სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სინუსიტი - მიზეზები და მკურნალობა

- რა არის სინუსიტი?

- იმისთვის, რომ გასუფთავდეს, ჰაერმა ცხვირში არსებული ლორწოვანი გარსით დაფარული ღრუების რამდენიმე ლაბირინთი უნდა გაიაროს. ამ ღრუებს დანამატი წიაღები ეწოდება და ემსახურება არა მარტო კომფორტულ სუნთქვას, არამედ წნევის გათანაბრებას ქალას ღრუ წარმონაქმნებსა და ატმოსფეროს შორის. ამ წიაღების ანთებას ექიმები სინუსიტს უწოდებენ (ლათინურად სინუს წიაღს ნიშნავს). ადამიანს ცხვირის სულ 4 წყვილი დანამატი წიაღი აქვს: ჰაიმორისა, შუბლისა, ძირითადი და ცხავისა. ჰაიმორის წიაღი ყველაზე დიდია, ამიტომ ჰაიმორიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინუსიტია. მისი სიმპტომები პირველად ექიმმა ჰაიმორმა აღწერა XVII საუკუნეში. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც.

- როგორ მიმდინარეობს სინუსიტები ბავშვებში?

- დაბადებისას დამანატი წიაღები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. მათი ფორმირება სხვადასხვა ასაკში ხდება. თუკი წიაღი არ არსებობს, ბუნებრივია, ვერც მისი ანთება განვითარდება... თავდაპირველად შუბლის წიაღები ყალიბდება, ამიტომ პატარა ბავშვებს უმეტესად მათი ანთება - ეთმოიდიტი ემართებათ. მოზრდილებში ხშირად გვხვდება პოლისინუსიტი - ყველა წიაღის ერთდროული ანთება. ყველა წიაღს, განურჩევლად ზომისა, აქვს პატარა მილი, რომლითაც იგი ცხვირის ღრუში იხსნება. ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს გამოსავალი მილები იხშობა, ირღვევა წიაღიდან ლორწოს დენა, რის შედეგადაც ვითარდება ანთება.

- რა იწვევს სინუსიტს?

- სინუსიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ბოლომდე არანამკურნალევი სურდო და ფეხზე გადატანილი მწვავე ვირუსული ინფექცია (გრიპი, წითელა და სხვა). ასევე - ის მდგომარეობები, რომლებიც ართულებს ცხვირით სუნთქვას: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული (ალერგიული ან ვაზომოტორული) სურდო. ხშირად სინუსიტს პროვოცირებას უწევს დაავადებული ადენოიდები ან ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის დაავადებები. თავდაპირველად წიაღში ხვდება დაავადების გამომწვევი მიკრობები, ხოლო ორგანიზმი იმუნიტეტის დაქვეითების, გაციების ან ალერგიის გამო ვერ ერევა ინფექციას. შეშუპების გამო წყდება წიაღის ვენტილაცია, ის იზოლირდება ცხვირის ღრუსგან, მაგრამ მასში თანდათანობით გამოიყოფა ლორწო, რომელიც ნელ-ნელა ავსებს წიაღს. წარმოიშობა იდეალური პირობები მიკრობების გამრავლებისთვის და წიაღში გროვდება ჩირქი.

- როდის ვითარდება ქრონიკული სინუსიტი?

- თუ მწვავე სინუსიტს არ ვუმკურნალეთ, ის მიიღებს ქრონიკულ ფორმას. ამ დროს დაავადება თითქოს უკან იხევს: თავის ტკივილი თანდათანობით ქრება და სიმძიმის შეგრძნებაში გადადის, ცხვირი გვეჭედება არა ყოველთვის, არამედ მხოლოდ წოლისას, ჩნდება სიმპტომები, რომლებიც დამახასიათებელია ცხვირ-ხახის ქრონიკული ანთებისთვის: ჩახეხილობა, ყლაპვისას ყელის ტკივილი, სიმშრალე. ზოგჯერ ეს პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და წლების შემდეგ იჩენს თავს. გაქრონიკულებული სინუსიტი ხშირად იწვევს გართულებებს შინაგანი ორგანოების: გულის, თირკმელების, ღვიძლის, ფილტვების, - მხრივ.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- ოტორინოლარინგოლოგები სინუსიტის დიაგნოზს, ჩვეულებრივ, რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე სვამენ. დღეისთვის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია დანამატი წიაღების კომპიუტერული ტომოგრაფია. დამხმარე მეთოდად მიიჩნევა დიაფანოსკოპია.


- როგორ მკურნალობენ სინუსიტს?

- პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეშუპების მოხსნაა, რათა ლორწომ ბუნებრივი გზით გამოსვლა შეძლოს. ამისთვის საჭიროა დღეში 3-4-ჯერ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთების (ნაფტიზინი, სანორინი, გალაზოლინი) ჩაწვეთება.

  • პარალელურად გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო (პროტარგოლი, კოლარგოლი), ანტიბაქტერიული და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები.
  • თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო და წიაღების ანთებამ მიიღო ჩირქოვანი ფორმა, ინიშნება ანტიბიოტიკები.

- როდის კეთდება ჰაიმორის ღრუს პუნქცია?

- პუნქცია კეთდება განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში, მაგრამ მისი ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ჰაიმორიტის დროს, რადგან სხვა წიაღები მიუწვდომელია გამორეცხვისთვის. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. შესაძლებელია წიაღის უსისხლო დრენაჟიც კათეტერის საშუალებით. წიაღების გამორეცხვა წნევის ქვეშ ხორციელდება ვაკუუმის დანადგარით. უარყოფითი წნევით ჩირქი წიაღიდან გამოგვაქვს და მასში წამალი შეგვყავს.

- როგორ ამოვიცნოთ სინუსიტი?

- გახანგრძლივებული სურდო საშიში არ არის, მაგრამ თუ, მკურნალობის მიუხედავად, ბავშვს ცხვირი 7-10 დღეა გაჭედილი აქვს და უკეთესობას ვერ გრძნობს, არსებობს რისკი, წიაღებში ანთებითი პროცესი დაიწყოს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ სიმპტომებს:

  • ხანგრძლივი სურდო ჩირქოვან-ლორწოვანი ან წყლიანი გამონადენით;
  • ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხანგამოშვებითი გაჭედილობა ცხვირის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში;
  • ხახის სიმშრალე;
  • ხშირი ამოხველება, დილაობით ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის ჭარბი გამოყოფა;
  • ანთებითი წიაღის მიდამოში ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება, ზოგჯერ - ტკივილი კბილის, თვალების, ყვრიმალების და ლოყების მიდამოში;
  • სახის ნაწილის მომატებული მგრძნობელობა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება (380C და მეტი). როგორც წესი, ასეა მწვავე სინუსიტის შემთხვევაში. ქრონიკული პროცესის დროს სხეულის ტემპერატურა იშვიათად იწევს ან სუბფებრილურ ზღვარზეა (37-37,50C);
  • საერთო სისუსტე, მეხსიერების დასუსტება, ადვილად დაღლა, გაღიზიანება, სინათლის შიში, ცრემლდენა, უმადობა, ძილის დარღვევა;
  • ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;
  • ლოყის და ქუთუთოს შეშუპება.

ყველა სიმპტომი ძლიერდება თავის წინ დახრის დროს (თასმის შეკვრის სინდრომი). თანდათანობით ტკივილის ლოკალიზაცია ბუნდოვანი ხდება, ბავშვს სტკივდება თავი. დაავადების გაქრონიკულება რომ არ დავუშვათ, დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. თუ ბავშვს აქვს რამდენიმე ეს სიმპტომი, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მხოლოდ მას შეუძლია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

- ხშირად სინუსიტს ხალხური, შინაური მეთოდებით მკურნალობენ. მისაღებია ისინი?

- სინუსიტის დროს ბევრი მართლაც იწვეთებს ცხვირში ბოსტნეულის წვენს, იდებს ძგიდეზე კომპრესს... ამ დაავადების დროს ხალხურ მედიცინას ნუ ენდობით. გართულების (სეფსისის, მენინგიტის) თავიდან ასაცილებლად სინუსიტების მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს თავიდან ბოლომდე ექიმის მეთვალყურეობით და მხოლოდ ტრადიციული წესით. თვითმკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია ინჰალაცია. იგი უნდა გავიკეთოთ გახანგრძლივებული სურდოს მე-5-7 დღეს. აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი სალბის ფოთოლი, გვირილის ყვავილი და კალენდულა, დაასხით მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ქურიდან. პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალატორი ან ფაიფურის ჩაიდანი. თუ ალერგია არ გაქვთ, კარგია მენთოლის ზეთისა და პროპოლისის ინჰალაციაც.