ვენური სისტემა და ვარიკოზი
პრობლემაც არის მათი ფართო გავრცელების, ხანგრძლივი მკურნალობისა და ადამიანისთვის შრომის უნარის შეზღუდვის გამო. ვენების დაავადებები ცივილიზაციის დაავადებათა ჯგუფს განეკუთვნებიან.
- ვენების დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებულია ვარიკოზული და პოსტთრომბოფლებიტური პათოლოგიები;
- განვითარებულ ქვეყნებში ის ქალთა 25-33, ხოლო მამაკაცთა 10-20%-ს აღენიშნება;
- ამასთან, ყოველწლიურად 2,5%-ით მატულობს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები;
- აღსანიშნავია, რომ ვარიკოზული დაავადება საკმაოდ გაახალგაზრდავდა, ის 12-16 წლის მოზარდთა 21,7%-თან გვხვდება, ამასთან 12%-ს ღრმა ვენების სარქვლოვანი დაზიანებები აღენიშნება.
- მთელი დედამიწის მოსახლეობის 10%-ს ზედა და ქვედა კიდურების ვენების ლიმფური შეშუპება აქვს.
ვარკოზი და გენეტიკა
სტატისტიკის თანახმად, ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მოსახლეობის 25%-ს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ვარიკოზული დაავადება აღენიშნება და ეს მაჩვენებელი იზრდება.
სპეციალისტებს ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ დაავადების განვითარების მაღალი რისკი უკავშირდება გენეტიკურ ფაქტორებს. თუ რომელიმე მშობელს ვარიკოზული დაავადება აქვს, მისი შვილებთან განმეორების რისკი უკვე 60-%-ია, თუ ორივე მშობლისთვის ნაცნობია ვენებთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ მისი განმეორების ალბათობა 90%-ია.
გენეტიკურად გადაეცემა არა თავად დაავადება, არამედ ვენების კედლების განსხვავებული აგებულება, რაც გულისხმობს ჩვეულებრივზე დაბალ ტონუსს და ვენის კედლების მომატებულ სისუსტეს.
მისი უდიდებულესობა – ვენა
რატომ ზიანდება ვენები და როგორია მათი ფუნქცია, ამ საკითხებში გარვევა რამდენადმე აადვილებს მათ დაცვასაც, ამიტომ, მოდი, გავიცნოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი ანატომიური წარმონაქმნები.
ვენები სისხლძარღვებია, რომელთა ფუნქციაც ორგანოებიდან ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლის გამოტანა, მათი სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადატანა და შემდგომ ფილტვების კვლავ ჟანგბადით გამდიდრებაა.
ვენა ამ ფუნქციას თითოეულ უჯრედში ასრულებს ვენური სისტემის შედარებით წვრილი ვენულების საშუალებით.
ვენური სისხლი ფერით განსხვავდება არტერიულისგან, ის მუქი ცისფერია, რადგან არ შეიცავს ჰემოგლობინს, რომელიც მას წითელ ფერს მიანიჭებდა.
ამრიგად, ვენების ფუნქცია ყოველი უჯრედიდან ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლის გულამდე ტრანსპორტირებაა, რათა იგი მცირე წრეში ჟანგბადით გამდიდრების შემდგომ არტერიათა მეშვეობით კვლავ უჯრედებს მიეწოდოს.
ადამიანის ორგანიზმში ვენებისა და არტერიების ურთიერთგანლაგებაში გარკვეული კანონზომიერება შეიმჩნევა, ყოველ არტერიას თან ორი ვენა ახლავს.
აგებულება
ვენების აგებულება მათ მიერ განხორციელებული ფუნქციის შესაბამისია და სრულად აკმაყოფილებს კონკრეტულ ჰემოდინამიკურ პირობებს.
მათი სტრუქტურა განსხვავებულია იმისდა მიხედვით, სხეულის რომელ ნაწილში მდებარეობენ ისინი - ზემო თუ ქვემო.
ვენის კედელი სამშრიანია:
1. შიგნითა - ენდოთელიუმი, რომელიც შემაერთებელქსოვილოვან მემბრანას წარმოადგენს.
2. შუა - კუნთოვანი შრე, შედგება წრიულად განლაგებული გლუვკუნთოვანი უჯრედებისგან, რომლებსაც ერთგვარი კოლაგენური კარკასი აქვს.
3. გარეთა შრე - ე.წ. ადვენტიცია, ასევე მკვრივი კოლაგენური ბოჭკოვანი ქსოვილია.
ვენათა გალერეა
აგებულების მიხედვით ორი ტიპის ვენა არსებობს: კუნთოვანი და არაკუნთოვანი.
კუნთოვანი ვენები
კუნთოვანი ტიპის ვენები თავის მხრივ 3 ჯგუფად იყოფა:
I. სუსტი კუნთოვანი ვენები
- მათ მიეკუთვნებიან სხეულის ზედა ნაწილის წვრილი, საშუალო და მსხვილი ვენები. მათში სისხლი პასიურად მოძრაობს. მცირე და საშუალო კალიბრის ვენებს სუსტი კუნთოვანი შრე აქვთ და, ჩვეულებრივ, ორგანოთა შიგნით მდებარეობენ.
მათ კუნთოვან შრეში მცირე რაოდენობით კუნთოვანი უჯრედებია, რომლებიც ერთმანეთისგან გარკვეული მანძილით დაშორებულ კუნთოვან უჯრედთა ერთგვარ გროვებს წარმოქმნიან. გროვათა შორის მოთავსებულ მონაკვეთებს აქვს მკვეთრად გაფართოების უნარი და სისხლის დეპოს ფუნქციას ასრულებენ.
II. საშუალო კუნთოვანი ვენები
- მათში კუნთოვანი შრე საშუალო განვითარებისაა და შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს კუნთოვან ბოჭკოებსა და კუნთოვან უჯრედებს.
მათი გარეთა გარსი ძლიერ მკვრივია და სისქეში 2-3-ჯერ აღემატება არტერიათა გარსს.
III. ძლიერი კუნთოვანი ვენები
- სხეულის ქვედა ნაწილის ვენებია, ქვემო ღრუ ვენა, ბარძაყის ვენა.
მათთვის დამახასიათებელია სისხლძარღვის კედლის სამივე შრეში ძლიერ განვითარებული კუნთოვანი შრე.
არაკუნთოვანი ვენები
- მათ არ გააჩნიათ კუნთოვანი შრე, რაც იმას უკავშირდება, რომ მათში სისხლი სიმძიმის ძალით მოძრაობს და ეს მოძრაობა არ რეგულირდება კუნთოვანი ელემენტებით.
ისინი მოთავსებულნი არიან ორგანიზმის ყოველ ორგანოში, იქ, სადაც არსებობს მათი ორგანოსთან მჭიდროდ შეზრდის საფუძველი.
არაკუნთოვანი ტიპის ვენები მდებარეობენ:
- პლაცენტაში;
- ძვლებში;
- თვალის ბადურაში;
- ტვინის რბილ გარსში;
- ფრჩხილში;
- ელენთაში;
- არაკუნთოვანია აგრეთვე ღვიძლის ცენტრალური ვენები.
ზედაპირული, ღრმა და კომუნიკაციური ვენები
მდებარეობის მიხედვით განირჩევა ზედაპირული, ღრმა და მათი შემაერთებელი, ანუ კომუნიკაციური ვენები.
ზედაპირული ვენები განლაგებულნი არიან უშუალოდ კანქვეშ.
ღრმა ვენები მდებარეობენ კუნთების სისქეში ღრმად.
კომუნიკაციური ვენები
კომუნიკაციური ვენები თხელკედლიანი ვენური სისხლძარღვებია, რომლებიც აერთებენ ღრმა და ზედაპირულ ვენებს. მათი დიამეტრი განსხვავებულია და მერყეობს 22 მმ-მდე, სიგრძე - 15 სმ.
არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი კომუნიკაციური ვენები.
პირდაპირი სისხლძარღვები უშუალოდ აერთებენ ზედაპირულსა და ღრმა ვენებს, ისინი შედარებით მსხვილია და ქვედა კიდურებშია.
არაპირდაპირები უერთდებიან ჯერ კანის ვენის კუნთოვან ტოტს, რომელიც თავის მხრივ უერთდება ღრმა ვენას.
ორგანიზმში არაპირდაპირი კომუნიკაციები გაცილებით ბევრია, ისინი, ჩვეულებრივ, წვრილები არიან და უპირატესად განლაგებულნი არიან კუნთების მასივების ირგვლივ მიდამოებში.
კომუნიკაციური ვენების საერთო რაოდენობა არ აღემატება 100-ს.
განსხვავება ვენასა და არტერიას შორის
- ვენებს სუსტად აქვთ განვითარებული შიგნითა ელასტიკური მემბრანა;
- სუსტად აქვთ განვითარებული მოცირკულირე კუნთოვანი შრე;
- არტერიებთან შედარებით მეტად არიან აღჭურვილნი კოლაგენური ბოჭკოებით;
- ძნელია მათ კედელში შრეების გარჩევა;
- არტერიებთან შედარებით ძლიერ აქვთ განვითარებული გარეთა შრე;
- აღჭურვილნი არიან სპეციალური სარქვლებით;
- ვენებში, არტერიებისგან განსხვავებით, სისხლი პასიურად მიედინება - სიმძიმის ძალის დახმარებით ან ირგვლივ მდებარე ორგანოებით.
რამდენადაც ვენებში სისხლის წნევა გაცილებით მცირეა, მათი სანათურის დიამეტრი არტერიებისაზე დიდია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვენაში იმაზე ნაკლები სისხლი გაედინებოდა, ვიდრე იმავე კალიბრის არტერიაში, შესაბამისად, გულიდან იმაზე მეტი გამოიტყორცნებოდა, ვიდრე ჩაედინებოდა.
არტერიებთან შედარებით, ვენის კედლები თხელია, რაც შუა შრის ნაკლებ განვითარებულობას უკავშირდება.
ვენები, უპირველესად, მოცულობითი ტიპის სისხლძარღვებია, რომლებიც სისხლის დეპონირებისთვისაა განკუთვნილი.
მათ გააჩნიათ საკმაოდ კარგად გამოხატული გაწელვისა და გაფართოების უნარი, - როდესაც იმატებს წნევა სისხლძარღვში, ვენები ფართოვდებიან და ცდილობენ მრგვალი ფორმა მიიღონ. ყოველივე ფიზიოლოგიურ პირობებში ლიმიტირებულია, თუმცა, ვენების გაფართოების ხარისხი ერთობ ცვლადი სიდიდეა და დღემდე მისი ნორმალური მაჩვენებლის დადგენა ვერ ხერხდება.
რაც შეეხება ვენის შეკუმშვის უნარს, მათ ტონუსს, სისხლის ცენტრისკენ მიდინებას არეგულირებს მკვრივი კუნთოვანი შრე და ელასტიკური ბოჭკოები.
მთავარი დამნაშავე – ვენური სარქვლები
ვენური სისხლძარღვების უმნიშვნელოვანესი თავისებურებაა მათში ჯიბისებრი სარქვლების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით - გულისკენ მოძრაობას.
რადგან სარქვლების ფუნქცია სისხლის ერთი მიმართულებით გადაადგილების უზრუნველყოფაა, ამიტომ ისინი ვენებში სხვადასხვანაირად არიან განლაგებულნი.
სარქვლების სიჭარბე აღინიშნება ვენური სისტემის დისტალურ, ქვედა ნაწილებში. ზედაპირულ ვენებში სარქვლებს შორის მანძილი საშუალოდ 8-10 სმ-ს შეადგენს. იმ ადგილას, სადაც სარქველია, ვენის დიამეტრი შედარებით დიდია, ვიდრე არასარქვლოვანი უბნისა.
ვენებში სისხლის მიმოქცევისას, ივსება რა ჯიბისებრი სარქვლები, ისინი კეტავენ სისხლძარღვის სანათურს და არ აძლევენ სისხლს უკან დაბრუნების საშუალებას, ამგვარად მას მხოლოდ ერთი გზაღა დარჩენია - გადაადგილდეს წინ ცენტრისკენ, ანუ გულისკენ.
სარქვლების მეორე ფუნქციაა - სისხლის ნაკადის გადინება კუნთური შეკუმშვების დროს.
სწორედ ვენების სარქვლოვანი აპარატის დაზიანებაა ვენური სისტემის დაავადებათა განვითარების მთავარი მიზეზი.
ქვედა კიდურების ვენები
ყველაზე ხშირად ქვედა კიდურთა ვენები ზიანდება, რაც მათ მიერ შესრულებულ მძიმე სამუშაოს უკავშირდება.
მათ ვენური სისხლის მიტანა ცენტრიდან ყველაზე მოშორებით მდებარე სხეულის ნაწილებიდან უწევთ. ამასთან, სისხლის გადინებას ერთგვარად ხელს უშლის სიმძიმის ძალაც, რომელიც რამდენადმე ეწინააღმდეგება სისხლის ქვევიდან ზევით გადაადგილებას.
სწორედ ამიტომ ზიანდება ყველაზე მეტად და ხშირად ქვედა კიდურის ვენები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან როგორც ზედაპირული და ღრმა, ისე მათი შემაერთებელი კომუნიკანტებით.
რა აზიანებს ვენებს
ვენებს ყველაზე ხშირად და ძლიერ ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები აზიანებს:
- ხანგრძლივად ფეხზე დგომა;
- მძიმე ფიზიკური შრომა;
- სუფრის მარილის ჭარბად გამოყენება;
- ბრტყელტერფიანობა;
- მაღალქუსლიანი ან არაკომფორტული ფეხსაცმელი;
- მჯდომარე პროფესიები;
- ჭარბი წონა;
- ხანგრძლივი მგზავრობა.
დაზიანებას განაპირობებს სქესიც, ვენების ვარიკოზული დაავადება უმთავრესად ქალების ხვედრია, რაც უკავშირდება ორსულობას, ნაყოფის ზრდასთან ერთად სისხლის მოცულობის ზრდას და ვენებზე გაძლიერებულ ზეწოლას.