაა ცნობილი.

ენდოკრინული სისტემის ფუნქციებია:

  • შინაგანი ორგანოების მუშაობის ცვლილება მოთხოვნების შესაბამისად: ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის ბალანსის შენარჩუნება;
  • ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნება;
  • კუჭის წვენის გამოყოფა;
  • საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ქიმუსის გადაადგილება;
  • ენერგიით მომარაგება, მისი სწორი შენახვა და გამოყენება;
  • ნივთიერებათა ცვლის აჩქარება და შენელება;
  • ზრდა და განვითარება, ძვლების, ხრტილებისა და ქსოვილების;
  • გამრავლება - სასქესო ორგანოების განვითარებასა და ნორმალურ ფუნქციონირებაზე სასქესო ჰორმონთა მთელი კომპლექსები ზრუნავენ;
  • მენსტრუალური ციკლის რეგულირება, სქესობრივი ლტოლვა, ორსულობა - ესეც ჰორმონთა საქმეა;
  • იმუნური სისტემის მუშაობა;
  • სხეულის ტემპერატურის ცვლილება;
  • სტრესზე რეაქცია - ორგანიზმის საბრძოლოდ მობილიზება;
  • კარგი გუნება-განწყობის შენარჩუნება - იყო ბედნიერი და აქტიური, ამაშიც ჰორმონები გვეხმარებიან;
  • ხარისხიანი ძილისა და ღვიძილის ფაზების უზრუნველყოფა.

მოპატიჟება მიღებულია!

ჰორმონები დაუპატიჟებლად არც ერთ უჯრედში არ შედიან - ორგანოზე მოქმედებამდე საჭიროა მას დაუკავშირდეს სპეციალური მოლეკულა - რეცეპტორი (ცილები ან გლიკოპროტეიდები), რომლებიც უჯრედებში ან მათ ზედაპირზეა, ისინი მათ ამოიცნობენ, ქიმიურად დაუკავშირდებიან და შეიპატიჟებენ უჯრედში.

რეცეპტორთან დაკავშირების შემდეგ, საჭირო ბიოლოგიური რეაქციები მიმდინარეობს, ეს არის პროცესთა აჩქარება ან შენელება, რაც შესაბამისი ორგანოს ნორმალური ფუნქციობის რეგულირების საშუალებას იძლევა.

ყველაზე აქტიურ ნაერთთა გალერეა

ისინი გამომუშავდებიან ორგანიზმის სხვადასხვა ადგილზე მდებარე რამდენიმე ენდოკრინულ ჯირკვალში:

  • ფარისებრი ჯირკვალი;
  • ფარისებრახლო ჯირკვალი;
  • თირკმელზედა ჯირკვალი;
  • კუჭქვეშა ჯირკვალი;
  • სასქესო ჯირკვლები: ქალებში - საკვერცხეები, მამაკაცებში - სათესლეები;
  • ჰიპოფიზი;
  • ჰიპოთალამუსი;
  • ცხიმოვანი ქსოვილის ჯირკვლები;
  • ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები;

ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონები

ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის ორგანოა, კისრის წინა ნაწილში მდებარე, რომელიც გამოიმუშავებს სამ მთავარ ჰორმონს: თიროქსინს - T4, ტრიიოდთირონინს - T3 და კალციტონინს.

თიროქსინი T4 არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების წარმოქმნასა და დაშლაზე, შესაბამისად, პასუხისმგებელია ორგანიზმში ენერგიის დაგროვებასა და ხარჯვაზე. პროცესთა ნაწილს იგი დამოუკიდებლად აკონტროლებს, ნაწილს კი ტრიიოდთირონინად გარდაქმნის.

ტრიიოდთირონინი - T3 თირიქსინის მსგავს ფუნქციებს ასრულებს, თუმცა ბევრად აქტიურად და სამიზნე უჯრედებზეც გაცილებით ეფექტიანად იქცევა, ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ქსოვილსა და ორგანოს ფუნქციებზე მოქმედებს, მათ შორის, გულზე, თავის ტვინზე, ღვიძლსა და კუნთებზე.

ტრიიოდთირონინის მრავლობითი ფუნქციიდან ერთ-ერთი სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებაა.

კალციტონინის მთავარი დანიშნულება ორგანიზმში კალციუმის დონის რეგულირებაა, ის აქვეითებს სისხლში ამ მიკროელემენტის დონეს და ამით ასტიმულებს მის ჩალაგებას ძვლებში.

ფარისებრახლო ჯირკვალი - წყვილი ორგანოა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ქვედა ზედაპირზე მდებარეობს. იგი პასუხისმგებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლაზე.

ფარისებრახლო ჯირკვლის - პარათჰორმონის ფუნქციაა, შეიმაგროს სისხლში არსებული კალციუმი, მოახდინოს მისი ფიქსაცია ძვალში. იგივე ჰორმონი ძვლოვან სტრუქტურასა და სისხლს შორის კალციუმისა და ფოსფორის კრისტალებს რაოდენობრივად გადაანაწილებს და ამ გზით უზრუნველყოფს მინერალური ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

ფარისებრახლო ჯირკვალს მოქმედების მკაცრად განსაზღვრული არეალი აქვს და ფარისებრ ჯირკვალთან მხოლოდ, ტერიტორიული მეზობლობა აკავშირებს.

კუჭქვეშა ჯირკვლის - პანკრეასის ჰორმონები

ჯირკვალი მდებარეობს მუცლის ღრუს ზედა სეგმენტში, კუჭის უკან და საკმაოდ დიდი ზომის ორგანოა, იგი ორი ტიპის ფუნქციას ასრულებს: მონაწილეობს საჭმლის მონელებაში - თორმეტგოჯა ნაწლავში გამოყოფს საჭმლის მონელებისთვის საჭირო ფერმენტებს, ენდოკრინული ორგანოცაა, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები არეგულირებენ სისხლში შაქრის დონეს.

პანკრეასის ჰორმონ-მაწარმოებელ ნაწილს ლანგერჰანსის კუნძულებს უწოდებენ, ისინი ოთხი სახეობის ჰორმონს: ინსულინს, გლუკაგონს, სომატოსტატინს და პანკრეასულ პოლიპეპტიდს აწარმოებენ.

ინსულინი - პასუხისმგებელია სისხლის შაქრის - გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებაზე. როდესაც ადამიანი ნახშირწყლების შემცველ საკვებს იღებს, გლუკოზა ხვდება ნაწლავებიდან სისხლში, მაგრამ დამოუკიდებლად მას უჯრედები ვერ ითვისებენ, ამისთვის საჭიროა ინსულინი, რომელიც შემაერთებელ, ცხიმოვან, კუნთოვან და ღვიძლის ქსოვილთა უჯრედების ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს უკავშირდება და ნახშირწყლების უჯრედში შეღწევას უზრუნველყოფს. გლუკოზის ნაწილს ორგანიზმი გამოიყენებს ენერგიის სახით, ნაწილს კი გლიკოგენის - ენერგეტიკული მარაგის სახით ინახავს ღვიძლსა და კუნთებში.

ინსულინი ასევე მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების ცვლაში.

გლუკაგონი - მას საპირისპირო ეფექტი აქვს: ის, პირიქით, ზრდის გლუკოზის დონეს სისხლში. ღვიძლში მარაგის სახით არსებულ გლიკოგენს მარტივ მამრავლებად - გლუკოზად შლის და გადააქვს სისხლში, იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზმში იზრდება შაქარზე მოთხოვნა, მაგალითად, გაძლიერებული ფიზიკური აქტივობის ან საკვების დეფიციტისას. გლუკოზის დონის ხელახლა მომატებისას გლუკაგონის აქტივობაც მცირდება.

პანკრეასის სომატოსტატინი - არეგულირებს ჰორმონულ აქტივობას, საჭმლის მონელების პროცესს და სისხლის მიმოქცევას. მას უნარი შესწევს შეანელოს ჰორმონთა, კუჭის წვენის და ზოგიერთი ფერმენტის სინთეზი, ასევე დააქვეითოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გლუვი კუნთების შეკუმშვა.

მნიშვნელოვნაია მისი ანტიპროლიფერაციული ფუნქცია - მას შეუძლია შეაჩეროს უჯრედების ზრდა-განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნების არსებობისას.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჰორმონები

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჰორმონები უშუალოდ კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსში გამომუშავდებიან. ისინი არეგულირებენ საკვების მონელებასა და ნივთიერებების ათვისებას.

გასტრინი - მნიშვნელოვან როლს თამაშობს საკვების მონელების საწყის ფაზაში, რადგან ასტიმულებს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭში საკვების გადაადგილებას.

სეკრეტინი - პასუხს აგებს პანკრეასის ფერმენტთა სინთეზზე, რომლებიც თორმეტგოჯა ნაწლავში ანეიტრალებენ კუჭის მჟავას. ასევე ხელს უწყობს ნაღვლის წარმოქმნასა და უმნიშვნელოდ აძლიერებს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვასა და ნაღვლის გადინებას.

ქოლეცისტოკინინი - ასტიმულებს ნაღვლის ბუშტის შეკუმშვას, ნაღვლდენას და კუჭქვეშა ჯირკვლის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სეკრეციას. იგი მონაწილეობს ცხიმებისა და ცილების მონელებაში და პასუხისმგებელია დანაყრების გრძნობაზე საკვების მიღების შემდგომ.

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები

თირკმელზედა ჯირკვლები წყვილი ორგანოა, რომელიც თირკმელების ზევით მდებარეობენ, მათი ჰორმონები განსაზღვრავენ ორგანიზმის რეაქციებს სტრესზე, აკონტროლებენ ნივთიერებათა ცვლას, არტერიულ წნევას და სხვა საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს.

ადრენალი - ეპინეფრინი პასუხისმგებელია ორგანიზმის დაუყოვნებელ რეაქციაზე სტრესზე, როდესაც ადამიანს საფრთხე ემუქრება, ადრენალინი გამომუშავდება სისხლში და აძლიერებს გულის შეკუმშვათა რაოდენობას, აფართოებს ბრონქიოლებს და ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, ამით ორგანიზმს საფრთხესთან ბრძოლაში დამატებით რესურსს სთავაზობს.

ადრენალინთან წყვილში ნორადრენალინი - ნორეპინეფრინი მოქმედებს, რომელიც ადრენალინისგან განსხვავებით ნელა გამომუშავდება, მაგრამ სისხლში მისი მოქმედება დიდხანს გრძელდება.

კორტიზოლი - გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფის მნიშვნელოვანი ჰორმონია, რომელიც სტრესის საწინააღმდეგო გრძელვადიან პასუხს უზრუნველყოფს, იგი ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს, აძლიერებს ცხიმებისა და ცილების დაშლას, ამით ორგანიზმს ენერგიით უხვად ამარაგებს და დიდი ხნის მანძილზე სტრესისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს სძენს, ასევე მონაწილეობს ანთებითი პროცესების რეგულაციასა და იმუნურ რეაქციებში.

ალდოსტერონი - მონაწილეობს ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებაში, აკონტროლებს ნატრიუმისა და კალიუმის დონეს, ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლის შენარჩუნებას.

„ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია“

ადამიანები საფრთხეზე რეაგირებენ მრავლობითი შინაგანი პროცესებით, რომლებიც ერთმანეთის თანმიმდევრობით ხორციელდება და ორგანიზმს ბრძოლისა და შეტევისთვის ან უსაფრთხო ადგილას გაქცევისთვის ამზადებს, ეს ორმაგი სტრესული რეაქციაა, რომელსაც მეცნიერმა კენონმა „ბრძოლა ან გაქცევის რეაქცია“ დაარქვა.

მისი მაკონტროლებელი სტრესის ცენტრია, რომელიც ჰიპოთალამუსში მდებარეობს, უშუალო განმახორციელებლები კი 20-მდე დასახელების ჰორმონებია, მათ შორის - თირკმელზედა ჯირკვლის გამომუშავებული ადრენალინი და ნორადრენალინი.

სტრესულ ვითარებაში სუნთქვა და გულისცემა ხშირდება, ღრმავდება, სისხლძარღვები ვიწროვდება და სისხლის წნევა იმატებს. გლუვ კუნთებს მიეწოდება სიგნალები ზოგიერთი ისეთი ფუნქციის შესაჩერებლად, როგორიცაა, საჭმლის მონელება, რადგან საგანგებო ვითარებისთვის მზადებაში ეს დასაშვებია.

ამ დროს ჭარბად გამოყოფილი ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი, სიგნალს აწვდიან ორგანოებს, რათა გაძლიერდეს ბრძოლისთვის საჭირო ზოგიერთი სპეციფიკური ფუნქცია:

  • ელენთა გამოიმუშავებს უფრო მეტ ერითროციტებს - სისხლის წითელ უჯრედებს, რათა ჭრილობის შემთხვევაში სისხლის შედედება არ გართულდეს, ხოლო ძვლის ტვინი სტიმულირდება, გამოიმუშავოს უფრო მეტი თეთრი ბურთულები - ლეიკოციტები, რათა შესაძლო ინფექციასთან წარმატებული ბრძოლა გაჩაღდეს.
  • ღვიძლი სისხლში გადაისვრის მეტ გლუკოზას სხეულის ენერგიით მოსამარაგებლად.

ქალის სასქესო ჰორმონები

ქალის სასქესო ჰორმონები ესტროგენები და პროჟესტერონია, რომლებიც ძირითადად საკვერცხეებში გამომუშავდებიან, ისინი აკონტროლებენ მენსტრუალურ ციკლს, რეპროდუქციულ ფუნქციას, ასევე მოქმედებენ ძვლოვანი ქსოვილის ხარისხზე.

ესტროგენები - ჰორმონთა ჯგუფია, რომლებიც აერთიანებს ესტრადიოლს, ესტრიოლსა და ესტრონს. ისინი პასუხისმგებელნი არიან კვერცხუჯრედის მომწიფებაზე, ოვულაციასა და ენდომეტრიუმის მომზადებაზე, ეს საშვილოსნოს შიგნითა შრეა, რომელმაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უნდა მიიმაგროს და ნაყოფის განვითარება უნდა უზრუნველყოს.

ესტროგენები მეორად სასქესო ნიშნებს აფორმირებენ: სარძევე ჯირკვლების ზრდას, სხეულზე თმის განაწილებას და მამაკაცებთან შედარებით გაცილებით ფართო და დიდი ზომის მენჯის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ძვლების ჯანმრთელობას და ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო რეაქციებს, ასტიმულებენ კოლაგენის სინთეზს და უზრუნველყოფენ კანის ელასტიკურობას.

პროჟესტერონი - ასევე მნიშვნელოვანი ჰორმონია, მონაწილეობს ოვულაციაში, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციაში, ენდომეტრიუმის ისეთ ქსოვილად ჩამოყალიბებაში, რომელმაც უნდა დაიცვას ემბრიონი საშვილოსნოში პლაცენტის ფორმირებამდე, ამუხრუჭებს საშვილოსნოს შეკუმშვას, აქვეითებს დედის იმუნურ რეაქციებს ორსულობის პერიოდში. ამზადებს სარძევე ჯირკვლებს ლაქტაციისთვის, ესტროგენებთან ერთობლიობაში არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს, უზრუნველყოფს ქალის რეპროდუქციული სისტემის ნორმალურ ფუნქციებს.

ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლიკულომასტიმულებელი ჰორმონი, მალუთეინებელი ჰორმონი და პროლაქტინი. თუმცა, მათ გამოყოფს არა საკვერცხეები და სათესლეები, არამედ სხვა ენდოკრინული ორგანო - ჰიპოფიზი.

მამაკაცის სასქესო ჰორმონები

მამაკაცის სასქესო ჰორმონები პასუხისმგებელნი არიან რეპროდუქციული სისტემის განვითარებასა და მუშაობაზე, გავლენას ახდენენ ორგანიზმის ზოგად ფიზიკურ განვითარებაზე, ჰორმონების დაახლოებით 95% გამომუშავდება სათესლეებში, დანარჩენი 5% კი თირკმელზედა ჯირკვლებში.

ტესტოსტერონი - ყველაზე მძლავრი მამაკაცური ჰორმონია, ის გადამწყვეტ როლს თამაშობს მამრობითი სასქესო ნიშნების ფორმირებაში: ხმის ტემბრის ცვლილება, კუნთების ზრდა, თმის გადანაწილება სხეულზე; პასუხისმგებელია სპერმატოზოიდების მომწიფებასა და მოძრაობაზე, სქესობრივ ლტოლვასა და ერექციაზე. ტესტოსტერონი უზრუნველყოფს ორგანიზმში ენერგიის დონესა და ძვლების ჯანმრთელობას.

ტესტოსტერონი ქალებსაც გამოუმუშავდებათ, მაგრამ მისი კონცენტრაცია 10-ჯერ ნაკლებია მამაკაცებისაზე.

დიჰიდროტესტოსტერონი - ტესტოსტერონისგან ნაწარმოები ჰორმონია, რომელიც ფერმენტების გავლენით გამომუშავდება სათესლეებში, წინამდებარე ჯირკვალში, პერიფერიულ ქსოვილებში, კანზე, თმის ფოლიკულებში, პასუხისმგებელია სახესა და სხეულზე თმის ზრდაზე, პროსტატის განვითარებაზე, სწორედ მის დისბალანსს უკავშირებენ მამაკაცების წინმდებარე ჯირკვლის - პროსტატის ავთვისებიან და კეთილთვისებიან გადაგვარებას.

ჰიპოფიზის ჰორმონები

ჰიპოფიზი გამოიმუშავებს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ ყველა დანარჩენ ენდოკრინულ ორგანოთა მუშაობას. ისინი რეაგირებენ ორგანიზმის სხვადასხვა სიგნალზე და საზღვრავენ, რომელი ჰორმონის გაძლიერებული ან შემცირებული სეკრეციაა საჭირო იმისათვის, რომ ორგანოებმა და სისტემებმა ნორმალური მუშაობა განაგრძონ, მოთხოვნების შესაბამისად აკონტროლებენ ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების, საკვერცხეებისა და სათესლეების მუშაობას - ამასაც სხვა ჰორმონთა დახმარებით ახორციელებენ.

ჰიპოფიზი მცირე ზომის ჯირკვალია, რომელიც თავის ტვინის ფუძეში მდებარეობს.

სომატოტროპინი - იგივე ზრდის ჰორმონი, ასტიმულირებს ძვლების, კუნთებისა და სხვა ქსოვილების ზრდას, მისი დონე სისხლში მაღალია ბავშვობის ასაკში, ასაკის ზრდის პარალელურად კი - ქვეითდება.

თირეოტროპული ჰორმონი - აკონტროლებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, თუ ნაკლებ ჰორმონს გამოიმუშავებს, ჰიპოფიზი მეტ თირეოტროპულ ჰორმონს ასინთეზებს, რომ ფარისებრმა ჯირკვალმა უფრო აქტიურად იმუშაოს.

ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი არეგულირებს თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციებს და აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების გამომუშავებას.

მალუთეინებელი ჰორმონი და ფოლიკულომასტიმულებელი ჰორმონები წყვილად მუშაობენ და პასუხისმგებლები არიან ქალებში კვერცხუჯრედებისა და მამაკაცებში სპერმატოზიოდების მომწიფებაზე, ასევე არეგულირებენ სასქესო ჰორმონების: ესტროგენებისა და პროჟესტერონის სინთეზს ქალებში.

პროლაქტინი - პასუხისმგებელია სარძევე ჯირკვლის განვითარებასა და მშობიარობისშემდგომ რძის წარმოქმნაზე, მას შეუძლია დათრგუნოს ოვულაცია, გააძლიეროს იმუნური რეაქციები, იმოქმედოს ნერვულ სისტემაზე, შეცვალოს ქცევა და გუნება-განწყობა. მისი გაზრდილი კონცენტრაცია იწვევს დეპრესიასა და მომატებულ გაღიზიანებადობას.

ჰიპოთალამუსის ჰორმონები

ჰიპოფიზის მუშაობას, თავის მხრივ, აკონტროლებს თავის ტვინის განსაკუთრებული სტრუქტურა - ჰიპოთალამუსი, რომელიც ასევე გამოიმუშავებს რამდენიმე ჰორმონს.

გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონი პასუხისმგებელია ჰიპოფიზის მიერ გონადოტროპული ჰორმონების: ფოლიკულომასტიმულებელი და მალუთეინებელი ჰორმონის გამოყოფაზე; ასევე ასტიმულებს თირეოტროპული ჰორმონის გამოყოფას და ამით არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მუშაობას, რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე მოქმედებს.

რილიზინგ-ჰორმონი აძლიერებს სომატოტროპული ჰორმონის სეკრეციას და ამით პასუხისმგებელია ორგანიზმის ზრდასა და განვითარებაზე.

ჰიპოფიზის ნეიროსეკრეციით სტიმულაციისას ჰიპოთალამუსი გამოიმუშავებს განსაკუთრებულ ჰორმონებს - ვაზოპრესინსა და ოქსიტოცინს. რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნებიან არააქტიური სახით, გადადიან ჰიპოფიზში და განსაკუთრებული ნივთიერებების, ე. წ. რილიზინგ-ფაქტორების მეშვეობით გადაინაცვლებენ სისხლში.

ვაზოპრესინი ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის დისტალური მილაკების მიერ წყლის უკუშეწოვას არეგულირებს, ზრდის თავისუფალი წყლის რაოდენობას და ამით ორგანიზმს გაუწყლოებისგან იცავს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმის წყურვილის შეგრძნების ინტენსივობას და მისი სეკრეციის დარღვევა უშაქრო დიაბეტს იწვევს.

გარდა ამისა ვაზოპრესინი მასტიმულებელ გავლენას ახდენს გლუვ კუნთებზე. ავიწროვებს არტერიოლებს, ზრდის პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და შესაბამისად, არტერიულ წნევას.

ჰორმონი ოქსიტოცინი ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას ახდენს საშვილოსნოს კედლის კუმშვის, რეპროდუქციის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.

სისხლში გამოიყოფა როგორც ჰორმონი სექსუალური აქტივობის საპასუხოდ, ასევე მშობიარობისას, რათა დააჩქაროს პროცესი. მონაწილეობს რძის წარმოებაში. ოქსიტოცინის წარმოება და სეკრეცია კონტროლდება დადებითი უკუკავშირის მექანიზმით, მისი საწყისი გამოყოფა ასტიმულებს შემდგომ გამომუშავებას და გამოყოფას, მაგალითად, როდესაც ოქსიტოცინი გამოიყოფა საშვილოსნოს შეკუმშვის დროს მშობიარობის დასაწყისში, ეს ასტიმულებს უფრო მეტი ოქსიტოცინის წარმოებას, გამოყოფას და ზრდის შეკუმშვის ინტენსივობასა და სიხშირეს. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს ლაქტაციის პერიოდში და სექსუალური აქტივობის დროსაც, ამიტომ მისი გამოყოფა სისხლში ძლიერდება ორსულობის ბოლო პერიოდში და მშობიარობისას.

ეპიფიზის ჰორმონები

ჰიპოთალამუსთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს კიდევ ერთი ენდოკრინული სტრუქტურა - ეპიფიზი, რომელიც გამოიმუშავებს მელატონინსა და სეროტონინს - ძილისა და ღვიძილის ციკლზე მოქმედ ნივთიერებებს. მათზეა დამოკიდებული, რამდენად ადვილად იძინებს ადამიანი და როგორი გამოძინებული იღვიძებს დილით.

ამგვარად, ჰორმონთა როლი საკმაოდ მრავალმხრივი, შეუფასებელი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციობისა და სრულყოფილი განვითარებისთვის. მართალია, ჰორმონთა მოქმედებასთან დაკავშირებით ყველაფერი ბოლომდე ნათელი ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ დღემდე ცნობილი ფაქტები, უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიით, მათი სწორი და გონივრული გამოყენებით, საკმაოდ ბევრი პრობლემის არსებითი მართვა და მოგვარება შევძლოთ.