შუა ყურის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შუა ყურის ანთება

- შუა ყურის მწვავე ანთებას უმთავრესად ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები იწვევს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით მიმდინარე ალერგიული რეაქციები. ამ დროს შეშუპება ცხვირ-ხახიდან ევსტაქის მილებზე ვრცელდება, რაც მათ ობსტრუქციას (დახშობას) და შუა ყურის ანთების განვითარებას განაპირობებს. მოგეხსენებათ, შუა ყური ჰაერით სავსე ღრუ ორგანოა, რომელიც ევსტაქის მილით ცხვირ-ხახას უკავშირდება. მილის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში შუა ყურში ჰაერის მუდმივი განახლება, შუა ყურის წნევის ნორმალიზება და წარმოქმნილი სეკრეტის გამოდევნა თავისთავად ხდება. ევსტაქის მილების ბლოკირება შუა ყურის აერაციის დარღვევას, ლორწოს პასაჟის შეფერხებას და ვირუსული ან ბაქტერიული მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს. შუა ყურის ანთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, უმეტესად ბავშვთა ასაკში შეინიშნება. ბავშვის ევსტაქის მილი შედარებით ვიწროა და ჰორიზონტალურადაა განლაგებული, რაც ინფექციის შეჭრას და დაყოვნებას აადვილებს. ბავშვებთან შუა ყურის ანთების სიხშირეს ადენოიდური ვეგეტაციების ჰიპერტროფიაც უწყობს ხელს - მოგეხსენებათ, ისინი ევსტაქის მილების სანათურთან ახლოს მდებარეობენ და ჰიპერტროფიის შემთხვევაში მათ ჩაკეტვას იწვევენ.

- რა სიმპტომებით ვლინდება შუა ყურის ანთება და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს?

- შუა ყურის ანთების დროს უმთავრესად უჩივიან მწვავე ტკივილს, რომელიც გადაეცემა თვალბუდეს, თავს, ყბის ძვალს, მწვავდება ცემინების, მთქნარების, ტირილის დროს. ახალშობილებში ტრაგუსზე (გარეთა სასმენი მილის წინა კედელთან არსებულ ხრტილოვან წარმონაქმნზე) ზეწოლა ტკივილს აძლიერებს. დიდებში იგივე სიმპტომი მხოლოდ გარეთა ოტიტის (ყურის ანთება) დროს შეინიშნება. პატარებში მწვავედ მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის დროს მოსალოდნელია ყურის უკანა მიდამოს მტკივნეულობა (მასტოიდიზმი) ან შეშუპება - მოცულობითი წარმონაქმნი (მასტოიდის აბსცედირება). ხშირია მაღალი ტემპერატურული რეაქცია, სისუსტე, გაღიზიანებადობა, ბავშვებში - ჭირვეულობა, უძილობა, ინტენსიური ტირილი. ტკივილის შესამცირებლად პაციენტები მტკივან ყურზე წოლას არჩევენ. ამ დროს შუა ყურში არსებული ანთებითი სითხე დაფის აპკს აწვება და შუა ყურის მედიალურ კედელზე არსებულ ნერვულ წნულს აღარ აღიზიანებს. შუა ყურის ანთების დროს ხშირად შეინიშნება სმენის დაქვეითება. ტოქსინების შიგნითა ყურში შეჭრის შემთხვევაში სმენის ნერვის დაზიანება და თავბრუხვევა-წონასწორობის მოშლაც მოსალოდნელია. თუ მტკივნეულობა მეორე დღესაც გაგრძელდა, გამწვავდა, ანდა გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ექიმს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ.

- მოგეხსენებათ, ყურის ტკივილის დროს ბევრი თვითმკურნალობას იწყებს, ისე, რომ არც კი იცის, ყურის რომელ ნაწილს მოიცავს ანთება, რა პროცესები მიმდინარეობს. იწვეთებენ სხვადასხვა მედიკამენტს, ქაფურის სპირტს, ანთების საწინააღმდეგო წვეთებს, ანტიბიოტიკებს და სხვა. როგორ ჯობს მოქცევა ამ დროს, რა არის ნებადართული და რა - კატეგორიულად აკრძალული?

- მართალი ბრძანდებით, პაციენტები თვითმკურნალობით ხშირად უფრო მეტ პრობლემას იქმნიან. შედეგად მკურნალობაც ხანრძლივდება და მასთან დაკავშირებული ხარჯებიც იზრდება. თანაც, პაციენტისათვის ძნელი გასარკვევია, ყურის რომელი სტრუქტურა აქვს დაზიანებული. თითოეული ნაწილის მკურნალობა კი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მაგალითად, დაფის აპკის დაზიანებისას, როდესაც გარეთა სასმენ მილში ჩირქოვანი ან ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი შეინიშნება, ყურში ჩასაწვეთებელი წამალი უნდა შეიცვალოს. ამასთან, ჯერ გარეთა ყურის ტუალეტი (ანუ გამოსუფთავება) უნდა ჩატარდეს  და მერეღა ჩავიწვეთოთ წამალი. სამწუხაროდ, პაციენტები ხშირად არატრადიციულ მეთოდებს მიმართავენ - იწვეთებენ ნივრის, ლიმონის წვენს, თხის ქონს ან დინდგელს, რაც დაუშვებელია - ანთებით პროცესს უფრო მეტად ამწვავებს. რაც შეეხება ქაფურის სპირტს, ის ანტისეპტიკური და ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) პრეპარატია. გაუზავებელი სახით მისი ყურში ჩაწვეთება არ შეიძლება - ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს. ძლიერი სითბური ეფექტის გამო შესაძლოა ყურის დამწვრობაც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ბავშვებთან ქაფურის სპირტის გამოყენებისას, მით უფრო - როცა არ ვიცით, როგორია დაფის აპკის მდგომარეობა. ცალკეულ შემთხვევებში ქაფურის სპირტმა შესაძლოა გულყრაც კი გამოიწვიოს. ქაფურის სპირტის გამოყენება ყურის ირგვლივი კომპრესისთვის უფრო მიზანშეწონილია.

- სითბოს ეფექტზე რას გვეტყვით? ნებადართულია თუ არა ტრადიციული ცხელი მარილის სათბურა? საზოგადოდ, რას გულისხმობს პირველი დახმარება ყურის ტკივილის, მისი ანთების დროს? ექიმთან მისვლამდე როგორ მოვიქცეთ?

- ანთების საწყის სტადიაზე შეიძლება მშრალი სითბოს გამოყენება, თუმცაღა დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერებას. ამ დროს, როგორც წესი, სისხლძარღვები ფართოვდება, რაც ჰიპერემიის გაძლიერების საშიშროებას ქმნის. ზოგი სათბურას ყურის უკანა მიდამოში ყინულის დადებას ამჯობინებს. ექიმთან წასვლამდე, უპირველესად, შუა ყურის დრენირების ბუნებრივი გზა უნდა აღვადგინოთ, რაც ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების შესხურებით მიიღწევა, ყურში უნდა ჩავიწვეთოთ შედარებით უსაფრთხო პრეპარატი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ექნება, ვერიდოთ საეჭვო არატრადიციულ საშუალებებს, მივიღოთ ანთების საწინააღმდეგო ანალგეზიური საშუალებები, ანტიბიოტიკების მიღება კი მხოლოდ ექიმთან ვიზიტის შემდეგ დავიწყოთ.

- აუხსენით მკითხველს, რატომ არის აუცილებელი ექიმთან მისვლა, სათანადო მკურნალობის გარეშე რა გართულება შეიძლება მოჰყვეს შუა ყურის ანთებას.

- ექიმთან მისვლა, უწინარესად, სწორი დიაგნოსტიკისთვის არის მნიშვნელოვანი. ექიმმა სათანადო გამოკვლევებზე დაყრდნობით უნდა განსაზღვროს, ყურის რომელი სტრუქტურის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. არასრულფასოვანი ან დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში მოსალოდნელია ისეთი გართულებები, როგორებიცაა მასტოიდიტი, ლაბირინთიტი, სახის, სმენისა და ვესტიბულური ნერვების დაზიანება, დაფის აპკის მდგრადი პერფორაცია ანუ ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი.

- ყურის ანთების შიშით ბევრი სითბოშიც ვერ ელევა ქუდს. მზრუნველი მშობლები პატარებს ხშირად არათუ გარეთ, შენობებშიც კი არ უშვებენ უქუდოდ. ზოგი კი ყინვაშიც უქუდოდ დადის და არც სინუსიტი ემართება, არც ყურის ანთება. რას ეტყვით ქუდის მოყვარულებს? რა პირობებში, რამდენი გრადუსის ფარგლებშია რეკომენდებული ქუდის დახურვა ანთებისაგან ყურების დასაცავად?

- ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. არ ვარგა ბავშვის სახლში გამოკეტვა ან ქუდით ტარება იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის. მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები, კერძოდ, აცრების დროულად ჩატარება, ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა, მზის აბაზანები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის გაკაჟებას, რაც ინფექციებისადმი მდგრადობას საგრძნობლად ამაღლებს. ასეთი ადამიანების ავადობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მათი, ვინც ინფექციებს სახლში ჩაკეტვით ან ზედმეტად თბილად ჩაცმით ებრძვის. პირიქით, ამ დროს იმუნური სისტემა უფრო სუსტდება, ორგანიზმის გადახურებისას კი ოფლიანობა და, შესაბამისად, გაციების რისკიც მაღლა იწევს.