თავის ტვინის სისხლძარღვები
მასში განსაკუთრებულად მიმდინარეობს მეტაბოლიზმი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორგანოს ჰემოდინამიკური მუდმივობის შენარჩუნება, რომელიც ტვინის სისხლის მიმოქცევით ხორციელდება.
ცერებრული სისხლის მიმოქცევა უზრუნველყოფს ორგანოს მუდმივ და ოპტიმალურ შევსებას ენერგეტიკული ძალებით, რამდენადაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დამოუკიდებელია და სხეულში მიმდინარე ზოგადი ჰემოდინამიკური ცვლილებები მასზე ნაკლებად ვრცელდება.
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის ინტენსივობას განსაზღვრავს მისი ფუნქციური აქტივობა, ასე მაგალითად, როდესაც ტვინის რომელიმე უბანი აქტიურდება, იქ ასევე მატულობს ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სწორედ ამით აიხსნება მის მიერ ჟანგბადის განსაკუთრებით დიდი მოხმარება.
სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, უმაღლეს მაკონტროლებელ ორგანოს პრაქტიკულად არ გააჩნია ჟანგბადის რეზერვები, ამიტომ ნერვული ქსოვილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰიპოქსიისადმი – ჟანგბადოვანი შიმშილისადმი. თავის ტვინის ქერქის ნეირონები შეუქცევადად ზიანდებიან 5 წუთზე მეტი ხანგრძლივობის იშემიის შედეგად.
თავის ტვინი ნორმალური ცხოველქმედების პირობებში საკმაოდ დიდი ოდენობით საკვებ ნივთიერებებსა და ჟანგბადს მოიხმარს.
მიუხედავად იმისა, რომ იგი საშუალოდ 1,4 კგ-ს იწონის, რაც მთელი სხეულის მასის 2%-ია, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჟანგბადის 20%-ს სწორედ ის გამოიყენებს, სწორედ ამიტომ რეაგირებს სხვებზე მტკივნეულად საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის დეფიციტზე.
ორგანიზმის ნებისმიერ მდგომარეობაში, ძილსა და სიფხიზლეში, საჭიროა რომ ტვინი მუდმივად და ერთნაირი ინტენსივობით მარაგდებოდეს საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით, რაც ხორციელდება კიდეც თავის ტვინის სისხლით მომარაგების პროცესში, სისხლის მიმოქცევის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებათა წყალობით.
სისხლძარღვოვანი ქსელი
თავის ტვინის მკვებავი არტერიები მის ქვედა ზედაპირზე ქმნიან ერთგვარ წრეს, საიდანაც მიემართებიან ტვინის მთელ ზედაპირზე და აღწევენ მის სიღრმეში.
ცერებრულ არტერიებს, შინაგან ორგანოთა მკვებავი სისხლძარღვებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ გარეთა ელასტიკური მემბრანა და ბოჭკოები, რაც ზრდის მის ამტანობას და ამცირებს სისხლის მიმოქცევისას მოპულსირე ტალღების ძალას.
ტვინოვან ნივთიერებას ყველაზე მდიდარი კაპილარული ქსელი აქვს. მისი სიგრძე დიდი ტვინის 1 მმ3-ზე დაახლოებით 1000 მმ-ს, ხოლო თეთრი ნივთიერების 1 მმ3-ზე 220 მმ-ს შეადგენს.
განსაკუთრებით მდიდარია კაპილარებით ჰიპოთალამუსის რუხი ნივთიერება.
კაპილარები მჭიდროდ კონტაქტობენ ტვინის ქსოვილთან. რუხ ნივთიერებაში კაპილარები უფრო წვრილია, ვიდრე თეთრ ნივთიერებაში, რაც ნერვულ ქსოვილსა და სისხლს შორის ნივთიერებებისა და ჟანგბადის ცვლისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
კაპილარული ქსელის სიმჭიდროვე ტვინში არა ნერვული უჯრედების, არამედ მათი ფუნქციური ინტენსივობის პროპორციულია.
კაროტიდული და ვერტებრო-ბაზილარული აუზები
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ხორციელდება აორტის რკალიდან გამომავალი არტერიებით, რომლებიც ორ სისხლძარღვოვან აუზს წარმოქმნიან.
კაროტიდული აუზი – საძილე არტერიათა აუზი ფორმირდება შემდეგი არტერიებით:
- საერთო საძილე არტერია;
- შიგნითა საძილე არტერია;
- ტვინის შუა არტერია;
- ტვინის წინა არტერია;
- წინა შემაერთებელი არტერია;
- უკანა შემაერთებელი არტერია.
კაროტიდული აუზის არტერიები თავის ტვინის 75-85%-ს ამარაგებენ სისხლით.
ვერტებრო-ბაზილარული აუზი ფორმირდება შემდეგი არტერიებით:
- ლავიწქვეშა არტერია;
- ხერხემლის არტერია;
- ბაზილარული არტერია.
ეს აუზი თავის ტვინის 15-25%-ს ამარაგებს სისხლით.
ვილიზის წრე – დამატებითი დაცვა
ტვინის არტერიებს გააჩნიათ მრავლობითი ანასტომოზები – კოლატერალები. თავის ტვინში კოლატერალური სისხლის მიმოქცევა ხორციელდება დიდი ტვინის არტერიული – ვილიზის წრით, თავის ტვინის შიგნითა და ზედაპირული სისხლძარღვების მრავლობითი კავშირებით.
კოლატერალური სისხლის მიმოქცევა აუცილებელია ნორმალური ნაკადის მუდმივობის შესანარჩუნებლად, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როდესაც გარკვეული მიზეზებით, ტვინის არტერიის რომელიმე სანათური იხშობა.
თავის ტვინის ფუძესთან შიგნითა საძილე არტერიისა და ხერხემლის არტერიის ტოტები ერთმანეთს უკავშირდებიან და წარმოქმნიან არტერიულ ანოსტომოზებს, დიდი ტვინის არტერიულ ვილიზის წრეს, იგი იქმნება 4 წყვილი და 1 კენტი არტერიების ერთმანეთთან დაკავშირებით:
- წინა ცერებრული არტერია (მარჯვენა და მარცხენა);
- წინა მაკავშირებელი არტერია;
- შიგნითა საძილე არტერია (მარჯვნა და მარცხენა);
- უკანა ცერებრული არტერია (მარჯვენა და მარცხენა);
- უკანა მაკავშირებელი არტერია (მარჯვენა და მარცხენა).
ეს წრეა გარანტი იმისა, რომ ტვინის ერთ ნახევარში მაგისტრალური არტერიის დახშობის პირობებში, თავის ტვინის მეორე ნახევარსფეროში სისხლის მიმოქცევა მაინც განხორციელდება და არტერიული ანასტომოზებით ტვინის სისხლმომარაგება ამით კომპენსირდება.
ჰემოდინამიკის მუდმივობა ასე ნარჩუნდება
რამდენადაც თავის ტვინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის და ჟანგბადის რაოდენობის მუდმივობა, მთელი რიგი ფიზიოლოგიური მექანიზმები ცერებრულ ჰემოდინამიკას მკაცრად არეგულირებენ, მათ შორის ძირითადია რეფლექსური მექანიზმი, რომელიც მოგრძო ტვინში მდებარე ცენტრების მონაწილეობით ხორციელდება.
საერთო საძილე არტერიის გაორკაპების ადგილზე, იქ, სადაც იგი გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებად იყოფა, მდებარეობენ პრესორეცეპტორები, რომელთა აგზნებისას რეფლექსურად მცირდება გულის მუშაობის რიტმი, ფართოვდება სისხლძარღვები და არტერიული წნევა იკლებს, არტერიული წნევის დაქვეითება საძილე არტერიაში კი შებრუნებით რეაქციას იწვევს, ანალოგიური სისხლძარღვოვანი რეფლექსებით გულის მუშაობის რიტმი მატულობს, სისხლძარღვები ვიწროვდება და წნევაც მატულობს.
არტერიული წნევის მუდმივობის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი მექანიზმი, სისხლძარღვების ორმაგი ინერვაცია – გამაფართოებელი და შემავიწროვებელი ნერვების წყალობით.
სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების მოქმედება, ნერვულის გარდა, ჰუმორული (სისხლისმიერი) მექანიზმითაც იმართება, სისხლში ჟანგბადის დონის გაზრდა იწვევს გულის შეკუმშვების შემცირებას, მისი დეფიციტისას კი გულის შეკუმშვათა რაოდენობა მატულობს.
ცერებროვასკულარულ დაავადებათა მიზეზები
საკმაოდ მაღალორგანიზებულ მექანიზმთა მიუხედავად, რომლებიც თავის ტვინში ნორმალური სისხლის მიმოქცევის მუდმივობას უზრუნველყოფენ, ეს პროცესი ზოგჯერ მაინც ირღვევა არამოდიფიცირებულ და მოდიფიცირებულ რისკ-ფაქტორთა გავლენით, შედეგად თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა ვითარდება.
ცერებროვასკულარის გამავლობის დარღვევა
თავის ტვინში მოდიფიცირებულ და არამოდიფიცირებულ ფაქტორთა გავლენით სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა იწვევს სისხლძარღვის გამავლობის დარღვევას და ვითარდება:
- სისხლძარღვათა სტენოზი – არტერიის სანათურის შევიწროვება უშუალოდ თავის ტვინში ან მასში შესვლის ადგილზე;
- თრომბოზი – სისხლძარღვის სანათურის დახშობა შედედებული სისხლით – თრომბით;
- ემბოლია – სისხლძარღვის ჩაკეტვა ქოლესტერინული ფოლაქით ან თრომბით.
არამოდიფიცირებული რისკ-ფაქტორები
ის ფაქტორებია, რომელზეც ადამიანის გავლენა არ ვრცელდება, ეს სისხლძარღვების გენეტიკური ანომალიური აგებულებაა. დიდი ხნის განმავლობაში ფარულად, უსიმპტომოდ არსებობენ და მოგვიანებით იწვევენ საკმაოდ საშიშ დარღვევებს.
- ცერებრული ანევრიზმა – არტერიის კედლის დაზიანება გათხელებისა და გამობურცულობის წარმოქმნით, რომელიც ზრდის სისხლძარღვის გასკდომის რისკს;
- სისხლძარღვოვანი მალფორმაციები – არტერიებისა და ვენების ერთმანეთში გადანასკვა „სისხლძარღვოვანი გორგლის“ წარმოქმნით, რაც ნაყოფის მუცელშიდა განვითარების ეტაპზე ფორმირდება.
მოდიფიცირებული რისკ-ფაქტორები
მოდიფიცირებულია რისკ-ფაქტორები, რომელთა გაკონტროლებაც შესაძლებელია არამედიკამენტური, მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობის გზით, ეს ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიები და ცხოვრების არაჯანსაღი წესის განმსაზღვრი ელემენტებია:
- თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, რომელიც ვითარდება ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის დარღვევის შედეგად, როცა ქოლესტერინი და სხვა მავნე ფრაქციული ცხიმები ილექებიან სისხლძარღვთა კედელზე და აზიანებენ მას;
- ჰიპერტონული დაავადება – გავრცელებული ქრონიკული პათოლოგია, რომელიც ვლინდება არტერიული წნევის მატებით, არტერიული ჰიპერტენზიითა და წნევის ხშირი ცვალებადობით;
- წინაგულების ფიბრილაცია – არითმიის გავრცელებული ფორმებია, რომლებიც იწვევს მარცხენა წინაგულში თრომბების წარმოქმნას.
- თირკმლის დაავადებანი;
- თამბაქოს აქტიური მოწევა – იწვევს სიხლძარღვთა სპაზმს და მათი ელასტიკურობის დაქვეითებას;
- ალკოჰოლზე დამოკიდებულება – აპროვოცირებს არტერიული წნევის ცვალებადობას;
- სტრესი – იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, ზრდის არტერიულ წნევას;
- არაჯანსაღი კვება – იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციის მატებას;
- ჰიპოდინამია – ადეკვატური ფიზიკური დატვირთვების უქონლობის პირობებში იმატებს სხეულის მასა, არტერიული წნევა და მეტაბოლური სინდრომი ვითარდება;
- სასმელის წყლის რეჟიმის დარღვევა – იწვევს სისხლის შესქელებას.
მოდიფიცირებულ ფაქტორთა მართვა საბედნიეროდ საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ ის ვერაგი გართულებანი, რომელიც ცერებროვასკულარების დაზიანების შედეგად ვითარდება, რაც, უპირველეს ყოვლისა, არსებული ქრონიკული დაავადებების გეგმიურ და სრულფასოვან მართვას და ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთგულებას მოითხოვს.