ქრონიკული რინიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული რინიტი

* ქერქების წარმოქმნა ცხვირის ლორწოვანზე;

* ცხვირცემინება;

* ყნოსვის დაქვეითება;

* დუდღუნი (ცხვირში ლაპარაკი);

* ხვრინვა;

* ხველის შეტევა (ცხვირ-ხახიდან ლორწოს ჩადენის გამო);

* სიმშრალე და წვის შეგრძნება ყელში (პირით სუნთქვისა და ლორწოს მიერ ხახის უკანა კედლის გაღიზიანების გამო).

არსებობს ქრონიკული რინიტის რამდენიმე ფორმა:

  • ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი - ცხვირის ნიჟარები გადიდებულია, პრაქტიკულად არ რეაგირებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებზე, ცხვირის სავალები შევიწროებულია. ცხვირის ნიჟარების ჰიპერტროფია ანუ გადიდება შეიძლება იყოს ლოკალურიც (გადიდებულია მხოლოდ წინა ან მხოლოდ უკანა ბოლო) და დიფუზურიც (გადიდებულია მთელი ნიჟარა).
  • ქრონიკული ატროფიული რინიტი - ლორწოვანი გარსი გამომშრალია, განლეული, ცხვირის სავალები - გაფართოებული, ქერქით დაფარული. არსებობს ქრონიკული ატროფიული რინიტის განსაკუთრებული ფორმა - ცარიელი ცხვირის სინდრომი, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსი განლეულია (ატროფირებულია) ქსოვილთა კვების (ტროფიკის) მოშლის გამო. ის ხშირად ცხვირის ღრუზე ჩატარებული რადიკალური ოპერაციების შედეგად ვითარდება.
  • ალერგიული რინიტი - (როგორც სეზონური, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეაქციაა სპეციფიკურ ალერგენებზე (სახლისა და მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვი და ა. შ.).
  • პროფესიული რინიტი - მავნე ნივთიერებათა შესუნთქვაზე განვითარებული რეაქციაა (ალერგია და გაღიზიანება). მავნე ნივთიერებათა ნუსხა ძალიან დიდია: საწარმოო მტვერი, ბიოორგანული ორთქლი, სხვადასხვა აირი, ქიმიური წარმოების პროდუქტები, კოსმეტიკური საშუალებები, ხის მტვერი, ლაბორატორიული ცხოველების ქერტლი და სხვა. აღნიშნულ ნივთიერებათა ხანგრძლივი ზემოქმედება თანდათანობით იწვევს ქრონიკული რინიტის განვითარებას.
  • არაალერგიული რინიტი ეოზინოფილური სინდრომით - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, ალერგიული რინიტის მსგავსი, თუმცა ამ დროს ალერგია არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, ცხვირის ღრუდან მიღებული გამონადენის მიკროსკოპიული ანალიზით განისაზღვრება ეოზინოფილები - ალერგიული რეაქციისთვის დამახასიათებელი უჯრედები.
  • ვაზომოტორული რინიტი - დაავადებაა, რომელიც უკავშირდება ცხვირის სტრუქტურების სისხლძარღვოვანი ტონუსის რეგულაციის დარღვევას და ლორწოვანი გარსის პერიოდულ შესივებას. შეიძლება იყოს იდიოპათიურიც (როდესაც კონკრეტულ მიზეზს ვერ ადგენენ) და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით განპირობებულიც. კერძოდ:

  1. მედიკამენტური - სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთებისა და სპრეების ხანგრძლივი გამოყენების, ასევე ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად განვითარებული;
  2. ჰორმონული - აღმოცენებული ორგანიზმში ჰორმონული ფონის ცვლილების პასუხად (როდესაც შინაგანი სეკრეციის ჯირკვლის, მაგალითად, ფარისებრის, ფუნქცია ირღვევა);
  3. კვებისმიერი - ალკოჰოლის, ასევე მეტისმეტად ცხელი ან ცხარე საკვების მიღების შედეგად განვითარებული;
  4. სიცივისმიერი - გამოწვეული ცივი ჰაერის შესუნთქვით, ტერფებისა და მტევნების მოყინვით.

ცხვირის ღრუს ანატომიის დარღვევა (მაგალითად, ცხვირის ძგიდის გამრუდება) ხელს უშლის ცხვირში ჰაერის ნაკადის გავლას. ეს უარყოფითად აისახება ცხვირის ნიჟარების ლორწოვან გარსზე. ჩვეულებრივ, ვითარდება ვაზომოტორული ან ჰიპერტროფიული რინიტი. ტიპობრივია ამგვარი სიტუაცია: პაციენტს გამრუდებული აქვს ცხვირის ძგიდე მარცხნივ, ამის გამო ცხვირის მარცხენა ნახევრით არასრულფასოვანი სუნთქვა მოჭარბებულ დატვირთვას იწვევს ცხვირის მარჯვენა ნახევარზე, ჭარბი დატვირთვის პასუხად ცხვირის ღრუს სტრუქტურები (კერძოდ, ნიჟარები) სივდება, დიდდება (ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი), რის შედეგადაც ცხვირის სავალი მარჯვენა მხარესაც ვიწროვდება, საბოლოო ჯამში კი პაციენტი ორივე ნესტოთი ცუდად სუნთქავს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ცალ მხარეს აღენიშნება ძგიდის გამრუდება. არაალერგიული რინიტი უმეტესად არაქიდონის მჟავას ცვლის დარღვევას უკავშირდება. არაქიდონის მჟავა უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ის ორგანიზმის მრავალი უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში შედის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთებითი პროცესების განვითარებაშიც. არაალერგიული რინიტი ეოზინოფილური სინდრომით ისეთი პათოლოგიების განვითარების პირველი ეტაპია, როგორებიცაა:

  • ქრონიკული პოლიპოზური რინოსინუსიტი - ცხვირისა და ცხვირის მახლობელი წიაღების ანთება, რომლისთვისაც დამახასიათებელია პოლიპების განვითარება, პათოლოგიურად შეცვლილი, შეშუპებული ლორწოვანი გარსი;
  • ბრონქული ასთმა - ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს წვრილი ბრონქების შეშუპება ქოშინის, მსტვენი ხიხინის, ხველისა და მკერდის არის შებოჭილობის თანხლებით;
  • აცეტილსალიცილის მჟავას აუტანლობა.


ქრონიკული რინიტის დიაგნოსტიკა

ქრონიკული რინიტის დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ფორმის განსაზღვრას, რადგან მასზეა დამოკიდებული მკურნალობის ეფექტურობა.

ყურადღება ექცევა:

  • ჩივილებსა და ზოგად ანამნეზს - ცხვირის გაჭედილობა მუდმივად აღენიშნება პაციენტს თუ პერიოდულად; აქვს თუ არა გამონადენი, სიმშრალე და ქერქები; რა საშუალებებს იყენებს და რამდენი ხანია; აქვს თუ არა ალერგია, გადაუტანია თუ არა ცხვირის ოპერაცია; უჩივის თუ არა ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის - ენდოკრინულს და სხვა;
  • ზოგად დათვალიერებას - ალერგიული რინიტის დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ თვალების სიწითლე, ცრემლდენა, ვაზომოტორული ფორმის დროს - ცხვირის წვერის, ხელის თითების სილურჯე და გაცივება, გაძლიერებული ოფლდენა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და სხვა;
  • ცხვირის დათვალიერებას - რინოსკოპიას, მათ შორის - ენდოსკოპიურსაც, ოპტიკური ტექნიკის გამოყენებით;
  • სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებებით სინჯის ჩატარებას, რათა განისაზღვროს ლორწოვანი გარსის რეაქტიულობა (საპასუხო რეაქციის შესაძლებლობა ზემოქმედებაზე, კონკრეტულად, მოცულობის შემცირების უნარი);
  • ცხვირ-ხახის ენდოსკოპიურ დათვალიერებას ადენოიდებისა და სხვა წარმონაქმნების გამორიცხვის მიზნით;
  • რენტგენოლოგიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევას ცხვირის მახლობელი წიაღების ანთების - სინუსიტის გამოსარიცხად;
  • რინომანომეტრიას - ცხვირში ჰაერის ნაკადის წინაღობის განსაზღვრას (ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, ობიექტურად შეფასდეს ცხვირით სუნთქვის გაძნელება) სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების მიღებამდე და მის შემდეგ. ამ მეთოდით მკურნალობის ეფექტურობასაც აფასებენ;
  • ალერგიულ სინჯებს - ალერგიულ რინიტზე ეჭვის შემთხვევაში, სინჯებზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ცხვირიდან აღებული ნაცხის შესწავლას ეოზინოფილებზე.

ვაზომოტორული რინიტის დიაგნოზი ქრონიკული რინიტის ყველა სხვა ფორმის გამორიცხვის შემდეგ ისმება.

როგორ მკურნალობენ ქრონიკულ რინიტს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ქრონიკული რინიტის ფორმაზე, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოზის სწორად დასმას. ქრონიკული რინიტის მკურნალობა გულისხმობს:

  • ალერგიული ფორმის შემთხვევაში - ალერგენებთან კონტაქტის შეწყვეტას (შეძლებისდაგვარად), ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანტიალერგიული პრეპარატების, ჰორმონშემცველი ნაზალური (ცხვირის) სპრეების გამოყენებას, სპეციფიკურ იმუნოთერაპიას - ორგანიზმის ადაპტაციას ალერგენების თანდათანობით მზარდ კონცენტრაციებთან;
  • ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში - მის ქირურგიულ გასწორებას (სეპტოპლასტიკას);
  • ატროფიული რინიტის დროს ინიშნება ცხვირის დამატენიანებელი სპრეები, მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის ტროფიკას (კვებას), დამარბილებელი ზეთოვანი წვეთები, ასევე, A, D და B ჯგუფის ვიტამინები, რკინის პრეპარატები;
  • ვაზომოტორული რინიტის დროს რეკომენდებულია მაპროვოცირებელი ფაქტორებისგან თავდაცვა, რეგულარული და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, კონტრასტული შხაპი, სამკურნალო სპრეების ცხვირში შესხურება;
  • ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია ფიზიოთერაპია და ნემსორეფლექსოთერაპია.

რა უნდა გვახსოვდეს

  • რინიტის ყველა ფორმის დროს სასარგებლოა ცხვირის გამორეცხვა იზოტონური ხსნარით (რომელიც სისხლის პლაზმას შეესაბამება, მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარით).
  • სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთებისა და სპრეების (რომელიც ეფექტურად ხსნის ცხვირის გაჭედილობას) ხანგრძლივი გამოყენება კატეგორიულად უკუნაჩვენებია, რადგან იწვევს მედიკამენტზე დამოკიდებულებას და მედიკამენტური რინიტის ჩამოყალიბებას, ეს უკანასკნელი კი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.
  • ცხვირით სუნთქვის მუდმივი გაძნელება მთელი ორგანიზმის ჟანგბადოვან შიმშილს განაპირობებს. თავდაპირველად ჰიპოქსია თავის ტკივილით, სწრაფად დაღლით, ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით ვლინდება, დროთა განმავლობაში კი გულის, სიხლძარღვებისა და სხვა ორგანოთა პათოლოგიებს აძლევს დასაბამს.
  • ცხვირით სუნთქვის დარღვევამ ძილში შესაძლოა ობსტრუქციული აპნოეს სინდრომის განვითარება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი ძილში სუნთქვის გაჩერებაა, რაც მეტად სახიფათოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მთელი ორგანიზმისთვის სხვადასხვა გართულებათა გამო.

ყოველივე ამის გამო აუცილებელია ცხვირის სტრუქტურათა ანომალიის დროული კორექცია და, საზოგადოდ, ყელ-ყურ-ცხვირის პრობლემათა სათანადო მკურნალობა.