შაქრიანი დიაბეტის გართულებათა პროფილაქტიკა
შაქრიანი დიაბეტის დროს ცალკეულ გართულებათა მიზეზი, უმრავლეს შემთხვევაში, ჯანმრთელობისადმი უდიერი და უყურადღებო დამოკიდებულება, არასწორი მკურნალობა ან მისი სრული უგულებელყოფაა. ზოგჯერ ადამიანმა არც კი იცის არსებული დაავადების შესახებ, არადა, დიაბეტმა უკვე დაანგრია მისი ორგანიზმი. ასეთი რამ ხშირია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს. ზოგიერთი ორგანო განსაკუთრებულ მგრძნობელობას იჩენს დაავადებისადმი, შესაბამისად, ძირითადი ზიანი სწორედ მას ადგება. შაქრიანი დიაბეტის გართულებები, საზოგადოდ, ორ ჯგუფად – მწვავე და ქრონიკულ გართულებებად იყოფა. ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ ქრონიკულ გართულებათა თავისებურებებსა და მათ პროფილაქტიკაზე. შაქრიანი დიაბეტის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება სისხლძარღვები, თვალები, თირკმელები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, ფსიქიკა, ქრება ნერვულ დაბოლოებათა მგრძნობელობა.
თვალის პათოლოგიათა პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტის დროს
ყველაზე ხშირი გართულება შაქრიანი დიაბეტის დროს დიაბეტური რეტინოპათიაა. ეს არის თვალის ბადურას დაზიანება წერტილოვანი ან ლაქოვანი სისხლჩაქცევების, ასევე შეშუპების სახით, რამაც დროთა განმავლობაში შეიძლება ბადურას აშრევება და დაბრმავება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, დიაბეტით დაავადებულთა 25%-ს ეს გართულება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმიდან მალევე უდასტურდება. პათოლოგიის განვითარების ძირითადი მიზეზი სისხლში გლუკოზის მუდმივად მაღალი დონეა. ეს უკანასკნელი ნეგატიურად მოქმედებს თვალის სისხლძარღვებზე, მყიფეს ხდის მათ. თუ აღნიშნული ცვლილებები თვალის ფსკერის ცენტრალურ ზონას მოიცავს, მისი გამოვლენა ბევრად მარტივად და ადრეულ ეტაპზევე ხდება – პაციენტს მხედველობის მკვეთრად გაუარესება აღენიშნება. თვალის ფსკერის პერიფერიულ ნაწილში მიმდინარე ცვლილებებისას, თუ ბადურას აშრევება ჯერ კიდევ არ არის დაწყებული, სიმპტომები პრაქტიკულად არ გამოიხატება, შესაბამისად, პათოლოგიური პროცესის, ანუ თვალების მხრივ გართულების, გამოვლენა მოგვიანებით ეტაპზე ხდება, მაშინ, როცა რაიმეს შეცვლა უკვე შეუძლებელია. დიაბეტური რეტინოპათიის ერთადერთი პროფილაქტიკა სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლია. პაციენტი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, არ დაუშვას გლუკოზის დონის მომატება. პათოლოგიური პროცესის დაწყების ამოცნობისათვის, აუცილებელია, ოკულისტთან რეგულარულად ვიზიტი და თვალის ფსკერის გამოკვლევა. დროულად დასმული დიაგნოზი, ანუ პათოლოგიური პროცესის დროულად აღმოჩენა, ადამიანს მხედველობას უნარჩუნებს. ამისათვის ინიშნება მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი პრეპარატები, ვიტამინები და ანტიოქსიდანტები.ეს დანიშნულება ეფექტურია მხოლოდ გლუკოზის შესაბამისი დონის შენარჩუნების პარალელურად.
ქვემო კიდურების დაზიანება
შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულება ქვემო კიდურების დაზიანებაა. ის ვლინდება ნეიროპათიის, მიკრო- და მაკროანგიოპათიის, ართროპათიისა და დიაბეტური ტერფის სახით.
მიკრო- და მაკროანგიოპათია – წვრილი და მსხვილი სისხლძარღვების ფუნქციის დარღვევაა. ამ დროს სისხლძარღვები მყიფე და მსხვრევადი ხდება, ვენების, არტერიებისა და კაპილარების კედლებზე თრომბები და ათერომული ფოლაქები ფორმირდება.
ართროპათია – სახსრებში მოძრაობის დაქვეითებითა და ტკივილით ხასიათდება.
პოლინეიროპათია – საზოგადოდ ვლინდება ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის დაკარგვით, განსაკუთრებით ქვემო კიდურებში. ადამიანს აწუხებს დაბუჟების, წვის, ჩხვლეტის, ზოგჯერ კი „ჭიანჭველების ცოცვის“ შეგრძნება. ნერვული მგრძნობელობის დაკარგვის გამო ხშირია ტრავმები, რომლებსაც ადამიანი ვერ ამჩნევს.
დიაბეტური ტერფი მეტად მძიმე გართულებაა. ის, ფაქტობრივად, პოლინეიროპათიისა და ანგიოპათიის შედეგია. ხასიათდება ჩირქოვან-ნეკროზული პროცესისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობების განვითარებით, პათოლოგიურ პროცესში ერთვება არა მხოლოდ რბილი ქსოვილები, არამედ ძვლები და სახსრებიც.
მძიმე გართულებათა მიზეზი ნერვულ დაბოლოებათა მგრძნობელობის დაქვეითებაა, რის გამოც კანის მაცერაცია და მიკროტრავმები პაციენტებისთვის ხშირად შეუმჩნეველი ხდება. პათოლოგიურ მიკრობთა შეჭრის შედეგად სწრაფად ვითარდება ანთებითი პროცესი. იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე აღნიშნული პროცესი ღრმავდება და ხშირად რთულდება. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს კანი გამომშრალი და ნაკლებელასტიკური აქვთ, ადვილად უსკდებათ და უზიანდებათ. ჭრილობები და დაზიანებანი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს.
განასხვავებენ ორი სახის დაზიანებებს: იშემიურსა და ნეიროპათიულს.
პირველი, ანუ იშემიური, ხასიათდება კიდურების ტემპერატურის დაქვეითებით, კანის სიფერმკრთალით, თმის საფარველის გაქრობით, ტერფზე, მათ შორის თითებშუა არეებში წყლულების განვითარებით. ტკივილი ვლინდება როგორც მოძრაობის, ასევე მოსვენებისას. ეს ყოველივე სისხლის მიმოქცევის დარღვევის მანიშნებელია.
მეორე, ანუ ნეიროპათიული დაზიანების დროს ტემპერატურული, ტაქტილური (შეხებით გამოწვეული), ვიბრაციული და ტკივილის შეგრძნება ქრება, კანი ცხელია, ფეხებზე კანის გარქოვანებული უბნები და წყლულები ჩნდება. ეს ყველაფერი კიდურებზე ნერვული ბოჭკოების დაზიანებასა და ატროფიაზე (განლევაზე) მიუთითებს.
შაქრიანი დიაბეტის დროს ქვემო კიდურების პათოლოგიათა პროფილაქტიკისათვის აუცილებელია ქირურგთან, ნევროპათოლოგთან და ტრავმატოლოგთან რეგულარული ვიზიტი, მკურნალი ექიმის რეკომენდაციათა მკაცრად დაცვა, შაქრის დონისა და საკვები რაციონის კონტროლი. მიკროტრავმათა თუ სხვა დაზიანებათა დროულად აღმოსაჩენად პაციენტმა ყოველდღიურად საგულდაგულოდ უნდა შეიმოწმოს ქვემო კიდურები. აუცილებელია ფეხების ყოველდღიურად დაბანა, კანის გარქოვანებული უბნების შესაბამისი წესების დაცვით მოცილება-დამუშავება. დიაბეტით დაავადებულებმა უნდა ატარონ მოხერხებული და ნატურალური ტყავისაგან შეკერილი ფეხსაცმელი, ასევე ნატურალური ქსოვილის წინდა.
თირკმელების დაზიანება და მისი პროფილაქტიკა
თირკმელებს უდიდესი ფუნქცია აქვთ ორგანიზმში. ისინი ხომ უნიკალური ბუნებრივი ფილტრია, რომელთა წყალობითაც ორგანიზმიდან უამრავი ნივთიერება გამოიყოფა. გლუკოზის დონის მატება უარყოფითად აისახება თირკმელებზე, კერძოდ, ზიანდება ორგანოს წვრილი სისხლძარღვები და კაპილარები, შესაბამისად, ორგანოს ფუნქციობა და გამტარი მექანიზმი ირღვევა. თირკმელები სასარგებლო ნივთიერებათა – ცილისა და გლუკოზის გატარებას (გაფილტვრას) იწყებს, ვითარდება ნეფროპათია. აღნიშნულ ცვლილებათა გამოვლენა შარდის ანალიზითაა შესაძლებელი. შარდში ამ დროს ცილის – ალბუმინის – მომატებული შემცველობა აღინიშნება. საწყის სტადიაზე ეს პროცესი ჯერ კიდევ შექცევადია, ხოლო მკურნალობის დაგვიანებისა და პროცესის მიშვების შემთხვევაში ვითარდება თირკმლის უკმარისობა.
დიაბეტური ნეფროპათიის თავიდან აცილება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციათა გათვალისწინებით და სისხლში გლუკოზის ნორმალიზებით. მდგომარეობის კონტროლისათვის აუცილებელია შარდის რეგულარული ანალიზი. საჭიროა საკვები რაციონის კონტროლიც, ცხოველური ცილებისა და მარილის შეზღუდვა.
* * *
მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი ცხოვრების გარკვეული წესია, ამ წესის დაცვით შესაძლებელია მოსალოდნელ გართულებათა ხანგრძლივი დროით გადავადება. მთავარია, პაციენტმა ისწავლოს შაქრიანი დიაბეტით სწორად ცხოვრება, ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანია დაავადების ვერაგ გართულებათა პროფილაქტიკისათვის.
გახსოვდეთ, შაქრიანი დიაბეტის ყველა გართულებას შეუქცევადობის თავისი წერტილი აქვს, ანუ სტადია, რომლის მიღწევის შემდეგაც პროცესი უკუგანვითარებას ვეღარ ახერხებს, ანუ პაციენტს ვეღარაფერი შველის, გლუკოზის დონის ნორმალიზების შემთხვევაშიც კი. ასეთ დროს ერთი რამ რჩება – ბრძოლა პათოლოგიური პროცესის გაღრმავებასთან, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს, მაგრამ დაკარგული ფუნქციების აღდგენა უკვე შეუძლებელია. ამიტომაც, არ ღირს დროის დაკარგვა, საჭიროა ეფექტურად მოქმედება გლუკოზის დონის რეგულირებისათვის, ნებისმიერი დაყოვნება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
რა უნდა იღონოთ სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებისთვის?
რეგულარულად აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში გლუკომეტრის დახმარებით, არ დაუშვათ ასეთი მიდგომა: „მე თავს კარგად ვგრძნობ და შაქარი ნორმის ფარგლებში მექნება!“ ან კიდევ – „არ მინდა დღეს ხასიათი გამიფუჭდეს, შაქარი რომ მომატებული აღმოჩნდეს!“
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულთათვის რეკომენდებულია მაჩვენებელთა დღეების მოწყობა, როდესაც მთელი პროფილი მოწმდება, ანუ შაქრის დონე კონტროლდება საკვების ყოველი მიღების წინ, საკვების მიღებიდან 2 საათში, დაღამებისას და ღამით, დაახლოებით 2-3 საათზე.