ეპიზოდურად გონების დაკარგვა და კრუნჩხვები - როგორ იჩენს თავს ბრადიკარდია, როგორ ხდება დიაგნოსტირება და როგორ მკურნალობენ
- რას უჩივის ადამიანი ბრადიკარდიის დროს?
- ბრადიკარდიის იმ შემთხვევებში, როცა ირღვევა ორგანოების სისხლმომარაგება, პაციენტები აღნიშნავენ თავბრუხვევას, სისუსტეს, ქოშინს, ტკივილს გულმკერდში, ადვილად დაღლას, ზოგჯერ კარგავენ გონებას.
- როგორი მექანიზმით აღმოცენდება ბრადიკარდია?
- ჩვეულებრივ, გულში მარჯვენა პარკუჭში არსებულ სინუსის კვანძში რეგულარულად აღმოცენდება ელექტრული იმპულსები, რომლებიც გულის გამტარი სისტემით ვრცელდებიან და მთელ ორგანოს მოიცავენ. შედეგად გული განსაზღვრული სიხშირით რეგულარულად იკუმშება და მთელ ორგანიზმს აწვდის სისხლს. ბუნებრივია, ელექტრული იმპულსების აღმოცენების ან მათი გატარების დარღვევა ბრადიკარდიას იწვევს. ეს კი ხდება სინუსის კვანძის სისუსიტის ან ატრიოვენტრიკულური ანუ წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადის დროს. განასხვავებენ სხვადასხვა ხარისხის ატრიოვენტრიკულურ ბლიკადას, რომელთაგანაც ყველაზე სერიოზულ სიმპტომებს მესამე ხარისხის ანუ სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა იწვევს.
- როგორია ბრადიკარდიის მკურნალობის ტაქტიკა?
- ბრადიკარდიის მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებსა და პაციენტის სიმპტომებზე. მაგალითად, ჰიპოთირეოზის შემთხვევაში დაავადების წარმატებული მკურნალობისას გულისცემის სიხშირეც იზრდება. გულის შეკუმშვათა სიხშირე ნორმას უბრუნდება განსაზღვრული მედიკამენტების მიღების შეწყვეტის შემთხვევაშიც. ზოგჯერ, უმთავრესად სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას, საჭირო ხდება ოპერაციული მკურნალობა, რომლის დროსაც ხდება სპეციალური რიტმის წამყვანის - პეისმეიკერის იმპლანტაცია (ჩანერგვა). ის აწვდის გულს ელექტრულ იმპულსებს და შედეგად გული იკუმშება სათანადო სიხშირით.
- რის გამო ითვლება ბრადიკარდიის ყველაზე საშიშ სახედ სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა?
- სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადისას წინაგულებიდან გულის პარკუჭებისაკენ იმპულსის გატარება საერთოდ შეწყვეტილია, რის გამოც პარკუჭები საკუთარი რიტმით იკუმშებიან. აღნიშნულის გამო პარკუჭების სიხშირე ძალიან დაბალია და პერიოდულად ორგანოებისათვის სისხლის მიწოდება კრიტიკულად მცირდება, რაც ეპიზოდურად გონების დაკარგვას და კრუნჩხვების განვითარებასაც კი იწვევს. აღნიშნული მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია.
- რომელი კვლევები ტარდება ბრადიკარდიის შემთხვევაში დიაგნოსტიკის მიზნით?
- ბრადიკარდიისას დიაგნოსტიკა მოიცავს ორ მომენტს - უნდა დადგინდეს ბრადიკარდიის სახე, დაზუსტდეს, რა კავშირია პაციენტის ჩივილებსა და ბრადიკარდიას შორის და უნდა გამოვლინდეს მისი გამომწვევი მიზეზი. ამ მიზნით ტარდება ელექტროკარდიოგრაფია, ჰოლტერის მონიტორირება, ფიზიკური დატვირთვის ტესტი, ტესტი მოძრავი მაგიდით, ექოკარდიოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და სისხლში ელექტროლიტების შემცველობის კვლევა.