თუ ბავშვს პირღიას სძინავს და ხვრინავს... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ ბავშვს პირღიას სძინავს და ხვრინავს...

- რა არის ადენოიდები?

- ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, განსაკუთრებით - 3-7 წლის ასაკში. ბოლოდროინდელი დაკვირვებით კი, დაავადება უფრო მეტად "გაახალგაზრდავდა" და ერთი წლის ბავშვებშიც შეინიშნება. ადენოიდები - ადენოიდური ვეგეტაციები - ეს არის მეტისმეტად გაზრდილი ცხვირსა და ხახას შორის არსებული (ცხვირ-ხახის) ნუშურა ჯირკვლები, რომელთა საფუძველი ლიმფური ქსოვილია. სწორედ მას შეუძლია ისე გაზრდა, რომ ჰაერის გასასვლელი გადაფაროს. ხახის ნუშურა ჯირკვლების დანახვა შესაძლებელია, თუ ბავშვს პირს ფართოდ გავაღებინებთ, თუმცა ადენოიდები ამ დროს შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს.

- რატომ ირღვევა სუნთქვა ამ დროს?

- თითქოს მარტივია: თუ ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, შეიძლება ვისუნთქოთ პირით. მაგრამ არც ასეა საქმე. როდესაც ცხვირით სუნთქვა შეუძლებელია, ორგანიზმი ნორმასთან შედარებით 18%-ით ნაკლებად მარაგდება ჟანგბადით. ჟანგბადის სისტემატური დეფიციტი, პირველ რიგში, აზიანებს თავის ტვინს. იგი ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადის უკმარისობის მიმართ. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვის ზოგად განვითარებაზე, მძიმე შემთხვევებში კი - ბავშვის მიერ გარემოს აღქმის უნარზე. პრობლემები გარემოს აღქმის მხრივ, განსაკუთრებით - სმენის პრობლემები, ადრეულ ასაკშივე გამოვლინდება. გადიდებული ადენოიდების მქონე ბავშვებს სმენა დაქვეითებული აქვთ, სახელის დაძახებისას შესაძლოა არ გიპასუხონ, მით უფრო - თუ სახეში არ უყურებთ და ზურგიდან ეძახით; ხშირად გეკითხებიან ერთსა და იმავეს, რადგან პასუხი კარგად არ ესმით, მშობლები ამ დროს ბრაზობენ ან ნერვულ დაავადებას ეჭვობენ. სინამდვილეში კი გაზრდილმა ადენოიდებმა გადაფარეს ცხვირსა და შუა ყურს შორის არსებული სასმენი მილი (ევსტაქის მილი). როცა ჰაერი სწრაფად და თავისუფლად ვერ ხვდება შუა ყურში, ეს იწვევს ყურის აპკის მოძრაობის შეზღუდვას და სმენა ქვეითდება. ამავე დროს, იქმნება პირობები შუა ყურის ანთებისთვის.

- კიდევ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ადენოიდებმა ბავშვის ორგანიზმს?

- ადენოიდები ხელს უშლის ცხვირის ღრუდან ლორწოს ნორმალურ, თავისუფალ მოძრაობას და ამის გამო ქვეითდება იმ ბაქტერიებისა და ვირუსებისადმი გამძლეობა, რომლებსაც ლორწოსთან ერთად გამოაძევებს ცხვირი. ლორწოს შეგუბების გამო ცხვირში იქმნება ხელსაყრელი პირობები ანთებითი დაავადებების განვითარებისთვის. ამიტომაც არის, რომ ადენოიდებიანი ბავშვები ხშირად და უფრო ხანგრძლივად ავადმყოფობენ, ინფექციებიც უფრო იოლად გადაედებათ და ძნელად გამოჯანმრთელდებიან. თვითონ ადენოიდებშიც მუდმივად მიმდინარეობს ანთებითი პროცესები, შეშუპების ხარჯზე ისინი უფრო მეტად იზრდება და ინფექციის ქრონიკულ კერად იქცევა. ამ შემთხვევაში კი პროცესი ვრცელდება არა მხოლოდ სასუნთქ სისტემაზე, არამედ სხვა ორგანოებზეც. ხშირად ქრონიკული ადენოიდიტი (ადენოიდების ანთება) უდებს სათავეს თირკმლის მუშაობის დარღვევას, სისხლის დაავადებებს, რასაც, თავისთავად, იმუნიტეტის დაქვეითება და ალერგიული რეაქციების განვითარება ერთვის.

- როგორი მიდგომაა დღეს - მკურნალობა წვეთებითა და ტაბლეტებით თუ ოპერაცია?

- ერთი რამ უდავოა: რაც უფრო სწრაფად აღმოვაჩენთ დაავადებას და დავიწყებთ მასთან ბრძოლას, მით უფრო ადვილად ავაცილებთ ბავშვს თავიდან უსიამოვნებებს. ხოლო ქირურგიული ჩარევა იქნება საჭირო თუ წვეთებითა და ტაბლეტებით მკურნალობა, ეს სპეციალისტმა უნდა გადაწყვიტოს ბავშვის ზოგადი მდგომარეობისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.


- ქირურგიული ჩარევის მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა არგუმენტი მოჰყავთ. ერთ-ერთი ის არის, რომ ოპერაციის შემდეგ ადენოიდები ისევ იზრდება და პრობლემებს ქმნის. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

- ადენოიდების ხელახალი გაზრდა იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება. რეციდივები შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ ფაქტორებთან:

  • გენეტიკური განწყობა. თუ ბავშვობაში ორივე მშობელმა გადაიტანა ადენოიდების რეციდივი, შესაძლებელია მათ შვილსაც იგივე დაემართოს;
  • ალერგიისადმი მიდრეკილება. რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული ალერგიული რეაქციები, უფრო მეტია ლიმფური ქსოვილის გაზრდის შესაძლებლობა;
  • ასაკი - პატარა ბავშვებს რეგენერაციის უკეთესი უნარი აქვთ, ამიტომ 3 წლამდე ოპერაცია არ არის მიზანშეწონილი, თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს (ადენოიდები არ არის ინფექციის მუდმივი წყარო ან ხელს არ უშლის ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას).

- რატომ იზრდება ამოკვეთილი ადენოიდების ადგილას ახალი?

- ოპერაციული ჩარევის დროს ნუშურა ჯირკვლის ქსოვილი მთლიანად უნდა მოშორდეს, ქსოვილის მცირე ნაწილიც კი არ დარჩეს, რომ მისგან კვლავ არ წამოიზარდოს ადენოიდური ქსოვილი, მით უფრო - თუ არსებობს საამისო განწყობა. თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის წყალობით ეს საკითხი გადაჭრილია, ამიტომ ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ბავშვთა სპეციალიზებულ ყელ-ყურის კლინიკებს.

- ოპერაციის შემდგომ პერიოდში როგორი მოვლაა საჭირო?

- ოპერაციის შემდეგ მშობლებს ვაძლევთ რეკომენდაციას, ერთი თვის განმავლობაში, სანამ ნაოპერაციევი სრულად არ შეხორცდება, ბავშვი მოარიდონ სირბილს, ხტუნვას და სხვა ფიზიკურ დატვირთვას. ოპერაციის მომდევნო პირველი კვირა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, მოითხოვს განსაკუთრებულ მზრუნველობას, სპეციალურ კვებით რეჟიმს.

დიეტა ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის მომდევნო 10 დღე ბავშვის მენიუ ძირითადად თხიერი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. არ შეიძლება ცხელი, უხეში, მაგარი, ცხარე საკვები. კერძი უნდა იყოს თბილი, ერთგვაროვანი კონსისტენციისა. უმჯობესია ახალი ხილისა და ბოსტნეულის პიურე, დაბლენდერებული სუპი, ზომიერად ცხიმიანი ხორცის ბულიონი, რძის პროდუქტები. მთავარი მოთხოვნაა, საკვები იყოს ვიტამინებით მდიდარი, ნაკლებად ცხიმიანი. ბავშვის ორგანიზმს ოპერაციის შემდეგ აღდგენა სჭირდება.

- რას შეიძლება ველოდოთ ოპერაციის შემდეგ?

- შესაძლოა, ბავშვი შეაწუხოს გულისრევის შეგრძნებამ, პირღებინებამ, მუცლის ტკივილმა. თუ პირნაღებ მასებში შეამჩნევთ სისხლის კოლტებს, ნუ შეშფოთდებით - ბავშვმა ოპერაციის დროს სისხლი ჩაყლაპა და სწორედ ამის ბრალია გულისრევა და ღებინებაც. თუ სისხლის კოლტებით პირღებინება 2-3 ჯერზე მეტად გაგრძელდა, უნდა გავარკვიოთ, ხომ არ დაიწყო სისხლდენა ჭრილობიდან. ოპერაციის შემდეგ სისხლდენა, ჩვეულებრივ, 10-20 წუთში წყდება. სისხლის შემდედებელი სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად ოპერაციამდე სპეციალური გამოკვლევები ტარდება. ტემპერატურის მომატება, ჩვეულებრივ, შეინიშნება საღამოს, ღამით ან მეორე დილით. 38 გრადუსამდე სიცხის დამწევი საშუალებების მიღება არ არის საჭირო; თუ სიცხე 38,5 გრადუსზე მეტია, სიცხის დასაწევად არ შეიძლება ასპირინის შემცველი საშუალებების გამოყენება - ამან შესაძლოა სისხლდენის პროვოცირება მოახდინოს. ჩვეულებრივ, ოპერაციის შემდგომი ტემპერატურის მომატება თავისით გაივლის პირველივე დღეს. თუ ორი-სამი დღე გაგრძელდა, გამოიძახეთ ექიმი! ცხვირიდან გამონადენი, ხმის ტემბრის შეცვლა და ცხვირში ლაპარაკი, როგორც ოპერაციამდე, იმას არ ნიშნავს, რომ ადენოიდები ხელახლა გაიზარდა - ეს აიხსნება ოპერაციის შემდგომი შეშუპებით, რომელიც ნორმალური მოვლენაა და ერთ კვირაში ჩაცხრება.

- რას ურჩევთ ნაოპერაციები ბავშვის მშობლებს?

- ოპერაციის შემდეგ მთავარია კვებისა და დღის სწორი რეჟიმი. მოარიდეთ ბავშვი გადახურებას, მზეზე დიდხანს ყოფნას, ცხელი წყლით დაბანას, ცხელ ინჰალაციებს. ხშირად გაანიავეთ მისი ოთახი, მაგრამ ფრთხილად - ბავშვი არ გააციოთ. ოპერაციის შემდგომ საჭიროა, 5-10 დღე ცხვირში ჩააწვეთოთ სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, რომლებსაც ექიმი შეარჩევს. გირჩევთ, ზუსტად შეასრულოთ ყველა ის მითითება, რომელსაც ექიმი მოგცემთ. ყურადღებით იყავით, რომ გართულებები არ გამოგეპაროთ და დროულად მიმართეთ ექიმს. პირველი დღეების მღელვარების შემდეგ თანდათან დამშვიდდებით და ოპერაციამდე არსებული პრობლემები დავიწყებას მიეცემა.