უსიამოვნო სუნის ენდოკრინული მიზეზები
სხეულის სუნს კანის ფორები, ოფლი და რამდენიმე სხვა ფაქტორი წარმოქმნის. გარდატეხის ასაკში ჰორმონული ბალანსის არევასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი მოზარდი უჩივის სხეულის უსიამოვნო სუნს. ამ პრობლემებს ერთნაირი სიხშირით აწყდებიან როგორც ვაჟები, ისე გოგონები. სხეულიდან, პირიდან უსიამოვნო სუნი ახასიათებს ენდოკრინული პროფილის ზოგიერთ მეტად სერიოზულ პათოლოგიასაც, რომლებიც დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადებები და რა ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო ასეთ დროს? ამაზე ენდოკრინოლოგი ლელა სილაგაძე გვესაუბრება.
- ქალბატონო ლელა, რატომ ძლიერდება გარდატეხის ასაკში სხეულის სუნი და რა უწყობს ამას ხელს?
- ადამიანის ორგანიზმი მუდმივად გამოყოფს ორი სახის ოფლს, ეგზოკრინულს - გამჭვირვალე, სუნის გარეშე სეკრეტია და აპოკრინულს - მკვეთრსუნიანი სეკრეტია. პირველი - გამოიყოფა მთელ სხეულზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს თერმორეგულაციაში, მეორე - შედარებით რთული შედგენილობის ნივთიერებაა და ძირითადად იღლიისქვეშა ფოსოებსა და საზარდულის არეებში გამოიყოფა. საკუთრივ არც მას გააჩნია სუნი, მაგრამ გამოყოფისთანავე იგი ურთიერთქმედებს ტანზე მოსახლე ბაქტერიებთან, რისი შედეგიც გახლავთ სხეულის დაბინძურების მანიშნებელი ცუდი სუნი. მსგავსი პროცესები ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს მოზარდის სხეულშიც, მაგრამ ამას აძლიერებს შინაგანი და გარეგანი ფაქტორები, კერძოდ პუბერტატული ასაკისთვის დამახასიათებელი ნეიროენდოკრინული თავისებურებანი, რომლებიც ყველაზე მეტად გარდატეხის ასაკის დასაწყისში - გოგონებისთვის - 11-12 წლის, ბიჭებისთვის - 12-14 წლის ასაკში იჩენს თავს და ამავე ასაკის თანმდევი გარეგანი ფაქტორები.
- რომელი ნეიროენდოკრინული პროცესები განაპირობებს მოზარდებში სხეულის დამახასიათებელ სუნს და რატომ?
- გარდატეხის ასაკის დადგომისას თითქმის დასრულებულია თავის ტვინის ქერქის ფორმირება, როგორც ანატომიურად, ისე ფუნქციურად მთლიანად ჩამოყალიბებულია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემა, შედეგად ორგანიზმში გაძლიერებულად გამოიყოფა ფოლიკულომასტიმულებელი, სომატოტროპული, ადენოკორტიკოტროპული, სასქესო და სხვა ჰორმონები. ამას ემატება ანდროგენების, ესტრაოგენების, გესტაგენების ჰორმონული დისბალანსი. ორგანიზმის ინტენსიური ზრდის პირობებში გაძლიერებულად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესები, იმუნიტეტზე დამთრგუნველად მოქმედებს სისხლში პარათირეოიდული ჰორმონის, კორტიკოსტეროიდების, ტესტოსტერონისა და პროჟესტერონის დონის მატება, დასუსტებული იმუნიტეტის პირობებში ქვეითდება ორგანიზმის ადაპტაციური ძალები, ეს ყველაფერი ერთად კი იწვევს ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებას, რეზისტენტობის დაქვეითებას და იმუნოდეფიციტს და ისიც სხვადასხვა სახის მიკრობებისთვის ადვილად მოსარევი ხდება. შედეგად ფიზიოლოგიურად გამოყოფილი აპოკრინული სეკრეტი ჩვეულებრივზე სწრაფად და ადვილად ბინძურდება სუნის წარმომქმნელი ბაქტერიებით.
- რა იწვევს მოზარდის სხეულზე აპოკრინული ჯირკვლების სეკრეტის გაძლიერებულ გამომუშავებას?
- სქესობრივი მომწიფების დაახლოებით შუაში გაძლიერებული ჰორმონული ფონის გავლენით, სისხლში ტესტოსტერონის დონის მატებით, რომელიც აძლიერებს საოფლე ჯირკვლების მუშაობას. აპოკრინული ჯირკვლების სეკრეტის გამომუშავება საზარდულის არესა და იღლიისქვეშა ფოსოებში პიკს აღწევს, წარმოიქმნება სქელი და უხვი მკვეთრსუნიანი სეკრეტი. გაძლიერებული სეკრეციით მიმდინარეობს ოფლის გამოყოფა ტერფებზეც.
- რას გვეტყვით გარეგან ფაქტორებზე?
- გარეგანი მიზეზებიდან აღსანიშნავია სპორტულ სექციაში ვარჯიშის შემდეგ არასათანადო ჰიგიენა.
ამ ასაკში მოზარდები ჭარბად იყენებენ დეზოდორანტებს, ისინი კი სპობენ ჩვეულ ფლორას, რის გამოც აქტიურდებიან ბაქტერიები, მათი ცხოველქმედების პროდუქტები კი ოფლს საკმაოდ უსიამოვნო სუნს სძენენ. სხეულიდან უსიამოვნო სუნს აპროვოცირებს მედიკამენტებიც. ზოგიერთი ჯგუფის ბაქტერიები ოფლს თავისთავად უსიამოვნო სუნს არ აძლევენ, მაგრამ ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაში მათი გავლენით იცვლებიან და უსიამოვნო სუნის მქონე აირებს გამოყოფენ. ამ ასაკში მოზარდთა რაციონში ჭარბობს შაქარი და მისი შემცველი პროდუქტები, შაქარი სუნის წარმომქმნელ ბაქტერიებს არსებობისა და გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებს უქმნის, შესაბამისად, ძლიერდება სუნი, რომელსაც ისინი ანიჭებენ ოფლს. არსებობს ჰორმონები, რომელთაც თავადვე აქვთ სუნი. ასეთია ქალის სასქესო ჰორმონები. ისინი, გარდა იმისა, რომ თავად გამოყოფენ სუნს, ბაქტერიათა გამრავლებისთვისაც ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. გარდატეხის ასაკში მომატებული აგზნებადობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური ცვლილებისა და სხვა ასაკობრივი პრობლემების აღმოსაფხვრელად მოზარდები ხშირად იღებენ სხვადასხვა მედიკამენტს, პირის სიმშრალეს კი ზოგიერთი პრეპარატიც იწვევს, მაგალითად ანტიჰისტამინები, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიდეპრესანტები, დამამშვიდებლები და წნევის დამწევები. ისინი ამცირებენ ნერწყვის გამოყოფას, ანაერობულ ბაქტერიათა გამრავლებას უწყობენ ხელს და უსიამოვნო სუნის მიზეზად იქცევიან.
- რას ურჩევდით მოზარდებს, როგორ მოუარონ თავს ისე, რომ სხეულის სუნმა უხერხულობა არასდროს შეუქმნათ?
- ამ პერიოდში უმჯობესია გამოიყენონ საპონი ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. არ არის რეკომენდებული დეზოდორანტების ხშირი გამოყენება.
- დააკვირდით, ხომ არ უკავშირდება სხეულიდან უსიამოვნო სუნი რომელიმე საკვების მიღებას. ეს განსაკუთრებით ხახვსა და ნიორს ეხება.
- ნაწლავებში მობინადრე დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებსაც შეუძლიათ ტოქსინების გამოყოფა ოფლთან ერთად, ამიტომ მოზარდმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს რძე და რძემჟავა პროდუქტები.
- სხეულის უსიამოვნო სუნის გაძლიერებისას მიიღეთ თუთიის კვებითი დანამატი ან პრეპარატი, 30 მგ ძილის წინ.
- ატარეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ტენს და რაც შეიძლება ხშირად იცვალეთ.
- სვით რაც შეიძლება მეტი სითხე - არანაკლებ 1 ჭიქისა დღეში ყოველ 30 სმ სიმაღლეზე. თუ მოზარდი სპორტს მისდევს, სითხის ოდენობა უნდა გაიზარდოს.
- დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყოველდღიურად მიიღეთ შხაპი, რადგან ენდოკრინულ გარდაქმნასთან დაკავშირებით არ მოხდეს ოფლის აპოკრინული ჯირკვლების სადინართა დახშობა.
- სხეულის დეზოდორანტებისა და ფხვნილების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ შხაპის შემდეგ, ახალდაბანილ კანზე.
- მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის რაციონს, რომელიც დაბალანსებულად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და რაც მთავარია, მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა გარეშეც ორგანიზმს უჭირს დაავადებების გამომწვევ ბაქტერიებთან გამკლავება.
- ქალბატონო ლელა, იმ ენდოკრინული პროფილის პათოლოგიებზე რას გვეტყვით, რომელთაც სხეულიდან ან პირიდან უსიამოვნო სუნი ახასიათებთ?
- ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია შაქრიანი დიაბეტი და მისთვის დამახასიათებელი აცეტონის სუნი.
- რას წარმოადგენს კეტონური სხეულები?
- მოგეხსენებათ, შაქრიანი დიაბეტის დროს დარღვეულია ორგანიზმში ნახშირწყლების მონელება, რის გამოც ორგანიზმში დიდი რაოდენობით ხვდება კეტონური სხეულები. ეს სახელი აერთიანებს სამი ტიპის ნივთიერებას: აცეტონს, ბეტა-ოქსი-მჟავას, აცეტალდეჰიდს.
- რა მექანიზმით გროვდება კეტონური სხეულები ორგანიზმში?
- აცეტონის გამოვლენის პირველი მიზეზი ორგანიზმში ჰორმონ ინსულინის უკმარისობაა, რის გამოც სისხლში გლუკოზის დონე მაღალია, უჯრედები კი მის დეფიციტს განიცდიან. გლუკოზა ორგანიზმში ენერგიის ძირითადი წყაროა, ამიტომ უჯრედები ენერგიის უკმარისობის გამო საკუთარი ცხიმების დაშლას იწყებენ, რის შედეგადაც გამოიყოფა კეტონური სხეულები. ამგვარად, უჯრედებიდან კეტონური სხეულები სისხლში, შემდეგ კი შარდში ხვდება. ამ მოვლენას კეტონურიას უწოდებენ. ბუნებრივია, ორგანიზმი იწყებს მათ გამოყოფას თირკმელებისა და ფილტვების დახმარებით. ეს ვლინდება შარდშიც და ამონასუნთქ ჰაერშიც, რაც ადვილი შესამჩნევია გარშემო მყოფთათვის.
- რამდენად საშიშია ეს მოვლენა?
- ეს მეტად საგანგაშო სიგნალია და დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, რადგან აცეტონის სუნი ნიშნავს კეტოაციდოზს, ანუ ორგანიზმის შინაგანი გარემოს დამჟავებას, რომელიც გვაუწყებს, რომ დიაბეტი არაკომპენსირებადია და მოსალოდნელია დიაბეტური ანუ კეტოაციდოზური კომა.
კეტოაციდოზურ კომას აცეტონის სუნის გარდა ახასიათებს ძლიერი გადაღლა, სისუსტე, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, შემდგომ სრული გაქრობა, საკვებისადმი ზიზღი, მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა, ხმაურიანი, ღრმა და გახშირებული სუნთქვა. პირველი სამი სიმპტომის შემთხვევაში შანსი, რომ კეტოაციდოზს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, კიდევ არსებობს, დანარჩენი სიმპტომებისას კი აუცილებელია პაციენტის სპეციალიზებულ კლინიკაში დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია.
-ცნობილია, რომ აცეტონის სუნი ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანსაც ამოსდის. როდის ხდება ეს?
- ასეთი რამ მოსალოდნელია ჯანმრთელი ადამიანის ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ, ოღონდ ამ შემთხვევაში მიზეზი კეტონური სხეულების გაჩენისა არა ინსულინის დეფიციტი, არამედ საკვების, პირველ ყოვლისა კი ნახშირწყლების უქონლობაა. ამ დროს უჯრედები ტვინის ბრძანებით ღვიძლის სამარაგო შაქრის გამოყენებას იწყებენ. ეს შიმშილით სიკვდილისგან თავდაცვის პირველი ხაზია, შემდეგ იწყება კუნთებში დამარაგებული გლიკოგენის ამოწურვა, შემდეგ - უჯრედების ცხიმის, ზემოთ აღწერილი შედეგებით. ამ მოვლენას მშიერი კეტოაციდოზი ეწოდება.
- კიდევ რომელ ჰორმონულ პროცესებს ახასიათებს სპეციფიკური სუნი?
- ხშირად პირის სიმშრალე და პირის ღრუდან უსიამოვნო სუნი თან ერთვის წინარემენსტრუალურ სინდრომს. ესტროგენების დონის მატება აძლიერებს პირის ღრუს სიმშრალეს, ლორწოვანი გარსის უჯრედების შეწებებას და ანაერობი მიკრობების გამრავლებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
თევზის სუნი ახასიათებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის იშვიათ ფორმას - ტრიმეთილამინურიას. ამ პათოლოგიას თევზის სუნის სინდრომსაც უწოდებენ. დაავადება შესაძლოა იყოს როგორც გენეტიკური, ისე შეძენილი. ჩვეულებრივ, საჭმლის მომნელებელი ფერმენტები ტრიმეთილამინს უსუნო ნივთიერებად გარდაქმნიან, ტრიმეთილამინურიის დროს კი ადამიანს ასეთი ფერმენტები არ გააჩნია, ამიტომ ორგანიზმში ტრიმეთილამინი უცვლელი რჩება, ამონასუნთქ ჰაერთან ერთად გამოიყოფა და ოფლსა და შარდს თევზის სუნს სძენს. ადამიანს სხეულზე მუდმივად თევზის სუნი სდის, რაც მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის როგორც შინ, ისე სახლის გარეთ. სუნს განსაკუთრებით აძლიერებს კვერცხი, ზოგიერთი მარცვლეული და ქოლინებით მდიდარი საკვები.