ნივთიერებათა ცვლის დარღვევების ენდოკრინული მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნივთიერებათა ცვლის დარღვევების ენდოკრინული მიზეზები

ნახშირწყლების რაციონალურად გამოყენებას ენერგიის მისაღებად, ნაცვლად იმისა, რომ ისინი კანქვეშა ან ვისცერული (ორგანოთა) ცხიმის სახით ჩალაგდეს. აქტიური მეტაბოლიზმის შედეგად კალორიები სწრაფად იწვება, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობას უწევს სხეულის მასის მომატებას. მეტაბოლიზმის პროცესი ასაკთან ერთად ბუნებრივად ნელდება.

მეტაბოლიზმის ნორმალურად წარმართვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ენდოკრინულ სისტემას, რადგან შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ჰორმონები აქტიურად არის ჩართული ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მეტაბოლიზმის პროცესში ენდოკრინული სისტემის როლსა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების ენდოკრინულ მიზეზებზე გვესაუბრება ექიმი ენდოკრინოლოგი – ქრისტინე ბაზაძე:

– ქალბატონო ქრისტინე, რომელი ენდოკრინული დარღვევები იწვევს უხშირესად ნივთიერებათა ცვლის მოშლას ორგანიზმში და რა სახით?

– დავიწყებ იმით, რომ ავადობა და ჯანმრთელობის პრობლემები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სიცოცხლის მანძილზე თავს იჩენს დაავადებები, რომლებიც ცხოვრების ხარისხზე მოქმედებენ. ენდოკრინოლოგები, ალბათ, არასდროს დავიღლებით იმის გამეორებით, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი, მოწესრიგებული ძილის ციკლი, ფიზიკური დატვირთვა და ასევე დიეტა, რომელიც გულისხმობს დაბალანსებულ ნუტრიენტულ საკვებს და კვების რეჟიმს, ჯანმრთელობის მთავარი გარანტიაა.

პროდუქტები, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს, წარმოუდგენელ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს, შვილებსა და ოჯახის წევრებს.

– კონკრეტულად, რომელია ეს პროდუქტები?

– ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, გენმოდიფიცირებული საკვები, რომელიც თვალისთვის მეტად მიმზიდველია, ხშირად საზიანო აღმოჩნდება ჯანმრთელობისთვის, ასევე გაზიანი ტკბილი სასმელები, ხილის წვენები, ენერგეტიკული სასმელები, ჩიფსები, პოპკორნი, კრეკერები, მზა პროდუქტები. ეს პროდუქტები არ შეიცავს იმ ღირებულ ნივთიერებებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვისაა აუცილებელი, ისინი მხოლოდ უსარგებლო კალორიები და ტრანსცხიმებია. ტრანსცხიმები მიიღება ხელოვნური გზით, არანაჯერი ცხიმების გადამუშავებისას ნაჯერ ცხიმებად, მათი გაცხელების და ჰიდროგენიზაციის, წყალბადის ატომების დამატებით. ჰიდროგენიზაციით თხევადი მცენარეული ზეთები მყარ მასად გადაიქცევა, ისეთად, როგორიცაა მარგარინი ან კულინარიული ცხიმები. ტრანსცხიმები ზრდის სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის კონცენტრაციას და ამის შედეგად, ათეროსკლეროზის რისკს. დადგენილია კავშირი ტრანსცხიმებსა და მკერდის კიბოს, პროსტატის კიბოს, დიაბეტის წარმოქმნის რისკებს შორის. ტრანსცხიმებს შეუძლიათ გამოიწვიონ იმ აუცილებელი ფერმენტების მუშაობის დარღვევა, რომლებიც აუვნებელყოფენ ორგანიზმში მოხვედრილ ქიმიურ ნივთიერებებს და კანცეროგენებს. საინტერესოა, რომ ასეთი მძიმე თვისებები აქვთ მხოლოდ საწარმოო ტრანსცხიმებს და არა ბუნებრივს.

ტრანსცხიმები ხელსაყრელი ფაქტორია ისეთი დაავადებების განვითარებისათვის, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები და სხვა ქრონიკული დაავადებები.

ამ პროცესში ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება ენდოკრინული სისტემა.

ენდოკრინული ჯირკვლების დარღვევები შეიძლება მერყეობდეს მსუბუქსა და ასიმპტომურს შორის. ასევე შეიძლება გამოიხატოს სერიოზული გავლენებით, რომლებიც ზემოქმედებს მთელ ორგანიზმზე.

კონკრეტული სიმპტომები დაკავშირებულია კონკრეტულ ენდოკრინულ ჯირკვლებთან.

ადამიანის ორგანიზმში ენდოკრინულ სისტემას ნივთიერებათა ცვლის მთავარი მარეგულირებელი ფუნქცია აქვს, ახდენს მეტაბოლური მოქმედების კონტროლს.

გავლენას ახდენს მადაზე, სუნთქვაზე, ძილ-ღვიძილის ჰომეოსტაზზე, სიმაღლეში ზრდაზე, წყალ-მარილოვან ბალანსზე, გონებრივ განვითარებაზე, გუნება-განწყობაზე, თერმორეგულაციაზე, რეპროდუქციაზე, ნივთიერებათა ცვლასა და წონის კონტროლზე.

– ძირითადად რომელ ჰორმონებს ენიჭება ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი ფუნქცია და მათი დონის ცვლილებისას რა სახის დარღვევები ვლინდება ორგანიზმში?

– ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონები კლასიფიცირდება:

1) ჰორმონებად, რომლებიც არეგულირებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწლების ცვლას. ესენია: ინსულინი, გლუკაგონი, ადრენალინი, გლუკოკორტიკოიდები;

2) ჰორმონებად, რომლებიც მონაწილეობენ წყალ-მარილოვან ცვლაში, პასუხისმგებელნი არიან მინერალებზე: მინერალკორტიკოიდები, ვაზოპრესინი, პარათჰორმონი, თირეოკალციტონინი;

3) ჰორმონებად, რომლებიც თერმორეგულაციაში მონაწილეობენ: თიროქსინი, ტრიიოდთირონინი, ადრენალინი;

4) ჰორმონებად, რომლებიც რეპროდუქციულ ფუნქციაზე არიან პასუხისმგებელნი: ანდროგენები, ესტროგენები, ოქსიტოცინი, პროლაქტინი, გესტაგენი;

5) ჰორმონებად, რომლებიც არეგულირებენ ენდოკრინულ ჯირკვლებს: ჰიპოფიზის ტროპული ჰორმონები: სომატოტროპინი, ადრენოკორტიკოტროპული, თირეოტროპული, ფოლიკუმასტიმულირებელი, მალუთენიზებელი, ლუთეოტროპინი;

6) მადის მარეგულირებელ ჰორმონებად:

ლეპტინი – უწოდებენ ნაყროვანების ჰორმონს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის წონისა და გლუკოზის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში ცენტრალური და პერიფერიული გზებით, ასევე პანკრეასის უჯრედების მიერ ინსულინის რეგულირებაში. ლეპტინი ასევე არის ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც აღიარებულია რეპროდუქციული ღერძის მოდულატორად, ისევე როგორც ენერგიის ბალანსის მოდულატორი.

გრელინი – გამოიყოფა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის მიერ. მას უწოდებენ შიმშილის ჰორმონს. გრელინი ასტიმულირებს პროლაქტინისა და ზრდის ჰორმონის სეკრეციასაც. გრელინის დონე იმატებს კვების წინ და მისი კლება ხდება კვებიდან 1 საათში. ძილის შეზღუდვა დაკავშირებულია შიმშილის ზრდასთან, რაც აისახება გრელინი-ლეპტინის თანაფარდობის მატებაზე.

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ დაავადებებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის და ჰორმონული დისბალანსის შედეგია:

1) შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2

შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 ყველაზე გავრცელებული დაავადებაა აშშ-ში. 29 მილიონი ადამიანი იტანჯება ამ ვერაგი დაავადებით, რომელიც ადინამიის, არასწორი კვების, წონის მატებისა და საბოლოოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების შედეგია. სიმსუქნე იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებასაც. ჭარბწონიანი ადამიანები ვირუსებისა და ინფექციების მიმართ მოწყვლადი ჯგუფია. მოსახლეობის ერთმა მესამედმა არ იცის, რომ ეს დაავადება აქვს.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი-1-ისა და ტიპი-2-ის სიმპტომები:

  • ძლიერი შიმშილის გრძნობა;
  • საერთო სისუსტე და დაღლილობა;
  • გახშირებული შარდვა;
  • გაძლიერებული წყურვილის გრძნობა;
  • გულისრევა, პირღებინება;
  • აუხსნელი წონის კლება ან, პირიქით, მომატება;
  • ძილის აპნოე;
  • მხედველობის გაუარესება.

2) ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებს აშშ-ში უკავშირებენ ასევე შაქრიან დიაბეტს. 20 მილიონი ადამიანი იტანჯება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებით.

დარღვევები მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას – ჰიპოთირეოზს ან, პირიქით, ფუნქციურად გააქტიურებას – ჰიპერთირეოზს.

გრეივსის დაავადება, ჰიპერფუნქცია მოიცავს:

  • ოფთალმოპათიას;
  • დისპეფსიურ მოვლენებს;
  • უძილობას;
  • სისუსტესა და დაღლილობას;
  • გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს;
  • ჰიპერჰიდროზს;
  • სიცხის მიმართ აუტანლობას;
  • გულის რიტმის მომატებას;
  • გუნება-განწყობის შეცვლას (გაღიზიანებას);
  • წონის კლებას.

ჰაშიმოტოს დაავადების სიმპტომებია:

  • სიცივის მიმართ აუტანლობა;
  • მშრალი კანი, თმის ცვენა;
  • სისუსტე და დაღლილობა;
  • შემცირებული ზომის ფარისებრი ჯირკვალი;
  • მენსტუალური ციკლის დარღვევები;
  • გულის რიტმის შენელება;
  • წონის მატება.

3) საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი

ისეთი პათოლოგიური მდგომარეობაა, როდესაც ქალს ორგანიზმში მომატებული რაოდენობით აღენიშნება მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ანდროგენი. ჰორმონული დისბალანსის გამო, საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომის დროს, ხშირად პაციენტს გარეგნული ცვილილებებიც აღენიშნება, დარღვეული აქვს საკვერცხის ფუნქცია და შესაბამისად, მენსტრუალური ციკლიც.

საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი ქალს სქესობრივი მომწიფების შემდეგ ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეს. ხასიათდება:

  • ჰირსუტიზმით;
  • წონის მატებით;
  • ჰიპერინსულინემიით;
  • აკნეთი.

4) დაბალი ტესტოსტერონი

ჰიპოგონადიზმი – ნიშნავს დაბალი ტესტოსტერონის დონეს. ძალიან ძნელია იმ მამაკაცთა რიცხვის დასახელება და აღრიცხვა, ვისაც გააჩნია ეს დიაგნოზი.

დაავადებისთვის დამახასიათებელია:

  • ერექციული დისფუნქცია;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • სათესლე ჯირკვლების ზომის შემცირება;
  • თმის ცვენა და სისუსტე;
  • აბდომინური სიმსუქნე;
  • დეპრესია;
  • კუნთების სისუსტე;
  • უძილობა;
  • ოსტეოპოროზი.

5) ოსტეოპოროზი

ოსტეოპოროზი არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ძვლის მასის შემცირებით. ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამკაცები. რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად, ჰორმონის – ესტროგენის შემცირებასთან ერთად, თუმცა, სხვა ენდოკრინულმა დარღვევებმაც შეიძლება გამოიწვიოს ოსტეოპოროზი, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მაღალმა დონემ სისხლში, პარათირეოიდული ჰორმონის და ასევე კორტიზოლის დონის მომატებამ, რაც ნორმალურ ბალანსს და ძვლოვანი მასის აღდგენას ეწინააღმდეგება.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები და ნივთიერებათა ცვლის მოშლა

– რა გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები?

– ფარისებრ ჯირკვალში გამომუშავებული ორი ძირითადი ჰორმონი, ტეტრაიოდთირონინი, იგივე თ4 და ტრიიოდთირონინი, იგივე თ3 უზრუნველყოფს ძირითად მეტაბოლიზმს, მის სიჩქარეს, კალორიების დაგროვებასა და მათ მოხმარებას, რაც ასე აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელობისა და სიმშვიდისათვის.

ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების გამომუშავებაზე პასუხისმგებელია თირეოტროპული ჰორმონი თშH; ის ჰიპოფიზის ჰორმონია. ჰიპოფიზი თავის ტვინის დანამატი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია.

აღნიშნული ჰორმონები გავლენას ახდენს თითქმის მთელ ორგანიზმზე და ყველა ორგანოზე, გარდა საშვილოსნოსა და თავის ტვინისა. უჯრედულ დონეზე თ3 და თ4 მონაწილეობენ ენერგიის გამოთავისუფლებასა და გლუკოზის უტილიზაციაში. ამ პროცესს მივყავართ მეტაბოლიზმის დაჩქარებამდე და ასევე სითბოსა და ენერგიის გამოთავისუფლებამდე. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ასტიმულირებენ როგორც ლიპოგენეზს, ასევე ლიპოლიზს.

მათი ძირითადი ფუნქციები:

  • აკონტროლებენ ზრდა-განვითარებას, ასევე ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციობას;
  • არეგულირებენ ფსიქოემოციურ ფუნქციებს;
  • ასტიმულირებენ მჟავატუტოვან ბალანსს;
  • აკონტროლებენ მინერალების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ბალანსს ორგანიზმში;
  • პასუხისმგებელნი არიან რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

– რა სახის დარღვევები ვითარდება უხშირესად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის ცვლილებისას და რა შედეგები მოაქვს ამ დარღვევებს ორგანიზმისათვის?

– ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

  • სტრუქტურული ცვლილებებით მიმდინარე;
  • ფუნქციური ცვლილებებით მიმდინარე;
  • დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ერთდროულად სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებებით.

დაავადებების უმრავლესობა განპირობებულია ორგანიზმში იოდის დეფიციტით.

თავის მხრივ, იოდი მონაწილეობს იმ ჰორმონების წარმოქმნაში, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისათვის.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები ძირითადად დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზე.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერების, ჰიპერთირეოზის დროს პაციენტს აღენიშნება:

  • ემოციური არამდგრადობა, აგზნების მომატება, ცვალებადი ხასიათი;
  • ოფლიანობის სიჭარბე;
  • გულის აჩქარება, რომელიც მედიკამენტის მიღების მიუხედავად არ ქრება;
  • ხელის თითების კანკალი;
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
  • წონის კლება და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების, ჰიპოთირეოზის დროს კი პაციენტი უჩივის:

  • ადინამიასა და მოდუნებას;
  • ძილიანობას;
  • წონის მატებას;
  • თმის ცვენას;
  • ფრჩხილების მტვრევადობას;
  • კანის სიმშრალეს;
  • ყაბზობას;
  • ემოციურ არამდგრადობას;
  • ბრადიკარდიას (გულის რიტმის შენელებას);
  • დაბალ არტერიულ წნევას და სხვა.

მიზეზები:

მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ და მემკვიდრულ ფაქტორებს, გარემოპირობებს:

  • ფსიქოემოციურ მდგომარეობას;
  • არასწორი და არაჯანსაღი საკვების მიღებას ღარიბი ნუტრიენტული სტატუსითა და იოდის დეფიციტით;
  • ეკოლოგიას;
  • თანმხლებ ქრონიკულ დაავადებებს;
  • მემკვიდრეობას;
  • იოდის დეფიციტს ორგანიზმში;
  • ადინამიას.

– რა მნიშვნელობა ენიჭება, საზოგადოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფონის მოწესრიგებას ორგანიზმში და რატომ არის აუცილებელი დროულად მკურნალობა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენციის მიზნით აუცილებელია:

  • ცხოვრების წესის შეცვლა, მავნე ჩევევების უკუგდება (ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება);
  • ჯანსაღი პროდუქტებით დაბალანსებული კვება;
  • სტრესული მდგომარეობების არიდება;
  • იოდის შემცველი პროდუქტების მიღება, ასევე დანამატების სახით;
  • საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ზომიერად მოხმარება;
  • მწვანე ჩაის მიღება, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია;
  • ხილი, ბოსტნეული.

მეტაბოლური სინდრომი

– როგორ მდგომარეობას ეწოდება მეტაბოლური სინდრომი და რომელ დაავადებათა განვითარების რისკფაქტორებს მოიცავს ის?

– მეტაბოლური სინდრომი არის რამდენიმე მდგომარეობის კომბინაცია, რომლებიც რისკფაქტორებია კარდიოლოგიური დაავადებების, ინსულტისა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ის განვითარებისათვის. მოიცავს ასევე მაღალ არტერიულ წნევას, შაქრის მომატებულ დონეს სისხლში, აბდომინურ სიმსუქნეს, დაბალი სიმკვრივისა და ტრიგლიცერიდების მომატებას.

ეს რამდენიმე მონაცემი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს მეტაბოლური სინდრომი, მაგრამ საყურადღებოა, რადგან არსებობს უფრო სერიოზული დაავადების განვითარების რისკი, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების.

მეტაბოლური სინდრომი სულ უფრო იმატებს აშშ-ი და ყოველ მესამე მოზრდილს აღენიშნება. დარღვევების უმრავლესობას, რომლებიც მეტაბოლურ სინდრომს ახასიათებს, არ აქვს განსაკუთრებულად გამოხატული სიმპტომები. ერთ-ერთი შესამჩნევი ნიშანი – მუცლის დიდი გარშემოწერილობაა და თუ მას სისხლში შაქრის მაღალი დონეც ემატება, საკმარისია განვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2. შესაძლებელია იჩინოს მალევე თავი ისეთმა სიმპტომებმა, როგორებიცაა გაძლიერებული წყურვილის გრძნობა, გახშირებული შარდვა, სისუსტე, მეხსიერების გაუარესება.

– რომელ კატეგორიას ემუქრება ძირითადად მეტაბოლური სინდრომი?

– მეტაბოლური სინდრომი უშუალოდ უკავშირდება სიმსუქნეს, არასწორ კვებას, ადინამიას, რომლის შედეგად ვითარდება ინსულინორეზისტენტობა.

ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი – პანკრეასი.

ინსულინი პასუხისმგებელია შაქრის უჯრედში შეღწევადობაზე, რომელიც ენერგიის სახით გამოთავისუფლდება. იმ პირთა რეცეპტორები, რომელთაც აღენიშნებათ ინსულინორეზისტენტობა, უჯრედის დონეზე რეაგირებას არ განიცდიან, ამის გამო შაქრის მაღალი დონე რჩება სისხლში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა პანკრეასი აძლიერებს ინსულინის გამოყოფას შაქრის დონის შესამცირებლად.

რისკფაქტორებია:

  • ასაკი;
  • ეთნიკურობა;
  • მავნე ჩვევები (ალკოჰოლის მოხმარება, მწეველობა);
  • სიმსუქნე;
  • სხვა ქრონიკული დაავადებები.

– რა არის გასათვალისწინებელი მეტაბოლური სინდრომის პროფილაქტიკისთვის, ანუ როგორ ავირიდოთ ის?

– პრევენცია მოიცავს:

  • ფიზიკურ აქტივობას (ყოველდღე ფეხით სიარული 1 სთ);
  • კვების რაციონში უმეტესად ბოსტნეულის, ხილის, ცილების, ზღვის პროდუქტების ჩართვას, კვების რაციონალურ რეჟიმს, 1,5-2 ლ წყლის მიღებას;
  • ცხიმებისა და მარილის შეზღუდვას;
  • ალკოჰოლიზმისა და მწეველობის შეწყვეტას.

პრედიაბეტი

– როდის იქმნება ორგანიზმში დიაბეტისწინა მდგომარეობა ე.წ. პრედიაბეტი და რა მექანიზმები განსაზღვრავს მას?

– პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც შაქრის დონე დასაშვებ ნორმაზე მეტია, თუმცა, არც ისეთი მაღალი, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 ჩაითვალოს. პრედიაბეტული მდგომარეობის მოზრდილებთან და მოზარდებთან ცხოვრების წესის შეცვლა, წონის კლება ამცირებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ის განვითარების რისკს. თუ ადამიანს აქვს პრედიაბეტი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაწყებულია ის დაზიანებები, რომლებიც შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ისთვისაა დამახასიათებელი, განსაკუთრებით გულის, სისხლძარღვების, მხედველობის, თირკმელების მხრივ.

პრედიაბეტის გამომწვევი ზუსტი მიზეზები არ არის ცნობილი, თუმცა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახურ სამედიცინო ანამნეზს და მემკვიდრულ წინასწარგანწყობას. დიდ როლს თამაშობს ასევე ადინამია, წონის მატება, განსაკუთრებით მუცლით სიმსუქნე. შაქრის უმეტესი რაოდენობა, რომელიც ორგანიზმში ხვდება, არჩეული საკვები რაციონიდანაა, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ. საკვების გადამუშავების შედეგად, ნახშირწყლები გადადის სისხლში, შაქრის უჯრედში მოხვედრა ინსულინითაა შესაძლებელი. კვების პროცესში პანკრეასი გამოიმუშავებს ინსულინს და ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. როდესაც შაქრის დონე მცირდება სისხლში, პანკრეასი ანელებს ინსულინის გამოყოფას.

პრედიაბეტური მდგომარეობის დროს ეს პროცესი დარღვეულია, პანკრეასმა შეიძლება არ გამოიმუშაოს საკმარისი რაოდენობის ინსულინი ან უჯრედები გახდნენ მის მიმართ რეზისტენტულნი, იმის მაგივრად, რომ უჯრედები იკვებებოდნენ, შაქრის დონე მაღალი რჩება სისხლში.

– რომელია ე.წ. პრედიაბეტის დიაგნოსტიკის კრიტერიუმები?

– პრედიაბეტს არ გააჩნია განსაკუთრებული სიმპტომები. თუმცა, შეიძლება გამოვყოთ ერთ-ერთი, რომელიც სხეულის ნაწილებზე კანის ფერის შეცვლით გამოიხატება, მაგალითად, კისრის, მკლავების, იდაყვების, მუხლების კანის ზედაპირის სიმუქით. კლასიკური ნიშნები და ჩივილები, რომლებიც ზუსტად მიუთითებენ პრედიაბეტურ მდგომარეობას ან იმას, რომ ის უკვე გართულებულია შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ით, შემდეგია:

  • წვის შეგრძნება ქვედა კიდურებზე;
  • გახშირებული შარდვა;
  • ძლიერი შიმშილის გრძნობა;
  • საერთო სისუსტე;
  • მხედველობის გაუარესება.

– რა შემთხვევაში ხდება დიაბეტისწინა მდგომარეობის გართულება შაქრიანი დიაბეტით?

– პრედიაბეტის გართულებებიდან აღსანიშნავია:

  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ინსულტი;
  • თირკმლის დაავადებები;
  • ნერვული სისტემის დაავადებები;
  • მხედველობის გაუარესება, სიბრმავე;
  • ამპუტაცია.

– როგორ ხდება დიაბეტისწინა მდგომარეობის უკუქცევა? რა რჩევებს მისცემთ ამ კუთხით მკითხველს?

– პრედიაბეტის პრევენცია შესაძლებელია. ის აგვარიდებს შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ის განვითარებას. დასაწყისისთვის აუცილებელია ჩვენს რაციონში ბევრი ბოსტნეულის შეტანა, რომელსაც უნდა დავამატოთ ფიზიკური აქტივობა. წონის კლებას შეუძლია სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება. ცხოვრების წესის შეცვლას შეუძლია დაძლიოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 და მიაღწიოს ნორმოგლიკემიურ მდგომარეობას.

პრევენცია, საზოგადოდ, მოიცავს:

  • ფიზიკურ აქტივობას (ყოველდღე ფეხით სიარული 1-2 სთ);
  • კვების რაციონში უმეტესად ბოსტნეულის, ხილის, ცილების, ზღვის პროდუქტების ჩართვას, კვების რეჟიმისა და წყლის მიღების დაცვას (1,5-2 ლ);
  • ცხიმებისა და მარილის შეზღუდვას;
  • წონის კლებას;
  • ალკოჰოლისა და თამბაქოსთვის თავის დანებებას.