შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები
შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები

რას გულისხმობს ტერმინი "დიაბეტური ტერფი", რომელი სისხლძარღვოვანი გართულებებია მოსალოდნელი შაქრიანი დიაბეტის დროს, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი აღმოცენება? ამ და სხვა შეკითხვებზე დღეს გვიპასუხებს ავერსის კლინიკის ქირურგი შოთა სვანიძე.


- "დიაბეტური ტერფი" არ არის კონკრეტული დაავადების აღმნიშვნელი ტერმინი, ის კომპლექსური ცნებაა და იმ დაზიანებებს აერთიანებს, რომლებიც შეიძლება შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფის არეში აღმოცენდეს. ზოგადად, შაქრიანი დიაბეტის დროს ტერფის დაზიანება მოიცავს ნერვებს, სისხლძარღვებს, ძვლებს. ნებისმიერი მითითებული სტრუქტურის დაზიანება იწვევს "დიაბეტური ტერფის" ჩამოყალიბებას, რაც ვლინდება ინფექციის, დაწყლულების და განგრენის სახით. როგორც მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტი ათეროსკლეროზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია. შესაბამისად, დაავადების დროს პათოლოგიური პროცესი იმ სისხლძარღვებს მოიცავს, რომელთა დაზიანებაც ათეროსკლეროზისათვისაა დამახასიათებელი. თუმცა არის გარკვეული თავისებურებაც - შაქრიანი დიაბეტის დროს ტიპურია ქვემო კიდურების წვრილი სისხლძარღვების, კერძოდ წვივის სისხლძარღვების დაზიანება. ამის გამო კი შაქრიანი დიაბეტის დროს აღმოცენებული ცვლილებები უპირველეს ყოვლისა კიდურის დისტალურ ანუ სხეულიდან დაცილებულ ნაწილს მოიცავს. სწორედ ამ თავისებურების გამოა დიაბეტის დროს განსაკუთრებით აქტუალური ტერფის დაზიანება.


- რა კლინიკური ნიშნებით ხასიათდება ტერფის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციონ პაციენტებმა ყურადღება?
- გასინჯვისას ექიმი აღმოაჩენს, რომ დაზიანებულ კიდურზე პულსაცია შესუსტებულია ან არ ისინჯება. პაციენტები ხშირად გრძნობენ ტემპერატურულ სხვაობას კიდურებს შორის, აღნიშნავენ კიდურის ფერის შეცვლას (გათეთრება, გაწითლება, ციანოზი), შეშუპებას. ხშირად დამახასიათებელია ფრჩხილების ზრდის შენელება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე. ნერვების დაზიანება ვლინდება მგრძნობელობის და მოძრაობის სხვადასხვა ხარისხის დარღვევებით. დიაბეტური ტერფის დროს შეიძლება გამოვლინდეს ტერფის დეფორმაციაც, რაც აუცილებლად მოითხოვს კორექციას სხვადასხვა მეთოდით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა პროცესმა შეიძლება დამოიწვიოს სხვადასხვა სახის ინფექციები, წყლულის ჩამოყალიბება და კიდურის განგრენა.


- პაციენტები შაქრიანი დიაბეტის დროს ხშირად აღნიშნავენ ქუსლის კანის ცვლილებასა და ფრჩხილების ფერის შეცვლას, გასქელებას...
- აღნიშნული ცვლილებების მიზეზი ხშირად სისხლძარღვების დაზიანების გარდა სოკოვანი დაავადებაცაა, რომლისადმიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები განსაკუთრებით არიან მიდრეკილნი.


- როგორია თავად დიაბეტის მკურნალობის როლი ტერფის დაზიანების თავიდან აცილების თვალსაზრისით?
- ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, სისხლში შაქრის შემცველობის ნორმალიზაცია აუცილებელია. აღნიშნულის გარეშე შეუძლებელია დიაბეტური ტერფის მკურნალობა. თუ შაქრის შემცველობა არ არის მოწესრიგებული, თუ დიაბეტი არ არის კომპენსირებული, ნაკლებად ეფექტურია დიაბეტური ტერფის მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი - როგორც კონსერვატიული, ასევე ქირურგიული.


- რა კვლევები ტარდება დიაბეტური ტერფის დიაგნოსტიკის მიზნით?
- უპირველეს ყოვლისა, ტარდება ტერფის დეტალური დათვალიერება, რასაც ენდოკრინოლოგი ახორციელებს პაციენტის ნებისმიერი ვიზიტის დროს, ხდება პულსაციის განსაზღვრა. გარდა აღნიშნულისა, აუცილებელია სპეციალური ინსტრუმენტული გამოკვლევები, რომელთაც ანგიოლოგი ნიშნავს. ისაზღვრება გოჯ-მხრისა და თით-გოჯის ინდექსი. აღნიშნული კვლევები სპეციალიზებულ სისხლძარღვთა კვლევის ლაბორატორიებში ხორციელდება, თუმცა შაქრიანი დიაბეტის დროს ამ მაჩვენებლების განსაზღვრა ერთ-ერთი სტანდარტული გამოკვლევათაგანია. გოჯ-მხრის ინდექსის მეშვეობით ვიღებთ წარმოდგენას, თუ რა რაოდენობით სისხლი მიეწოდება ქვემო კიდურებს, თით-გოჯის ინდექსი გვაძლევს მიკროცირკულაციის შეფასების საშუალებას, რის გამოც ეს კვლევა აუცილებლად ითვლება დიაბეტის დროს. დუპლექსსონოგრაფის ანუ სისხლძარღვთა ექოსკოპიური კვლევის მეშვეობით შეგვიძლია დავადგინოთ სისხლძარღვთა შევიწროების არსებობა სხვადასხვა ანატომიურ უბნებში და მისი ხარისხი. მაღალინფორმაციული კვლევაა სუბტრაქციული დიგიტალური ანგიოგრაფია, რომლის დროსაც საკონტრასტო ნივთიერება უშუალოდ სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური კათეტერის მეშვეობით და შემდგომში რენტგენოლოგიურ კვლევას ახორციელებენ. მნიშვნელოვანია პოდოგრაფიის ანუ ტერფის რელიეფის შესწავლის მონაცემები. აღნიშნული გამოკვლევა სპეციალური აპარატით ხორციელდება. ზოგადად, ტერფის რელიეფი, მისი საყრდენი წერტილები, ყველა ადამიანს ეცვლება დროთა განმავლობაში. ეს მით უფრო ეხება დიაბეტით დაავადებულ პიროვნებას. ტერფის ის ადგილი, რომელიც ძლიერ ზეწოლას განიცდის, კოჟიჟის ან წყლულის განვითარების მაღალ რისკს წარმოადგენს და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ტერფის სუსტი წერტილების გამოვლენა და მათი დაზიანების პროფილაქტიკის მიზნით სპეციალური ჩასაფენების შერჩევა. ტერფის ძვლოვანი და მყესოვანი სტრუქტურების შესაფასებლად გამოიყენება რენტგენოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.


- დიაბეტური ტერფის მკურნალობის რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- თანამედროვე ეტაპზე დიაბეტური ტერფის მკურნალობა კომპლექსურია და ექიმთა გუნდის მიერ ხორციელდება. პაციენტს ერთდროულად უწევენ მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგი, სისხლძარღვთა ქირურგი, პოდიატრისტი - ტერფის სპეციალისტი. ნეიროპათიის მაღალი სიხშირის გამო აუცილებელი ხდება მკურნალობის პროცესში ნევროლოგის მონაწილეობა, ხოლო ძვლოვანი წანაზარდების კორექციის მიზნით შეიძლება ორთოპედის ჩარევა გახდეს საჭირო. სისხლძარღვების მხრივ მკურნალობა შეიძლება წარიმართოს კონსერვატიულად (მედიკამენტებით) ან საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა - კიდურის სისხლმომარაგების გაუმჯობესების ან აღდგენის მიზნით. უკანასკნელი ხორციელდება ღია ოპერაციით ან სისხლძარღვშიდა მეთოდით, რომლის დროსაც სპეციალური ბალონით ან სტენტით ხდება შევიწროებული სისხლძარღვის განვლადობის აღდგენა.


- რატომ ხდება აუცილებელი რიგ შემთხვევაში კიდურის ამპუტაცია?
- როგორც აღვნიშნეთ, შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება წვრილი ყალიბის სისხლძარღვები. ამის გამო ზოგჯერ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ვერ ხერხდება და თავს იჩენს სისხლის მიმოქცევის მკვეთრი უკმარისობის ნიშნები - "შავი თითი", რაც უკვე განგრენას მოასწავებს. მსგავს შემთხვევებში აუცილებელი ხდება ამპუტაცია, რომლის დონეც სამწუხაროდ ხშირად უფრო მაღალია, ვიდრე უშუალოდ პაციენტისათვის თვალსაჩინო ცვლილებების ლოკალიზაცია.


- რას ურჩევდით პაციენტებს დიაბეტური ტერფის მოსავლელად?
- დიაბეტური ტერფის შემთხვევაში პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, აუცილებლად უნდა იცნობდეთ დიაბეტური ტერფის მოვლის წესებს და ასრულებდეთ შემდეგ მითითებებს:

  • არ მოსწიოთ თამბაქო. დაიმახსოვრეთ, რომ თამბაქოს წევა თავად არის სისხლძარღვთა დაზიანების მნიშვნელოვანი ფაქტორი, ხოლო აღნიშნული მავნე ჩვევა დიაბეტის ფონზე გარდაუვალს ხდის სისხლძარღვოვან პათოლოგიას;
  • შეამოწმეთ ტერფები ყოველდღიურად, რათა არ გამოგეპაროთ ბუშტუკი, ნახეთქი, ნაკაწრი. ტერფის გულის დასათვალიერებლად გამოიყენეთ სარკე, არ დაგავიწყდეთ თითებს შორის ჩახედვა;
  • დაიბანეთ ფეხი ყოველდღიურად, გაიმშრალეთ ბოლომდე დიდი ყურადღებით, განსაკუთრებით თითებს შორის;
  • მოერიდეთ დაბალ და მაღალ ტემპერატურას. ბანაობის წინ წყლის ტემპერატურა შეამოწმეთ იდაყვით და არავითარ შემთხვევაში ტერფით ან მტევნით;
  • თუ ღამით ფეხები გეყინებათ, ჩაიცვით წინდები. არ დაიდოთ სათბური ტერფზე და ნუ გაიკეთებთ ცხელი წყლის აბაზანებს;
  • ნუ ივლით ცხელ ზედაპირზე (ცხელ ქვიშაში და ასფალტზე);
  • ნუ ივლით ფეხშიშველი;
  • ნუ გამოიყენებთ ძლიერ ქიმიურ საშუალებებს კოჟიჟებისა და კოჟრების მოსაცილებლად, ნუ გამოიყენებთ პლასტირებს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ გარქოვანებული კოჟრები და კოჟიჟები ექიმის საქმეა და აღნიშნული პრობლემით მხოლოდ მას მიმართეთ;
  • ნუ გამოიყენებთ ანტისეპტიკურ საშუალებებს (სპირტი, იოდი...) ტერფების არეში;
  • არ იხმაროთ ლეიკოპლასტირი ტერფზე;
  • არ გაიკეთოთ ტერფის აბაზანები;
  • ყოველდღიურად შეამოწმეთ ფეხსაცმლის ფსკერი, რათა არ გამოგეპაროთ უცხო სხეული, ამოშვერილი ლურსმანი, გახეული ჩასაფენი და უხეში ადგილები;
  • თუ უჩივით მხედევლობას, თქვენი ტერფის დათვალიერება მიანდეთ ოჯახის წევრს, რომელმაც ყოველდღიურად უნდა დაგითვალიეროთ ტერფი და ფეხსაცმელი, მოგაჭრათ ფრჩხილები და გახეხოს კოჟიჟები;
  • ფრჩხილები მოიჭერით განივად, კუთხეებს სწორად ნუ ამოიკვეთთ;
  • თუ ქვემო კიდურები გიშრებათ (შეიძლება გქონდეთ ქერტლი), ძალიან თხლად წაისვით დამარბილებელი ბავშვის კრემი ან უბრალოდ გადადუღებული საჭმლის ზეთი. დამარბილებელი საშუალებები შეიზილეთ ბანაობისა და კარგად გამშრალების შემდეგ. თითებს შორის დამარბილებლების შეზელვა არ შეიძლება. დეტალური მითითებებისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
  • ატარეთ კარგად მორგებული წინდები, სასურველია ბუნებრივი მასალის და არა ხელოვნური. აუცილებელია, რომ მას არ ჰქონდეს ნაკერი და ყელის არეში იყოს მოშვებული. გამოიცვალეთ წინდები ყოველდღიურად;
  • ფეხსაცმელი უნდა იყოს ზუსტი ზომის - არც დიდი და არც პატარა. არ უნდა შეიძინოთ ფეხსაცმელი შემდგომში მორგების იმედით, ის ყიდვის მომენტშივე კომფორტული და რბილი უნდა იყოს. სასურველია ფეხსაცმელი ტყავისაგან იყოს დამზადებული, სპორტული ფეხსაცმელი ექიმთან ერთად უნდა შეარჩიოთ;
  • არ ატაროთ ფეხსაცმელი წინდების გარეშე;
  • განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, ტერფები თბილად უნდა გქონდეთ. ჯერ ჩაიცვით ბამბის, ზემოდან კი შალის წინდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ წინდის ყელი არ უჭერდეს წვივს, რადგანაც ეს ხელს შეუშლის ტერფში სისხლის ცირკულაციას;
  • ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე, ეს აზიანებს თქვენი ფეხის ნერვებსა და სისხლძარღვებს;
  • მოინახულეთ თქვენი ექიმი რეგულარულად, რათა არ გაგეპაროთ მცირედი ცვლილებებიც კი;
  • თუ ტერფის არეში შენიშნეთ წყლული ან ბუშტუკი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ დიაბეტური ტერფი ექიმის მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს; და გაითვალისწინეთ, რომ რჩევების უგულებელყოფამ და დაგვიანებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგიყვანოთ.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად-28აბი
ფასი: 63.5
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის -30აბი
ფასი: 48.99
მშრალი თვალისთვის-13მლ
ფასი: 14.99
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.99
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
გაცხიმოვნების პრობლემას მთელი მსოფლიო ებრძვის. ჭარბი წონა არა მხოლოდ გარეგნობას აუშნოებს, დაავადებათა
კაკაო დიდი ხანია სუპერპროდუქტების სიაშია. არსებობს მონაცემები, რომ მას დიაბეტის საწინააღმდეგო თვისებები
ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვნით, მსოფლიოში დიაბეტით დაავადებული ადამიანების რიცხვის
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,