ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზი
ორგანოთა (საყლაპავის, საშვილოსნოს) ვენები განიცდის, მაგრამ ყველაზე ხშირად ვარიკოზული გაგანიერება ფეხის ვენებზე ვითარდება. უმთავრესად ზიანდება დიდი და მცირე კანქვეშა ვენები.
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს. ქალებს ვენების გაგანიერება უფრო მეტად სქესობრივი მომწიფების, ორსულობისა და მენოპაუზის ასაკში ემართებათ.
მამაკაცებში დაავადების განვითარების სიხშირე მთელი სიცოცხლის განმავლობაში შედარებით ერთნაირია.
-
რა ხდება ვარიკოზის დროს
ვარიკოზის დროს ვენის კედელი განიერდება და დუნდება. მასში ვითარდება დისტროფიული ცვლილებები. ზიანდება ვენების სარქვლოვანი სისტემაც, რომელიც დიდ როლს ასრულებს სისხლის ნაკადის კიდურებიდან გულისკენ გადასროლაში. ვენის სარქვლებს ქოლგისებრი ეფექტი აქვს - პერიფერიული ვენებიდან გულისკენ, ქვევიდან ზევით სისხლის დინებისას, ისინი იშლება, სანათურს ახშობს და სისხლს ქვემოთ ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. როდესაც ვენის კედელი გაგანიერებულია, ხოლო სარქვლები - დაზიანებული, სისხლის ნაწილი გულს ვეღარ უბრუნდება და პერიფერიულ ვენურ სისტემაში გუბდება.
სისხლის ნაკადის უკუდინებას ეხმარება აგრეთვე წვივის კუნთებიც. ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის მიწოდება წვივისა და ბარძაყის კუნთების შეკუმშვით ხდება. ამ კუნთების შეკუმშვისას წვივისა და ბარძაყის ვენებზე ზეწოლის გამო სისხლი ქვედა კიდურებიდან გადაიტყორცნება მენჯის ვენებისკენ. სწორედ ამიტომ უწოდებენ წვივის კუნთებს პერიფერიულ გულს.
გარკვეულ როლს თამაშობს აგრეთვე დიაფრაგმის მოძრაობა, მუცლის შიდა წნევა, სისხლძარღვის შიდა ტონუსი. ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ადგილობრივად იმატებს ვენური წნევა, უფრო მეტად - წვივის ქვედა მესამედში, რაც ვენური სარქვლების უკმარისობას იწვევს. ამის შედეგად წვივის კუნთების შეკუმშვისას სისხლი ღრმა ვენებიდან დიდი წნევით მიედინება ზედაპირულისკენ. ზედაპირულ ვენებში წნევის მატება მათ გაგანიერებას და შეშუპებას იწვევს. ვენური წნევის ხანგრძლივ მატებას თან სდევს კანის გამაგრება და ლურჯი ლაქების გაჩენა (პიგმენტაცია). ეს ამცირებს კაპილარებში სისხლის მიმოქცევას და აჩენს წყლულებს.
-
რას უჩივიან ავადმყოფები
თავდაპირველად, როდესაც დაავადება კომპენსირებულია, ავადმყოფები უჩივიან მხოლოდ ვენების გაგანიერებას, რომელიც თავს იჩენს ჯდომისას ან დგომისას - ამ დროს კანზე კლაკნილი ვენები, კვანძები და წნულები ამოიბურცება.
დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ამას ერთვის სწრაფად დაღლა, სიმძიმის შეგრძნება, სპაზმური ტკივილი წვივის კუნთებში, დაბუჟება და ქვედა კიდურების შეშუპება.
შეშუპება შესამჩნევია საღამო ხანს და ფეხზე დიდხანს დგომისას, ხოლო დილისთვის, დასვენების შემდეგ ქრება. დროთა განმავლობაში წვივის ქვედა მესამედში, უფრო მეტად - წვივის შიგნითა ზედაპირზე, ჩნდება ლურჯი ლაქები. კანი ეშვება, შრება, ბრწყინვას იწყებს. ბოლოს ვითარდება ქრონიკული ვენური უკმარისობა და ტროფიკული წყლულები.
-
როგორ სვამენ დიაგნოზს
ზედაპირული ვენების ვარიკოზი კიდურებზე იმდენად აშკარად არის გამოხატული, რომ დიაგნოზის დასმა ძალიან ადვილია, მაგრამ დაავადების ხარისხის დადგენის, მკურნალობის მეთოდის შერჩევისა თუ ოპერაციის ჩვენების განსაზღვრის მიზნით გამოკვლევა აუცილებელია. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მისაღები და ამავე დროს არაინვაზიურია დოპლეროგრაფია. გარდა ამისა, არსებობს ფუნქციონალური სინჯები ღრმა ვენების გამტარობის, სარქვლების უკმარისობის დასადგენად.
-
როგორ მკურნალობენ
მკურნალობა ხორციელდება მედიკამენტური, სკლეროთერაპიული და ქირურგიული მეთოდებით.
მედიკამენტური მკურნალობა
მედიკამენტებიდან იყენებენ თრომბოლიზურ პრეპარატებს (მათი საშუალებით შლიან თრომბს), ანტიკოაგულანტებს (ჰეპარინს, ფრაქსი პარინს, ენოქსიპარინს, ვარფარინს), ანტიაგრეგანტებს (თრომბოასპირინს), რომლებიც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს და ახდენს თრომბოზის პროფილაქტიკას, ვენოტონიკებს - პრეპარატებს, რომლებიც ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს.
გაითვალისწინეთ: ექიმის დანიშნულების გარეშე ამ წამლების მიღება დაუშვებელია.
სკლეროთერაპია
სკლეროთერაპია დაზიანებული ვენების სკლეროზირებას გულისხმობს. ამ დროს წამლების საშუალებით ჯერ ვენის კედლის ანთებას იწვევენ, შემდეგ კი მათზე ზეწოლით კედლებს ერთმანეთთან მიხორცებას აიძულებენ. შედეგად ვენის სანათური იხშობა. ბოლო ხანს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლაზერულ სკლეროთერაპიასაც მიმართავენ.
კრიოსკლეროზირება
კრიოსკლეროზირებისას აზოტის ოქსიდით -90 გრადუსამდე გაციებული ხელსაწყო ბარძაყის დიდი კანქვეშა ვენის სანათურში შეჰყავთ და ყინავენ. ქირურგიული მკურნალობა ერთადერთი რადიკალური მეთოდია. ამ დროს ხდება დიდი კანქვეშა ვენის გადაკვანძვა და ვარიკოზული კვანძის ამოკვეთა.
-
რით შეიძლება გართულდეს დაავადება?
ყველაზე გავრცელებული გართულებებია:
- ქრონიკული ვენური უკმარისობა და ტროფიკული წყლული;
- ვარიკოზული ვენების გასკდომა და სისხლდენა;
- თრომბოზი და მწვავე თრომბოფლებიტი.
1. ტროფიკული წყლული
ტროფიკული წყლული, როგორც წესი, წვივის ქვედა მესამედში, კოჭის შიგნითა მხარეს ჩნდება. ხშირად თან ახლავს სველი ეგზემა და კანის შემაწუხებელი ქავილი. წყლული, ჩვეულებრივ, ერთია, იშვიათად - ერთზე მეტი. წყლულიდან გამოიყოფა სეროზული ან ჩირქოვანი სითხე. განსაკუთრებით მტკივნეულია ინფიცირებული წყლული. ამ დროს იმატებს ქსოვილთა შეშუპება, ავადმყოფს არ შეუძლია დიდხანს დგომა და სიარული.
2. ვარიკოზული ვენების გახეთქვა
ვარიკოზული ვენა ყველაზე თხელ, კანთან შეხორცების ადგილას სკდება. გამსკდარი ვენიდან სისხლი ნაკადად, ზოგჯერ საკმაოდ უხვად მოედინება.
3. მწვავე თრომბოფლებიტი
მწვავე თრომბოფლებიტი ვენის კედლის ანთებაა, რომელსაც თან ახლავს ვენის სანათურში თრომბის წარმოქმნა (თრომბოზი). თრომბოფლებიტი ვენების ვარიკოზული გაგანიერების ხშირი გართულებაა.
არჩევენ ზედაპირული და ღრმა ვენების თრომბოფლებიტს. ამ დაყოფას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი ემბოლიურ გართულებებს არ იწვევს, მაშინ როდესაც ღრმა ვენების თრომბოფლებიტი 70-90%-ში ფილტვის არტერიის ემბოლიის ხშირი მიზეზია. მისი სიხშირე მატულობს, თუ პროცესი მუხლის დონეზე მაღლა ვრცელდება.
ზედაპირული ვენების მწვავე თრომბოფლებიტი ვარიკოზულ ვენებში ტრავმის შედეგად ვითარდება. ხშირია მშობიარობის შემდეგ. დაავადების ალბათობა ასაკთან ერთად იმატებს.
ღრმა ვენების თრომბოფლებიტი განსაკუთრებით ხშირად ემართებათ მწოლიარე ავადმყოფებს, მაგალითად, მათ, ვინც ქირურგიული ოპერაცია ან მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანა. ოპერაციის შემდგომი თრომბოზი ყველაზე მეტად ემუქრებათ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე, დიაბეტიან, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, მოხუცებს, მსუქნებს, უპირატესად - ბარძაყის მოტეხილობის, პროსტატის ამოკვეთის შემდეგ.
- რას უჩივის ავადმყოფი
ავადმყოფი უჩივის დაზიანებული კიდურის ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვისას. ვენა შეწითლებულია, ისინჯება მკვრივი, სიმისებრი მტკივნეული წარმონაქმნი, რომელიც ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან მკვეთრად არის გამოკვეთილი.
სხეულის ტემპერატურა 37-38 გრადუსამდე იმატებს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არცთუ შესამჩნევად უარესდება. იშვიათად მოსალოდნელია თრომბის ჩირქოვანი გალღობა და სეპტიკური მდგომარეობა. პროცესი ყველაზე ხშირად კოჭის ვენაში ლოკალიზდება.
თუ ის წვივის კუნთებით შემოიფარგლა ან ერთ-ორ ღრმა ვენაზე გავრცელდა, კლინიკური სურათი მწირია. ერთადერთი ჩივილი შეიძლება იყოს წვივის კუნთების უმნიშვნელო ტკივილი, რომელიც მოძრაობისას ძლიერდება.
აღმავალი თრომბოზის დროს, როდესაც პროცესი ბარძაყის ვენაზე ვრცელდება და ბარძაყისა და მუხლქვეშა ვენების თრომბოზიც ერწყმის, ქვედა კიდური შეშუპებულია, მტკივნეული, მუხლის სახსარში მოძრაობა შეზღუდულია. თუ პათოლოგიური პროცესი უფრო მაღლაც გავრცელდა, მთელი კიდური შუპდება, ტკივილი ძლიერდება, კანი ციანოზურ ელფერს იძენს.
-
როგორ მკურნალობენ
მკურნალობის იდეალური მეთოდია თრომბექტომია (თრომბის ამოკვეთა) და დაზიანებულ ვენაში სისხლის მიმოქცევის აღდგენა, მაგრამ მისი ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ დაავადების ადრეულ სტადიაში, როდესაც თრომბი ვენის კედელს მყარად ჯერ კიდევ არ არის მიმაგრებული. ამასთანავე, ოპერაცია ტარდება მხოლოდ საშუალო და მსხვილი კალიბრის (მუხლქვეშა, ბარძაყის) ვენებში.
ოპერაციული ჩარევისას ხდება ბარძაყის ვენის გადაკვანძვა. ავადმყოფები წოლით რეჟიმს ექვემდებარებიან მხოლოდ საწყის სტადიაზე, ტკივილის და შეშუპების არსებობისას. ქვედა კიდურზე აუცილებლად უნდა დაედოს ელასტიკური ბინტი. საწოლის ფეხების მხარე უნდა იყოს 15-20 გრადუსით ამაღლებული ჰორიზონტისადმი. სასურველია, დაინიშნოს ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსი, რომელიც გააუმჯობესებს ვენებში სისხლის მიმოქცევას. ვარჯიში უნდა ჩატარდეს გამოცდილი მეთოდისტის მეთვალყურეობით. მწვავე ტკივილის შემცირებასთან ერთად ავადმყოფმა უნდა დაიწყოს დოზირებული სიარული.
-
პროფილაქტიკა
დაავადების გამწვავების თავიდან აცილების მიზნით,
- ავადმყოფები ადრე გადაჰყავთ აქტიურ რეჟიმში, რაც აიშვიათებს თრომბოემბოლიას.
- ღრმა ვენებში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია ანტითრომბოემბოლიური წინდების ტარება.
- დიდი ყურადღება ექცევა ფეხსაცმელს. ის მოხერხებული უნდა იყოს, ხოლო ქუსლი საშუალო სიმაღლის ჰქონდეს - როდესაც წვივი დაჭიმულია, კუნთების აპონევროზი ელასტიკური ბანდის მსგავსად უჭერს ზედაპირულ ვენებს, მათი დახშობა კი გარკვეულწილად სასარგებლოა, ვინაიდან ღრმა ვენებში სისხლის ნაკადი ძლიერდება და შეგუბება იხსნება. ამავე მიზნით ხმარობენ ელასტიკურ ბანდსა და ტრიკოტაჟს (ელასტიკურ წინდებს, გეტრებს, კოლჰოტებს).
- დაავადების მკურნალობისა და გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ვარჯიშებს. გაურთულებელ შემთხვევებში სასარგებლოა წყლის პროცედურები, განსაკუთრებით - ცურვა. კარგია კონტრასტული შხაპი.
-
პრაქტიკული რჩევები
ერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას. სჯობს, იწვეთ ან იაროთ. ფეხების მხარეს საწოლი ოდნავ აიმაღლეთ.
- ნუ შეასრულებთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს.
- თუ დიდხანს ჯდომა მოგიხდათ, მტკივანი ფეხი ჰორიზონტალურად მოათავსეთ.
- ეცადეთ, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს არ დარჩეთ. საათში-საათნახევარში ერთხელ წამოდექით, გაიარ-გამოიარეთ, თითის წვერებზე აიწიეთ. წვივის კუნთები შეიკუმშება და ქვედა კიდურებიდან ვენური სისხლი ზევით წავა.
- ატარეთ სპეციალური წინდები.
-
ვარჯიში
გთავაზობთ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც სასარგებლოა ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ეს ვარჯიშები ხსნის ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას, გვეხმარება სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებასა და ვენური შეგუბების მოხსნაში. ეს ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდხანს ჯდომა და ფეხზე დგომა უწევს დღის განმავლობაში (მძღოლები, პროგრამისტები, მასწავლებლები, პარიკმახერები და ა.შ):
- დაჯექით სკამზე, ფეხები ერთმანეთს მიატყუპეთ და 15-20-ჯერ გააკეთეთ ფეხის წვერებზე აწევ-დაწევის ვარჯიში.
- დაეყრდენით ორივე ხელით სკამებს ან კომოდებს, 15-20-ჯერ მონაცვლეობით აიწიეთ ფეხის წვერზე და შემდეგ დაეყრდენით ტერფებს.
- ორივე ხელით, მხრების დონეზე მიეყრდენით კედელს და 20-ჯერ ერთმანეთის მონაცვლეობით დადექით ფეხის წვერებზე და შემდეგ ტერფებზე.
- ჩასუნთქვისას ხელები ასწიეთ ზევით და დადექით ფეხის წვერებზე, შემდეგ ამოისუნთქეთ და დადექით ტერფებზე (20-ჯერ).
- დაჯექით ან დაწექით და ამოძრავეთ ტერფები სხვადასხვა მხარეს - ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ (15-20-ჯერ).
- ორივე ფეხის წვერზე დადექით ერთდროულად.