რა უნდა ვიცოდეთ სინუსების ინფექციის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ სინუსების ინფექციის შესახებ

  • შუბლის წიაღები;
  • ზედა ყბის წიაღები;
  • ეთმოიდური წიაღები (მდებარეობს თვალებს შორის);
  • სოლისებრი წიაღები - მდებარეობს ღრმად, სოლისებრ ძვალში.

ხშირად ოთხივე წყვილ სინუსს ერთობლიობაში განიხილავენ და პარანაზალურ (ცხვირის ახლოს მდებარე) სინუსებს უწოდებენ. ყოველი სინუსის ლორწოვანი ამოფენილია ლორწოს წარმომქმნელი უჯრედებით, ეპითელური უჯრედებით და იმ უჯრედებით, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ - მაკროფაგებით, ლიმფოციტებით, ეოზინოფილებით. ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ფუნქციაა ჩასუნთქული ჰაერის დატენიანება ან გათბობა, ირგვლივ მდებარე სტრუქტურების (თვალები, ნერვები) იზოლაცია, ხმის რეზონირება (გაძლიერება), სახის ტრავმის შემთხვევაში - ბუფერული ზემოქმედება. გარდა ამისა, ჰაერით სავსე ღრუს არსებობა ამცირებს სახის წონას.

როგორ ვლინდება სინუსების ინფექცია

უმეტესად სინუსიტის სიმპტომებია თავის ტკივილი, სახის მტკივნეულობა, ტკივილი ზეწოლისას, ტემპერატურის მომატება. უნდა ითქვას, რომ მწვავე სინუსიტის დროს ცხელება მხოლოდ პაციენტთა 25%-ს აღენიშნება. სხვა ფართოდ გავრცელებული სიმპტომებია:

  • სქელი, შეცვლილი ფერის გამონადენი ცხვირიდან;
  • ცხვირის გაჭედვის შეგრძნება;
  • ყელის ტკივილი;
  • ხველა.

ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს მომატებულ მგრძნობელობას ან ტკივილს თავის დახრის დროს, კბილების ან ყურის ტკივილს, სისუსტეს, პირში ცუდ სუნს. თუ სინუსების ანთება არაინფექციურია, გამონადენი გამჭვირვალეა.

რა იწვევს

ინფექციური სინუსიტი ანუ სინუსების ინფექციური ანთება მაშინ ვითარდება, როცა წიაღის ღრუში გამრავლებას იწყებენ პათოგენური მიკროორგანიზმები - ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები. შედეგად ვითარდება სინუსის გასავლის გარდამავალი დახშობა - ბლოკირება. წიაღში გროვდება ანთებითი სეკრეტი, რომელიც გამოიყოფა ბლოკირების მოხსნის შემდეგ. გარდა ამისა, ანთება იწვევს სინუსის ლორწოვანის შეშუპებას, რაც სინუსის გასავლის გახსნას აბრკოლებს. გარდა ინფექციისა, სინუსების ანთების მიზეზად შეიძლება იქცეს ალერგია და სინუსების გაღიზიანება, მაგალითად, მტვრით, კოკაინით, თამბაქოთი. იშვიათად ბლოკირების მიზეზია სინუსთან ახლოს არსებული სიმსივნე. სინუსიდან სეკრეტის დრენირების დარღვევა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სეკრეტის სიბლანტის მკვეთრმა მატებამ, დეჰიდრატაციამ, მედიკამენტებმა, რომლებიც სეკრეტის სიბლანტეს ზრდის, ზედმეტად მშრალმა ჰაერმა. სინუსების ლორწოვანზე არსებულ ეპითელურ უჯრედებს აქვს მიკროსკოპული წამწამები, რომელთა მოძრაობა განაპირობებს სინუსებიდან ლორწოს გამოყოფას. ეს უხილავი წამწამები შეიძლება დაზიანდეს ამა თუ იმ გამღიზიანებლის, მაგალითად, თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით. წიაღში შეგუბებული ლორწო უზრუნველყოფს სათანადო გარემოს ვირუსების, ბაქტერიების, ზოგ პაციენტებში კი (მაგალითად შიდსით დაავადებულებში) სოკოების გამრავლებისათვის. თავის მხრივ მიკრობები უწყობენ ხელს სინუსის გასავლის ბლოკადას. უხშირესად ინფიცირდება ზედა ყბისა და ეთმოიდური სინუსი. იშვიათად, იმუნოკომპრომეტირებულებთან და სტიქიური უბედურების დროს მიღებული მრავლობითი ტრავმების შემდეგ, სინუსიტი შეიძლება აღმოცენდეს სოკოების შესუნთქვის შედეგად. მართალია, ასეთი ინფექცია იშვიათია, მაგრამ ის საკმაოდ სერიოზულია და მძიმედ მიმდინარეობს, შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო მკურნალობა, ქირურგიული ჩარევაც კი.

სინუსიტის ფორმები

მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ სინუსიტის შემდეგ ფორმებს:

  • მწვავე სინუსიტი - მისი ხანგრძლივობა არ აღემატება 30 დღეს;
  • ქვემწვავე სინუსიტი - ხანგრძლივობა 1 თვეზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 3 თვეს;
  • ქრონიკული სინუსიტი - გრძელდება 3 თვეზე მეტხანს.

გამომწვევი ფაქტორის მიხედვით კი სინუსიტი შეიძლება იყოს:

  • ინფექციური - ჩვეულებრივ, გაურთულებელი ბაქტერიული ინფექციის შედეგია;
  • არაინფექციური - გამოწვეულია გამღიზიანებლებით და ალერგიით.


დიაგნოზი

სინუსების ინფექციის დიაგნოზი უმეტესად ემყარება პაციენტის ჩივილებსა და ექიმის მიერ ჩატარებულ გასინჯვას. პოპულარული ამერიკული სამედიცინო საიტების მონაცემების თანახმად რენტგენოლოგიური გამოკვლევით მიღებული მონაცემები ხშირად ზუსტი არ არის, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ექიმის ოფისთა დიდ ნაწილში მიუწვდომელია (რომ აღარაფერი ვთქვათ კვლევის ღირებულებაზე), სინუსების ინფექციის თავდაპირველი დიაგნოზი და მკურნალობის ტაქტიკა ხშირად მხოლოდ ექიმის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას ემყარება. საყურადღებო ნიშნებია:

  • ცხვირის სავალების სიწითლე და შეშუპება;
  • მოყვითალო სუნიანი (ჩირქის მსგავსი) გამონადენი ცხვირიდან;
  • მტკივნეულობა სინუსის საპროექციო ადგილზე ზეწოლის და მსუბუქი დარტყმისას;
  • შეშუპება თვალისა და ლოყის არეში.

ზოგჯერ ცხვირის სეკრეტის უჯრედული გამოკვლევა გვეხმარება ინფექციური და ალერგიული რინიტის განსხვავებაში. ინფექიციური სინუსიტის დროს ვლინდება ანთებითი უჯრედები - პოლიმორფულბირთვიანი ლეიკოციტები, ხოლო ალერგიული სინუსიტისას - ალერგიის სპეციფიკური უჯრედები - ეოზინოფილები. როცა ბაქტერიული ინფექციაა სავარაუდო, ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკებს. ანიტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსული ინფექციისას, რის გამოც მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურია. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ინფექცია არ იკურნება თვდაპირველად დანიშნული მკურნალობით. ასეთ შემთხვევებში ტარდება სერიოზული კვლევები - კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ორსულებში კვლევის მიზნით ტარდება ექოსკოპია, რათა თავიდან იქნეს აცილებული დასხივება, თუმცა ეს არ არის ზუსტი კვლევა. რიგ შემთხვევებში შეიძლება ჩატარდეს რინოსკოპია ცხვირის ღრუს და სინუსების სავალების ვიზუალიზაციის მიზნით. ზოგჯერ საჭირო ხდება ნემსით წიაღის შიგთავსის ასპირაცია (წიაღის პუნქცია) და ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარება გამომწვევის იდენტიფიცირების მიზნით. ამ მიზნით ცხვირის ღრუში არსებული სეკრეტი სამწუხაროდ არ არის შესაფერისი, ვინაიდან, როგორც წესი, ამოითესება ლორწოვანში არსებული ნორმალური ფლორა. წიაღის პუნქცია ტარდება ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის მიერ მაშინ, როცა მკურნალობა წარუმატებელია. პროცედურა სრულდება გაუტიკვარების ფონზე.

მკურნალობა

ბაქტერიებით გამოწვეული სინუსიტის დროს აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობა. გარდა ამისა, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლები, საშუალებები ცხვირით სუნთქვის გასაადვილებლად და ლორწოს გამათხელებლები. ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე ეჭვი მაშინ მიგვაქვს, როცა პაციენტს აქვს სახის არის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან, სიმპტომები არ უკუგანვითარდება 1 კვირის განმავლობაში და მხოლოდ ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო პრეპარატები არაეფექტურია. სინუსიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკის არჩევისას ითვალისწინებენ, რომ ის მრავალი შესაძლო გამომწვევის წინააღმდეგ იყოს აქტიური. უხშირესი გამომწვევებია სტრეპტოკოკი, ინფლუენცის ჩხირი, მორაქსელა, ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჩირქმბადი სტრეპტოკოკი. ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა 10-14 დღეა, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობა 14-21 დღის განმავლობაში. ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო და ლორწოს გამათხელებელი საშუალებები გვეხმარება წიაღში დაგროვილი ანთებითი სეკრეტის დრენირებაში. ქრონიკული სინუსიტის მკურნალობა უფრო ხანგრძლივი პროცესია, შესაძლოა საჭირო გახდეს დრენირება. ალერგიური სინუსიტისას შესაძლოა ეფექტური იყოს ცხვირში შესასხურებელი ჰორმონული პრეპარატები. ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები - ანტიჰისტამინები არ არის რეკომენდებული ცხვირის ღრუს გამოშრობის გამო. აღსანიშნავია, რომ ალერგიული სინუსიტისას ბაქტერიული ინფექცია მეორეულია, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი დროული მკურნალობა.

როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს

ვირუსული სინუსიტის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტკივილგამაყუჩებლები (პარაცეტამოლი), ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო და ლორწოს გამათხელებელი საშუალებები. მნიშვნელოვანია ჰაერი სათანადოდ იყოს დატენიანებული.

რით არის საშიში სინუსების ინფექცია

მართალია, სინუსების ინფექცია ხშირად არ რთულდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ის უშუალოდ ვრცელდება თავის ტვინზე და იწვევს საშიშ დაავადებებს - მენინგიტს ან ტვინის აბსცესს. არ არის გამორიცხული სახის ძვლების ანთება - ოსტეომიელიტი და ინფექცია თვალბუდის ირგვლივ - ორბიტალური ცელულიტი. ასეთ დროს დაუყოვნებლივ მკურნალობაა აუცილებელი.

შეიძლება თუ არა სინუსების ინფექციის თავიდან აცილება?

ამჟამად არ არსებობს ვაქცინა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ბაქტერიულ სინუსიტს, თუმცა არსებობს გრიპის და პნევმოკოკური პნევმონიის საწინააღმდეგო ვაქცინები. ისინი ამავე დროს სინუსიტის რისკსაც ამცირებენ. თუ პაციენტს ყოველწლიურად აქვს სინუსიტი, რეკომენდებულია, გამოირიცხოს ალერგია. ალერგიული სინუსიტის დადგენის შემთხვევაში სათანადო მკურნალობით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ მეორეულად ბაქტერიული სინუსიტის აღმოცენება. ზოგჯერ სინუსების ინფექცია დაკავშირებულია ცხვირის ღრუს პოლიპებთან, სიმსივნესთან ან ნებისმიერ იმ დაავადებასთან, რომელიც არღვევს სინისიდან სეკრეტის დინებას. ამ მდგომარეობების მკურნალობით შეიძლება თავიდან ავიცილოთ სინუსების ინფექცია.