შეიძლება თუ არა დიაბეტიანისთვის მარხვა?
კვების კონტროლი არის პირველი და მეორე ტიპის დიაბეტთნ წარმატებით ბრძოლის საფუძველი. თუმცა, არც ერთ პაციენტს არ სურს, რომ ავადმყოფობამ დაამძიმოს მათი ცხოვრება და შეცვალოს მათი ჩვეული ცხოვრების წესი, ტრადიციები. მორწმუნე დიაბეტიანებისთვის, სამწუხაროდ, დიდმარხვის დაცვის შესაძლებლობა ხშირად საფრთხეშია. გადაწყვეტილებას მარხვის შესახებ ექიმთან ერთად იღებთ, ზოგადი მდგომარეობის, დაავადების მიმდინარეობისა და მასთან დაკავშირებული გართულებების გათვალისწინების საფუძველზე. თუ თავად გადაწყვეტთ მენიუს შეცვლას, შესაძლოა არასწორად გამოთვალოთ და ამით, საუკეთესო შემთხვევაში, იგრძნოთ დაავადების გაუარესება, უარეს შემთხვევაში - კომის განვითარება გამოიწვიოთ.
ზოგადი რეკომენდაციები მარხვის დროს კვების შესახებ
თუ ენდოკრინოლოგი არ ხედავს უკუჩვენებას, მაშინ შესაძლებელია მარხვა. ამ შემთხვევაში დიეტას ადგენს ექიმი პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. ასეთ მენიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საკვებში შაქრიანობას და მოხმარებული კერძების გლიკემიურ ინდექსს.
მძიმე მარხვა გულისხმობს საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს საკვებზე. ამრიგად, მარხვის პერიოდი მოიცავს:
- ცხოველური წარმოშობის საკვებზე უარის თქმას (ხორცი, სუბპროდუქტები, ცხოველური ცხიმები, რძის პროდუქტები, კვერცხი);
- უზეთო მარხვის დღეებს;
- შეზღუდვას თევზის მოხმარებაზე.
ამავდროულად, სწორედ ცხოველური პროტეინის შემცველი კერძები (ინდაური, თევზი, კვერცხი) არის დიაბეტით დაავადებულთა დიეტის საფუძველი და რეკომენდებულია ენდოკრინოლოგების მიერ. ვინაიდან მარხვის მენიუ გამორიცხავს ამ პროდუქტებს, მარხვის მქონე პაციენტებმა უნდა მოძებნონ მათი შემცვლელები.
რეკომენდებულია, უპირატესობა მიანიჭოთ დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებს:
- კიტრი, ყაბაყი, კარტოფილი;
- ზეთისხილი, ისპანახი, სალათის ფოთოლი, ბულგარული წიწაკა;
- კომბოსტო, სტაფილო, ბოლოკი.
რაც შეეხება ხილს, მისაღებია უშაქრო კენკრისა და ხილის (ციტრუსები, კივი, ვაშლი) ზომიერი მოხმარება. არ არის რეკომენდებული ბანანი, ყურძენი და ნესვი.
ნებადართულია დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე მარცვლეულის მოხმარება:
- გრძელი, ყავისფერი, ბასმატის ბრინჯი;
- შვრიის ფაფა, წიწიბურა;
- ქერის ბურღული;
- ოსპი.
მარხვის დროს არ დაგავიწყდეთ, აკონტროლოთ მიღებული სითხის რაოდენობა. რეკომენდებულია დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა. საუბარია სუფთა წყალზე და არა სხვა სასმელებზე - ჩაი, ყავა ან ლიმონათი.
რა შემთხვევაში არ შეიძლება დიაბეტიანისთვის მძიმე მარხვა?
მარხვა აკრძალულია დიაბეტის გაუარესებისა და გართულებების განვითარების შემთხვევაში, მათ შორის:
- კეტოაციდოზი;
- სისხლში გლუკოზის დონის მნიშვნელოვანი, ნახტომისებრი ცვალებადობა;
- ორგანოების (მხედველობა, სმენა) გართულებების განვითარება;
- კანის დაავადებების პროგრესირება.
დასკვნის სახით:
თუ მარხვა გაქვთ გადაწყვეტილი, გახსოვდეთ თქვენი ავადმყოფობა და იცოდეთ, რომ ეკლესიის მიერ ქრონიკული დაავადებების მქონე მორწმუნეებისთვის დაშვებულია მარხვის შემსუბუქება. ახალი დიეტა უნდა შეთანხმდეს ექიმთან. ასეთი მენიუს შედგენისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკვების გლიკემიურ ინდექსს და მოხმარებული კერძების კალორიულ შემცველობას.
- რეგულარულად აკონტროლეთ თქვენი მდგომარეობა გლუკომეტრის გამოყენებით;
- ასევე მიზანშეწონილია დროდადრო გაზომოთ კეტონური სხეულების კონცენტრაცია შარდში:
- თუ პაციენტი იმყოფება ინსულინოთერაპიაზე, ჰორმონის დოზა რეგულირდება ახალი მენიუს გათვალისწინებით.