ქვემო კიდურების გამოსაკვლევი ინსტრუმენტები
ესე იგი, ექიმს საშუალება ეძლევა, ფერის მიხედვით დაადგინოს სისხლის ნაკადის მიმართულება, რასაც მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვთა პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის.
- რას ნიშნავს ტერმინი ”დოპლეროგრაფია”? რას გულისხმობს თქვენს მიერ ხსენებული გოჯ-მხრის ინდექსი?
- დოპლეროგრაფია არის სისხლძარღვების კვლევის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობის სიჩქარე.
გოჯ-მხრის ინდექსის განსაზღვრისათვის ექიმი ზომავს წნევას გოჯის მიდამოში და წნევას მხრის არტერიაში (ჩვეულებრივი არტერიული წნევა). მათი თანაფარდობით დგინდება გოჯ-მხრის ინდექსი, რომლის მაჩვენებელიც ექიმს აძლევს საშუალებას იმსჯელოს პაციენტის სისხლძარღვების მდგომარეობაზე.
- რა არის ანგიოგრაფიული კვლევა, როგორ ტარდება და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?
- ანგიოგრაფია არის სისხლძარღვთა რენტგენოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რომლის დროსაც ხდება სპეციალური საკონტრასტო ნივთიერების გამოყენება. აღნიშნული ნივთიერება გამოკვლევის პროცესში სისხლძარღვის სანათურს ავსებს მთელ სიგრძეზე, რის შედეგადაც ხდება სისხლძარღვის კონტრასტირება გარშემო მდებარე ქსოვილებიდან.ეს კი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ სისხლძარღვის მდებარეობა, მისი ფორმა, დიამეტრი.
ანგიოგრაფია ინვაზიური მეთოდია, მის ჩასატარებლად საჭიროა სისხლძარღვის ჩხვლეტა ნემსით, თუმცა ჩხვლეტა უმტკივნეულოა, არ ქმნის საგრძნობ დისკომფორტს, რადგანაც საჩხვლეტ არეში წინასწარ ტარდება ადგილობრივი გაუტკივარება.
- როდის არის საჭირო ვენური სისტემის კვლევა?
- თუ პაციენტს დაუდგინეს ვენების დაავადება ან აღენიშნება ქვემო კიდურების შეშუპება, მით უფრო - თუ ეს პროცესი ცალმხრივია ან შეშუპება ასიმეტრიულია (კიდურები არათანაბრადაა შეშუპებული), აუცილებელია ანგიოლოგის კონსულტაცია ან კვლევა ფერადი დუპლექსით. აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რომ ქვემო კიდურების ზედაპირული ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, რომელსაც გაგანიერებული, დაკლაკნილი, ყურძნის მტევნის მსგავსი ვენები ამხელს, სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელი.
- მაინც რომელ კვლევას შეიძლება მისცეს პაციენტმა უპირატესობა?
- თანამედროვე ანგიოლოგია, მედიცინის სხვა დარგების მსგავსად, კვლევის მრავალ მეთოდს ფლობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოკვლევის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილებზე, დაავადების ხასიათსა და სხვა ფაქტორებზე, ამიტომ უმჯობესია, კვლევის მეთოდი, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალისტმა შეარჩიოს.
ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ზედმეტი კვლევები და მასთან დაკავშირებული დანახარჯი და შევარჩიოთ მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკა.