თავის ტვინის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია
ის საშუალებას იძლევა, კონკრეტულად ტვინში შეფასდეს სისხლის მიმოქცევა და სისხლძარღვთა ფუნქციური აქტივობა, გამოვლინდეს საწყის ეტაპზე სისხლის მიმოქცევის ქსელში არსებული პრობლემები მაშინ, როდესაც მათი სრულად განკურნების შანსები მაქსიმალურია.
ანგიოგრაფიისას არაქირურგიულად დიაგნოსტირდება ქსოვილთა ცვლილებანი, რომლებიც იწვევენ სისხლის მიმოქცევის დარღვევას, სისხლდენებს და ინსულტებს.
მეთოდი შეუცვლელია ეპილეფსიის, დემენციის, გაფანტული სკლეროზის, მხედველობისა და სმენის დარღვევათა კომპლექსური დიაგნოტიკისას. მისი საშუალებით ზუსტდება ქალა-ტვინის ტრავმათა შედეგებიც და ისაზღვრება მკურნალობის გეგმა და ინდივიდუალური პროგნოზი.
ანგიოგრაფიის ტიპები
ანგიოგრაფიის რამდენიმე ტიპის არსებობს:
- კლასიკური – კვლევა კონტრასტული ნივთიერებით, ეს არის სისხლძარღვთა ვიზუალიზაცია, რომელიც ეფუძნება რენტგენულ გამოსხივებას;
- კომპიუტერული ანგიოგრაფია, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფთან ერთად იძლევა დეტალურ სისხლძარღვოვან გამოსახულებას;
- მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია, რომელიც გამოსახულების მისაღებად არ ითვალისწინებს კონტრასტული ნივთიერების შეყვანას და მაგნიტური ველის გამოყენებას.
მრ ანგიოგრაფიისას სპეციალისტს შეუძლია განასხვაოს სისხლძარღვთა ქსელი და სისხლის ნაკადი ტვინის მიმდებარე ქსოვილებისგან, ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც არაინვაზიური საშუალება თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსახულების მიღების მიზნით.
მრ ანგიოგრაფიას გააჩნია რამდენიმე უპირატესობა:
- არ საჭიროებს სპეციალური კათეტერის ჩაყენებას საზარდულის არეში, კონტრასტული ნივთიერება შეიყვანება ხელიდან – ინტრავენურად;
- იძლევა გაცილებით ზუსტ ინფორმაციას, ვიდრე რენტგენული ანგიოგრაფია;
- კვლევა საჭიროებს გაცილებით ნაკლებ დროს;
- არ გამოიყენება რენტგენის სხივები, გამოსახულება ვიზუალიზდება ძლიერი მაგნიტური ველის დახმარებით;
- საკონტრასტო ნივთიერება არ შეიცავს იოდს და ამიტომ მას მიმართავენ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის დროსაც;
- გამონაკლისის სახით, როდესაც პაციენტი ატარებს კარდიოსტიმულატორს, ან არსებობს რაიმე სხვა უკუჩვენება მაგნიტური ველის გამოყენებისთვის, ტარდება კტ-ანგიოგრაფია, იოდშემცველი კონტრასტისა და რენტგენის სხივების გამოყენებით. ამ დროსაც საკონტრასტო ნივთიერება ხელზე ინტრავენურად შეჰყავთ კათეტერის გარეშე და არ საჭიროებს კვლევისშემდგომ დაკვირვებას, პროცედურა თითქმის არ განსხვავდება მრ-ანგიოგრაფიისგან;
- კვლევის მეთოდი შეირჩევა პაციენტის მდგომარეობისა და მისი კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით.
როდის გვჭირდება?
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია ტარდება შემდეგი კლინიკური მდგომარეობებისას:
- დაუდგენელი ეტიოლოგიის თავის ტკივილი;
- მოძრაობის კოორდინაციის გაუარესება და გონების დაკარგვა;
- ქალა-ტვინის ტრავმაზე ეჭვის არსებობა;
- მეხსიერებისა და კონცენტრირების უნარის გაუარესება;
- სამეტყველო, სმენითი და მხედველობითი დარღვევები;
- ანგიოგრაფია ტარდება თავის ტვინზე ქირურგიული ჩარევის წინ და სიმსივნის სამკურნალო თერაპიისას, განსაკუთრებით ეფექტიანია ინტრაოპერაციული ანგიოგრაფიული კვლევები, როდესაც ისინი ტარდება უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას, რისი დახმარებითაც ქირურგები აკონტროლებენ როგორც თავიანთ ქმედებას, ისე პაციენტის მდგომარეობას.
მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია სრულად უმტკივნეულოა და არ აზიანებს სისხლძარღვის კედელს, მას, ჩვეულებრივ, ნიშნავენ სერიოზულ დარღვევებზე ეჭვის არსებობისას:
- სისხლძარღვოვანი კალაპოტის შევიწროვება;
- თრომბების წარმოქმნა;
- ანევრიზმები;
- დიდი ზომის ჰემატომები;
- ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნები;
- პროფილაქტიკის მიზნით სადიაგნოსტიკო პროცედურა ტარდება ანამნეზში თრომბოემბოლიის, თრომბოზის, ათეროსკლეროზისა და ვასკულიტის არსებობისას.
როდის გვეკრძალება?
კვლევის ეს სადიაგნოსტიკო მეთოდი არ ტარდება ზოგიერთ შემთხვევაში:
- ფსიქიკური და გულის მძიმედ მიმდინარე დაავადებებისას;
- თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობისას;
- მძიმედ მიმდინარე მწვავე რესპირატორული და ვირუსული ინფექციებისას;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციათა დარღვევისას;
- იოდისშემცველ პრეპარატებზე ალერგიული რეაქციების მქონეთა შორის;
- ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, მოგვიანებით პერიოდში ტარდება მხოლოდ მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით;
- აკრძალულია მისი ჩატარება სხეულში ლითონური იმპლანტების ან ელექტრონული მოწყობილობების არსებობისას.
ვემზადებით კვლევისთვის
თავის ტვინის სისხლძარღვთა დიაგნოსტიკა ითვალისწინებს კვლევისწინა მომზადებას:
- კვლევამდე 5 დღით ადრე უნდა ჩააბაროთ სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, უნდა გაკეთდეს კოაგულოგრამა;
- 2 კვირით ადრე უნდა შეწყვიტოთ სპირტიანი სასმელების მიღება;
- 7 დღით ადრე უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატების მიღება, რომლებიც სისხლის გათხელებას იწვევენ;
- წინა საღამოს უნდა მიიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი და დამამშვიდებელი საშუალება;
- სასურველია კვლევამდე 6-8 საათით ადრე შეწყვიტოთ საკვების მიღება, რათა გამოირიცხოს გულისრევის შეგრძნება და ღებინება, საკონტრასტო ნივთიერების პასუხად.
შესაძლო გართულებანი
პროცედურამდე პაციენტს ამზადებენ გვერდითი ეფექტების შესამცირებლად, ყველაზე ხშირად ნეგატიურ შედეგთა შორის აღსანიშნავია ჩხვლეტის ადგილას ჰემატომის გაჩენა, კანქვეშა სისხლჩაქცევა, საკონტრასტო ნივთიერებაზე ალერგია.
კონტრასტულმა ნივთიერებამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს:
- თავბრუსხვევა და თავის ტკივილი;
- კანის საფარველის შეწითლება;
- გულის შეკუმშვათა გახშირება;
- კანის გაცხელება;
- დისკომფორტი გულმკერდის ღრუში;
- პირის ღრუში ლითონის გემო;
- ღებინება;
- პროცედურის შემდგომ, კათეტერი, რომლითაც კონტრასტული ნივთიერება ორგანიზმში შეჰყავთ, აკურატულად გამოაქვთ, დაზიანებულ სისხლძარღვზე კი – იდება დამწოლი ნახვევი, რომელიც პაციენტმა, სულ მცირე, 24 საათი უნდა ატაროს, თავად პაციენტი კი 6-10 საათი მწოლიარე რჩება თრომბების წარმოქმნის რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად;
- ექიმის რეკომენდაციათა დაუცველობისას გამორიცხული არ არის არტერიის კედლის დაზიანებაც.
უმეტეს შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები საკმაოდ სწრაფად ქრებიან და მომავალში პაციენტის ჯანმრთელობაზე არსებით გავლენას არ ახდენენ.
კვლევის შედეგები
კვლევის შემდგომ ექიმი იღებს შრეობრივ გამოსახულებებს, სურათებს, რომელზეც თავის ტვინის სისხლძარღვები ძაფისმაგვარ სტრუქტურებს მოგვაგონებენ.
მიღებულ შედეგთა ტოპოგრაფიისა და მორფოლოგიის გაშიფრვის შემდგომ დგინდება ნორმიდან გადახრის ფაქტები:
- სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი;
- ავთვისებიან სიმსივნეთა სისხლძარღვოვანი ქსელი;
- ანთებითი პროცესები, ემბოლიები და თრომბით დაზიანებული უბნები;
- დურალურ-ვენური ფისტულები, ანევრიზმები და სტენოზი – სისხლძარღვთა პათოლოგიური გაფართოება და შევიწროება;
- კეთილთვისებიან სიმსივნეებში არტერიიდან ვენაში პათოლოგიური გადასვლები;
- თავის ტვინის შიდა სისხლმომარაგების კალაპოტში სისხლძარღვოვანი დეფორმაციები და ანომალიები.
ასე რომ, თავის ტვინის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია დღეს ცერებრული სისხლის მიმოქცევის დარღვევათა სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, მიღებული შედეგები საკმაოდ დიდი სიზუსტისაა, ისინი პაციენტების როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მკურნალობის საჭიროებასა და აუცილებლობას საკმაოდ ნათლად განსაზღვრავენ.