ცხვირის პოლიპი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხვირის პოლიპი

"24 წელია, ცხვირში მაქვს პატარა ხორცმეტი. ხშირად მტკივა და მექავება. რას მირჩევთ?"

პატარა "ხორცმეტი", რომელიც ცხვირის ღრუში გაქვთ, როგორც ჩანს, პოლიპია - ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიური წარმონაქმნი. ის ქრონიკული ანთებითი პროცესის შედეგად ვითარდება და ცხვირის ღრუს გარდა დანამატ წიაღებსაც (უმეტესად - ჰაიმორის წიაღს) მოიცავს.

  • პოლიპის ფორმირების ფაქტორები

პოლიპების ფორმირებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს: ალერგიული რეაქციები, ჰორმონული ფონის დარღვევა, ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის შემადგენელი ცილის სინთეზის გენეტიკურად კოდირებული (დეტერმინირებული) დარღვევა, გადატანილი ვირუსული ინფექცია და სხვა.

ყველა ამ ფაქტორის გავლენით ირღვევა სრულფასოვანი სინთეზი (წარმოქმნა) იმ ცილოვანი შენაერთებისა, რომლებიც ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ამომფენი ლორწოვანი გარსის მთავარი საფუძველია. არასრულფასოვანი (არასრულყოფილი) ცილოვანი კომპონენტების გამო ლორწოვანი გარსის სტრუქტურა რამდენადმე იცვლება, ლორწოვანი გარსი მოეშვება და ჩამოეკიდება, ასეთ უბანში კი განსაკუთრებული უჯრედები - ეოზინოფილები გროვდება. პოლიპი, ფაქტობრივად, ლორწოვანი გარსის ფენაში თავმოყრილი ეოზინოფილების გროვაა. მისი ზრდა ეოზინოფილების ინტენსიურ გამრავლებაზეა დამოკიდებული.

  • ერთეული პოლიპი და პოლიპოზი

პოლიპი ერთეულიც შეიძლება იყოს და მრავლობითიც. უკანასკნელ შემთხვევას პოლიპოზს უწოდებენ. პოლიპოზის დროს ექიმები ხშირად უნიშნავენ ჰორმონებს, კერძოდ, პრედნიზოლონს. მკურნალობის ამ მეთოდს მედიკამენტურ პოლიპოტომიას უწოდებენ, ვინაიდან პრედნიზოლონი თრგუნავს ეოზინოფილების გამრავლებას და აფერხებს პოლიპის ზრდას, თუმცა სხვადასხვა გართულების (კუჭის კიბოს, იმუნიტეტის დაქვეითების) და უკუეფექტების (წონის მომატების, წყლულოვანი პათოლოგიის გამწვავების და სხვათა) გამო ჰორმონოთერაპია მკურნალობის რაციონალურ მეთოდად არ მიიჩნევა.

პოლიპოზისგან განსხვავებით, ერთეულ პოლიპებს ქირურგიული გზით მკურნალობენ. აღსანიშნავია ერთი რამ: პოლიპის ქირურგიული მეთოდით მოცილების (მოკვეთის) შემთხვევაში ხშირია მისი რეციდივი - განმეორებითი განვითარება. მიზეზი ის გახლავთ, რომ ოპერაციული ჩარევის შემდეგ ლორწოვანი გარსი იმავე, პათოლოგიური ანუ არასრულფასოვანი ცილოვანი შენაერთებისგან შემდგარი სახით აღდგება და დარღვეული სტრუქტურის გამო კვლავ აძლევს დასაბამს პოლიპების განვითარებას.

  • რას უჩივიან პაციენტები პოლიპების გამო:

  1. ცხვირით სუნთქვის დარღვევას, გაჭედილობის მუდმივ შეგრძნებას (ეს სიმპტომები პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული);
  2. ყნოსვის დაქვეითებას ან გაქრობას;
  3. ქავილს, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნებას, სხვა სახის დისკომფორტს;
  4. თავის ტკივილს, დაქაჩულობას.

გირჩევთ:

საკონსულტაციოდ აუცილებლად მიაკითხოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს (ოტორინოლარინგოლოგს), რომელიც საფუძვლიან გამოკვლევას ჩაგიტარებთ. ვინაიდან წარმონაქმნი ცხვირის ღრუში უკვე 24 წელია გაწუხებთ, შესაძლოა, პოლიპები ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებშიც იყოს, მაგრამ რაკი თქვენი "ხორცმეტი" პატარაა, თანაც ქავილისა და ტკივილის გარდა არაფერს უჩივით, არ არის გამორიცხული, მიუხედავად პათოლოგიის ხანდაზმულობისა, ცხვირის ღრუში მხოლოდ ეს ერთი პოლიპი იყოს. მის მოსაცილებლად შეგიძლიათ, პოლიპის მკურნალობის უმტკივნეულო მეთოდს, დღეს უკვე ფართოდ დანერგილ ლაზეროთერაპიას მიმართოთ, ოღონდ აუცილებლად ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ, მისი რეკომენდაციით. მანამდე კი სასურველია:

  • დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, ორივე ნესტოში ჩაიწვეთოთ ორ-ორი წვეთი ქრისტესისხლას წვენი. მკურნალობის ორკვირიანი კურსის შემდეგ ორი კვირა შეისვენოთ და კვლავ განაგრძოთ ჩაწვეთება.
  • 15 გრამ გამხმარ, დაქუცმაცებულ ჩვეულებრივ ანისულს (ბალახს) დაასხით 100 მლ სამედიცინო სპირტი, 10 დღის განმავლობაში თბილ და ბნელ ადგილას დადგით, პერიოდულად ანჯღრიეთ, შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი გააზავეთ მდუღარე წყლით, თანაფარდობით 1:3 და დღეში 3-ჯერ ათ-ათი წვეთი ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში. ერთთვიანი კურსის შემდეგ 3-4 კვირა შეისვენეთ და ჩაწვეთება კიდევ ერთ თვეს განაგრძეთ.
  • მდუღარე წყლის აბაზანაზე დადგით ერთმანეთში არეული დაფქული კრაზანა და ნაღების კარაქი, თანაფარდობით 1:4. ყოველ ჩაის კოვზ ნარევს დაამატეთ 5-5 წვეთი ქრისტესისხლა და კარგად აურიეთ. 10 დღის განმავლობაში დღეში 3-4-ჯერ თითოეულ ნესტოში ჩაიწვეთეთ ორ-ორი წვეთი, შემდეგ 2 კვირა შეისვენეთ და კიდევ 7-10-დღიანი კურსი ჩაიტარეთ.